ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით.

თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა და მეტაფორების საშუალებით გადმოიცემა. მოვლენები განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე ვითარდება. გამორიცხულია დიდაქტიკა და ყველაფერი ცხოვრების არსის, ზოგადად ცხოვრებისეული ღირებულებებისა და საზოგადოების პრობლემების, ფასეულებების (შენარჩუნებულისა თუ გაუფასურებულის) ასახვის, მათზე დაკვირვებისა და ძალდაუტანებელი განსჯისკენაა მიმართული.

ქართული კინოს ისტორია დოკუმენტური ფილმით „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ იწყება. ვასილ ამაშუკელის, 1912 წელს შექმნილი, ეს მაღალმხატვრული კინოსურათი კონკრეტული ამბის, კონკრეტული ადამიანების, აკაკი წერეთლისა და მისი თანამედროვე საზოგადოების, კონკრეტულ დროსა და გარემოში განვითარებული მოვლენების ამსახველია, მაგრამ მის უმთავრეს ღირებულებას, საქართველოს ისტორიისთვის ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტის ზოგადსაკაცობრიო მოვლენად განზოგადება განსაზღვრავს. და, აშკარად თუ ფარულად, შეიცავს იგავის ნიშნებსა და თვისებებს, რაც, დროის დისტანციასთან ერთად, განსაკუთრებით იკვეთება და თვალსაჩინო ხდება.

მას შემდეგ და დღემდე ქართული დოკუმენტური კინო თავის არსებობას ამართლებს და ყოველთვის სიახლეებით, მნიშვნელობითა და თავისთავადობით გამოირჩევა, რომლის მრავალფეროვნებას თაობები ქმნიდნენ და ქმნიან.

ერთ-ერთი ასეთი და ტრადიციის გამგრძელებელი სიახლე, რომელსაც (არა ერთი სხვა ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მსგავსად) საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ პროფესიონალების გამოხმაურება მოჰყვა (რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსზე) ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ლურჯი მოცვია“ (2024, პროდუსერი ელენე მარგველაშვილი. „პარაშუტ ფილმზი“, საქართველო-საფრანგეთი-ბელგია-კატარი).

ელენე მიქაბერიძე ახალგაზრდა და ახალი თაობის რეჟისორია. „ლურჯი მოცვი“ ზუგდიდში მცხოვრები მელაძეების ოჯახის – სოსოსა და ნინოს და მათი შვილების – ლაზარესა და გიორგის – ცხოვრების, მათი საქმიანობის – მოცვის პლანტაციისა და საოჯახო მცირე ბიზნესის შესახებ მოგვითხრობს.

რეჟისორი აჩვენებს ამ ოჯახის ამბავს და ქმნის გარემოს, რომელიც შეიცავს გზავნილთა სისტემას მაყურებლისკენ, განსაკუთრებული ავტორისეული პოზიციით, სოციალური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პიროვნული საკითხებისა და პრობლემების შესახებ. ეს საზოგადოება განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. მხოლოდ ელემენტარულ პირობებს, რომ საკუთარი შრომით იცხოვრონ, იშრომონ თავდადებით და უკეთესი რეალობის მოპოვების სურვილები აისრულონ. მაგრამ მიზანი მიზანში არ ხვდება, ოცნებები და სურვილები არ და ვერ სრულდება, თუმცა არც უფერულდება.

ლურჯი მოცვი, რომლის დარგვის, მოვლა-პატრონობის, ზრდის პროცესის ყველა ეტაპს რეჟისორი გულდასმით ასახავს და მაყურებელსაც ცოდნას უზიარებს, თითქმის არ და ვერ იყიდება. სიდუხჭირე მკვეთრ ფერებს იძენს და ფილმში მორიგი შრე შემოდის.

ფილმის გმირები ჰარმონიულად ცხოვრობენ. რაც უშუალოდ მათ ოჯახში, მათი მეზობლების, დასახლებისა თუ ქალაქის სივრცეში ხდება, ის, რაც ადამიანებს აკავშირებს და როგორც ისინი უძღვებიან საკუთარ ცხოვრებას, სიმშვიდის, სიცოცხლის მშვენიერების გამომხატველია. მაგრამ გარემომცველი რეალობა არათუ ხელს უწყობს ცხოვრების უშფოთველ დინებას, არამედ აფერხებს და ეწინააღმდეგება საზოგადოების სურვილებსა და ინტერესებს. მეტიც, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე კონფლიქტის ზონა და ფიქტიური საზღვარი აფხაზეთთან, აფხაზეთის ომის ხსოვნა, უკრაინაში მიმდინარე ომის თემების „შემოჭრა“ და განუყოფლობა საერთო სტრუქტურისგან – არღვევს მშვიდობიანობის შეგრძნებას და შფოთისა და განგაშის მძაფრი ხმებად ჟღერდება.

პირველადი და მთავარი ამ ოჯახისთვის სიყვარული, ჰარმონია და თუ არა იდილია, სიმშვიდეა, მყუდროების, საუკეთესოს არჩევანისკენ სწრაფვა, რაც „კონფლიქტშია“ გარე დაძაბულობასა და მშვიდობის უქონლობასთან.

მნიშვნელოვანია „მიწასთან სიახლოვის გრძნობა, რამდენიმე ადამიანის სიყვარული, ცოდნა იმისა, რომ მუდამ არსებობს ადგილი, სადაც გული შვებასა და თანხმობას მოიპოვებს, – ერთი სიცოცხლისთვის ესეც ბევრია, მაგრამ ადამიანისთვის ესეც არ კმარა“ (ალბერ კამიუ. „ქორწინება. ზაფხული ალჟირში“).

„ლურჯ მოცვს“ ელენე მიქაბერიძე ორი წლის განმავლობაში იღებდა (თავადაც იქცა მელაძეების ოჯახის წევრად. უხილავ დამკვირვებლად, ამ ოჯახის ცხოვრება ყველა კუთხითა და ნიუანსით დაინახა). ეს ორი წელი პირდაპირაა ფილმში დაფიქსირებული. მოვლენები ერთმანეთს მიჰყვებიან, წელიწადის დროების მსვლელობასთან ერთად. და ეს ცვლილება, ჟამთა სვლა, მკვეთრადაა გამოხატული, თითქმის მონოქრომულ, მშვიდ და პასტელური შეფერილობის გამოსახულების ფონზე და კოლორიტულ გადაწყვეტაში.

განწყობების, გრძნობების, სიტუაციებისა და დროში მოვლენების ასეთი განვითარება, ბუნებრივად და ქრონოლოგიურად, ვიზუალურად მკაფიოდ გამოკვეთილ სცენებადაა აწყობილი – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული. როდესაც ირგვება, ყვავის, მწიფდება და იკრიფება მოცვი. ეს თანმიმდევრობა, ერთი მხრივ, ბუნებრივი პროცესების ამსახველია და მეორე მხრივ, სიცოცხლის მეტაფორა, მთელი თავისი დიდებულებითა და სიცოცხლის დამამკვიდრებელი რიტუალურობით.

რეალობაა ის, რომელშიც მელაძეები (საზოგადოება) ცხოვრობენ, ის, რასაც აკეთებენ – როგორც მოქმედებენ; რისკენაც ისწრაფიან და რაზეც ოცნებობენ. როგორც მიედინება მათი ყოველდღიურობის ნაკადი. როგორ ცეკვავენ სოსო და ნინო, როგორ თამაშობენ გიორგი და ლაზარე, როგორ მსუბუქად და ლაღად აღიქვამენ პრობლემებს და როგორ განიცდიან, რაც გარშემო ხდება, როგორ გამოხატავენ თანაგრძნობას, როგორ დარდობენ და როგორ მხნევდებიან და ამხნევებენ სხვებს.

„ლურჯი მოცვი“ საათზე მეტხანს გრძელდება და, ერთი შეხედვით, პირველადი აღქმით, ცხოვრების ერთფეროვან და ერთგვაროვან დინებას ასახავს. დღეების მსგავსებას განსაკუთრებული თითქოს არაფერი გამოარჩევს, პატარ-პატარა სიახლეების გარდა (რაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების თანმხლებია). თუმცა, მელაძეების ყოველდღიური რუტინა, სიმძიმეების, სირთულეების, წინააღმდეგობების მიუხედავად, თვალსა და ხელს შუა პასტორალად იქცევა. და ყოველ დღე თუ ღამე, დღეებისა და ღამეების „ჩვეულებრივობის“ მიუხედავად, სხვა დატვირთვასა და აზრს იძენს, ახალი შინაარსით, აზრითა და სიღრმით ივსება.

ლურჯი მოცვი, რომელზეც სოსო და ნინო არა მხოლოდ იმედს ამყარებენ, რეჟისორისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კენკრა. მელაძეები, მისი დარგვა-გახარებით, ახალი სიცოცხლის დაბადებასაც უწყობენ ხელს და სამყაროსთვის სარგებელი მოაქვთ. მოცვი – მითური ნაყოფის, ნაყოფიერებისა და ფერადოვნების სიმბოლოდ აღიქმება.

არის თუ არა ჰარმონია ამ ადამიანებსა და ბუნებას შორის?! არის თუ არა ეს ოჯახი ბუნების ნაწილი და მისი „მბრძანებელი“? შეუძლია თუ არა ადამიანს დღეს კვლავ დარჩეს ბუნების ქმნილებად და მის განვითარებას ხელი შეუწყოს, როგორც ოდესღაც შეეძლო, სანამ მას დაშორდებოდა? და რაც იყო ქართული (და არა მარტო) კინოს, ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემა და მახასიათებელი პრობლემა?

ელენე მიქაბერიძე „აღწერს“ ბუნებას, როგორც პირველქმნილ სამყაროს და ბუნებას, რომელსაც თვითონ ადამიანი ქმნის და რომელიც თან ბუნების ძალასა და „ბრძანებას“ ემორჩილება. ბუნებისა და ადამიანის, სამყაროს არსებობისა და მარადიული ციკლის უწყვეტობა და კონფლიქტი კი გრძელდება. უშუალოდ ზონაში, მის ახლოს, საზღვართან და მთელი ქვეყნისთვის. კონფლიქტი, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს, თუმცა ბუნების ძალას ვერაფერი აჩერებს.

„ლურჯი მოცვი“ არ ფარავს და არ ალამაზებს სინამდვილეს. პირიქით, რეჟისორის მთავარი მიზანი, მხატვრული და მეტაფორების ენით, იმ რეალობის ჩვენება და „მხილებაა“, რომელიც ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის. ელენე მიქაბერიძე ახერხებს, განაზოგადოს სოციალური დრამა და სათქმელი, პოზიცია და დამოკიდებულება ყოფაზე აამაღლოს.

და მე, როგორც მაყურებელს, „ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს“, მელაძეები და მათი მსგავსი ადამიანები, რომლებიც ერის ღირსებას წარმოადგენენ და ამართლებენ ადამიანის არსებობას, „მუდმივი მუქარის ქვეშ მყოფი, ზღვის პირას, მეფური ბედნიერების წიაღში ცხოვრობენ“. (ალბერ კამიუ. „ზაფხული. ზღვა სულ ახლოს“).

Lela Ochiauri

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *