ბრძოლა აზრის შესაძენად

თუ ჩავწვდებით XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის ლიტერატურული ნაშრომის, „სამყარო როგორც ნება და იდეა“ დედააზრს, მივხვდებით, რომ სწორედ ეს ორი ცნება წარმოადგენს კაცთა მოდგმის არსის საფუძველს, მის დაუოკებელ სურვილსა და ბუნებრივ მისწრაფებას სიცოცხლისადმი. აქედან გამომდინარე ნებისმიერი დაბრკოლება, რასაც ინდივიდი აწყდება გადალახვადია თუ, რა თქმა უნდა, არსებობს მოტივი და სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ეფლობა აბსურდში და წარმოიშვება სრული უაზრობა. ხშირად ადამიანს სჭირდება მუხტი, იყოს მეტად პროდუქტიული, შეცვალოს მის ირგვლივ არსებული გარემო და გახდეს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იქამდე იყო. აუცილებელია, პიროვნება ამჩნევდეს და არ ეგუებოდეს გარშემო გაბატონებულ უსამართლობას და ზოგჯერ ამისათვის საჭიროა ვინმე, ვინც მას თვალს აუხელს.

აღნიშნული თემის გაშლას ცდილობს გიორგი თავართქილაძის სტუდენტური ფილმი, „მოუშვით ონკანები“ (2012). მიუხედავად იმისა, რომ ავტორს კრეატიულობა ნამდვილად არ აკლია, გარკვეული ფაქტორების გამო, ნამუშევარი არ არის ისეთი, როგორიც ასეთ კომპლექსურ და იდეურად რთულ საკითხს სჭირდება.

ფილმი მოგვითხრობს ტერორისტის, სახელად ჟანგოსა (ბექა ქავთარაძე) და მის მიერ სავაჭრო ცენტრის საპირფარეშო ოთახში აყვანილი მძევლების შესახებ, ხოლო მათგან ერთ-ერთის პერსპექტივით (კერძოდ, მისი მოყოლილი ამბის მიხედვით) ვაკვირდებით ამ მოვლენებს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, მაყურებელი ეტაპობრივად იგებს ანტაგონისტის მოტივებსა და მიზნებს, თუ რა არის ამ ყველაფრის რეალური არსი და რომ ეს სულაც არაა ბანალური ფულის გამოძალვის ხერხი ან რაიმე მსგავსი, არამედ პერფორმანსი ერთგვარი ფილოსოფიური იდეისა, კერძოდ კი, წყობით რეჟიმზე დამყარებული სოციუმისთვის აზრის მინიჭების აუცილებლობის დასანერგად და გასავრცელებლად. დამნაშავეს სურს, ტყვეები განკურნოს იმ სენისაგან, რასაც უაზრობა ეწოდება და აჩვენოს მათ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად საჭიროა მოქმედება და საკუთარი ყოფიერების მნიშვნელობის გააზრება.

საინტერესო და დამაინტრიგებელი შესავლის მიუხედავად, რეჟისორმა მაინც ვერ მოახერხა, თავი გაერთმია ამოცანისთვის და მიეღო ისეთი კინოსურათი, როგორიც წარმოედგინა. ამის გამომწვევი მიზეზი კი არაერთია, რაც ეჭვქვეშ აყენებს ნამუშევრის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ღირებულებას. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას მსახიობების გარდასახვის უნარს. უმეტეს შემთხვევაში, ხარისხი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. თითქოსდა, მსახიობებს თავად არ სჯერათ საკუთარი პერსონაჟების სინამდვილისა და ამის გამო, ხშირად, მათი თამაში ან ზედმეტად ემოციური და თეატრალურია, ანდა სრულიად უემოციო, ყალბი და ამის ფონზე მომენტალურად წყდება კავშირი მაყურებელსა და ფილმს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არ გვეძლევა საშუალებას ბოლომდე ჩავეფლოთ ატმოსფეროში, რადგან, უმეტესწილად, დიალოგები იმდენად უხარისხო და ბანალურია, რომ ყველანაირ რეალიზმს უკარგავს სიუჟეტს და ეკრანზე განვითარებული მოვლენების სინამდვილეს ქვეცნობიერი ავტომატურად ეჭვქვეშ აყენებს.

აღსანიშნავია კინოოპერატორის (კობა შველიძე) გაწეული შრომა. მართალია, ფილმში ვერ შევხვდებით რაიმე განსაკუთრებულ ან თავის მხრივ უნიკალურ კადრებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვიზუალური მხარე, გარკვეულწილად, ჯდება სტანდარტებში, სტუდენტური ნაშრომისთვის უკვე პლიუსია. გვაქვს დიდძალი მრავალფეროვნება: ახლო ხედები, საშუალო ხედები, სასიამოვნო ხარისხი (ყოველ შემთხვევაში, 2012 წლისათვის) და ა.შ.

მიუხედავად ტექნიკური წუნისა, მთავარი პრობლემა მაინც რეჟისორის უიმედო მცდელობაა, შეექმნა ისეთი კინოსურათი, როგორიც მასში გახსნილ თემას ესაჭიროებოდა. ყოფისა და ეგზისტენციალიზმის საკითხი, არსებობის აზრის შეძენისა და უაზროდ ჩაკეტილი წრის გარღვევა იმ მარადიულ თემათაგან ერთ-ერთია, რომელსაც კაცობრიობა უკვე მრავალი საუკუნეა განიხილავს და აანალიზებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩა ხელოვნების დარგი, სადაც ამ პრობლემას უკვე ხაზი არ გაესვა, დაწყებული ლიტერატურული ფილოსოფიიდან, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იღებს, დამთავრებული იგივე კულტურის ნაბოლარა კინოთი და ძალზედ რთული ამოცანაა, კიდევ ერთხელ შეეხო ათასგვარ სპექტრში გაშლილ მოტივს ისე, რომ ინდივიდუალური და სრულიად ახალი რამ მიიღო.

ადამიანი მუდმივად პროგრესული და წინმავალი არსებაა, მას ისევე სჭირდება საკუთარი მესაგან მიღებული დავალება, როგორც თევზს წყალი და დიდი ტრაგედიაა, რომ დღესდღეობით სოციუმის დიდმა ნაწილმა მსგავსი ლაიტმოტივი დაკარგა. უამრავი ინდივიდი ყოველდღიურად აუფასურებს საკუთარი თავის მნიშვნელობას სოციუმში, ვერ ამჩნევს, თუ რეალურად რამხელა პერსპექტივა და უნარი აქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეცვალოს და ამის მაგივრად უიმედოდ დგას იმ ჩაკეტილი კარის წინაშე, რომლის გასაღებიც ჯიბეში უდევს. მიზეზი ნათელია. ჩვენ, უბრალოდ, გვიადვილდება ყოველდღიურად ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და წინასწარი აგონიის გამო, არავინ არ ცდილობს მოკიდოს ხელი თითქოსდა „შეუძლებელ“ საქმეს, რომელიც ასეთი სულაც არაა.

დაშტამპული ტენდენცია ვერ იქნება სასიცოცხლო ძალა. პირიქით, სწორედ ამის გამო კაცობრიობა დღითიდღე ეფლობა ეგზისტენციალურ კრიზისში, რაც თავის მხრივ დიდძალი დეპრესიისა და სულიერი ტკივილის მიზეზია, რამაც ფესვები იმდენად გაიდგა, რომ ეხება მომავალ თაობებსაც. მშობლების პასიური ხრწნის შემყურე შვილები ყოველივე ამას მიიღებენ, როგორც ცხოვრების ჩვეულ რიტმს და, შესაბამისად, თავადაც იგივე სენით მოიწამლებიან.

გიორგი თავართქილაძის ფილმი არ არის იმ დონეზე, როგორსაც მაყურებელი ისურვებდა, თუმცა დიდძალი პრობლემის წარმოჩენის მცდელობისათვის პატივისცემას იმსახურებს და დასაფასებელია ავტორის მიერ ხელოვნების, როგორც „სოციოლოგიური იარაღის“, სწორად გამოყენების უნარი.

Nika Sivsivadze

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *