რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ უკანასკნელ კინოსურათებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწარმოებია. ა. ცაგარელის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავში“, რომელმაც აღაფრთოვანა დიდი ილია, გიორგი წერეთელი, აისახა ჩვენი ხალხის გასული საუკუნის მწარე ცხოვრების ერთი პატარა, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი, იმ დროისთვის ფრიად დამახასიათებელი ეპიზოდი. სცენარის ავტორების – ნ. წულეისკირისა და მ. ჭიაურელისაგან პიესის ეკრანიზაცია დიდ კინემატოგრაფიულ ოსტატობასაც მოითხოვდა. სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის ავტორებმა მათ წინაშე დასმული ამოცანა, ძირითადად, კარგად და სწორად გადაჭრეს. ღრმად და საფუძვლიანად არის გაგებული ლიტერატურული პირველწყაროს იდეური მიზანდასახულობა – იბრძოლოს ადამიანის უფლებებისათვის, მისი კაცური ღირებულებებისათვის, გაილაშქროს ყოველგვარი ძალმომრეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, განამტკიცოს დიდი მეგობრობისა და უმწიკვლო სიყვარულის ნათელი გრძნობები.

ცაგარელისეული ნაწარმოების ეს მებრძოლი ბუნება კიდევ უფრო ამაღლებულია მის ახალ ფორმაში – კინოსცენარში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ფილმის მებრძოლ ხასიათს და თანამედროვეობის შესატყვის ჟღერადობას ანიჭებს.

სცენარი აღსავსეა მთელი რიგი ახალი დრამატურგიული სიტუაციებით, სიუჟეტური სვლებით, ახლებურად გააზრებული სახეებით, რაც პიესაში არ არის ან ზოგადად არის მინიშნებული. კლასიკური ლიტერატურისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. საბჭოთა კინომ და, კერძოდ, ქართულმა საბჭოთა კინემატოგრაფიამ იცის ამის შესანიშნავი მაგალითები („ელისო“, „დარიკო“, „დაკარგული სამოთხე“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვ.). მისასალმებელია, რომ ავტორები განაგრძობენ ამ მხატვრულ ტრადიციას. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტასიასა და გოგიას ურთიერთობის ხაზი, რაც ახალგაზრდული, გულწრფელი, უმწიკვლო სიყვარულის ნაზ სიმღერად არის ფილმში განვითარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, ლაზარეს, მართას, მელანოს და სხვათა სახეები. ისინი თხზულებაში სულ სხვა სახით არიან წარმოდგენილი, სცენარში კი ახალი თვისებებით გვევლინებიან.

ჩვენი აზრით, ინტერპრეტაციის მხრივ სადავოა ბორისის სახე, რომელიც პიესის მოქმედი პირის, თავად დავით ჯამბარაშვილის მეგობრის, ზაქარიას ნაცვლად შემოვიდა ფილმში. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ზაქარია ძმა იქნებოდა თავადისა თუ მეგობარი, მაგრამ, როგორც იმ ბნელი სამყაროს პროგრესული ადამიანის სახე, იგი მაინც უცვლელად უნდა დარჩენილიყო. ავქსენტი ცაგარელი ტყუილად არ მოსავს თავის გმირს მოწინავე ადამიანის თვისებებით, ზაქარია იმ ადამიანთა წარმომადგენელია, რომლებმაც იმთავითვე იგრძნეს ფეოდალური წყობილების უნიადაგობა, ახალი საზოგადოებრივი ფორმაციების ისტორიული აუცილებლობა. მისი დატოვება საჭირო იყო. თავადის სახლში ძალზე ბევრია მისი წრის გასაკიცხად შექმნილი გროტესკული ნიშნები, ბორისი კი ზედმეტი მარილია გემრიელი შეჭამანდისა.

ძირითადად, მაინც სრულყოფილმა სცენარმა საბჭოთა კინემატოგრაფიის უხუცეს ოსტატს, მიხეილ ჭიაურელს საშუალება მისცა, კვლავ ჩვეული ენერგიითა და შემოქმედებითი გატაცებით ემუშავა ახალ ფილმზე, რომლის შექმნა მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში შემთხვევითი არ არის.

უცქერი სურათს და გრძნობ ძველ ოსტატს, გამოცდილ ხელოვანს, რომელიც სიყვარულით, ფაქიზი გრძნობითა და სითბოთი აცოცხლებს მის მიერ წლების მანძილზე, გულის სიღრმეში ნატარებ ამბავს, ამ ამბის მონაწილე ადამიანთა სახეებს, გრძნობ შემოქმედს, რომელმაც ძირფესვიანად იცის ის ცხოვრება, რომელზეც ქმნის თავის ფილმს.

დილაა. დიღმელი გლეხები ბაზრობაზე მოიჩქარიან. გადავხედოთ ამ სახეებს. აგერ, ხანდაზმული გლეხი ლაზარე. იღლიაში ჯოხგაყრილი, წელშიმოხრილი, გლეხური ნაბიჯებით რომ მოიჩქარის და გვერდით, ცუნცულით მომავალ ჯეირანივით აშოტილ შვილიშვილს, ტასიას სიონის ტაძრის ზარის გუგუნზე მიუთითებს. ორიოდე ცხვარი, ქათმები, რამდენიმე ქილა მაწონი და რაღაც სხვა, სახელდახელოდ სახლიდან წამოღებული სანოვაგე ქალაქში მოაქვთ გასაყიდად. სულ ეს არის მათი სიმდიდრე, მაგრამ მაინც მოდიან, მოიმღერიან. წინ ჩვენი დედაქალაქი, თბილისი ჩანს და როგორ არ ამღერდებიან?

– აი, გამოჩნდა ჩვენი თბილისი. ვენაცვალე შენს მადლსა, მტერმა ბევრჯერ გაგაოხრა, გაგატიალა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას მაინც უდგეხარ დედაბოძადა, – თავისთვის დუდუნებს გლეხი ლაზარე. ყველა შორიდან შეჰხარის თბილისს.

ჩვენს წინ ძველი თბილისია. მისი თვალწარმტაცი, თავისებური კოლორიტი, ახმაურებული ბაზარი, მაცნეს ძახილი, ბატონყმობა გადავარდაო. აქვეა ყარაჩოხელების ქეიფი, შეგირდის ოსტატად კურთხევა, პირველი სიყვარულის ნაპერწკალი და მასთან დაკავშირებული სცენები, სოფლის გლეხობა, ქორწილი და სხვ.

განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ტასიას და გოგიას სიყვარულთან დაკავშირებული სცენები, ხოლო ტასიას და გოგიას საყდართან შეხვედრის ეპიზოდი ბუნებრიობით, გულწრფელობით, აზრითა და მხატვრულობით, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ეპიზოდებს შორის, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების ქართულ ფილმებში გვინახავს.

ღრმად გააზრებულია და მხატვრულად სრულყოფილი სოფლის ეპიზოდები, ტასიას დაბრუნება თბილისიდან, მისი ცეკვა და სოფლელების მხიარულება, მოურავის მოჭრა ტასიას წასაყვანად, ყარაჩოხელთა მოსვლა საქორწილოდ, ყარაჩოხელებისა და თავადების ჩხუბი და სხვ. აქ, ყოველ სცენაში, ნათლად ჩანს ზომიერების დიდი გრძნობა, გემოვნების სინატიფე, მიხეილ ჭიაურელის ხელწერა.

ვერ დავეთანხმებით დამდგმელს თავადების სასახლის ცხოვრების ზოგიერთი ადგილის მხატვრულ გააზრებაში. მახვილი გროტესკული ფორმა, რომელსაც რეჟისორი ძირდამპალი, ფეოდალური რეჟიმისა და მისი უკანასკნელი წარმომადგენლობის განსაქიქებლად იყენებს, ფორმა, რომელიც დიდი იდეური მიზანდასახულობისა იყო ჭიაურელის ადრინდელ სურათებში („ხაბარდა“, „უკანასკნელი მასკარადი“), ამ ფილმში ძველებური ძალით არ ჟღერს, დამპალი მოაჯირის, რიკულების, ტახტისა და სკამების განუწყვეტელი ჩვენება არღვევს ნაწარმოების საერთო სტილს. სწორად არ მიგვაჩნია ფილმში ბორისის სახის არსებობა. იგი ახალ ფერებს არ მატებს ისედაც კარგად დახატულ თავადაზნაურთა წრეს. გადაჭარბებით გროტესკულია იმერელი კოსტაია, სასახლეში ჩატარებული ზოგიერთი სცენა თეატრალურად არის გადაწყვეტილი.

ეს ნაკლოვანებები სრულებითაც ვერ ჩრდილავს ფილმის იდეურ-მხატვრულ ღირსებებს. როგორც თავშივე ავღნიშნეთ, იგი, უდაოდ, სასიხარულო მოვლენაა ქართული კინოხელოვნების დღევანდელ ეტაპზე. ამას მეტყველებს ის წარმატება, რომელიც ფილმს წილად ხვდა.

ამ წარმატების მიზეზი, გარდა აღნიშნულისა, მსახიობების, ოპერატორის, კომპოზიტორის, მხატვრებისა და კომბინირებულ გადაღებათა ოსტატების შემოქმედებითი შრომაა.

პირველ რიგში, მაინც უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მსახიობების – სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას უაღრესად თბილი, გულის სიღრმეში ჩამწვდომი, მომხიბვლელი თამაში. მსახიობები ღრმად გრძნობენ სახეს, რომელიც მათთვის მხოლოდ გადმოცემით ან წიგნით არის ცნობილი, შინაგანი ინტუიცია და მდიდარი შემოქმედებითი ფანტაზია მათ საშუალებას აძლევს ჩვენს თანამედროვე მაყურებელს მთელი სისავსით წარმოუდგინონ წარსული საუკუნის სოფლელი გოგოსა და ქალაქელი ყარაჩოხელი ჭაბუკის ეშხით აღსავსე, რეალისტური ფერებით დახატული, მიმზიდველი სახეები.

სახის პორტრეტულ მსგავსებასთან ერთად, შინაგანი მგზნებარე ტემპერამენტი, სახის გაგების უდიდესი ოსტატობა სსრ კავშირის სახალხო არტისტს, აკაკი ხორავას საშუალებას აძლევს, შექმნას ყარაჩოხელი გიჟუას ფიზიკურად ძლიერი, პოეტური განწყობილების, მეგობრებისათვის თავდადებული, პატიოსნებით აღსავსე ხელოსნის მეტად თბილი, რომანტიკული სახე. ჩვენს სასცენო ხელოვნებას გიჟუას მრავალი შემსრულებელი ახსოვს. აკაკი ხორავა პირველია მათ შორის, რომელმაც ქართული დრამატურგიის ამ კლასიკური ტიპის განსხვავებული ეკრანული სახე წარმოგვიდგინა. ეს სახე ამდიდრებს მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიას, ზრდის ქართულ ფილმებში ჩვენი კინომსახიობების მიერ შექმნილ დაუვიწყარ სახეთა გალერეას.

დიდი იუმორი, სიცოცხლე და სიხალისე შეაქვს ფილმში სსრ კავშირის სახალხო არტისტის, ვასო გოძიაშვილის შესანიშნავსა და მიმზიდველ თამაშს. იგი „უსტაბაშ“ ავეტიკას როლს განასახიერებს. მისი ავეტიკა სახეა ყარაჩოხელისა, რომელმაც წუთისოფლის გრძელი გზა განვლო, ამქრისთავობას მიაღწია, ცხოვრებისგან ისწავლა ცუღლუტობა, ენამახვილობა, დიდკაცებთან ლაქუცური მიდგომის წესი, მაგრამ გულით მაინც პატიოსან და ალალმართალ ხელოსნად დარჩა. მეტად რთულია ეს ხასიათი, მაგრამ ვასო გოძიაშვილმა იგი სრულიად გასაგები, ნათელი ფერებით დაგვიხატა. მსახიობი განსაკუთრებით ძლიერია ფილმის ექსპოზიციურ ეპიზოდებში და სასახლეში, დიდი ქალბატონის სარეცელთან იავნანას სიმღერის დროს.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ვახტანგ ნინუა თავად დავითის სახეს როლის სწორი გაგებითა და სრულიად ჩამოყალიბებული აქტიორული ოსტატობით განასახიერებს. გადაგვარების გზაზე დამდგარი, გალოთებული, მუნდირიან ტიკინად ქცეული უპრინციპო და უპერსპექტივო ადამიანი, რომელსაც დიდი დამაჯერებლობით ხატავს მსახიობი. ოღონდ, მსახიობს სალაპარაკო ენასა და ინტონაციაში ვერ დავეთანხმებით. იგი ისე არ უნდა ლაპარაკობდეს, როგორც მოურავი ლაპარაკობს. ასეთი მომენტი კი ხშირად შეინიშნება ფილმში.

ეპიზოდურია დიდი ქალბატონის როლი, მაგრამ სსრ კავშირის სახალხო არტისტს, ვერიკო ანჯაფარიძეს იგი ფართო მასშტაბის მქონე დიდი როლის სიმაღლეზე აჰყავს.

უბრალოებით, გლეხური ბუნების თბილი და უშუალო გადმოცემით გვხიბლავენ რესპუბლიკის სახალხო არტისტები: ცაცა ამირეჯიბი, მერი დავითაშვილი და აკაკი კვანტალიანი. მოსაწონი და ქების ღირსნი არიან დამსახურებული მსახიობები: სერგეი მარტინსონი და ფარსმან სონღულაშვილი, რომლებიც სრულიად გადაგვარებული თავადის, ბორისისა და ბატონის მონა-მორჩილი, ლაქუცა მოურავის ეპიზოდურ როლებს ასრულებენ.

დუდარ მარგიევმა ამ ახალ ფილმში კვლავ გვიჩვენა ნატიფი ოსტატობა. ფილმის გამოსახულებითი მხარე ორგანული ნაწილია მთლიანი შემოქმედებითი კომპონენტებისა, რომლებმაც ფილმის მხატვრული სრულყოფა განამტკიცა. განსაკუთრებით კარგია სოფლად ღამის სცენები, ლხინი და სილუეტებივით აღმართულ მთების ფონზე ცეკვა. ეკლესიასთან ყოფნის ეპიზოდი და სხვა, რომლებიც ზუსტად ჩამოქნილი კომპოზიციის ფერთა საერთო გამისა და გადასაღებ ობიექტის საერთო ჰარმონიულობით, კალმით ნახატ ტილოებს გვაგონებს. რევაზ ლაღიძის მუსიკა მტკიცედაა ჩაქსოვილი ფილმის დრამატურგიულ ქსოვილში. როგორც ორიგინალური, ისე ხალხურ-ფოლკლორული მუსიკა თავისი შინაარსითა და მელოდიურობით ზრდის ფილმის ზემოქმედებით თვისებებს, მის იდეურ-მხატვრული აღქმის ძალას.

ფილმის მთავარმა მხატვარმა, სერაფიონ ვაშაძემ, კოსტიუმების მხატვრებმა, ფარნა ლაპიაშვილმა და კოტე კვალიაშვილმა კარგად გადაჭრეს მათ წინაშე დასმული ამოცანა. ძველი თბილისისა და სოფლის არქიტექტურული მხარე, ტიპაჟები, კოსტიუმები და სხვ. ყველაფერი ეპოქის ღრმა ცოდნითა და ხელოვნების შესანიშნავი თავისებურებებითაა შესრულებული.

ფილმის მთავარ გმირებს, საქმით პატარა, მაგრამ დიდი ბუნების ადამიანებს, მთელი მათი დამახასიათებელი თვისებებით, კოლორიტითა და თბილისელ ყარაჩოხელებს, რომელთა მსგავსი, როგორც ამბობენ, არსად, არცერთ სხვა ქალაქში არ შობილან, მუდამ „ნამუსის ქუდი“ ეხურათ. ფილმი, რომელიც მათ ალალ შრომასა და ლამაზ ცხოვრებას ქართველმა კინომუშაკებმა მიუძღვნეს, ასეთივე „ნამუსის ქუდით“ არის დამშვენებული, სიმართლითა და გულწრფელობით არის შექმნილი.

კარლო გოგოძე,
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“,
23 ივლისი, 1965 წელი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *