რამდენიმე წლის წინათ, ახალ ქართულ კინოში, მოულოდნელად, ახალი ხმა გაისმა. გამოჩნდა ახალი სახე – ალექსანდრე კობერიძე, რომელმაც მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (საკუთარი სცენარით, საქართველოს Sakdoc Film-ისა და გერმანიის DFFB-ის კოპროდუქცია, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით) სრულიად კინოსამყაროს ყურადღება დაიპყრო.
ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი (პირველ, 2017 წელს, ტელეფონზე გადაღებულ „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხულისგან“ განსხვავებით) პროფესიული კამერით, პროფესიონალ ირანელ კინოოპერატორთან, ფარაზ ფეშარაკთან, პროფესიონალ გერმანელ გამნათებელთან, მორიც ფრიზთან, პროფესიონალ კომპოზიტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად და პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით გადაიღო.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ არაა ტრადიციულ სიუჟეტზე აგებული ფილმი. მას თავისი დრამატურგია და განვითარების ინდივიდუალური წესები აქვს. მოქმედება ქუთაისში ხდება. ნაცნობ და თან სხვანაირ ქუთაისში. ქალაქისა და ადამიანების ცხოვრების, ნამდვილის, შეთხზულის, გამონაგონის, გაზვიადებულის ფრაგმენტებით. აქ რეზო გაბრიაძეს, რეზო ჭეიშვილს გვერდს ვერ აუვლი. ტიციანი და პაოლოც აუცილებლად შეგხვდებიან, დები იშხნელებიც, იმერული სიმღერებიც, ბაღისკიდეც, ბალახვანიც, მეორე სკოლაც, ხვამლის მთაც. რა თქმა უნდა, თეთრი ხიდიც. და რა თქმა უნდა, რიონიც. მდინარეც, როგორც ქალაქი – რეალობაა და დროისა და ცხოვრების დინების მეტაფორა. მის ტალღებს მიჰყვება ყველაფერი, რაც არის, იყო და გრძელდება.
ამბავი კი შეხვედრით იწყება. წყვილის – ლიზასა (ოლიკო ბარბაქაძე, შემდეგ – ანი ქარსელაძე) და გიორგის (გიორგი ამბროლაძე, შემდეგ – გიორგი ბოჭორიშვილი) შემთხვევითი შეჯახებითა და ერთი დანახვით (თუმცა მაყურებლისგან დამალულად, რადგან კადრებში მხოლოდ საბედისწეროდ დავარდნილი წიგნი, ფეხები და ხელები ჩანს) შეყვარებით. სხივის გაელვებით, როგორც ხდება, როდესაც შეყვარება იწყება – მთავარი და ამაღელვებელი ეპიზოდით სიყვარულის ყველა ამბავში. თუმცა, სულ მალე, მშვენიერი, მაგრამ ბანალურობისთვის განწირული ამბავი იცვლება და ფილმის ჟანრიც, მოვლენების მსვლელობაც და არსიც ახალ ფორმაში, განზომილებაში და უცნაურ სივრცეში გადადის.
მალევე, შეყვარებიდან მოქმედებაში, მოლაპარაკე უსულო არსებები ერთვებიან და რეალობა კონტურებს კარგავს, ზღაპრის სინამდვილით იცვლება. პატარა ნერგი, წყლის მილი, სათვალთვალო კამერა ლიზას ავი თვალის პატრონის წყევლის შესახებ ატყობინებენ. მხოლოდ ნიავი ვერ ახერხებს სათქმელის თქმას – გაფრთხილებას და მეორე დილას ლიზა და გიორგი შეცვლილი გარეგნობით იღვიძებენ. იმდენად შეცვლილით, რომ ვეღარც ერთმანეთს ცნობენ და ვეღარც ვერავინ ცნობს. კარგავენ საკუთარ თავს, პროფესიებს, მაგრამ სულ ელიან და ეძებენ ერთმანეთს. მაშინაც კი, როდესაც, ისევ ბედისწერა ერთ კაფეში, თეთრ ხიდთან, სამუშაოდ მიიყვანს და ერთმანეთს თავიდან გაიცნობენ.
სიყვარულის თემა ლაიტმოტივად გასდევს ფილმს (თუმცა ხშირად ქრება, უჩინარდება) და მას მოზაიკის ნაწილებივით, უსწორმასწორო, არათანაბარი ნამსხვრევებივით, სხვა ამბები, სხვა შეხვედრები, სხვა მოვლენები ემატება. მსუბუქი, თითქმის შეუჩნეველი იუმორი და სილაღე, განშორებისა თუ დანაკარგების, მოგონებების სევდა, დრამატული წახნაგები – ყველაფერი ერთმანეთში ირევა და კიდევ ერთხელ იშლება ზღვარი სინამდვილეს, წარმოსახვას, გამონაგონსა და რეჟისორის „შინაგანი“ მზერით „დანახულს“ შორის.
ნელ-ნელა წარმოსახვის მაგია დამოუკიდებლადაც იწყებს მოქმედებას, როგორც მოჯადოება, რომელიც ნელ-ნელა გიპყრობს, გითრევს, გაშეშებს. მონუსხული ხარ და გჯერა ზღაპრების, სიზმრების. თუ გწამს, თავისთავად, და მაშინაც კი, თუ არ გჯერა. რასაც დაუშვებ, იმას დაიჯერებ. მაგრამ, როგორც კი ახსნასა და გარკვევას ცდილობ, ჩიხში შედიხარ. შენც იცვლები და საკუთარ თავს ვეღარ ცნობ. საკუთარ სახეს.
აქ ისმის ჩიტების ჭიკჭიკი და სკოლაში ან შინ მიმავალი ბავშვების ჟრიამული, ქალაქის ხმები და უტრირებული ხმაურები. კადრში შეიძლება „შემთხვევით“ მოხვდნენ – ჩიტები, მაწანწალა ძაღლები, ქუჩის კუთხე, ასფალტის ფრაგმენტი, სახლები, თასმაგახსნილი ფეხსაცმელი, ფეხსაცმელები, ფეხები, დახლზე მონეტები და ხელი, რომელიც ამ მონეტებს იღებს, და ძირს, კუთხეში მიყრილი მაისურები, გისოსები, ეკლიანი მავთულის ღობე, მაგიდაზე დაგდებული მუშმალას ტოტი, ტორტი, ხაჭაპური, მუსიკალური სკოლის დერეფნები და კლასები და სპორტული დარბაზები და მოედნები, ცისკენ გაფრენილი და ადიდებულ და მღვრიე რიონში, დინებასთან ერთად დიდხანს მოტივტივე კოპლებიანი ბურთი, ბავშვებს რომ გადაუვარდათ (სადღაც თეთრ ქვებთან. შეიძლება, სადღაც სხვაგანაც). თითქოს უმნიშვნელო საგნები და დეტალები, რომლებიც ცხოვრების ნაწილია და რაც ავსებს, შეადგენს ცხოვრებას.
მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდია და ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ქუთაისშიც, კაფეში თეთრ ხიდთან, მეპატრონეს (ვახტანგ ფანჩულიძე) ინიციატივითა და მცდელობით, პირველ გულშემატკივრებს ელოდებიან. თუმცა, ქუთაისელი ქომაგები წითელ ხიდთან იკრიბებიან, ტრადიციულად. სხვები, თეატრის უკან იყრიან თავს, ასევე ძველი ჩვეულებისამებრ. აქ ძაღლებსაც საყვარელი, არჩეული ადგილები აქვთ, სადაც ფეხბურთს უყურებენ, ბარებშიც დადიან და ერთმანეთს პაემნებს უნიშნავენ. ფეხბურთს კი ბიჭებიც და გოგოებიც თამაშობენ და ეს ხაზიც, როგორც სიყვარულის ამბავი, ჩემპიონატის მატჩების ეტაპებთან ერთად, მთელ ფილმს გასდევს, როგორც გამჭოლი მოქმედება.
უნივერსიტეტის ბაღში კი, როგორც „ჩანართები“ გვატყობინებენ, ვიღაც ცრემლებამდე ნაღვლიანი კაცი იასამანს ღეჭავდა. ხოლო ლევან ჭელიძემ, როგორც ასევე, „სხვათაშორის“ მიწერილ ტიტრშია – ერთხელ ქუთაისის ბაზარში ჯოკონდა ნახა, მწვანილს ყიდდა. ქუთაისში ხომ ისედაც, წესით, არაფერი გაგვიკვირდება.
რეჟისორი ტკბება ცხოვრების დინებაზე დაკვირვებით, მედიტირებს და როგორც უნდა, ისე „თამაშობს“. „როლიდან“ არც ერთხელ არ გამოდის და მაყურებელსაც აიძულებს, აჰყვეს თამაშში, რომელსაც თავისი წესები, კანონები, ადგილები აქვს. მისი მაგია ამ სივრცეებში მოქმედებს და ჭრის. თავისი კოორდინატების სისტემა აქვს. ამ სამყაროში, საიდანაც გინდა, იქიდან შეაბიჯებ და საიდანაც და როდესაც გინდა, გამოხვალ. ალექსანდრე კობერიძე არ იცავს კანონებსა და დადგენილ წესებს. და სწორედ ესაა ფილმის მხატვრული, კინომომაჯადოებლობის მთავარი საიდუმლო. არავითარი ჟონგლირება – კადრებით, რაკურსებით, ვიზუალურ-პლასტიკური თუ მონტაჟური გადაწყვეტების კეკლუცობით, გარეგნული ეფექტის გამომწვევი ხერხებით. ასეთი მრავალფეროვანი და მრავალგვარი ცხოვრების აღსაბეჭდად, ერთი ხერხი, ერთი რაკურსი, ერთი მიმართულება და ფორმა საკმარისია. და ალექსანდრე კობერიძეც ცვლის რაკურსსაც, ხერხსაც, გადაღების წერტილებსაც, ოპერატორთან ერთად კამერის მოძრაობასა და ხაზებს ანაცვლებს. არაჭრელი, მონოქრომული, მაგრამ ცოცხალი ფერწერული გამოსახულება, თავისი სფუმატოებითა და გამოკვეთილი, განათებით აქცენტირებული დეტალებით, შუქ-ჩრდილებით, კომპოზიციური წონასწორობითა და ხაზგასმული ასიმეტრიით.
ფარაზ ფეშარაკიც თავისუფლად „ათამაშებს“ კამერას, ამოგზაურებს, არ ასვენებს. შემდეგ, აჩერებს და ერთი, უცვლელი წერტილიდან იღებს (როგორც ოდესღაც იღებდნენ, სანამ კამერის მოძრაობას „ისწავლიდნენ“ კინემატოგრაფისტები). აჩვენებს, როგორ ცარიელდება ქალაქი ღამით, დილას რომ ხალხმრავალი იყო და მომდევნო დღეს, თავიდან როგორ ივსება. გულმოდგინედ, „თვალმოუშორებლად“, დაჟინებით, აფიქსირებს ქუჩას, ადამიანებს, ან რაღაც თითქოს უმნიშვნელო დეტალებს და ასე გადის მოქმედებაც და დროც. ოპერატორი და რეჟისორი თითქოს თვითონაც ფეხბურთს თამაშობენ, ბურთს კენწლავენ, ერთმანეთს აწოდებენ და კარში გააქვთ. იყენებენ რაპიდს, ჩაბნელებას, კადრიდან კადრზე გადასასვლელად, წაფენებს, ვერტიგოს ეფექტს. ფოკუსი იკარგება და იცვლება. მორიც ფრიზის სხვადასხვა განათებაზე (ბუნებრივსა და ხელოვნურზე) კი, ყველა და ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. ამ შემოქმედებითი „მანიპულაციებით“ კი იცვლება სივრცის განზომილებები, მასშტაბები, საზღვრები, ფაქტურა. თხრობის შესატყვის და გამოსახულების, პარალელურ სივრცეში და, შესაძლებელია, პარალელურ დროში გადასვლით.
გიორგი კობერიძის მუსიკა ცალკე ამბავია. თავიდან თითქოს „გაუბედავად“, პატარ-პატარა ფრაგმენტებით, ტაქტებით ისმის, შემდეგ მძლავრდება, აქტიურდება და აღარაფერს „აქცევს ყურადღებას“. ხშირად იცვლება – ორიგინალურიდან ცნობილ, ავთენტურ და არანჟირებულ მელოდიებამდე. შეიძლება გამოსახულების, მოქმედების, კადრისთვის ორგანულიც იყოს, ასინქრონულიც და კონტრასტულიც; მაჟორულიც, ექსპრესიულიც, მინორულიც, სხვადასხვა ჟანრის, ფორმის. შეიძლება სხვადასხვა თემასა და ჰარმონიას ავითარებდეს. ზოგჯერ ყველა ხმას ფარავს, ყველაფერს ეფინება. ხან სრულ სიჩუმეში თვითონაც იძირება და ან ძირავს ყველაფერს. რასაც ვერ ვხედავთ, ან არ გვესმის, იქნებ, ვერც ვგრძნობთ, მუსიკა ამეტყველებს და ახალ-ახალ შეგრძნებებს, ფიქრებს, დამოკიდებულებებს ბადებს.
ალექსანდრე კობერიძე ცხოვრებისეული დროის მსვლელობას ეკრანულის საზღვრებში აქცევს, ქმნის რეალობის განგრძობადობის ეკრანულ იმიტაციას და პირად ჯებირებს უწესებს. შიდა ეკრანულ მოძრაობას, მსვლელობასა და დროის განზომილებას – სრულიად ათავისუფლებს და, თითქოს, თავადაც მის დინებას მიუყვება/ემორჩილება. იღებს ზუსტ დროს – ზაფხულია, ან გვიანი გაზაფხული, ან ორივე. რამდენჯერმე ღამდება და თენდება. ოღონდ, შიდა დროის ზოგადი ხანგრძლივობა მაინც მოუხელთებელია.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ ცნობიერების ნაკადის ვიზუალური, პლასტიკური, ფიზიკური გამოხატულებაა. ცხოვრების სახე, როგორც ხმელეთის, ზეცისა და წყლის სტიქიების კავშირი და ანარეკლები – მიწაზე, ცაში და მდინარეში. ცხოვრების რიტმი, დინამიკა. შეიძლება, ავტორის, ძალიან პიროვნული, ინდივიდუალური ტემპო-რიტმიდან, ხასიათიდან, ტემპერამენტიდან გამომდინარე. სხვა ისტორიაა. სხვანაირად მოთხრობილი, სხვანაირად ნათქვამი. სხვანაირად ნაჩვენები. რომელიც ბევრ დაფარულ თუ დაუფარავ ფიქრს აშიშვლებს. აშიშვლებს ვნებებს, გრძნობებსა და უგრძნობლობას. ცხოვრებას.
კადრსმიღმა მთხრობელის – ნარატორისა (სანდრო კობერიძის ხმა) თუ ანტიკური კორიფეს მსგავსად – თხრობის სტილიც, როგორც გამოსახულების ფრაგმენტულობა, მოკლე, დროდადრო ჩართული კომენტარებით, მშვიდად, უემოციოდ, აუღელვებლად განყენებულად, მარტივი და მოკლე ფრაზებით შემოიფარგლება. დიალოგებიც ასეთია. მოკლე. მხოლოდ აუცილებელი სიტყვა-ახსნებითა და, შეიძლება არც კი, შინაარსით. ფაქტის კონსტატაციაა და თითქოს სხვა არაფერი.
და უცბად, როგორც ყოველ ჯერზე, ახლაც, სრულიად მოულოდნელად, მთხრობელის ტექსტში ახალი სათქმელი, ახალი პრობლემა, ახალი ნაკადი იჭრება და ფილმის ჟღერადობაც და რეჟისორის პოზიციის მთავარი გზავნილიც ისევ იცვლება. სწორედ ის „ნამდვილი“ რეალობა იწყებს გააქტიურებას. იწყება საკუთარი თავისთვის დასმული რიტორიკული კითხვებისა და საზოგადოებისკენ გამჭოლი მზერის მიმართვის ჯერი – სისასტიკეზე, პასუხისმგებლობაზე, მოვალეობაზე, იმაზე, თუ რა ხდება ამ სასტიკ დროში, და რას ვუპასუხებთ მომავალს. და შენც, სწორედ ამ მღელვარე წამიდან, იწყებ ფიქრს, პასუხების ძიებას კითხვებზე – რას ვაკეთებ დღეს? ვდუმვარ? ვხმაურობ? ვზრუნავ? და ფიქრს იმაზეც, რომ არის კი ალექსანდრე კობერიძის ფილმი სიყვარულზე, თუ მხოლოდ მისი არსებობის ან არსებობის სურვილის ფაქტზეა? ბედნიერად მთავრდება, თუ ისე რა? ჩვეულებრივი ამბავია, თუ უჩვეულო?
თუ მიიღებ ამ პირობითობას და გაჰყვები დინებას, დაიჯერებ, რომ ყველაფერი მოხდა, შეიძლება მოხდეს ან არც მოხდეს და რომ არ არსებობს პასუხები ამ/ასეთ კითხვებზე. სხვანაირად, ყველაფერი ტყუილი, მოგონილი და ყალბი იქნებოდა. არც თანამედროვე კინოს, არც თანამედროვე სამყაროს აქვს მზა სქემები და ჩარჩოები, მზა და ფუჭი მოლოდინები.
მოვლენებში ავი თვალის ჩარევითა და წყევლით, ლიზამ და გიორგიმ ერთმანეთი ჯერ დაკარგეს და და შემდეგ კინოს მაგიის ძალით, იპოვეს, მაგრამ რეჟისორმა მაშინვე დაივიწყა ისინი. გზაჯვარედინზე დაემშვიდობა და ფილმის მსვლელობა კიდევ ერთხელ და მათ გარეშე, სხვა მიმართულებითა და სივრცისკენ შეატრიალა. ყველაფერი კი, ზედა, პარალელური ქუჩისკენ ან იქნებ, ზეცისკენ მიმავალ ციცაბო კიბეზე მორბენალი და სიმაღლის დამპყრობი ფეხბურთელი ბავშვების სცენით დაასრულა, რომლებსაც თავს დავით აღმაშენებლის ძეგლი დასდგომიათ, ხელში ხმლითა და გელათის ტაძრის მაკეტით.
ცა სავსეა ჩვენი ცხოვრების ანაბეჭდებით. ანარეკლებით. ზოგი საერთოდ არ იყურება ცისკენ, ზოგი საერთოდ ვერ ან მასში ვერაფერს ამჩნევს. თუ წამით მაინც ავხედავთ, საკუთარ თავს დავინახავთ, დავინახავთ ბევრ ადამიანს, ბევრის – სხვებისა და ჩვენივე ცხოვრებას. ბევრს ვიპოვით და ვიგრძნობთ. ცა კი ყოველთვის და ყველგან გვიყურებს და გვხედავს.
არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე. უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა“. რეზო გაბრიაძე.
ლელა ოჩიაური,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
პროფესორი