ჭაობი, სახელად ოჯახი

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ვახო ჯაჯანიძის დებიუტი შედგა ფილმით, „რეალური არსებები“ (2025), რომლის სცენარი თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის მიხედვით დაიწერა. ავტორი ამ პროექტს (ქართულიტალიურ კოპროდუქციას) ექვსი წლის განმავლობაში აკეთებდა.

კინოსურათი მაყურებელს მოუთხრობს ამბავს ერთერთ კურორტზე დამსვენებელი ორი ოჯახის შესახებ. მათი შეხვედრა საუზმისას ხდება, რა დროსაც აღმოჩნდება, რომ ისინი ერთმანეთის ძველი ნაცნობები არიან. ადგილმდებარეობის არაპოპულარობის გამო, მხოლოდ ისინი ისვენებენ ამ სასტუმროში, ამიტომაც დროსაც ერთად ატარებენ. ოჯახები სტანდარტულიაცოლქმრები თავიანთი შვილებით. სინი ერთობიან თამაშით, ცურვით, გარუჯვით. მხოლოდ ერთი გამონაკლისია ამ ყველაფერშიეს არის თენგოა, ერთერთი ქმარი, „დისქავერისოპერატორი, რომელიც, დასვენებასთან ერთად, იმ ადგილების გადასაღებადაა ჩასული. მხოლოდ ის არ უერთდება თავისი მეუღლისა და მისი ძველი ნაცნობისზრდასრულგართობას. გარემო მშვიდია, არაფრითაა გამორჩეული, თუმცა ლამაზია. სადა სიმწვანეს, ტბებსა და ჭაობს მხოლოდ ბავშვები თუ აახმაურებდნენ, თუმცა ეს ასე არ არის. 

სიუჟეტის ერთერთი მთავარი ხაზი ამ ორი ოჯახის მცირეწლოვანი შვილების ურთიერთობას ეხება. დათუნა კომპიუტერული თამაშების მოყვარულია, რომელშიც მკვეთრად ჩანს ლტოლვა ძალადობის მიმართ, ხოლო გოგონა, ბებე ბუნების მოყვარულია. ის აგროვებს ნიჟარებს, ათვალიერებს გარემოს და მუდამ სრულ დაკვირვებაშია. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ხშირად არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი დიდი საიდუმლოს მოწმენი გახდებიან და ეს დიალოგიც კი, უბრალოდ, თვალებით მიმდინარეობს. 

რეჟისორი ცდილობს, მთელი ფილმის განმავლობაში იკვლიოს შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ქცევა, სურვილები და ემოციები. ნიკასა და თენგოს მეუღლეების, ლანას და ქეთას ურთიერთობა ჰგავს ერთგვარ შეჯიბრს, რომელშიც გამარჯვებული არავინაა. მათი ძველი ნაცნობობა ხელს არ უშლის იმ პაექრობის დაწყებას, რაც ფილმში შემდგომ ვითარდება, ყველაფერი კი იმ დონემდე მიდის, რომ ქეთა ლანას ქმართან დაწვება. ყოველგვარი ლტოლვისა და ემოციის გარეშე, თითქოს ეს შურისძიებაა საკუთარი ქმრის ან ძველი ნაცნობის მიმართ. 

ამ იდუმალ ქაოსში, რომელიც უხმაუროდ მიედინება, საერთოდ ამოვარდნილია ნია, ლანასა და ნიკას უფროსი ქალიშვილი, რომლისთვისაც გასართობი იქაურ რეინჯერთან ფლირტი და შემდგომში ხორციელი ურთიერთობა ხდება. ისიც მშობლებივით უმეტყველო, არაკომუნიკაბელური და გულჩათხრობილია. დღის განმავლობაში მისთვის მხოლოდ რეინჯერის ნახვა არის მთავარი ამოცანა, რეინჯერისა, რომელიც პრაქტიკულად მამის ტოლია. მთელი ფილმის განმავლობაში ჩანს, თუ როგორ კრიზისშია ორივე ოჯახი. მთავარი პრობლემა ემოციური კავშირის დაკარგვაა. სავარაუდოა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არიან ისინი იქ ჩასული, რათა მოხდეს იმ ნავის დაძვრა, რომელიც გაჩერებულია, თუმცა მოხდება ისე, რომ, გარემოს ცვლასთან ერთად, ისინი თავიანთ თავს ამჟღავნებენ და ქმნიან იმ ჭაობს, რომელშიც მათი შვილები იძირებიან. 

რეალური არსებები“ „ნელი კინოსესთეტიკაშია მოქცეული, რაც რეჟისორისთვის ნაცნობი და საინტერესო მიდგომაა. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია კამერით მოყოლილი ამბავი, ვიდრე მსახიობების საშუალებით ნაამბობი. ფილმის პერსონაჟების საუბარი წინასწარ გათვლილ კითხვებსა და პასუხებს მოიცავს, ამიტომაც არის მათი დიალოგები უშინაარსო, თუმცა ამ დროს ოპერატორი ცდილობს, კამერის მეშვეობით მოგვითხროს იმ თემებზე, რაზეც საუბარი არ არის, მაგრამ მათ ურთიერთობაში იგრძნობა. ნელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაწელილი კადრებით ავტორი მიისწრაფვის, მაყურებელს აგრძნობინოს ის დაძაბული და მდორე გარემო, რაც სიუჟეტში ვითარდება. 

სამსახიობო დასი ამ კინოსურათს, მართლაც რომ, შესაშური ჰყავს. მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ნუცა კუხიანიძე, აპოლონ ქუთათელაძე, ეკა ნიჟარაძე, თემიკო ჭიჭინაძე და ნიკა თავაძე. მათი გადაკვეთა საინტერესო კონტრასტს ქმნის იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულს სხვადასხვა სამსახიობო სკოლა აქვს გავლილი, რაც პერსონაჟების ინდივიდუალიზმს მეტად გამოყოფს. მათში ყველაზე გამორჩეული ნიკა თავაძის გარდასახვაა, რომელიც ფილმში რეინჯერის როლს ასრულებს. პირველსავე კადრებში მისი ამოცნობა შეუძლებელია, რადგან ყველასათვის ცნობილია იგი მისთვის დამახასიათებელი გარეგნობითა და მეტყველებით, თუმცა ამ როლში არც საუბრობს და გარეგნობაც საგრძნობლად აქვს შეცვლილი. ის მთლიანად მორგებულია გარემოს და აბსოლუტურად უსიტყვოდ გვესახება იმ პერსონაჟად, რომელიც მაყურებელში უარყოფით ემოციებს აღძრავს. 

ვახო ჯაჯანიძის შემოქმედებაზე რთულია რაიმეს თქმა, რადგან ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. იგი ახლა ყალიბდება ავტორად, რა დროსაცშეცდომებიაბსოლუტურად დასაშვებია, რადგანაც ფილმიდან ჩანს არა მარტო ამბის კვლევა, არამედ ისიც, რომ ამით მიმდინარეობს მისი სარეჟისორო წრთობაც. ამ შემთხვევაში, რეჟისორი ერთგვარ გამტარად, შუამავლად გვევლინება იმ რეჟისორებისა, რომელიც მას მოსწონს. თავად ნამუშევრის კონცეფცია ძალიან ჰგავს არგენტინელი რეჟისორის, ლუკრეცია მარტელის ფილმს, „ჭაობს“ (2001), სადაც მოქმედება არა კურორტზე, არამედ ერთ დიდ სახლში ხდება. პერსონაჟებიც კი შთაგონებულია ამ ფილმიდან, რაც მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ჯაჯანიძის ნამუშევარი უკვე ნანახი აქვს. არადა, ავტორის სურვილია, შექმნასარტ ჰაუსისტიპის ფილმი (ისეთი, როგორებსაც ლავ დიაზი ანდაც ბელა ტარი ქმნიან), გრძელი კადრების მქონე, ღრმა ფილოსოფიური კინო, თუმცა მასში რეჟისორი იმაზე მეტ საფიქრალს იძლევა, ვიდრე ეს საჭიროა და ზოგიერთი ეპიზოდის ქრონომეტრაჟიც ზოგჯერ მოსაბეზრებელია.

რეალური არსებებისმთავარი მხატვრული პრობლემა არის მისი შინაარსის რთულად აღქმა ან საერთოდ გაუგებრობა. ფაქტია, ფილმი მაყურებელს საფიქრალის ნაცვლად უტოვებს ბევრ კითხვის ნიშანს, რომლებზეც პასუხიც არა საკუთარ თავში, არამედ პირდაპირ რეჟისორთან უნდა იპოვოს, რადგანაც მხოლოდ მისგან შეიძლება გაიგოს, რატომ შეწყდა ზოგიერთი პერსონაჟის გამოჩენა ფილმში ან კონკრეტული ამბის თხრობა რატომ მორჩა იქ, სადაც მორჩა. ამის გამო, რთულია მისი სათქმელის გაგებაც და იმის თქმაც, რომ ფილმი კარგი გამოვიდა. არავის მოსწონს გაუგებარი ამბები, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაბნეულობას იწვევს ის გარემოებაც, რომ ავტორი ყველანაირად ცდილობს ქართულ რეალობაში შემოიტანოს ახალი კინოსიმბოლოები, რომლებიც უფრო მეტად ღრმასა და მეტყველს გახდის სათქმელს.

სარეჟისორო დებიუტი, შეიძლება ითქვას, შედგა. სიუჟეტის დამაბნეველობის მიუხედავად, ჩანს პოტენციალი, თუ რისი გაკეთება შეუძლია ავტორს. ამისთვის საკმარისია ის კინოენა, როგორზედაც იგი საუბრობს. მისი ვიზუალურად გამორჩეული ნამუშევარი ახალ ხედვას გვთავაზობს ოჯახური კრიზისის თემაზე. რეჟისორი თამამად ირჩევსნელი კინოსრთულ სტილს, რაც მის სერიოზულობასა და ხელოვნებაში ღრმა კვლევის სურვილზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ჩანაფიქრი ზოგიერთ ეპიზოდში ზედმეტად დახვეწილი და რთული აღმოჩნდა აღქმისთვის, ეს სირთულე ავტორის მძაფრი შემოქმედებითი ძიების შედეგია. ნებისმიერ დიდ რეჟისორს კარიერულ გზაზე ჰქონია რთული ეტაპი, რა დროსაც ის თავისი ხელწერის ძიებისათვის იყენებდა, ეძებდა იმ სარეჟისორო ხერხებს, რომლიც შთაგონებული იყო მისი საყვარელი ავტორებისგან და ვახო ჯაჯანიძის ძალისხმევა სწორედ ამ საავტორო ხელწერის პოვნისკენაა მიმართული, თუნდაც თავიდან ის უხეში იყოს. ეს დებიუტი მყარი საფუძველია იმისათვის, რომ მომავალში რეჟისორმა შეძლოს ვიზუალური ოსტატობისა და თხრობის სიცხადის ჰარმონიული შერწყმა და ქართულ კინოში თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავოს.

Saba Makharashvili

 

 
 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *