ოცნება თუ რეალობა?

ნებისმიერი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი, რომელიც წარმოაჩენს პატარა ბიჭის ფიგურას, ბავშვისას, რომელიც სოფლის სიღარიბესა და სიდუხჭირეში იზრდება, მაგრამ გულში დიდი, აუხდენელი ოცნება აქვს, გვიჩვენებს ინდივიდუალური პოტენციალისა და სოციალური რეალობის მკაფიო შეუთავსებლობას ერთმანეთთან. ამ დილემის წინაშე დგას უამრავი ახალგაზრდა. აქ მისწრაფებები, ოცნებები და მიზნები უპირისპირდება შეზღუდულ ფინანსურ მატერიალურ რესურსებს. ეს სოციალური პრობლემა გლობალურია და აჩვენებს შესაძლებლობების უთანასწორობას, სადაც დაბადების ადგილმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ გადაწყვიტა პიროვნების მომავალი. 

ასეთ დროს ძირითადი პრობლემა მდგომარეობს სოციუმთან მობილობის არარსებობაში. პიროვნების ოცნება (იქნება ეს მეცნიერება, ხელოვნება თუ ნებისმიერი სხვა მისწრაფება) მოითხოვს შესაბამის რესურსებს: ხარისხიან განათლებას, ტექნოლოგიურ ხელმისაწვდომობასა და განვითარების ცენტრებთან სიახლოვეს. სიღარიბეში ცხოვრება კი თავისთავად ამ ფუნდამენტური რესურსების ნაკლებობას გულისხმობს. ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად აიძულებს მოზარდს, ადრეულ ასაკშივე ჩაერთოს ოჯახის სამუშაო პროცესში, რაც ართმევს მას სწავლისა და თვითგანვითარების ყველაზე მთავარ რესურსსდროს. სიღარიბე კიდევ უფრო მეტად იმითაა მანკიერი, რომ ის მემკვიდრეობითია. ოჯახს ხშირად არ აქვს იმის საშუალება, რომ შვილს უკეთესი მომავლისთვის საჭირო პირობები შეუქმნას. სოფლები და, მითუმეტეს, მაღალმთიანი, შორეული სოფლები მოკლებულია იმ თანამედროვე განათლებისა და ინფრასტრუქტურის ცენტრებს, რომლებიც ოცნების რეალიზაციისთვის ჰაერივით საჭიროა, ამიტომაც გეოგრაფიული და, ამავდროულად, ფინანსური მდგომარეობა ოცნებისა და რეალობის მკაფიო გამყოფი ბარიერია. უიმედობის მუდმივი განცდა და გააზრება იმისა, რომ შენი ოცნება მიუწვდომელია, იწვევს პოცენციალის ფსიქოლოგიურ ჩახშობას. მოზარდს უწევს ნაადრევად გაიზარდოს და გაიაზროს, რომ მისი პიროვნული ღირებულება და ნიჭი მეორეხარისხოვანია მის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებასთან შედარებით. 

ბაქარ ჩერქეზიშვილის სტუდენტური დოკუმენტური ფილმი, „აპოლო ჯავახეთი“ (2017) სწორედ ამ მძაფრ თემას ეხება. ფილმის მთავარი პერსონაჟი 16 წლის ბანდურაა, რომლის ოცნებაც ამერიკაში წასვლა და კოსმონავტობაა, მაგრამ ჯავახეთის ერთერთ მაღალმთიან სოფელში, მოსავლელი ცხვრებისა და ძროხების ფონზე (რომელსაც ბანდურა მარტო პატრონობს) ეს ოცნება დღითიდღე შეუძლებელი და აუხდენელი ხდება, თუმცა ბანდურასთვის საპირისპიროდ, დროთა განმავლობაში, ოცნება უფრო მკვეთრი და მძაფრია.

ეს კინოპორტრეტი გვიჩვენებს, თუ როგორ უპირისპირდება ინდივიდუალური მისწრაფება და ბავშვური ოცნებები მკაცრ სოციალურეკონომიკურ რეალობას. ბანდურა, რომელიც ჯავახეთის მიკარგულ ღარიბ სოფელში ცხოვრობს, მაგრამ სავსეა მისწრაფებებით, ცხადყოფს იმ უმძიმეს დილემას, რომლის წინაშეც დღესდღეობით არაერთი ახალგაზრდა დგას. სიღარიბე და სიდუხჭირე მას აიძულებს ადრეულ ასაკშივე ჩაერთოს ოჯახისთვის სასარგებლო შრომაში, რაშიც, რასაკვირველია, ოცნებების ახდენა და პიროვნული მიზნებისკენ სწრაფვა არ მოიაზრება. 

ეს ამბავი მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრებ პატარა მეოცნებე ბიჭს არ ეხება. გარდა იმისა, რომ ფილმი არის სარკე, სადაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დეფიციტი აისახება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხით და არის ერთგვარი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ნიჭიერი შვილების პოტენციალის რეალიზაციას და ასევე ის, რომ აუხდენელი ოცნებები, რომელიც გაჭირვების გამო სამუდამოდ კვდება, არის არა მხოლოდ თითოეული პიროვნების დანაკარგი და აუხდენელი ოცნება, არამედ ერის განვითარებისაც. 

თანამედროვე ხელოვნებაში ახალბედა რეჟისორებისთვის საკუთარი სახელის თქმა და თავის დამკვიდრება ხშირად ისეთივე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, როგორც ბანდურასთვის კოსმონავტობა. თავისუფლად შეიძლება, რომ რეჟისორმა ამ პერსონაჟში, სწორედ, რომ საკუთარი პორტრეტი დაეხატა. 

ტექნიკურად ფილმი გამართული და შემდგარია. გამოსარჩევია სუბიექტური კამერა ბანდურას ოცნების ხომალდის შენებისა და თამაშის დროს. ეს კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებს პერსონაჟის ოცნების სიმძაფრეს. დიალოგები თითქმის არ გვხვდება, რაც, ალბათ, იმას მიანიშნებს, რომ ბანდურა სოფლის საზოგადოებისათვისაც მიუღებელი და გარიყულია. აღნიშვნას იმსახურებს ნათია მაღლაკელიძის მუსიკაც. საერთოდ, ფილმში მუსიკა ყოველთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ატმოსფეროს, ემოციურ ფონსა და მთავარ სათქმელს კიდევ უფრო ამტკიცებს და აძლიერებს. 

თხრობა ფოკუსირებულია პატარა ბიჭსა და მის აუხდენელ ოცნებაზე. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ეს მდგომარეობა მაყურებელს აყენებს კითხვის წინაშეადამიანის პოტენციალის ფუნდამენტური სამართლიანობის შესახებ. თუკი ნიჭი და მონდომება თანაბრად ნაწილდება საზოგადოებაში, მაგრამ მათი რეალიზაცია დამოკიდებულია ეკონომიკურ პირობებსა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე, მაშინ სოციუმი ვერ უზრუნველყოფს თანაბარ საწყის პირობებს. ბავშვის ოცნების მოკვლა საზოგადოებისათვის, შესაძლოა, დანაკარგიც აღმოჩნდეს, რომელიც არა ფინანსებით, არამედ დაკარგული ინოვაციებით, კულტურული წვლილითა და განვითარების შანსებით იზომება. 

აპოლო ჯავახეთიგზავნილადაც ან მოწოდებადაც შეიძლება იყოს მოაზრებული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკურ დახმარებას, არამედ მიზანმიმართულ საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს რეგიონებში, რათა იქაურ ბავშვსა და ქალაქელ ბავშვს ჰქონდეთ თანაბარი ათვლის წერტილი. 

Tinatin Asatiani

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *