მიპასუხე, ტალახის კაცო!

ახტალა. ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი საქართველოში. თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური ცნობებით, ვულკანური წარმოშობის მინერალებით მდიდარი ტალახის სამკურნალო თვისებებზე ხმის გავრცელების შემდეგ, XVIII საუკუნიდან, იმ მიდამოებში ჯერ ბარაკული ტიპის დასახლება გაჩნდა, რომელიც შემდეგ სოფლად გადაიქცა, სადაც სანატორიუმი აშენდა, რომელიც, მოგვიანებით, ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში მოექცა. 

ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ტბის წარმოშობა ფერისცვალება დღეს (რომელიც ერთერთ უდიდეს უქმედ ითვლება ქრისტიანული კანონებით) ყანაში მომუშავე მღვდლისა და ქრისტეს შეხვედრას უკავშირდება. საეკლესიო კანონის დამრღვევი მღვდელი ღმერთს მიწაშიჩანთქმითდაუსჯია. „ჩანთქმისდროს გაჩენილი ორმოებიდან კი, ტალახს დაუწყია დენა. მეორე ვერსიით, ღმერთს, დასჯილი მღვდლის ცოლი ჩვილით, სამშვიდობოს გაუშვია, ოღონდ უკან გახედვა აუკრძალავს. გაქცეულ ქალს გრგვინვის ხმა გაუგია, შეშინებულს მიუხედავს, ტალახის ამოფრქვევა დაუნახავს, – ახ, ტალახიო! – აღმოხდენია და გაქვავებულა. მას შემდეგ მიწიდანდუღს და ამოდის ტლაპო, ნაცარტუტა…“. ლეგენდის გაგრძელებად, იმასაც ამბობენ, რომ ტბასთან დიდხანს იდო ქვა, რომელიც ქალის ფიგურას ჰგავდა. შემდეგ გამქრალა. არსებობს მესამე და ოდნავ სახეცვლილი ვერსიაც. ღმერთის რისხვის მიზეზი ოჯახის მიერ მარხვის დარღვევა იყო. როდესაც მშობლებთან სტუმრად მყოფმა, შეწყალებულმა შვილმა, რომელმაც, მიწის გაპობისა და ტალახის ხმაურის გაგონებაზე, ასევე უკან მიიხედა, იგი ქვად იქცა. 

სწორედ ამ ამბავს უყვება პატარა შვილიშვილს, თაკოს დეა ჭოლოკავას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური კინოიგავის, „რას ჩურჩულებს ტალახი“ (2025) პერსონაჟი, ბებია, რომელიც, ბავშვთან ერთად, მიტოვებული, ნახევრად დანგრეული, გაპარტახებული სანატორიუმის ტერიტორიაზე ცხოვრობს და იქვე მუშაობს. და სწორედ ინფორმაცია ახტალის შესახებ, წინასწარ შექმნილი წარმოდგენა, ადგილზე ნანახი და ლეგენდები იქცა დეა ჭოლოკავასა და პროდუსერ ირინე გელაშვილის („რადიუმფილმი“) ფილმის გადაღების საფუძვლად.

რას ჩურჩულებს ტალახი“, ლეგენდისნორმებით“, შინაარსობრივად მოკლე და ასეთივე ხანგრძლივობისაა. რეჟისორი არღვევს სტერეოტიპებს, თუმცა იცავს ჟანრის კანონს და ქმნის სინამდვილის მხატვრულ ანალოგს, ძალიან რეალურ ადგილზე და საზღვრებში. ამით ის ინტენსიურს ხდის ძიებებს ფორმის გამომსახველობითი მიმართულებითაც. ერთმანეთს ერევა სინამდვილე და მისი ესთეტიკური, პლასტიკური გამოხატულება. ასეთი ფორმა უჩვეულოა აკადემიური დოკუმენტური კინოსთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი და უახლესი, რომლის საწყისებიც შეიძლება, რობერტ ფლაერტის, ძიგა ვერტოვის, მიხეილ კალატოზიშვილის კინოსურათების პოეტური თხრობის, მეტაფორულ იგავურ სტილისტიკაში, კადრისა და მონტაჟის ჰიპერბოლურ გამომსახველობაში აღმოვაჩინოთ.

დეა ჭოლოკავას ფილმში, მოქმედების კონკრეტულ ადგილზე და დროში, შექმნილია ქვეტექსტური არსისა და სიმბოლოებით დატვირთული, მეტაფორული ატმოსფერო, მაყურებლისკენ მიმართული გზავნილთა სისტემითა და მკვეთრი სააავტორო პოზიციით. ასეთი განზოგადება ფორმალური არაა. შინაარსობრივია.

ისევე, როგორც ნებისმიერი ლეგენდა, ადგილობრივიც, რაღაც ნიშნებითა და წარმოდგენების დეტალებით, დაკავშირებულია ნაცნობ პერსონაჟებსა და ფაქტებთან. ის განეკუთვნება განსაზღვრულ ადგილს და შეიძლება დროსაც. ამასთან ერთად, დაკავშირებულია მოვლენის რიტუალურ ან სოციალურ მნიშვნელობასთან.

რეჟისორი მხატვრული სახეების ჩვენებითა და რეალობის ქსოვილის ფაქტურის შექმნით არა მხოლოდ გარემოს ანიჭებს პლასტიკურ გამომსახველობას. გარემო ფილმში მხატვრული ხედვის, აღქმის, ფაქტების გამომსახველ საშუალებად გამოიყენება და სხვანაირდება, რადგან წარმოდგენა, ლეგენდა და ფანტაზია ისეთივე რეალობაა, როგორც მოქმედების ადგილი და ნამდვილი ამბავი. ბებიასა და შვილიშვილის ყოველდღიურობა, სამკურნალო პროცედურები თუ ტალახისმოძიებისპროცესი. თქმულება, ეთნოგრაფიზმი, სინამდვილე, რეალობა და მითური რეალობა ერთმანეთში გადადის, ერთდება. ერთნაირია.

ფილმი შავთეთრ და მონოქრომულ ტონებშია გადაღებული, რომელსაც ტალახის, მიწის, წყლის სხვადასხვა კონსტისტენცია, ნაჯერობა ფერსაც უცვლის, ფაქტურასაც, არსსაც და შინაარსსაც. ესნარევიზუსტად პასუხობს ფილმის სტილისტიკასა და ბუნებას. და გადაღების ხერხი, გამოსახულება, კადრის აგებულება, მათი შეერთება და თხრობის სტილი თითქოს გამორიცხავს დოკუმენტურობას, მაგრამ, პრაქტიკულად, მხოლოდ მისით ნაკარნახები და მისგან გამომდინარეა.

ზოგადად, ღვთაებების, ასტრალური არსებების, მითური სახეების სამყაროს რწმენა ხალხში (რომელიც თვითონვე ქმნიდა ლეგენდებსა და ზღაპრებს) იმდენად ძლიერი იყო (და ნაწილობრივ, დღესაც ალბათ ასეთად რჩება), რომ ეს სამყარო მიწაზე იყოჩამოტანილიდა კონკრეტული საზღვრებიც ჰქონდა. ნებისმიერი ლეგენდის შექმნის საფუძველიც ესაა. ასეთი პერსონაჟების სადღაც სიახლოვეს ყოფნა, გამოჩენა ჩვეულებრივად აღიქმებოდა. კრიტიკას არ ექვემდებარებოდა და ითვლებოდა საიმედოდ. სწორედ ადგილობრივების ეჭვშეუტანელი რწმენითა დაცოდნისმიხედვით, კურნავს ახტალის ტალახი ყველას. და მისი მაგიური ძალა, რომელიც ლეგენდებს უკავშირდება, ახალ ლეგენდებსა და წარმოდგენებს ააქტიურებს.

ფილმში, ამ ჩაკეტილ და თავისთავად სამყაროში მცხოვრები და მოქმედი სულ რამდენიმე ადამიანის ყოფის ერთიან, ერთფეროვან და მშვიდ მსვლელობას არაფერი მძაფრი და მკვეთრი მოძრაობა არ არღვევს. შიდაკადრული მოძრაობა, კადრების მონაცვლეობა ტალახის ნაკადივით ბლანტი და მდორეა. აუღელვებელი, რომელიც შინაგანადაა დამუხტული და განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის. 

ბარტეკ ბლედოვსკის კამერა მშვიდად და აუჩქარებლად მიჰყვება და აღბეჭდავს ამ სამყაროს ამგვარობას, მის მხატვრულ ანარეკლსა და ფორმისა და ვიზუალურ სახეცვლილებას. დეა ჭოლოკავასა და ეკა წოწორიას მონტაჟი მკაფიო ტემპორიტმსა და შინაგან წესრიგს ექვემდებარება და ტალახის, წყლისა თუ წყალგარეული ტალახის დინების დროსა და ფორმის ზუსტ მსვლელობას მიჰყვება. ისევე, როგორც ნიკა ფანიაშვილის მუსიკა, რომელიც თითქოს იმ ხმებს, იმ ტაქტებსა თუ მელოდიას გამოსცემს, ახმოვანებს, როგორსაც ტალახი, წყალი თუ ბუნება. 

დეა ჭოლოკავას ფილმშიდუღს და ამოდის ტლაპოც და ნაცარტუტაც“. ტალახი ხან ბლანტდება, ხან წყლის ნაკადს ერევა და მდინარეს, ან ვულკანურ ლავას ჰგავს. ტალახი ხან ხმება და დამსკდარ მიწად იქცევა. რეჟისორი გამოსახულებით მანიპულირებს და ფერს, ფორმასა და კონსტისტენციას უცვლის მასასშავს, ნაცრისფერს, მუქს, ღია ფერის, სითეთრში გადასულს, ღამესავით ბნელს. ერთმანეთს ცვლისტალახის გორები, ნაპრალები ნიადაგში, მიწა, როგორც გვალვის დროს ან უდაბნოში, დანგრეული, დაშლილი შენობები, სააბაზანოები, რომლებსაც აღარც წყალი მიეწოდება, აღარც ტალახის გამართული სადინრებია და აღარც სათანადო პირობები სამკურნალოდ. გარეცხილ თეთრეულს, რომელსაც თაკოს ბებია თოკებზე ფენს და რომელშიც პროცედურების დროს ადამიანებს ტალახთან ერთად ახვევენ, ინტენსიური გამოყენებისგან სითეთრე დაკარგული აქვს, განაცრისფერებული და დაძველებულია. როგორც ყველაფერი ამ სივრცეში.

ასეთ ვითრებაში, უყურადღებობის, მოუვლელობისა და კლიმატური ბალანსის დარღვევის გამო, ტალახის საბადოების მარაგებიც იწურება. არასწორი და გაუმართავი ეკონომიკური პირობებისა და საინვესტიციო წესების დაუცველობიდან გამომდინარე, კურორტი განადგურებისა და ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა.

ერთადერთი, ვინც და რაც არღვევს ცხოვრების მოსაწყენ ერთფეროვნებასა და ფილმის მხატვრულ, პლასტიკურ გამომსახველობას ფერებით ამდიდრებს და აცოცხლებსთაკოა, რომლის არსებობაც ყველაზე გამართლებული და საიმედოა. ტალახში, მტვერში, წყალში, მიწაზე, ჭუჭყიან იატაკზე დააბიჯებს, მაინც სისუფთავეს ინარჩუნებს და მეგობარსტალახის კაცს ეძებს. მისი ვარდისფერყვავილებიანი კაბა, ოქროსფერი, ბრჭყვიალებით გაწყობილი სანდლები, ვარდისფერი ბუშტი (რომელსაც ის ტალახისგან ასევე ვარდისფერი ქსოვილით გულმოდგინედ წმენდს), რომელსაც იზიდავს სამყარო, თავისი სინამდვილით, ზღაპრულობით, რომელსაც ბევრი კითხვა აქვს და მათზე პასუხს ყველასგან ელის და ყველგან ეძებს.

შეიძლება ბევრი სცენა დადგმულია და ტექსტებიც სპეციალურად შექმნილია და არა ორგანული, მაგრამ პერსონაჟებს კონკრეტული და რეალური სახეები აქვთ. ტიპური და განზოგადებული ხასიათები, რომლებიც მოკლე ნიშნებითა და სახეების, ცნებების, შეხედულებებისა და რეალობის განზოგადებით იქმნება. 

ტალახის კაცი თაკოსთვის რეალური არსებაა, როგორც ბებია, დათო ან ტალახის სხვა მომპოვებლები. მისი სუნთქვა ესმის, ხედავს, როგორ ბუყბუყებს ტალახის ზედაპირი და ბუშტებს უშვებს, როგორც ადამიანი წყალში ყვინთვის დროს. ეს ბუშტები, საპნის ბუშტებივით ზედაპირზე, მზით განათებულ სივრცეში დაფრინავენ. 

თაკოს აინტერესებს, როგორ ერთობა ტალახის კაცი, რით ცხოვრობს, რას აკეთებს. სადაა. თაკოს ასევე აინტერესებს, ხომ არ ეშინია დათოს გველის, ან ზვიგენის, რომელიც შეიძლება ტალახიან წყალში შეხვდეს, როდესაც ის ტალახს ვედროებით ეზიდება.

ერთი მხრივ, რეალობა და მეორე მხრივ, ამ რეალობის მხატვრული ანაბეჭდი, ალეგორია. ის, რაც ესმის ბავშვს, სხვას არავის ესმის და რასაც ის ხედავს, სხვა ვერავინ ხედავს. ჰოდა, უპასუხე თაკოს, ტალახის კაცო! გელოდება. და უკან არ მიიხედო.

ფილმმა, „რას ჩურჩულებს ტალახი“ 2025 წელს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზესპეციალური აღნიშვნადა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეგანსაკუთრებული აღნიშვნადაიმსახურა, რის შემდეგაც, 2025 წლისწინანდლის პრემიისლაურეატიც გახდა. პრემიისა, რომელიც გამორჩეული უნარების, განსაკუთრებული ხედვისა და აზროვნების ახალგაზრდა ხელოვნებსა და მეცნიერებს ენიჭებათ, მათ, რომლებიც ქმნიან დღეს და იძლევიან მომავლის იმედს. ასეთი პირობა კი, გამარჯვებულებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს აკისრებს.

Lela Ochiauri

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *