ოჰ, ეს ჩვენი დამღუპველი ილუზიები

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ვხდებით საკუთარი ემოციურობის, მეოცნებე ბუნებისა და გულუბრყვილობის მსხვერპლი. ხშირად დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად ვეხვევით საკუთარი ფანტაზიების მორევში და გვავიწყდება, ობიექტურად შევხედოთ რეალობას. გვჩვევია აღტაცება საგნებითა თუ ადამიანებით და ვერ ვაანალიზებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ განცდილი ან გადმოცემული გრძნობები სინამდვილეს. არის შემთხვევები, როდესაც მათ ვენდობით, ვისაც არც კი ვიცნობთ, ისინი გვიყვარდებიან, ვის პიროვნებასა და ცხოვრებაზეც რეალურად არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, ოცნების კოშკებს ვაგებთ გაუაზრებლად და წინასწარ ისეთ რაღაცეებს წარმოვიდგენთ, რაც შეიძლება სინამდვილეში არც არასდროს გადაგვხვდეს თავს. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება, უმეტესად, მცდარია. ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენს მიერ პირველ ჯერზე ათვალწუნებული ადამიანი, სულ მალე ძალიან მოგვწონებია და პირიქით, ვისზეც მომენტალურად აღვფრთოვანებულვართ, მის მიმართ გული ისევე სწრაფად აგვცრუებია. სწორედ ასე დაემართათ ანა ურუშაძის სტუდენტური ფილმის, „ერთ კაცს ვუყვარდი“ (2012) პერსონაჟებს – თინასა და ვატოს.

ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ანას სადიპლომო ნამუშევარია. ძალიან მსუბუქი, ხალისიანი ხასიათით, მთავარი პერსონაჟის ლაღი, ხშირად სასაცილო ქცევითა და ბოლოს განვითარებული მოქმედებით, ეს კინოსურათი კომედიური ჟანრის შესანიშნავი მაგალითია. თუმცა, ამ კომედიური კუთხით გადმოცემული ამბის მიღმა, საკმაოდ გულისამაჩუყებელი ამბავიც იმალება. სულ რაღაც თორმეტ წუთში მშვენივრად არის ნაჩვენები ის, თუ რა მარტივად შეიძლება გაგიცრუვდეს გული და ერთი ხელის მოსმით წაგერთვას იმედები, დარჩე გულნატკენი და შერცხვენილი, თუმცა ანა ახერხებს და ამ ყველაფერს ძალიან სახალისო მხრიდან წარმოუდგენს მაყურებელს.

კინოსურათი გვიჩვენებს ერთი ჩვეულებრივი დღის ძალიან პატარა მონაკვეთს – ორი ერთმანეთთან თანამცხოვრები გოგონას სახლში განვითარებულ მარტივ მოქმედებას. ფილმის დაწყების პირველივე წამებიდან ვისმენთ, თუ როგორი ენთუზიაზმით უყვება მთავარი პერსონაჟი თინა (თამარ ბზიავა) თავის მეგობარ ირას (ია სუხიტაშვილს) წინა ღამით თავს გადახდენილ რომანტიკულ ამბავს, მაგრამ ყველანაირი აღფრთოვანება და ბედნიერება ქრება მაშინ, როცა მას სახლში, სრულიად მოულოდნელად, მისი საოცნებო ვატო (ერეკლე გეწაძე) გამოეცხადება.

როდესაც საუბარი იმედების გაცრუებაზეა, აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ თინა არ იგულისხმება. როგორც ვატოს სტუმრობის სცენაში ვხედავთ, თინას დანახვის შემდგომ, ისიც არანაკლებ შეშფოთებულად და იმედგაცრუებულად, შეიძლება ითქვას, მოტყუებულადაც გამოიყურება. მეორე დღეს ვატოს წინ მდგარი თინა კატეგორიულად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც მან წინა ღამით გაიცნო. „შენ რა, ორსულად ხარ?“ ეს არის მისი პირველი რეაქცია, როდესაც ის თინას დაინახავს. თინას მსგავსად, ვატოსაც იმდენად აბნევს ეს უცნაური სიტუაცია, რომ მაშინვე რაღაცას იმიზეზებს და რაც შეიძლება სწრაფად ტოვებს იქაურობას (თინასდა სამწუხაროდ, მისთვის მიტანილ შოკოლადებსაც უკან წააბრძანებს). საკმაოდ ირონიული ფაქტია ისიც, რომ თინასთვის დამღუპველი სწორედ ის ლურჯი კაბა აღმოჩნდება, რომლის წყალობითაც მან ასე ლამაზად დაამახსოვრა ვატოს თავი. რადგან, როგორც ერთ-ერთ კადრში ვხედავთ, ვატო სწორედ აივანზე გაფენილი ლურჯი კაბით აგნებს მის საცხოვრებელს.

ფილმის დინამიკა პოზიტიურ განწყობას პირველივე წამებიდან უქმნის მნახველს. გოგონა, რომელიც შუა ოთახში დახეული მაისურით სახტუნაოზე ხტუნაობს და თან ენას არ აჩერებს, მარტივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. თინას პერსონაჟი არაჩვეულებრივია. თამარ ბზიავა მშვენივრად ახერხებს ამ ადამიანის შინაგანი ხალისის, პოზიტიურობის ჩვენებას. აღსანიშნავია, მისი გულწრფელი, ფამილიარული, ექსტროვერტი და გროტესკული ბუნება და ის, თუ როგორი მოურიდებლობით უზიარებს თითოეულ დეტალს მეგობარს. თინა აღფრთოვანებას ვერ მალავს იმით, თუ რა მშვენივრად გამოიყურებოდა წინა ღამით, როგორ უხდებოდა ის ლურჯი კაბა და როგორ დაუწვრილა იმ წინა დღით ირას მიერ ნაგავში გადაგდებულმა „ბანდაჟმა“ წელი, რომელსაც ასე ნაზად და რომანტიკულად ეხებოდა ვატო ცეკვის დროს. მისი ყოველი სიტყვა თუ ქმედება სიცილის მომგვრელია. ის, რომ პერსონაჟი ამდენად კარგად განგაწყობს მისადმი, ეს როგორც მსახიობის, ასევე რეჟისორის დიდი დამსახურებაა. მთელ ამ სცენას ემატება ისიც, რომ ამბის მოყოლის პარალელურად, თინა ამ ყველაფრის ხელახლა გათამაშებას ცდილობს, რის გამოც სქელ წინდებზე ქუსლიანი ფეხსაცმლის ამოცმასაც არ ერიდება. ყოველივე ეს ძალიან დიდ კონტრასტს ქმნის –თმაგაბრუძგნული, ტანსაცმელდახეული გოგონა, ლურჯი კაბითა და წინდებზე ამოცმული ქუსლიანი ფეხსაცმლით, ნამდვილად „მომხიბვლელი“ სანახავია. თინას ბოხი, ცოტა არ იყოს, მამაკაცური ხმა კი საბოლოოდ აშორებს მას ქალურ სინაზეს და ამრიგად, ყველანაირად სრულყოფილს ქმნის მის „არანორმალურ“ პერსონაჟს. თინას ენერგიული და მოუსვენარი ხასიათი კარგად იკვეთება ასევე მაშინ, როცა ჭამას და ვარჯიშს ერთმანეთის მონაცვლეობით ცდილობს. იგი ირას გამომცხვარ ბლინებსაც კი ძალიან „ესთეტიკურად“ მიირთმევს, ისე რომ მისგან ნიღბის გაკეთებაც არ ავიწყდება. ერთი სიტყვით, თინა პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც სახლში ყველაფრის არევასა და გაფუჭებას ცდილობს.

ფილმში ნაჩვენები გარემო ზუსტად ეხმიანება მის შინაარსს. ადგილი, რომელშიც ეს მოუსვენარი პერსონაჟია გამოსახული, მასავით ქაოტურია. ძველი თბილისური სახლი, სავსე უამრავი წვრილ-წვრილი ნივთით, მცენარეებითა და ლუდის ბოთლებით არეულობის შეგრძნებას ქმნის. ძველი, საღებავგადაცლილი კედლები, მასზე გაკრული პოსტერები და ხის შელახული იატაკი კი კიდევ უფრო მატებს სახლს ქაოსის ელფერს. ამ ყველაფერს თავისებურად ერწყმის და ავსებს კამერის მოძრაობაც, რომელიც არანაკლებ დინამიკურია.

 კინოსურათში საშუალო, სტატიკურ კადრებთან ერთად გვხვდება, უხვი ახლო ხედებიც. კინოკამერა ხშირად უკან დაყვება მსახიობებს. კინოოპერატორი (გიორგი შანიძე) ერთ მომენტში იყენებს სუბიექტური კამერის ხერხსაც. ახლო ხედით გადაღების დროს, როგორც წესი, პერსონაჟების სახეები მთლიანად არ არის მოქცეული კადრში. ეს და კიდევ სხვა რამდენიმე დეტალი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფილმი ძალიან ნაჩქარევად, მოსწრებით გადაიღეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი ტექნიკური თვალსაზრისით არც თუ ისე გამართულია და ნამდვილად არ გამოირჩევა განსაკუთრებულად საინტერესო ხერხებით, ის პერსონაჟის ხასიათს ერწყმის კარგად და, საბოლოო ჯამში, ფილმიც ყველა თავისი წვრილ-წვრილი მინუსით, მაყურებლისათვის კომფორტულად საყურებელი ხდება.

„ერთ კაცს ვუყვარდის“ ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი, რაზეც ასევე მეტყველებს თავად მისივე სათაური, ეხება ერთ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმად, ქვეყანაზე ერთადერთი კაცი არსებობს, რომელსაც თინა ჭეშმარიტად უყვარს, ეს კაცი კი მთის წვერზე იმყოფება. გამომდინარე იქიდან, რომ ვატო მთამსვლელია, მეოცნებე თინაც თავის ბედს ეჭვგარეშე უკავშირებს ამ მამაკაცს, თუმცა ვატოს სტუმრობით გამოწვეული იმედგაცრუების შემდეგ, მას უეცრად თავისი საყვარელი ბაბუა ახსენდება, რომლის საფლავიც ერთ უცნაურ გორაზე მდებარეობს, გორაზე, რომელიც „მთის წვერის“ სახელით არის ცნობილი. საბოლოოდ, თინა ასკვნის, რომ ერთადერთი კაცი, რომელსაც იგი მართლა გულწრფელად უყვარდა, ეს ბაბუამისი იყო.

ფილმის ორიგინალური დასასრული, სრულიად ჩაბნელებული კადრი და მის მიღმა გოგონების მხიარული კისკისის ხმა, ბოლომდე ბედნიერ და ხალისიან განწყობას უნარჩუნებს მაყურებელს. თინას კიდევ ექნება იმედები, ბოლოს და ბოლოს, ის ერთ ნამდვილ მამაკაცს მაინც უყვარდა ამ ქვეყანაზე.

ელენე ცაგარეიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *