მარტოობით გამოწვეული იძულებითი მეგობრობა

მარტოობის წარმოჩენა კინოში კარგად არის ადაპტირებული და მისი გამოხატვის გზებიც მრავალფეროვანია. რეჟისორები ცდილობენ, სხვადასხვა ხერხებით გადმოსცენ პერსონაჟების განცდები, რადგან მსგავსი თემები ხშირად წარმატებულია საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ზოგი რეჟისორი ამას განსაკუთრებით დახვეწილად ახერხებს, ნაზად გამოხატავს შინაგან მარტოობას, ზოგიც ნაკლებად სიღრმისეულად, თუმცა თითქმის ყველა ნამუშევარს აქვს ის ძალა, რომ მაყურებელს ფიქრის საშუალება მისცეს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის რეჟისორები, რომლებიც ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ემოციურ სირთულეებს სათუთად წარმოაჩენენ ისე, რომ მარტოობა არ გადაიქცეს მხოლოდ სანახაობად, არამედ გახდეს ხიდი მაყურებელსა და პერსონაჟს შორის.

ბაკურ ბაკურაძის ფილმი, „თოვლი ჩვენს ეზოში“ (2025) აკვირდება ორი ადამიანის შინაგან სამყაროს, რომელთა ბედი დაშორებულია გეოგრაფიითა და სოციალური სტატუსით, მაგრამ გაერთიანებულია ერთი, მძიმე დიაგნოზითმარტოობით. ფილმის მთავარი გმირები არიან ბავშვობის ორი მეგობარი, მოსკოვში მოღვაწე კინორეჟისორი გივი და თბილისში მცხოვრები გაჭირვებული, ყოფილი მორაგბე, ლევანი. ისინი ერთმანეთს 30-წლიანი პაუზის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით პოულობენ. ეს შეხვედრა ხდება ერთგვარი ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც მათ შორის იწყება ურთიერთდახმარების, განკურნებისა და ნოსტალგიის გაზიარების პროცესი. ფილმი მარტოობის ფენომენს ორ განსხვავებულ პერსონაჟზე აანალიზებს, რითაც აჩვენებს, რომ ეს პრობლემა არც სოციალური სტატუსით და არც მატერიალური კეთილდღეობით არ იზომება. 

ლევანი თბილისის ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. მისი ყოფა დაყვანილია ერთ შემზარავ ფრაზამდე: „დილით ვდგები, საღამოს ვწვები“. ამ ფრაზაში იკითხება უიმედობა და სასოწარკვეთა. იგი ინსულტის შემდეგ დასუსტებულია და დიაბეტი აწუხებს, მაგრამ არ აქვს ფული მედიკამენტების საყიდლად. იძულებულია სოციალური ქსელის საშუალებით ითხოვოს დახმარება. მის მეზობელს, რომელიც მაკარონის ქარხანაში მუშაობს, მისთვის მოაქვს მაკარონი შიმშილისგან თავის დასაღწევად. ლევანი დახეული შარვლებით დადის, სველ წინდებს ფენით აშრობს და სიგარეტის ნაცვლად თუთუნს ეწევა.

ოპერატორი მისი მდგომარეობის აღწერის გასამძაფრებლად, ბინის ყველა ბზარს სათითაოდ ათვალიერებინებს მაყურებელს, რითაც ხაზს უსვამს, რომ ლევანის სულიერი და ფიზიკური გარემო ერთნაირადაა დანგრეული. სახლი არის სულის მდგომარეობის ვიზუალური გამოსახულება. მიუხედავად სულში მარტოობისა, მის ცხოვრებაში ნათელი წერტილიც არისორი ძაღლი (პატარა და დიდი ჯესი), რომლებიც მისი ერთგული თანამგზავრები არიან და ახალგაზრდა მეზობელი, ალექსანდრე, რომელიც მას ქურდობით ნაშოვნ საჭმელს უზიარებს. ლევანი მარტოა, მაგრამ, ამავდროულად, სოციალურ დახმარებასა და სიყვარულს იღებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავადაც სიღარიბის ზღვარზე არიან. 

გივი მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაგრამ შემოქმედებითი კრიზისითა და ოჯახური პრობლემებით იტანჯება. გივის მარტოობა უფრო ეგზისტენციალურია. ის ცხოვრობს ადამიანებით სავსე კორპუსში, მაგრამ საკუთარი თავისაგანაც და ოჯახისაგანაც გაუცხოებულია. ამით რეჟისორი მიუთითებს, რომ მარტოობა არა მხოლოდ უსახსრობის ან ავადმყოფობის შედეგია, არამედ თანამედროვე ცხოვრების წესია, რომელიც თანაბრად აწუხებს სიღარიბის ზღვარზე მყოფსა და შედარებით შეძლებულს. პრობლემა ერთი და იგივეაადამიანებთან კავშირის უქონლობა. 

გივის იდეა, რომ ლევანს გადაუხადოს 5 ლარი ერთ გვერდში თავისი ისტორიის ჩაწერისთვის, არის იმედის პირველი სხივი. ეს სასაცილო, მცირე თანხა ლევანისთვის საარსებო მინიმუმია, გივისთვის კიკრიზისიდან გამოსავლის დასაწყისი. ის ლევანის ისტორიაში პოულობს იმ ნამდვილ, პირველად მასალას, რაც მის შემოქმედებით ცხოვრებას გამოაცოცხლებს. გივის საშუალება ეძლევა, იპოვოს მიზეზი, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისათვის. 

აქვე იკვეთება თაობათა კონფლიქტის პრობლემა, რომელიც უკავშირდება მარტოობის განკურნების გზებსა და სამშობლოს იდეას. Old Generation, გივის სახით, შვებას თბილისში დაბრუნებაში ხედავს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, ალექსანდრეს სურს მარტოობა უცხოეთში წასვლით დაძლიოს. ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება თანამედროვე საქართველოში. ალექსანდრეს იძულებითი ქურდობა და ემიგრაციის ოცნება მიანიშნებს, რომ ახალგაზრდებისათვის სამშობლოში დარჩენა დაფესვებშიგანკურნების ძიება აღარ არის შესაძლებელი. მათი ერთადერთი იმედი ქვეყნის დატოვებაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის, სადაც ნოსტალგია და გაქცევის სურვილი ერთდროულად აწუხებს საზოგადოებას. 

ამ ფილმში ასევე საინტერესოა ლევანისა და დიტოს დუეტი, რომელიც სოციალური ქსელებისა და ტელეფონის საშუალებით მიმდინარეობს. ეს არის ფილმის ერთერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ასპექტი, რომელიც მარტოობას განსხვავებულ ჭრილში აჩვენებს. დიტო ავარიაშია მოყოლილი, ფსიქიკურად შეშლილი და მარტო დარჩენილი ადამიანია. ლევანი მასთან კონტაქტს აბამს სხვა მეგობრის, კოტეს ინიციატივით, რათა დიტომ თავისი მარტოობა დაძლიოს. დიტო საათობით ლაპარაკობს, რაც ლევანსჭკუიდან შლისდა მოთმინებას აკარგვინებს. ეს ურთიერთობა ლევანისათვის ემოციური ტვირთია. ის ცდილობს, გაიქცეს ამ ხმაურიანი მარტოობისაგან და ერთხელაც ბლოკავს მას, თუმცა ლევანი იძულებულია, ბლოკი მოხსნას და დიტოს საუბრებს დაუბრუნდეს დიაბეტის წამლის სანაცვლოდ. ეს საზარელი კომპრომისია. ლევანი ყიდის საკუთარ ფსიქოლოგიურ სიმშვიდესა და დროს ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელ მინიმუმში. 

ადამიანი მარტოობას ებრძვის იმ ადამიანებთან იძულებითი კავშირით, რომლებიც თავად არიან მარტოობისა და ფსიქიკური ტრავმის მსხვერპლი. დიტო მარტოობისგან იტანჯება და ლაპარაკით ცდილობს თავს უშველოს, თუნდაც მისი მსმენელი გააღიზიანოს. ლევანი, ფიზიკური მარტოობისა და გაჭირვების გამო, იძულებულია ეს ტვირთი იტვირთოს. მათი ურთიერთობა სიყვარულით ან თანაგრძნობით ნაკლებად არის განპირობებულიეს საჭიროებით ნაკარნახევი გადარჩენის აქტია.

დიტოს საუბრები ლევანის ისედაც დაძაბულ ნერვულ სისტემას კიდევ უფრო ღლის. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მარტოობის დაძლევის პროცესი ხშირად მეტ ტკივილსა და დაძაბულობას მოიცავს, ვიდრე შვებას. ლევანი საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩეს. ამ ორის შემთხვევაში მეგობრობა, არის ძალდატანებითი, შენარჩუნებული კავშირი, რომელიც ხშირად უფრო მეტად განადგურებს, ვიდრე გკურნავს. 

ფილმში მუსიკა თითქმის არ ისმის. პირველი მელოდია მე-60 წუთზე ჩნდება. ამას მოჰყვება ნიაზ დიასამიძის ორი სიმღერა და მორჩა. არადა, ფილმს მეტის პოტენციალი ჰქონდა, გრძელ კადრებს და დიდ პაუზებს მელოდიები შეავსებდა. 

ფინალი ღიაა. უცნობია, როგორ გაგრძელდება თითოეული პერსონაჟის ცხოვრება. ფილმი თითქოს შუაში გაწყვიტესო. არანაირი პატარა მინიშნებაც კი არაა დასასრულისა. მართალია, რეჟისორმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა, თუმცა ძალიან უხეშად, რაც აისახა კიდეც ფინალზე. 

ფერთა პალიტრა მუდმივად ცივ ტონალობაში რჩება ისეთად, როგორიც ზამთარს შეჰფერის. ის თითქმის არასოდეს იცვლება, თუნდაც მაშინ, როცა ფილმში შედარებით მსუბუქი, მელანქოლიური განწყობა შემოდის. გადაღების სტილი მთლიანად მხატვრულია, თუმცა მაინც ტოვებს დოკუმენტურის შთაბეჭდილებასთითქოს კამერა ცდილობს, რეალობას მაქსიმალურად მიუახლოვდეს. ამას ამყარებს მსახიობთა ბუნებრივი თამაში და მოკრძალებული, უშუალო დიალოგები. იუმორის მცირე გამონათება ფილმს სიმსუბუქეს სძენს ისე, რომ არასოდეს არღვევს საერთო ტონალობას.

მაგრამ რა დააკლდა ავტორს სრული, დამაჯერებელი სურათის შესაქმნელად? რატომ ვერ მოაქვს ფილმს ის ემოცია, რომელიც მსგავსი თემატიკის ნამუშევრებს ახასიათებს? ალბათ ის, რომ პერსონაჟები ზედაპირულად არიან წარმოდგენილი. წარმოდგენილი არიან გულგატეხილი და ნერვებმოშლილი ადამიანები, თუმცა არ ჩანს, როგორ და რატომ მივიდნენ ისინი ასეთ მდგომარეობამდე. ამაზე საუბარს რეჟისორი აშკარად თავს არიდებს: არ შედის მიზეზებში, არ ხსნის შინაგან დინამიკას და სწორედ ამიტომ რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. არც მოგვარების გზები ჩანს, მაშინ რისი თქმა სურს რეჟისორს?

ასეთი ფილმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ადამიანის შინაგანი ფორიაქის გულწრფელად გადმოცემა. თუ ეს არ ხდება, თუ გმირების სიღრმე მხოლოდ ზედაპირზე რჩება, მაშინ ფილმი მაყურებლის ემოციურ მოლოდინს ვერ ამართლებს და, გარკვეულად, მოტყუებულიც რჩება. საბოლოოდ, მარტოობის გამოსახვა კინოში აჩვენებს, რომ საუკეთესო კინო არა მხოლოდ სანახაობაა, არამედ ემოციური დიალოგიცაა მაყურებელთან.

Teona Vekua

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *