ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ წასვლა გამოსავალი არ არის, რომ გაქცევას მხოლოდ სუსტები ირჩევენ. ერთი შეხედვით, თითქოს ამას თავისი ახსნა აქვს – ვიღაც ყოველთვის ქადაგებს, რომ უნდა იყო ძლიერი, გაუმკლავდე ყველანაირ სირთულეს ისე, როგორც დავითი გოლიათს, მაგრამ სინამდვილეში, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებასაც იმდენივე გამბედაობა სჭირდება, რამხელაც გზის გაგრძელებას.
ესკეიპიზმი, რომელიც მსგავს ასპექტებზე ხმამაღლა საუბრობს და თამამად გვიხსნის ვითარებას, კინოში ძალიან დიდი ხნის წინ დამკვირდა, რადგან ადამიანებს სჭირდებათ იმედი და სურთ, ეს იმედი იპოვნონ საკუთარ თავში, შემდეგ კი გაბედონ და გადადგან ნაბიჯი.
ელენე შეყლაშვილის სტუდენტური ფილმი, „წასვლა“ (2024) ყვება სამი ადამიანის ცხოვრების უმცირეს, თუმცა უმნიშვნელოვანეს პერიოდზე, რომელშიც თითოეული მათგანი გრძნობს ცვლილების საჭიროებას. ხანდახან, ერთი ბიძგიც კი საჭიროა, რომ ადგე და ცხოვრება თავდაყირა დააყენო. ეს ბიძგი ბოლო წვეთია, რადგან გინდა, რომ წერტილი დაუსვა იმ აუტანელ, საზარელ ყოველდღიურობას, რომელიც შემთხვევით შემოუშვი საკუთარ ცხოვრებაში, მან კი ღრმა ფესვები გაიდგა შენში და მას ვერა და ვერ შორდები. სწორედ მსგავს პოზიციაში არის ფილმის პირველი პერსონაჟი, ახალგაზრდა, რომელიც საკუთარი დაბადების დღის სუფრაზე უეცრად ეთიშება გარემოს, არადა ის უნდა იყოს მთავარი, ოჯახის წევრები და მეგობრები მას ადღეგრძელებენ, ის კი მხოლოდ ფიზიკურად არის მათთან.
მისი გონება დიდი ხანია სხვა რამითაა შეპყრობილი. სწორედ მაშინ გადაწყვეტს ეს ბიჭი წასვლას. ოთახში შედის და ალაგებს ჩანთას. მიუხედავად იმის, რომ ის მიდის შორს და დიდი ხნით, ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე საჭირო ნივთს ალაგებს – მათ შორს სურათებს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მისი გადაწყვეტილებას.
ეზოს კარიდან გასვლისას ბიჭს შემთხვევით უვარდება სურათი, რომელსაც იპოვის სხვა, ფილმის მორიგი გმირი, ისევ ახალგაზრდა ბიჭი. ეს ახალგაზრდაც იგივე წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან სტატიკური რეალობა და ყოველდღიური ერთი და იგივე რიტმი მას აგიჟებს. ისიც სწორედ ასე, იმ უბრალო, არაფრით გამორჩეულ დღეს, სახლის საქმეების კეთების დროს ხვდება, რომ მორჩა. ზურგზე შემოიკიდებს დიდი ხნის ჩალაგებულ ჩანთას და მიდის. გზად უბნის მაღაზიაში შედის სიგარეტის საყიდლად და მოლარესთან გამომშვიდობების ნიშნად, ჩუქნის მას ქოთნის ყვავილსა და იმ სურათს, რომელიც ცოტა ხნის წინ იპოვა გზაში.
ბიჭი გადის მაღაზიიდან და კარში ეკვეთება გოგოს, რომელიც ფილმის მესამე, ბოლო პერსონაჟია. ისიც სხვებივით უკვე წასასვლელ გზას ადგას. გამოემშვიდობა საყვარელ მეგობარს, უამბო თავისი განცდები და უთხრა, რომ ჯობს გაასწროს აქაურობას მანამ, სანამ ისიც ისეთივე ქალი და დედა გახდება, რომლის ყოველდღიურობაც ერთი დიდი ნონსენსია. სწორედ ამით ჩანს მისი მოტივი, რომელშიც წასვლა არამცთუ გაქცევაა, არამედ სრულიად ახლის საწყისი იქ, სადაც ექნება დრო, რომ მიხვდეს და უსმინოს საკუთარ, ნამდვილ ვინაობას. სალაროს დახლთან, სანამ სიგარეტს აიღებს, გოგონა ამჩნევს სურათს, რომელსაც აღფრთოვანებით შესცქერის, გამყიდველი კი ამ სურათს მას ჩუქნის. ამგვარად, პერსონაჟებს შორის უხილავია ძაფია გაბმული. უხილავი და შემთხვევითი, რომლის შესახებაც მათ არ იციან და, დიდი ალბათობით, ვერც ვერასდროს მიხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთი დანიშნულების წერტილში მიდის.
სამივე მათგანი უეცრად საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ჩნდება. სადღაც პატარა სადგურზე, პატარა ფურგონში სხდებიან და მიდიან შორს. გზა უკაცრიელია, მაგრამ ჩანს, რომ მშვიდია და სიმშვიდე უკვე კარგია. მანქანის მიმავალი კადრები ძალიან ჰგავს აბას კიაროსტამის გახმაურებულ ფილმს, „ალუბლის გემოს“, რომელიც ასევე მძიმე ემოციური ფონისა და გრძნობის მატარებელია.
კადრი გრძელდება. ქალაქი შორსაა და ესე იგი, ძველი უსასრულო რიტმიც უნდა დარჩეს სადღაც იქ, მოგონებად გონების შრეში. იმ მომენტიდან, როდესაც სამივე ჩამოვა ფურგონიდან, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იქნება, რომ მათ საკუთარ თავში იპოვონ სახლი.
სამივე მათგანი გზის გასაყარზე დგას. სამივე მათგანი მიდის სხვადასხვა გზაზე. გზაზე, რომელიც გზაც კი არაა, უბრალოდ ბილიკია, რომელიც თვითონ უნდა გაკვალონ. ეს ყოველივე ძალიან გასაგები, თანაც ძალიან მეტაფორულია, რადგან უკავშირდება ადამიანის ფსიქოლოგიას და ცხოვრების ფილოსოფიას, რაც ერთმხრივ ნაცნობი, მაგრამ გამოუცდელი შეგრძნებაა.
ფილმი მაყურებელს უტოვებს იმედს, რომ გამოსავალი ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებს ერთმანეთი არ გაუცვნიათ, იქმნება ერთგვარი შეგრძენა, რომ მათი ენერგია მოტივატორია ერთმანეთისთვის.
საინტერესოა, რომ მსგავსი თემები ყოველთვის არსებობდა კინოში მისივე დაბადებიდან და რომ აქტუალურობას დღესდღეობითაც არ კარგავს ეგზისტენციუალური საკითხები, რადგან კინო პირდაპირ კავშირშია ადამიანთან, ადამიანური ურთიერთობებისა და ბუნების კვლევასთან. უხილავი კავშირი ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს შორის ხშირად ყველაზე ძლიერი ბიძგია, რადგან დილემის წინაშე ადამიანი გაცნობიერებულად, თუნდაც გაუცნობიერებლად, მაგრამ ყოველთვის აქცევს ყურადღებას სხვის არჩევანს, სხვის გზას, რომ იყოს უფრო მშვიდად. ადამიანები გრძნობენ ერთმანეთის ენერგეტიკას და ეს არაფერია, გარდა ჰუმანურობისა.
Sophio Chitaladze






