აფხაზეთი და დევნილობის თემები ქართულ კინოში ძალიან ხშირად გვხვდება. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლ–კარი, ოჯახები დაშორდნენ ერთმანეთს და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სხვა ადგილას დასახლებულიყო. ეს ისტორია დღემდე მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვის. რეჟისორები ხშირად უბრუნდებიან ამ თემას და სხვადასხვა მხრიდან აჩვენებენ ადამიანების ტკივილს, მარტოობას, იმედგაცრუებას და სანამ ეს კონფლიქტი იარსებებს, რეჟისორებს ყოველთვის ექნებათ რაღაც ახალი სათქმელი.
გარდა ტკივილისა, მსგავსი თემატიკის ფილმები ხშირად აშუქებენ გამძლეობას, ურთიერთდახმარებას და იმ ძალას, რაც ადამიანს რთულ პერიოდში გადაარჩენს. სწორედ ამიტომ აფხაზეთზე და დევნილობაზე შექმნილი ფილმები არა მხოლოდ ისტორიულ მასალას ქმნიან, არამედ ასწავლიან, როგორ უნდა შევხვდეთ რთულ ადამიანურ ამბებს თანაგრძნობით.
დევნილობის თემაზე იმუშავა გიორგი ქველიძემ თავის დოკუმენტურ ფილმში, „იქ, სადაც სახლია“ (2024). მისი მოქმედება არ იწყება არც პერსონაჟებით, არც დიალოგებით და არც ადამიანური დრამით, არამედ სივრცით, იმ გარემოთი, რომელიც ათწლეულებია ჩუმად უყურებს ადამიანის ტკივილს, დანაკარგსა და იმედის პატარა ნაპერწკლებს. ეს ნახევრად დანგრეული წყალტუბოს სანატორიუმია, რომელიც ოდესღაც ჯანმრთელობის, დასვენებისა და განკურნების სიმბოლო იყო, დღეს დროებითი თავშესაფარი გახდა, მაგრამ მის ნანგრევებს თუ ყურადღებით შეათვალიერებ, მიხვდები, რომ ამ სივრცეს აქვს საკუთარი სული, საკუთარი სუნთქვა და საკუთარი მეხსიერება.
მთავარ გმირად აქ შენობა გვევლინება. თითქოს რეჟისორს სურს, რომ ჯერ გარემოს დაუმეგობრდე და მხოლოდ შემდეგ მოუსმინო ადამიანურ ისტორიებს. კამერა ნელა, თითქმის შეუჩნევლად გადაადგილდება სანატორიუმში. გამოჩნდება ნახევრად დანგრეული, მაგრამ მაინც მყარად მდგარი შენობა. ფანჯრებიდან ზოგი ჩატეხილია, ჭერი ზოგ ადგილას ჩამოშლილია, იატაკი ჭრიალის ხმას გამოსცემს. შენობა დაჟანგული ფასადისა და ხავსმოკიდებული კიბეების მიუხედავად, თავის სიდიადეს არ კარგავს. პატარა ოთახებში ძველი ავეჯი, ჩამოტანილი ნივთები და რამდენიმე საწოლი გვიჩვენებს, რომ აქ ცხოვრება მაინც გრძელდება. სანატორიუმი გახდა დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლს დაემშვიდობა და ახალ საცხოვრებელს ეძებდა. თავიდანვე უკვე ნათელია, რომ სივრცე აქ უბრალო დეკორი არ არის, ის ფილმის მთავარი გმირია – უხმო, მაგრამ მუდმივად მოქმედი ძალა, რომელიც ჩვენი გმირების ცხოვრებას განსაზღვრავს.
როცა გარემოსთან შეგუება სრულდება, რეჟისორი ნელა გვაცნობს ადამიანებს, ვინც ამ ნანგრევებს შორის ცხოვრობს. პირველი, ვინც ჩნდება ეკრანზე, 81 წლის იამზეა. გადმოსვლას აფხაზეთიდან იგი ასე ახასიათებს: „ენა ვერ იტყვის, ისე საცოდავად ვიმგზავრე…“. მოკლე წინადადება, მაგრამ უზარმაზარი ამბავია გაჭირვებაზე. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან დევნილობაში, წყალტუბოს სანატორიუმში გაატარა. მისი ხმა მშვიდია, მაგრამ თითოეული სიტყვა ტკივილით ატარებს წარსულის მოგონებების სიმძიმეს, დაკარგულ სახლსა და აფხაზეთში დატოვებულ ყოველდღიურობას. იამზე ყვება, როგორ გახდა ომი მისი ოჯახის განუყოფელი ნაწილი, როგორ დაკარგა შვილი, როგორ გაუშვა მეორე შვილი ემიგრაციაში და მაინც შეინარჩუნა სიცოცხლის ძალა. მისი პერსონაჟი არ არის ტრაგიკული ფიგურა, რომელიც მხოლოდ ტკივილს გამოსცემს. პირიქით, რეჟისორი გვაჩვენებს მის ყოველდღიურობას, როცა იგი დერეფნებში ნელა გადაადგილდება, ძველ სურათებს დასცქერის, დრო წიგნის კითხვასა და სერიალის ყურებაში გაჰყავს. ყველაფერი მის ირგვლივ ნოსტალგიას ასახავს. ის არის სიმტკიცისა და მადლიერების სიმბოლო, რომელიც ადამიანში დარჩა მიუხედავად იმისა, რომ სახლიცა და საცხოვრებელი გარემოც წართმეული აქვს. მის თვალებში კვლავ ჩანს აფხაზეთი, რომელსაც მის ცხოვრებაში ვერაფერი ჩაანაცვლებს.
ნიკუშა 12 წლის ბიჭია, რომელსაც აფხაზეთი არასოდეს უნახავს, მაგრამ მისი ფესვები და ოჯახური თავგადასავალი ბებიის მონაყოლიდან იცის. ის უკვე სანატორიუმში გაიზარდა და მისი ბავშვობა აქ, დანგრეულ ოთახებსა და დერეფნებში მიმდინარეობს. ის ახერხებს აფხაზეთის ამბების აღქმას ისე, თითქოს თავად იქ ყოფილიყო, მის სიტყვებსა და თვალებში ჩანს მონატრების, სიამაყისა და რაღაც მიუწვდომლის სინაზეც. ნიკუშას დედა სამუშაოდ თურქეთშია წასული, ოჯახი გახლეჩილია, ერთი ნაწილი სანატორიუმშია, მეორე – უცხოეთში, მაგრამ ნიკუშა მშვიდად გამოიყურება, თამაშობს, სწავლობს, ახერხებს ცხოვრების ჩვეულ რიტმში ყოფნას. მისი პერსონაჟი გვიჩვენებს, რომ ბავშვებს შეუძლიათ დროებითი თავშესაფარი მათი სამყაროს ნაწილად აქციონ და ემოციურად გააერთიანონ წარსულთან, რომელიც მხოლოდ მონაყოლებში არსებობს. ნიკუშა სიმბოლოა იმისა, რომ დევნილობის ტკივილი თაობიდან თაობაზე გადადის, მაგრამ ბავშვობაში მაინც ცოცხლობს სითბო, თამაშისა და არსებობის ბუნებრივი უნარი.
კამერის მუშაობა ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. ის თითქმის ფეხაკრეფით გადაადგილდება დერეფნებში, ნელა ათვალიერებს შენობას: კედლებს, ჭერს და იატაკს, იჭყიტება ყველა ბზარში. კამერა ხშირად დისტანციურია პერსონაჟების მიმართ, ახლოს არ მიდის, არ შეიჭრება პირად სივრცეში. ეს დისტანცია პატივისცემას გამოხატავს, მაგრამ, ამავე დროს, საშუალებას აძლევს მაყურებელს თვალყური ადევნოს გმირების ყოველდღიურობას, ნელ, ბუნებრივ რიტმში. ყველაფერს აღბეჭდავს ისე, რომ მაყურებელი ფიქრს იწყებს იმაზე, როგორ ხდება ცხოვრება ასეთ სივრცეში. ოპერატორი იდუმალ კავშირს ამყარებს მაყურებელთან, რაც ამ დოკუმენტური ფილმის ემოციურ სიმძაფრეს აძლიერებს.
საარქივო მასალა მნიშვნელოვანი ფუნქციით არის ჩართული. ის ქმნის წარსულის უშუალო კონტექსტს. აფხაზეთიდან დევნილობის კადრები – ხალხის სირბილი, დატოვებული სახლები, ტანკები და აფეთქებები, უხმოდ აღწერს შიშსა და იმ უსაშველო გაჭირვებას, რასაც ადამიანები განიცდიდნენ. რეჟისორი არ ამატებს ფონს მუსიკას ან ტექსტურ კომენტარს. არქივი დრამატურგიულად ერთვება ფილმის ნარატივში და მაყურებელს საშუალებას ანიჭებს, საკუთარი თვალით იხილოს, რა ხდება ომისა და დევნილობის დროს.
არქივი განსაკუთრებით ეფექტურია იამზეს ამბებთან პარალელურად. ძველი კადრები გვახსენებენ, რომ დღევანდელი ცხოვრება პირდაპირ უკავშირდება წარსულს, რომელიც მხოლოდ მოგონებებში არსებობს. საარქივო კადრები არ ჭრიან აქტუალურ კადრებს, არამედ ორგანულად არიან ჩაშენებული, თითქოს ისტორიას ნელ–ნელა, ფაქიზად უამბობენ მაყურებელს.
ეს მასალა სიძველის შეგრძნებას ქმნის და ნანგრევებში მცხოვრები ადამიანების რეალურობას აძლიერებს. არქივის ჩართვა ფილმში გვიჩვენებს, რომ დევნილობა მხოლოდ ფიზიკური განსახლების პრობლემა არაა, ეს არის სამუდამო მონატრება, რომელიც მემკვიდრეობით თაობიდან თაობაზე გადადის.
ფილმში ისმის ფრაზა: „ამათ რომ არ შევეფარებინეთ, რა გვეშველებოდა?“. ადამიანები სანატორიუმს მადლობას უხდიან, ისე თითქოს ეს უკანასკნელი ცოცხალი არსება იყოს. აღნიშნული რეპლიკა იმის აღიარებაა, რომ ადამიანი ყოველთვის პოულობს იმ ერთ წერტილს, რომელიც მის ცხოვრებას დროებით ასტაბილურებს. სანატორიუმი მათთვის არაა სახლი, მაგრამ არის ადგილი, რომელმაც მძიმე წლები გაატარა მათთან ერთად.
საბოლოოდ, გმირები ახალ ბინებში გადადიან. ოთახები სუფთაა, კედლები გაუბზარავი, ყველაფერი წესრიგშია, თითქოს ახლა ცხოვრება მშვიდად მიდის, მაგრამ მაინც რჩება კითხვა: სად არის სინამდვილეში მათი სახლი? იქ, საიდანაც იძულებით წამოვიდნენ, თუ იქ, სადაც წლების განმავლობაში გაჭირვების ჟამს ცხოვრობდნენ, სადაც ყველაფერი მათ ამბებს ინახავს? ან იქნებ ახალ კორპუსებში, სადაც ყველაფერი წესრიგშია და კომფორტულია, მაგრამ ეს გულს ვერ კურნავს.
სახლი მხოლოდ კედლები, ჭერი და ავეჯი არაა. სახლი არის ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ, სადაც დაღამებისას არ გეშინია, დილით კი სიხარულით იღვიძებ. იამზეს თვალებში იგრძნობა, რომ მისი შინაგანი სახლი აფხაზეთშია. იქ გაატარა ახალგაზრდობა, იქ ჰყავდა ოჯახი, იქ ჰქონდა სიმშვიდე და სითბო. ნიკუშას, რომელსაც აფხაზეთი არასოდეს უნახავს, ისიც გრძნობს, რომ მისი ფესვები იქაა, გულის სიღრმეში ოცნებობს შეძლოს მასთან შეხება.
ეს ფილმი აჩვენებს იმას, რომ სახლში ყოფნა არაა მხოლოდ ფიზიკური არსებობა, არამედ განცდაა, რომელიც ადამიანს აკავშირებს წარსულთან, ისტორიასთან და ოჯახთან. როდესაც ამგვარ კინოსურათს უყურებს, მაყურებელი იწყებს იმის გააზრებას, რომ დევნილობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს არის ადამიანური ტრაგედია, რომელსაც თითოეული ოჯახი განსხვავებულად ატარებს. სწორედ ამიტომაც საჭირო და მნიშვნელოვანი რჩება ფილმები, რომლებიც ამ რეალურ გამოცდილებებს განაგრძობენ, რათა არ დაიკარგოს ის, რასაც ერთ დროს სახლი ერქვა და მუდმივად ვკითხოთ საკუთარ თავს: სად არის ჩვენი ადგილი, სადაც ვგრძნობთ თავს ნამდვილად შინ?
Teona Vekua






