ჭეშმარიტ ხელოვნებას მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება არ მოაქვს. მას ხანდახან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და ადამიანთა ურთიერთკავშირის განმტკიცებისძალა აქვს. ადამიანები ხშირად კარგავენ გადარჩენის რწმენასა და იმედს, სწორედ ამ დროს ჩნდება მათ ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის მხსნელად მოევლინება ხოლმე, მაგრამ ხშირად სწორედ, რომ მხსნელი მსხვერპლად ეწირება სხვის გადარჩენას, თითქოს ეს თავისი ცხოვრებისეული ვალი იყო.
გიორგი ჩახვაძის სტუდენტური ფილმი, „უკანასკნელი ფოთოლი“ (2018) ო. ჰენრის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა, რაც სულაც არ არის მარტივი, რადგან რეჟისორსა და სცენარიტს აკისრია ვალდებულება, არც უხეშად შეცვალოს მწერლის იდეა და, ამავდროულად, მაყურებელს თავისი ხელწერაც აჩვენოს.
რეჟისორი ჯერ კარგად გვაცნობს გარემოს, საზოგადოებას და შემდეგ მთავარ პერსონაჟებს: სიუს (თამუნა ნიკოლაძე), ჯოანასა (ნინო კოხრეიძე) და მისტერ ბერმანს (გუჯა ბურდული). შემდეგ სულ რამდენიმე კადრში აახლოვებს მთავარ პერსონაჟებს ერთმანეთს და სულ მალე, რამდენიმე წუთში, ეკრანზე ვხედავთ ლოგინად ჩავარდნილ ჯოანას, რომელსაც ექიმი სინჯავს. ჩანს სუროს ფოთლები და უკვე ნათელია ყველაფერი. ერთადერთი, რასაც ახლა მაყურებელი რეჟისორისგან მოუთმენლად ელოდება, კარგად ნაცნობი მოთხრობის ახალი, შემოქმედებითი და ინდივიდუალიზმით გამდიდრებული ადაპტაციაა.
იმის გარდა, რომ მოქმედება ძალიან სწრაფად ვითარდება (რადგან მოკლემეტრაჟიანი კინოსურათია), ფილმი ასე თუ ისე მიჰყვება ო. ჰენრის მოთხრობას და არცერთ მონაკვეთში არ იკარგება მწერლის მთავარი სათქმელი, თუმცა ამაში მთავარი როლი ვერც სამსახიობო ოსტატობამ და ვერც დიალოგებმა ითამაშა. ის, რომ ფილმში აშკარაა ო. ჰენრისეული ესთეტიკა, მხოლოდ ზედმიწევნით ზუსტი გარემოს შექმნის დამსახურებაა. აქვე ორი რამ არის ხარისხოვანი: გარემო და კადრები. ქუჩები, კაფე, სახლი, თითოეული ლოკაცია იდეალურადაა შერჩეული. ამას ემატება ოპერატორული პროფესიონალიზმით გადაღებული კადრები და ფერები (ოპერატორები: ოთო გელაშვილი, ალექსანდრე ყველაშვილი). გამოსახულება ჰარმონიულია, ფერები ერთმანეთთან კარგადაა შეხამებული.
კინოსურათის პირველივე წუთიდან იგრძნობა სასიამოვნო, ესთეტიკური გარემო, რომელსაც, პირველ რიგში, რეკვიზიტები და ლოკაცია ქმნიან. შემდეგ აღსანიშნავია მუსიკა (კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი). მუსიკა არა უკანა ფონის დამხმარე ელემენტია,არამედ აქტიური სიუჟეტური ინსტრუმენტი, რაც ფილმს საერთო ესთეტიკურ ხარისხს სძენს და დასაწყისიდანვე ბუნებრივად ერწყმის ატმოსფეროს.
ფილმის ყურება დადებით, სასიამოვნო ემოციებს იწვევს მაყურებელში, მაგრამ სასიამოვნო შეიძლება იყოს მუსიკალური კლიპის თუ სარეკლამო რგოლის ყურებაც. იმისათვის, რომ ფილმი შედგეს და მას სრულყოფილი ვუწოდოთ, საჭიროა ყოველი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი იყოს გათვლილი. ის, რაც უხეში და თვალშისაცემი იყო პირველივე წუთიდან, შეუმდგარი დიალოგებია. აშკარაა, რომ სცენარი აცდა ო. ჰენრის მოთხრობას, მის დიალოგებს და მიიღო კლასიკური, ქართული ბანალური დიალოგის სახე, როგორც ეს ბევრ სხვა ქართულ ფილმშია.
მეორე და უმთავრესი დეტალი არის მსახიობების ოსტატობა, თუმცა ამ კინოსურათში ვერანაირ სამსახიობო ოსტატობას ვერ ვხვდებით. არც დიალოგებია დამაჯერებელი, ვერც მსახიობები თამაშობენ ბუნებრივად, რადგან, როგორც ჩანს, ვერ ჰქონდათ გათავისებული თავიანთი როლები, თითქოს ვერ შეძლეს ბოლომდე ჩასწვდომოდნენ პერსონაჟების ხასიათებს. სამწუხაროდ, თამუნა ნიკოლაძისა და ნინო კოხრეიძის პერსონაჟები სავსეა არაბუნებრიობითა და სიყალბით, ისინი საერთოდ არ შეესაბამებიან შესაბამის გმირებს, რაც ხელს უშლის მაყურებელთან ემოციური კავშირის დამყარებას.
გამაღიზიანებელია კინოში გადამეტებული ტრაგიზმიც, მაგრამ მცირე დოზით იგი მაინც საჭიროა. კრიტიკულ სცენებში, კულმინაციისას, მაშინ, როცა მისტერ ბერმანის გარდაცვალების შესახებ აცნობა სიუმ ჯოანას, სიუსგან არანაირი ემოცია მოდის გარდა იმისა, რომ მსახიობმა სცენარი კარგად დაიზეპირა და ვერ გაიგო მისი შინაარსი. ორივე როლი მეტად სიღრმისეულად გააზრებას მოითხოვდა, რაც სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ. თითქოს მსახიობები თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ ამ ჟანრში, რაც მათ ინტონაციაში აშკარა არის. პერსონაჟები საჭიროებდნენ უფრო დინამიკურ ემოციურ დიაპაზონს, თუმცა მსახიობების თამაში ზედაპირული დარჩა. რაც შეეხება გუჯა ბურდულისა და ბესო ბარათაშვილის პერსონაჟებს, რთულია შეაფასო მათი ოსტატობა, რადგან არც თუ ისე კომპლექსური როლი ჰქონდა რომელიმეს. ერთი კი ცხადია, გუჯა ბურდულის ტიპაჟი დასამახსოვრებელი და ზედგამოჭრილი იყო მისტერ ბერმანის როლისთვის.
სტუდენტური ფილმისათვის პირველწყაროდ რომელიმე ცნობილი მოთხრობის, ნოველის აღება და მასზე მუშაობა ახალი არ არის, თუმცა რთულია სხვის მიერ საუკუნის წინ დაწერილი მოთხრობა გადმოსცე ისე, რომ არ დაამახინჯო მწერლის მთავარი სათქმელი და თანაც გაამდიდრო იგი რაღაც შენეულით. შენი ხედვით დაინახო პერსონაჟები, მოთხრობაში მომხდარი მოვლენები, გამოკვეთო შენი სტილი და ა.შ.
ამ ეკრანიზაციას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ო. ჰენრის მოთხრობის თითოეული ასპექტი დამაჯერებლად გადმოეცა, მაგრამ სუსტი რეჟისურა და პერსონაჟების განვითარების ნაკლებობა მის პოტენციალს ჩრდილავს. ფილმის მიზანი, ალბათ, უფრო მეტად ვიზუალური ექსპერიმენტი იყო, ვიდრე ღირებული, საავტორო ნამუშევრის შექმნა.
თინათინ ასათიანი