პირველი ფილმები განაცხადია დიდ კინოში დასამკვიდრებლად. თავიდან რთულია განსაზღვრო, რამდენად თვითმყოფადია ხელოვანი. კინორეჟისორი ანა ურუშაძე ბედნიერ გამონაკლისთა შორისაა და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საშიში დედა“ (2017) მისივე თაობის კინონამუშევრებისგან განაპირა ადგილს იკავებს ინტერესების არეალითა და მხატვრული ღირებულებით.
მასში გადმოცემულია თითქოს მარტივი ამბავი: ოჯახის დედა, დიასახლისი მანანა (ნატო მურვანიძე) მუშაობს წიგნზე, რომელსაც მისი ქმარ-შვილი და გამომცემლები პორნოგრაფიად, უხამსობად მიიჩნევენ. მამა თამამ, ღრმა ტექსტად თვლის, რედაქტორი კი შედევრად. ეს პერსონაჟები, მთავარი გმირის გარშემო შემოკრებილები, ბრძოლას იწყებენ „მანანას გადასარჩენად“. თითოეულს თავისი სიმართლე აქვს, გადარჩენის გზაც სხვადასხვაა. მთავარი ბრძოლა მანანას აქვს მოსაგები. ურთულესია მოსიყვარულე ადამიანებთან შერკინება, რადგან ისინი სიყვარულს უპირისპირებენ. თითოეულის სიყვარულიც განსხვავებულია.
ანა ურუშაძის ფსიქოლოგიურ დრამაში არამარტო რთული შეკითხვები არის დასმული, არამედ პასუხის გაცემის მცდელობაც დრამატურგიულად და ვიზუალურადაც წარმატებული აღმოჩნდა. ფილმს, პირობითად, სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი – მანანა და ქმარ-შვილი, მეორე – მანანა და მამა, მესამე – მანანა და ნუკრი (საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი და წიგნის რედაქტორი).
მთავარი გმირი თავისუფლებას პოვებს. მის შემოქმედებაში ხშირად ეჯახება ერთმანეთს ორი პოზიცია: ქალი, რომელიც ცხოვრობს ოჯახისთვის და ქალი, რომლისთვისაც უპირველესია პიროვნული თავისუფლება, თვითგამოხატვის აუცილებლობა და, ამავე დროს, მას ჰყავს სრულფასოვანი ოჯახი, მაგრამ მათ ერთმანეთთან ვერ აკავშირებს. საერთოდ, შესაძლებლია კი სრული დამოუკიდებლობისა და ოჯახის დაკავშირება? მნიშვნელოვანია ის რომ, ანა ურუშაძემ ამ პრობლემის წარმოჩენის ბანალური გზა არ აირჩია. მან უფრო გაამწვავა სიტუაცია, რადგან სიყვარულს აღუდგა წინ. ფილმში ოჯახის წევრები ცდილობენ, დაეხმარონ „მწერალ დედას“, ელოდებიან, როდის წაუკითხავს ის მათ საკუთარ ნაშრომს. მოსიყვარულე ქმარი (დიმიტრი ტატიშვილი) თხოვს, „მოწესრიგდეს“, ახალი სამოსიც იყიდოს, მაშინაც კი, როცა ცოლის წიგნის ეგზემპლარს დაწვავს, სთავაზობს ახალი წიგნი დაწეროს, პირდება ყველანაირ დახმარებას. უფროსი შვილიც ცდილობს დედას დაეხმაროს, ოჯახს მხოლოდ ერთი რამ სურს – მანანამ დაივიწყოს მისი პირველი წიგნი, რომელიც, მათი აზრით, „იაფფასიანი პორნოა“.
ფილიპინებში თურმე არსებობს მფრინავი არსება, სახელად „მანანა გალი“, რომელიც ფეხმძიმე ქალების სისხლითა და ემბრიონებით იკვებება. სიზმარში მანანა ამ არსებად გარდაიქმნება და დაფრინავს. ნატო მურვანიძის მანანა ყოველდღიურ რეალობას მოწყვეტილი ადამიანია, ფიქრების, ფანტაზიისა და სიზმრების სამყაროში ჩაძირული, მას თანავუგრძნობთ და გვჯერა მისი შემოქმედებითი იმპულსების, მისი წიგნი კი ჯერჯერობით დაუფასებელი შედევრია.შთამბეჭდავია მანანას მავნე ჩვევა წიგნისათვის საჭირო ჩანაწერების არა ბლოკნოტში, არამედ ხელებზე გაკეთება, რაც ლაიტმოტივად მიყვება მთელ ფილმს. პირველივე ეპიზოდებიდანვე მანანას წიგნს შედევრად მოიხსენიებს ნუკრი (რამაზ იოსელიანი), მეზობლად მდებარე საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი, რომელიც თავის თავს კრიტიკოსად და წიგნის რედაქტორად მოიხსენიებს, ცდილობს გამომცემლები დააინტერესოს. უარყოფითი პასუხის შემდეგ იგი, დაბადების დღეზე, მანანას საბეჭდ მანქანას ჩუქნის მისი მომავალი შედევრების დასაბეჭდად. მსახიობი გვაცნობს ხელმოცარულ შემოქმედს, რომელიც თავის დაუხარჯავ პოტენციალს ნიჭიერ ქალს ახმარს, თავის თავსაც უჭირს გამოუტყდეს, რომ მანანა მისი „საოცნებო ქალიც“ არის.
„მამაშენი ხარ და გიჟი დედაშენი!“ – ეს ბოლო საყვედურია, რაც მანანამ ქმრისგან მოისმინა. მამის ფიგურა გადამწყვეტია ფილმში. მის როლს შესაბამისი მსახიობიც ასახიერებს, რომელსაც, სამწუხაროდ, იშვიათად ვხედავთ ეკრანზე, ესაა ავთანდილ მახარაძე. მამამ წიგნისა და, ამავე დროს, ფილმის ფინალამდე არ იცის, ვის ნაწარმოებს თარგმნის. ეს ინტრიგაც კიდევ სხვა ინტერესსაც ბადებს – მთარგმნელი ხვდება, რომ წიგნის უცნობი ავტორი ქალია: „ეს არის თამამი, ღრმა ტექსტი… არაორდინალური თხრობის მანერა აქვს…“ მამა-შვილს არამარტო ეს წიგნი აკავშირებს, არამედ მხოლოდ ეს ორი ხედავს მანანას სააბაზანოში ფილებზე სხვადასხვა გამოსახულებას, ცოლისა და დედის სიკვდილი თან სდევთ, ქალისა, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მუდამ ქმრისა და ქალიშვილის გვერდითაა, მისი სამკაულებიც ჩვეულებრივ დევს კომოდზე, ხოლო კედელზე მისი ბევრი სურათია. იმასაც ვიგებთ, რომ დედა მანანას წიგნშიც ფიგურირებს, რადგან ნაწარმოები ავტორის დღიურებს ეფუძნება, ხოლო „ამ რომანის მთავარი გმირი შიშია“, რომელმაც ჩვეულებრივი დიასახლისი მონსტრად, ვამპირად აქცია.
ფილმის სახვითი მხარე (ოპერატორი – მინდია ესაძე, მხატვარი – თეა თელია) ისე სწორად და ზუსტად არის „მორგებული“ დრამატურგიას, თითქოს არ უნდა ხელი შეუშალოს მას. არცერთი ზედმეტი დეტალი, ფერებიც გაფერმკრთალებულია, მხოლოდ წითლად ღვივის მანანას სამუშაო ოთახი, რომელიც რედაქტორმა ნუკრიმ მოუწყო. ზღვარი მანანას რეალურ ცხოვრებასა და წიგნში მოთხრობილ ამბავს შორის თანდათან სულ იშლება. ფინალში ეს განაკუთრებულად იკვეთება, როცა მანანა ჩვეულებრივ ხელზე იწყებს წერას წიგნის ფინალისა. გაურკვეველია მამამისის სიტყვები, რომლებიც წიგნს ეხება თუ მანანას: „მეშინია წიგნის დასრულება, რაიმე საშინელის დასაწყისი არ იყოს, ეს ქალი ყველაფერზეა წამსვლელი… გაუძლებ?!…“
ფილმს ღია ფინალი აქვს. არ ვიცით, წიგნის როგორი ფინალი მოიფიქრა მანანამ. შესაბამისად, არც ის ვიცით, როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება. თმაში დედის ნაქონი ჩიტის ფორმის სარჭი გაიკეთა და უარი უთხრა მამას წიგნიდან რამდენიმე ადგილის ამოღებაზე, რადგან შიში დაძლია, არჩევანში ეჭვი აღარ ეპარება და ყველანაირ წინააღმდეგობას გაუძლებს.
ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ ქართულ საავტორო კინოს წარმოადგენს და საკმაოდ წარმატებულადაც. მან სხვადასხვა სახის საერთაშორისო კინოფორუმზე მრავალი პრიზი მოიპოვა, მათ შორის: ლოკარნოს (შვეიცარია) კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის („სვოჩის“ ჯილდო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის), ახალგაზრდა ჟიურის პრიზი, კინოკრიტიკოსთა ასოციაციის („ფიპრესი“) პრიზი; სარაევოს (ბოსნია და ჰერცეგოვინა) კინოფესტივალის მთავარი პრიზი „სარაევოს გული“; აზიური და წყნარი ოკეანიის კინოაკადემიის („აზიური ოსკარი“) ჟიურის სპეციალური პრიზი (ქალის საუკეთესო როლისათვის დაჯილდოვდა ნატო მურვანიძე); სან-ფრანცისკოს (აშშ) კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს კარიბჭე“. ამასთანავე, ამ ნამუშევარმა დაიმსახურა ევროპული კინოაკადემიის ნომინაციაც.
ნანა თუთბერიძე