ყოველდღიურ რუტინაში ადამიანები კარგავენ მნიშვნელოვან ღირებულებებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ის თითქოს ახუნებს გრძნობებსა და ემოციებს, არ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭ ქმედებებსა და მატერიალურ ღირებულებების მოსაპოვებლად. მხოლოდ ცხოვრების დასასრულის მოახლოების შეგრძნება გაიძულებს, სამყაროს შეხედო ახალი თვალით და დაინახო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თავისუფლება.
ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი, „აღლუმი“ (2018) მოგვითხრობს ერთ დღის მოკლე მოგზაურობას წარსულსა და აწმყოში, სადაც ეტაპობრივად იშლება თითოეული გმირის ინდივიდუალური ხასიათი და ცხოვრების სტილი, მსოფლმხედველობა და მსოფლაღქმა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები: არჩილი, გოგა და გუგა ერთმანეთს “მშრალი ხიდის” ტერიტორიაზე ხვდებიან. სამი განსხვავებული ხასიათის, ცხოვრების სტილის მქონე გმირს ბავშვობა, წარსულის მოგონებები აერთიანებს. როგორები გახადა ისინი ცხოვრებამ?
მატერიალური, ყოფითი პრობლემებით დატვირთული რუტინა, ყოველდღიურობა, „კლიენტების“ ხანგრძლივი და დამღლელი მოლოდინი ფილოსოფიური აზროვნებისა და ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ ხმამაღალი ფიქრისათვის განაწყობს არჩილს (არჩილ ქიქოძე). მისგან განსხვავებულია გოგა (გოგა პიპინაშვილი) – სხვათა ღირსების დამცველი, მძიმედ მოსაუბრე, ტრადიციული „ძველი ბიჭის“ თვისებებით დაჯილდოებული, სხვებზე ადრე გაზრდილი, შინაგანი „სიძლიერისა“ და „ტრაგიზმის“ მატარებელი. არჩილი მთხრობელია, ხოლო გოგა – მსმენელი. მათ იდილიურ ყოფას არღვევს გუგა (გუგა კოტეტიშვილი) – თავისუფალი, ქაოსური, ლაღი. ადამიანი პრობლემებითა და უპრობლემოდ, ამ შეხვედრის ინიციატორი. სწორედ გუგა ცდილობს მოგზაურობა ერთ დიდ ავანტიურად აქციოს და ამ თამაშში მეგობრებიც ჩაითრიოს.
ფილმის ფაბულა მარტივია. ვრცელი დიალოგები შესაძლებლობას იძლევა განვაზოგადოთ, გავშალოთ პრობლემა, არ ჩავკეტოთ ის კონკრეტულ სივრცესა და დროში. სიტყვებით თამაშში, გმირთა ინტონაციით, ჩნდება განსხვავებული აქცენტები, ქვეტექსტები, რითაც იქმნება მსუბუქი ირონია და ჩნდება საზოგადოების კრიტიკა, რომელიც არა მხოლოდ გმირთა პოზიციად, არამედ ავტორის საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპებისა და კლიშეების, სნობური განწყობებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს. დამოკიდებულებას იმ აზროვნების მიმართ, რომლითაც გარკვეული ტიპის ადამიანები გარემოში მარტივ ადაპტირებას ახერხებენ. ფილმის დრამატურგიული საფუძველი, რომელიც ფაქტობრივად ტრადიციულ სქემას მიყვება, რეჟისორს საშუალებას აძლევს ერთ ჰარმონიულ სისტემაში გაიაზროს ვერბალური და არავერბალური ენები, სიტყვა და გამოსახულება.
მოგზაურობა დაყოფილია ძირითად ეპიზოდად: ჩხუბის სცენა, სადაც მაყურებელი გუგას ცხოვრების სტილს ეცნობა; რესტორნის, სადაც იშლება პერსონაჟების მსოფლმხედველობა, მათი აწმყო და წარსული; შეხვედრა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, სადაც უცხო და დროებით თავშესაფარში თითოეული მათგანი საკუთარ თავს აძლევს უფლებას, იყვნენ თავისუფალი, ისაუბრონ, ითამაშონ დაივიწყონ ყოველდღიურობა; ავტობუსის სცენა, სადაც მოხუცთა გარემოში გუგა ათვითცნობიერებს, რომ, სიბერესთან ერთად, სიცოცხლე უკვე ერთ დიდ მოგონებად იქცევა. მოხუცებთან შეხვედრა თავის ავადმყოფობას, მოახლოებული სიკვდილის შეგრძნებას უმძაფრებს გიგას. სწორედ მისთვის ხდება აუტანელი და შეუძლებელი ამ სივრცეში დარჩენა. ფილმის ნახვისას თითქოს და გაუგებარი, ზედმეტიც კი გეჩვენება ეს ეპიზოდი, მაგრამ ფინალი ამ სცენას საერთო ქსოვილის კონტექსტში მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. და ფინალური სცენა – აღლუმი. ისევე, როგორც მთელი ფილმის მანძილზე გმირები ეთამაშებიან საკუთარ რეალობას, ასევე რეჟისორიც თხრობის დროს ირჩევს „თამაშის“ პრინციპს და ფინალში ქმნის მოულოდნელობის ეფექტს.
თხრობის პროცესში რეჟისორი მუდმივად გაურბის ახსნას, რატომ იკრიბებიან ამ ერთი დღის გასატარებლად ძველი მეგობრები. არის შეგრძნება იმისა, რომ გუგა თავის ვალებს, გამწვავებულ კონფლიქტს, სიტუაციებს გაურბის და ამ ჩაკეტილი წრიდან ცდილობს გამოსავლის მოძებნას, მაგრამ არა. ფინალური სცენით ვხვდებით, რომ გუგას სურს, სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მაინც იყოს მისთვის ლაღი. უბრალოდ, წამით მაინც დაიბრუნოს ახალგაზრდობის ის შეგრძნებები, განცდები, განწყობები, რომლებიც ამ ადამიანებთან საუკეთესო წლებში აერთიანებდა. მცირე აღლუმი, ადამიანების საზეიმო მსვლელობა ასოციაციურად გვაგონებს ფედერიკო ფელინის ფილმებიდან მეხსიერებაში შემორჩენილ კადრებს. გუგა და მისი მეგობრები ცდილობენ ამ საერთო დღესასწაულის ნაწილი გახდნენ, თუმცა ამაოდ. გუგა ამ საერთო აღტკინებას, ქაოსურ ხმაურიან გარემოს საჯინიბოში ემალება და იქ იღუპება, მისი მეგობრები კი ბავშვური ხალისით შეუერთდებიან სადღესასწაულო მარშს, თითქოს, გიგასგან განსხვავებით, აგრძელებენ ჩვეულ ყოფას, სოცოცხლეს.
გაშლილი ჰორიზონტები, მთის ფერდობზე შეფენილი ცხვრის ფარა, ჩამავალი მზის წითელი ლაქებით განათებული ვრცელი პეიზაჟები, მიტოვებული შენობის ჩაბნელებული ინტერიერი, ზოგჯერ „ბრტყელი“ სივრცე, რომელზედაც „სილუეტურად“ ჩნდებიან პერსონაჟები და რიტმულად მიიწევენ წინ, ჯერ კიდევ უცნობი რეალობის აღმოსაჩენად, ფერწერულს ხდის გამოსახულებას და, გარკვეულწილად, მოგვაგონებს აზიური კინოს გამოსახულებისათვის დამახასიათებელ სტილისტიკას. თუმცა აქვე გვახსენდება ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს თხრობის, ვიზუალის აგების სტილი: გაშლილი რეალისტურ-მისტიკური ჰორიზონტებით, ფერწერული პეიზაჟებით, სიუჟეტის მოზაიკურობით, თხრობის ქაოსურობითა და ფრაგმენტულობით.
მაია ლევანიძე