2012 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა ერთი დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ამბავი ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 4 წლის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. ის ყოველდღიურად მუშაობდა, თან მოწყალებას ითხოვდა, რომ 5 ლარად ექირავებინა ადგილი ინტერნეტ–კაფეში, სადაც ბავშვთან ერთად ღამეს გაათენებდა. მაყურებელმა მტკივნეულად მიიღო და გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი. ტელევიზიაში რეკავდნენ, მიდიოდნენ ადამიანები, რომ ეს ქალი ეპოვნათ და დახმარებოდნენ. მალე ავტორებმა ინტერნეტში ატვირთეს ფილმი, იქვე დადეს საბანკო ანგარიში და შესაძლებელი გახდა, რომ მთავარ გმირს, ჟანას, ექირავებინა სახლი და დაეტოვებინა ქუჩა. ამ ფილმის რეჟისორი იყო ქეთევან (ქეთი) ვაშაგაშვილი. მისი სხვა ნამუშევრებიც (დოკუმენტური ფილმები, ტელებლოგები), უმეტესად, ქალებთან დაკავშირებულ სოციალურ თემებს ეხება.
„2013 წელი იყო. მეტროს ვაგონში ვიჯექი და ვნახე განცხადება, სადაც ქალებს იწვევდნენ სუროგაციისთვის. მე 3 წლის შვილი მყავდა და ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია – რა პროცესია ეს, როგორ შეიძლება ეს გამოიარო და დარჩე ისეთივე, როგორიც იყავი მანამდე“ – იხსენებს ქეთი. მან ფილმზე „9-თვიანი კონტრაქტი“ (2025) 9 წელი იმუშავა, აქედან, ბოლო 5 წელი – ინტენსიურად.
და აი, ეს დოკუმენტური ფილმი ეკრანზეა. უყურებ და არ გაქვს შეგრძნება, რომ ეს კინოა. საათი და 20 წუთის მანძილზე შენც ცხოვრობ ფილმის მთავარ გმირთან და მის ქალიშვილთან, ელენესთან ერთად. მთავარი გმირი კი ისევ ჟანაა – ოთხგზის სუროგატი დედა. 2016 წელს მან თავად შესთავაზა რეჟისორს საკუთარი თავი სუროგაციაზე ფილმის გადასაღებად. ამ დროისთვის ქეთის უკვე შერჩეული ჰყავდა რამდენიმე სხვა ქალი, გადაღებებიც დაწყებული ჰქონდა, მაგრამ დიდი იყო ზეწოლა მათი ოჯახების, ნათესაობის მხრიდან (ზოგადად, ქალები მალავენ ამას. ისინი ზოგჯერ 9 თვით მიდიან სხვა ქალაქში და ამბობენ, რომ უცხოეთში არიან წასულები). ჟანას არ ჰყავდა ოჯახი და ნათესაობა, თუმცა, მაინც რთული იყო მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა საზოგადოებისა და შვილის მხრიდან შეფასების გამო.
ფილმი არის ფრთხილი და ფაქიზი დამოკიდებულებით გაკეთებული. ავტორთან ერთად მდუმარედ ადევნებ თვალს ერთი თავგანწირული დედის ამბავს და ფიქრობ, ნუთუ ეს ხდება აქვე, ჩვენს გვერდით? და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ხომ კარგად ვამჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე წარმატებულები, ჭკვიანები, ლამაზები, ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან. ამასთან ვხედავთ წარუმატებლებსაც, არაფრით გამორჩეულებს და მათზე დიდხანს კონცენტრირება არ გვინდა. რეალური ჟანას პერსონაჟი ისეთ მარადიულ კინოპერსონაჟებს გვაგონებს, როგორიცაა: ჩარლი, კაბირია, ჯელსომინა…
ჟანაც ამგვარია – შეუმჩნეველი, მაგრამ იმედით სავსე და დაუცხრომელი. მას უკვე ჰქონდა დადებითი გამოცდილება, როცა ფილმში ილაპარაკა თავის პრობლემაზე. ამან გარკვეულად კი შეცვალა სიტუაცია. თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის საკუთარ შვილს არ ესაუბრება სუროგაციაზე, რადგან იცავს მას ემოციურად და თან ეშინია, რომ არ განსაჯოს ელენემ (სავარაუდოდ, ჟანას საკუთარ თავთანაც ჰქონდა პრობლემა – თვლიდა, რომ რაღაცას მაინც აშავებდა და აკეთებდა იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინა). შვილი ამასობაში გაიზარდა. ის უკვე 14 წლისაა. ელენეს პერსონაჟი არის ის, ვის გარეშეც ფილმი ისეთი მრავალმხრივი და ღრმა არ იქნებოდა, როგორიც არის.
კულმინაცია იქაა, სადაც დედა–შვილს შორის დიალოგი შედგება და ელენე ეუბნება, რომ ხვდებოდა ყველაფერს. ამ გოგოს ცრემლები ყველაზე სუფთა რამაა, რაც შეიძლება მაყურებელმა ნახოს. „არ დამანახო ეს ფული. მე ის არ მჭირდება“ – ტირის ელენე. დედა–შვილი საერთოდ ვეღარ ამჩნევს ოთახის კუთხეში გატრუნულ კამერას (ოპერატორი ხან თავად რეჟისორია, ხან – გივიკო თუხარელი).
ფილმიდან მოჩანს, თუ როგორი დაურეგულირებელია სუროგაციის საკითხი, როგორი დაუცველია ქალიცა და ბავშვიც, რომელსაც სუროგატი დედა აჩენს, როგორ ირღვევა ქალთა სამედიცინო, სოციალური თუ სხვა უფლებები, მაგრამ ესეც კი არ არის მთავარი „9-თვიან კონტრაქტში“. ფილმი არის დედაშვილობაზე, იმაზე, თუ რაზე შეიძლება წავიდეს დედა შვილისთვის. ეს ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა – როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, საკუთარ სხეულს, ჯანმრთელობას არ უფრთხილდება. პერმანენტულ ორსულობას, პარალელურად, სუპერმარკეტში, ღამის ცვლაში მუშაობას (რადგან ღამის ცვლაში მეტი ანაზღაურებაა) და მუდმივ ღამისთევას კრიტიკულ ზღვრამდე მიჰყავს ჟანას ჯანმრთელობა, მაგრამ ის ამაზე არ დარდობს, მისი საფიქრელი მხოლოდ ელენეა. მისი სურვილია, რომ ელენე პროკურორი გამოვიდეს, რათა საკუთარი თავისა და სხვების დაცვა შეეძლოს. ელენეც სიყვარულით უყურებს დედას და მზადაა სურვილი აუსრულოს. მერე კი დგება დრო, როცა ეუბნება: „იმიტომ ჭირს ჩვენს ქვეყანას ის, რაც ჭირს, რადგან დედები შვილებს გვავალდებულებთ გავაკეთოთ, რაც თვითონ არ გამოგივიდათ“. ჩვენ თვალწინ იზრდება ელენე. ერთხელაც ის თავად ეკითხება დედას – რა არის მისი ოცნება. აღმოჩნდება, რომ ჟანას მხოლოდ ის უნდა, რომ ელენე იყოს კარგად, ისწავლოს, მიაღწიოს წარმატებას და არ ჰქონდეს პრობლემები, რომლებიც მას ჰქონდა. ჟანას თავისი პირადი ოცნება არ გააჩნია, არც კი უფიქრია ამაზე. მას მთლიანად დედობისთვის აქვს მიძღვნილი თავი (ალბათ, ამიტომაც არ შეუხედავს თავისი გაჩენილი არც ერთი ბავშვისთვის, რომ მერე არ გაუჭირდეს მათი გაშვება).
დგება მომენტი, როდესაც ჟანა და ელენე როლებს ცვლიან. საოცარი ოსტატობითა და რეალობაში ჩაურევლობით აქვს რეჟისორს ეს მომენტი აღნიშნული. თუ ფილმის დასაწყისში ჟანა ბანს თავს თავის პატარა გოგონას, ახლა ელენე უსხამს წყალს თავზე დედას (რეზო გაბრიაძის სიტყვები გახსენდება „ჰარი–ჰარალე დედაოდან“ – არავის, ისე ნაზად არ შეეძლო თავზე წყლის დასხმა, როგორც ბაბუას ბებიასთვისო). ელენე იმაზე ზრუნვასაც იწყებს, რომ დედამ საშუალო განათლების ატესტატი აიღოს და 30 წლის ქალი სკოლაში მიჰყავს. მაყურებელმა უკვე იცის, რომ ამ ადამიანებს ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოუვათ. შესანიშნავია ფინალური სცენები, როცა ელენე თავის ულამაზეს გრძელ თმას იჭრის და გარეთ გადის, დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
ეს ფილმი არის ქართულ–გერმანულ–ბულგარული კოპროდუქცია. რეჟისორი ფილმს თავიდან საკუთარი ძალებით აკეთებდა, მერე „არტე“ დაინტერესდა, შემდეგ გერმანელი, შემდეგ კი – ბულგარელი პროდიუსერები.
მსოფლიო პრემიერა შედგა დანიაში, კოპენჰაგენში, სადაც ჟანა და ელენეც იყვნენ და ფილმმა მიიღო ჯილდო ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ფილმი მრავალჯერ დაჯილდოვდა კინოფესტივალებზე თურქეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ამერიკაში. აქ „ცხრათვიანმა კონტრაქტმა“ ნიუ იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის საერთაშორისო ფილმების საკონკურსო სექციაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო, რაშიც წერია: „ჟიური განსაკუთრებულად აღნიშნავს „9-თვიანი კონტრაქტის“ მგრძნობიარობასა და ოსტატობას. ეს „სინემა ვერიტეს“ ვირტუოზული ნიმუშია, რომელიც რეჟისორსა და გმირს შორის არსებულ ნდობას ეფუძნება. ზუსტი მონტაჟისა და მდუმარე დაკვირვების მეშვეობით, ფილმს დედა–შვილის ინტიმურ სამყაროში შევყავართ. ესაა სიყვარულითა და გადარჩენის სურვილით შეკავშირებული ისტორია, რომელიც მძიმე რეალობის ფონზეც კი სინაზესა და ღირსებას ასხივებს“. სულ ახლახან კი ფილმმა თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს პრომეთე“ დაიმსახურა.
რეჟისორმა მეტროს ვაგონში დაინახა განცხადება და დაფიქრდა ამ თემაზე, ჟანამ მაინც საიდან გაიგო სუროგაციის შესახებ? „ჩემი გოგოები ბავშვთა სახლიდან დიდი ხანია ამას აკეთებენ“ – უთხრა ჟანამ ქეთის. ვინც ბავშვთა სახლებში გაიზარდა, ვისაც არ ჰყავს ოჯახი, არ აქვს განათლება, რომ ღირსეული სამსახური და ხელფასი ჰქონდეთ, არ აქვს ჭერი, რომ ქუჩაში არ დარჩეს, ძირითადად, ეს გოგოები ხდებიან სუროგატი დედები.
Ketevan Pataraia






