წყვდიადი საკუთარ თავში

ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ ემოციებს, რომლებსაც რეალურად ყველაზე ხშირად საკუთარ თავშივე კლავსიქნება ეს შური, სინანული, ეჭვი თუ სხვა. ამასთანავე, ზუსტად ასეთი მძაფრი ემოციები იძლევიან იმის საშუალებას, რომ ადამიანმა საკუთარი ქმედებები უფრო ფართო, განზოგადებული პერსპექტივით დაინახოს და შემდეგ საკუთარ თავთან აღმოჩნდეს დილემაში. პიროვნების გაორება, საკუთარ იდენტობასათან ჭიდილი და, უბრალოდ, ადამიანის ფუნდამენტების კვლევა ოდითგანვე იყო საკითხი, რომლის ორბიტაზეც კინო ტრიალებდა. ამის მაგალითებად გამოდგება ბერგმანის სიზმრისეულიპერსონაან ლინჩის მისტიკურიმალჰოლანდ დრაივიდა ა. . სამწუხაროდ, ეს გარემოებები სრულად ვერასდროს შეისწავლეს და ვერც შეისწავლიან, ვინაიდან ადამიანის ბუნება ყველაზე კომპლექსური, მძიმე და ბურუსიანია, რომელსაც შეუძლია უბნელეს ადგილებშიც გვამყოფოს. 

ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022) სწორედ ამას დასტრიალებს გარშემო. რეჟისორი მისეულ ხედვას გვანახებს და ამ დავალებას კარგადაც ართმევს თავს. ფილმი დაფუძნებულია ცნობილი იაპონელი ავტორის, რიუნოსკე აკუტაგავას  მოკლე მოთხრობაზე, „საუბარი წყვდიადში“. ეს არის ფილმის ფუნდამენტური ელემენტი, ვინაიდან განსაკუთრებით რთული ხდება ძლიერი პირველწყაროდან მიღებული შთაგონება დამოუკიდებელ ხელოვნების ნიმუშად აქციო, თუმცა რეჟისორმა ეს შეძლო. იგი საუბრობს არა აკუტაგავას სამყაროდან, არამედ თავისი, მეტად ქართული და ეკლექტური გარემოდან, სადაც ანალოგიური პრობლემაა წამოჭრილი. 

თოვლიან და სუსხიან, ეულად მოტიტვლებულ გზაზე ახალგაზრდა ბიჭი (ნოე მაჭარაშვილი) ცდილობსავტოსტოპითგანაგრძოს გზა. მისი პირველივე მცდელობა წარმატებულია და მანქანიდან გადმოდის მძღოლი (ანდრია ვაჭრიძე), რომელიც მანქანის წინა სავარძელზე მჯდომ ბავშვს უკან გადასვამს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს უცხოსთან საუბარს. მათი დიალოგი დამაბნეველი და დამძაბველია. ჩნდება განცდა, თითქოს ეს ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი ძალიანაც ნაცნობია, თუმცა მათ შორის არ არის კომფორტი, პირიქით, იმატებს დაძაბულობა. ჩანთამოკიდებულ მოგზაურ ბიჭს ტბასთან მისვლა უნდა, მძღოლი ამ სიტყვის გაგონებაზე კრთება და შეახსნებს, რომ წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. არაკომფორტული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩანს, როგორ მიემგზავრება ეს სამი ადამიანი უცხო ტბის მიმართულებით, რომელიც ხშირად, მართლაც, მისტიკისა და საიდუმლოების სიმბოლოა. ფილმს რაც უფრო დიდხანს უყურებ, უფრო და უფრო იბნევი, რამეთუ აბსოლუტურად გაურკვეველია მძღოლსა და მოგზაურს (რეალურად უსახელო პერსონაჟებს) შორის დიალოგები. თითქოს კაცისთვის ბიჭის სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს, ზედმეტად ბევრსაც კი. 

აკუტაგავას მოთხრობაშიც სწორედ ეს ხდებაპიროვნების გახლეჩვა. საკუთარი თავი ელაპარაკება საკუთარსავე ვერსიას, როგორც ეგო და ალტერ ეგო. ბეგიაშვილის ფილმშიც თითქოს ზუსტად ეს ხდებამანქანაში მჯდომი მძღოლი საკუთარ თავს ესაუბრება, რომელიც გზად შეხვდა, რადგან სჭირდებოდა მისგან სიტყვიერი ვალიდაცია. ფილმს დამატებითი პერსონაჟიც ჰყავს პატარა ბავშვის სახით, რომელიც შეიძლება სწორედ იმ სიწმინდესა და სისპეტაკეს შეედაროს, რასაც ასე ხშირად ახსენებს აკუტაგავას მთავარი მთხობელი ან სულაც სუპერ ეგოს. შეიძლება ეს მთავარი გმირის ბავშვობაა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სისუფთავე და სწორედ ამიტომ შორიდან, გაკვირვებითა და იმედგაცრუებით უყურებს სიტუაციას. ბავშვი ხმას არ იღებს, მხოლოდ ჩაფიქრებული მზერით გამოჩნდება მოულოდნელად კადრში და თითქოს მაყურებელიც იძაბება მთავარ პერსონაჟთან ერთად, თითქოს მისი რცხვენია.

მომდევნო სცენაში მძღოლი კვლავ მორალურ დილემას ეჭიდება და ყოყმანის შემდეგ საბარგულიდან გაკოჭილი ადამიანი გადმოჰყავს. მისი სახე არ ჩანს, რადგან ტომარა აქვს ჩამოფარებული. მძღოლს ყველაფრის კეთება მარტოს უწევსმარტომ უნდა მიათრიოს ეს გაკოჭილი ტიპი ტბის ნაპირამდე და მარტომ უნდა დაასრულოს მისი სიცოცხლე, მაგრამ მსხვერპლი ასე მარტივად არ ნებდება, გაქცევის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს და სიცოცხლისუნარიანობას არ კარგავს. ისევ ყოყმანის შემდეგ, სასხლეტს თითი გამოეკვრება და ტომარაჩამოცმული კაცი თეთრ თოვლს სისხლისფრად ღებავს, თოვლის სიფაფუკეში მძიმე სუნი იპარება და სიცარიელის გრძნობა იზრდება. სწორედ ამ მომენტში ახალგაზრდა ბიჭი ისე ქრება, თითქოს იქ არც არასდროს ყოფილა. მხოლოდ მძღოლი და ბავშვი რჩებიან. მძღოლი მანქანისკენ გარბის, გარბის ამ წყვდიადიდან და ბავშვისკენ არც კი იხედება, ისევ რცხვენია მისი. ბავშვი მისდევს მას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ბავშვიც ჩერდება. ამით ავტორი რაღაც პატარა ნაპერწკალს უტოვებს მაყურებელს ან, პირიქით, მთავარი გმირის ფსიქოლოგიური დრამის სპირალში ატრიალებს და სიცარიელეში ტოვებს. ამ კათარზისულ მდგომარეობას აძლიერებს ბახის მუსიკალური აკომპანიმენტი, რომელიც ყველაზე ზუსტი მიგნებაა მორალურად შემზარავი და თანაც ემოციურად დაცლილი მომენტისათვის. 

შეიძლება ითქვას, რომ მთავარმა პერსონაჟმა თავისი შინაგანი ალეგორიული ხმებით არა ვიღაც სხვა, არამედ საკუთარი თავი მოკლა, სინანულისა და სიმძიმილის შემდეგ. რეჟისორი არ სთავაზობს აუდიტორიას ამის კონკრეტულ განსაზღვრებას, არამედ სააზროვნო სივრცეს უტოვებს. მან შეძლო ზუსტი აქცენტების გაკეთება. ტპის პირას დიალოგი შედგა, თუმცა ნაკლებად ვერბალური და მეტად ფსიქოლოგიური, ხოლო მაყურებელმა, მთავარ გმირთან ერთად, გამოიარა ის წყვდიადი, რომელიც ამ პერსონაჟს საკუთარი თავისთვის ჰქონდა შექმნილი.

Lizi Gaprindashvili

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *