ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც გამოფიტული, თითქმის უწონო ხის მერქანი, რომელსაც მდინარის დინება ხან ერთ ქვას მიგახეთქებს და ხან მეორეს, მაგრამ ისე ეჩვევი ამ დინების ნება-ნება მიყოლას, რომ აღარც კი ეწინააღმდეგები, სანამ ერთ უზარმაზარ ლოდს თავით არ მიენარცხები და მწვავე ტკივილი მთელ სხეულში დანის დასერვასავით არ დაგივლის. სწორედ მაშინ დგება ის გამოფხიზლების წამი, როცა ხვდები, რომ დინებას მის ნებაზე ვეღარ გაჰყვები, თორემ ერთხელაც იქნება და საბედისწერო აღმოჩნდება წინ დახვედრილი ლოდი. სწორედ, ასეთი მწვავე „გამოფხიზლების“ წინაშე აღმოჩნდება რეჟისორ მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ანა“ (2017) მთავარი გმირი, ანა (ნინო კასრაძე). ფილმი, თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე „ქართული პანორამის“ გამარჯვებულია ნომინაციაში – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი.
ფილმის სიუჟეტი, ერთ მარტივ ამბავს გვიყვება, რომლის მოქმედებაც მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ვითარდება და მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ძირითადად, ერთი პერსონაჟის ემოციების, განწყობის, ქმედებებისა და რუტინული ცხოვრების დაკვირვებას ახდენს. ფილმის პირველივე კადრები იწყება ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის კონცერტით, რომელიც ასრულებს თავისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერას, „იძინებს მზე“, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობს. ამ ცნობილი სახეების ვირტუოზულობის დემონსტრაციის შემდეგ, ფილმის ესთეტიკა სცდება დოკუმენტურობის ჩარჩოებს და რეჟისორს გადავყავართ უკვე მხატვრული ფილმისთვის დამახასიათებელ დრამატურგიულ სტუქტურაში. სწორედ აქედან იწყება მთავარი გმირის ანას, მისი საყვარელი მამაკაცის, ირაკლისა (ერეკლე ჟორდანია) და მისი ცოლის, ლიკას (ანა ნიჟარაძე) „სასიყვარულო სამკუთხედი“ მეტად მშრალი და ყოველგვარ ფსიქოლოგიურ სიღრმისეულ გააზრებას მოკლებული ამბავი.
ორმოცდახუთი წლის ანა, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად, მარტო უმკლავდება ყველა იმ სირთულეებსა და დაბრკოლებებს, რაც ყოველდღიურ ყოფას თან ახლავს ხოლმე. ალბათ, ბევრ მარტოსულ ქალს ხშირად დაუწუწუნებია ხოლმე იმის გამოც, რომ რა ცუდია, რომ მის ოჯახში მამრობითი სქესი არ არის და რომ ყოფილიყო, რა მარტივად მოაგვარებდა ამა თუ იმ საკითხს, როგორიც არის მაგალითად, სანტექნიკა, ელექტროობა (სულ მარტივი სირთულის მაინც) მძიმე ავეჯის გადაადგილება, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანის შეკეთების საკითხის მოგვარება. რაც არ უნდა ითქვას, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მარტოხელა ქალს ხომ სწორედ იმ „მძიმე“ წუთებში ახსენდება ხოლმე, როდესაც საქმე ან რემონტს ეხება, ანდა რაღაცაზე ჭანჭიკია მოსაჭერი. ანას შემთხვევაშიც ასე ხდება, როცა აბაზანაში წყლის მილი სკდება და მთელი ბინა წყლით იტბორება. სრულიად ხელმოცარული, გაყინული მზერით დგას იგი ღია კარში და გარინდული შესცქერის იმ წყლის ნაკადს, რომელიც მისი ბინიდან კიბეებისკენ მიედინება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი გმირი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალია, ასეთ მომენტში მაინც საჭიროებს საყვარელი მამაკაცის გვერდში დგომას და ანას „ახსენდება“, რომ მის გვერდით მართლაც დგას ასეთი მამაკაცი. მაგრამ ეს ასე არ ხდება, არ ხდება იმიტომ, რომ ირაკლის ისედაც თავზე საყრელად აქვს თავისი ოჯახის საქმე და ანას პრობლემები მისთვის ზედმეტი ტვირთია. მას ანა სჭირდება, როგორც ლამაზი სამკაული, რომელიც გვერდს დაუმშვენებს კაზინოში მაგიდასთან და აზარტისგან გამოწვეულ სიამოვნებასა და სასიყვარულო განცდებს მასთან ერთად გაიზიარებს.
რეჟისორი გვიჩვენებს ორი ქალის, ორივე განსხვავებული „სტატუსისა“ და განცდების მქონე პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას, ცოლისა და საყვარლის, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანაბრად იწვევენ თანაგრძნობას. ორივეს ჰყავს გვერდით საყვარელი მამაკაცი, მაგრამ თან არ ჰყავს. რეჟისორი ამით ხაზს უსვამს, რომ საზიარო პარტნიორი, საბოლოოდ, არც ერთის არის და არც მეორის და ის ვერასდროს იქნება გვერდში მდგომი ვერც ერთისთვის და ვერც მეორისთვის, ამიტომაც თავს არიდებს ირაკლი ზედმეტ პასუხისმგებლობას და მანქანიდან გადმოსული ანას დამრიგებლურ რჩევებს აძლევს, იმის მაგივრად, რომ თავად მივიდეს და შეუკეთოს დაზიანებული წყლის მილი.
ანა არის ის, ვინც მთელი ფილმის მსვლელობისას თითქმის არასდროს არ რჩება კადრსმიღმა. ანათი იწყება ფილმი და ანათი მთავრდება, ისე, თითქოს, ფილმის სხვა პერსონაჟს, თუნდაც ლიკას (მიუხედავად იმისა, რომ მას ქმარი ღალატობს, ორი შვილი ჰყავს გასაზრდელი და უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ორსულადაც არის), როგორც ქალის პერსონაჟის სახე ყურადღებას არ იმსახურებს. და ვინ არის ეს ანა საერთოდ? რატომ არის რეჟისორისთვის ასეთი ძვირფასი? ეს გაურკვეველია. ან რატომ იმსახურებს ასეთ დიდ ყურადღებას, როდესაც როგორც პერსონაჟი თავისი შინაგანი სამყაროთი არ გამოირჩება განსაკუთრებული თვისებებით. ერთადერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც ანას განწყობას ცვლის, არის იმის გაგება, რომ ირაკლის ცოლი მესამე ბავშვზე ორსულად არის.
ეპიზოდში, როდესაც ანა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იღებს წყლის ჭავლის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, განტვირთვის ასოციაციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურები ერთგვარ გამაჯანსაღებელ ფუნქციას ასრულებს, ამავე დროს, მეტაფორულადაც შეიძლება აღვიქვათ. ამ ახალი შოკისმომგვრელი ამბით დასტრესილი გმირი, წყლის ძლიერი ნაკადის ზემოქმედების შედეგად, გონებრივი „გამოფხიზლების“ სტადიას აღწევს და სულიერი განწმენდის მეტაფორის დატვირთვასაც იძენს. ეს ამბავი იმდენად თავზარდამცემია მისთვის, რომ მისი შემდგომი ქმედებები და გადაწყვეტილებები რადიკალურად განსხვავებულ, საპირისპირო, დინების საწინააღმდეგო ცვლილებებს განიცდის.
მაინც რატომ იწვევს ანას პერსონაჟი ისეთივე სიმპათიას, რომელსაც სხვის ოჯახში დესტრუქცია შეაქვს, როგორსაც ირაკლის ცოლი ლიკა, რომლის ქმარიც მიითვისეს, ნამდვილად საინტერესოა. ანასნაირი პერსონაჟები ხომ რეალობაში მრავლად არიან და მისნაირი ქალებით გამწარებული ცოლები კი, ვინ მოსთვლის, რამდენია. მაშ, რა არის ანაში ისეთი, რითაც ის გვხიბლავს და გვაჯადოვებს. ალბათ, არც არაფერი გარდა იმისა, რომ მის როლს ნინო კასრაძე ასრულებს, რომლის პერსონაჟი იმდენად მოკლებულია სიღრმეს თავისი როლიდან გამომდინარე, რომ მას უყურებ არა როგორც განსხვავებული სახასიათო პერსონაჟიდან გამომდინარე, არამედ ისე, როგორც ლამაზ, ჭკვიან, ნიჭიერ მსახიობს, რომელსაც, სამწუხაროდ, რეჟისორმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სრულყოფილი შესაძლებლობა არ მისცა.
ფილმის დრამატურგიული განვითარება მდორედ, უღიმღამოდ, ცოტა მოსაბეზრებლადაც კი ვითარდება, სადაც არ არის არანაირი ინტრიგა, დაძაბულობა, ეჭვი. ფილმის მონოტონური რიტმი იმდენად გაწელილი და ერთგვაროვანია, რომ აბსოლუტურად არ იწვევს რაიმე მოვლენათა დაძაბულობის განვითარების ატმოსფეროს. პირველივე კადრებიდანვე ჩანს, რომ ირაკლის ცოლმა იცის მათი სიყვარულის შესახებ, იმ სიყვარულისა, რომელიც მთელი ფილმის მსვლელობისას არც რაიმე ლამაზსა და მომხიბლავ ამბავს გვიყვება მათ შესახებ და არც ვნებით აღსავსე კავშირზე მიგვითითებს. ირაკლის და ანას ურთიერთობა ზედაპირული და ცარიელია, რასაც მსახიობების თამაშს ვერ დავაბრალებთ. ნინო კასრაძის სახე აქაც, ისევე როგორც მის სხვა ფილმებში, ისეთივე მეტყველი, მომხიბვლელი და ბუნებრივია, რომ სულაც არ სჭირდება ზედმეტი ჟესტები და მძაფრი ემოციური ქმედებები იმისათვის, რათა გმირის შინაგანი განწყობა და მდგომარეობა მაყურებლამდე მიიტანოს. ის მთავარი მუხტი, რომელიც პერსონაჟების ურთიერთობიდან არ მოდის, მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის სუსტ მიზანსცენებს შეიძლება დავაბრალოთ.
ფილმი იმდენად მოულოდნელი კულმინაციით სრულდება და იმდენად აბსურდულია ანას თხოვნა ლიკას მიმართ, საერთოდ გაბნევს მისი პერსონაჟი და მხოლოდ იმ განცდას გიტოვებს, რომ რეჟისორს სურდა ამით ერთგვარი ზემოქმედება მოეხდინა მაყურებელზე და ანასადმი უფრო მეტი თანაგრძნობა გასჩენოდა, რასაც მთელი ფილმის მსვლელობისას დიდი მონდომებით ცდილობდა. მაგრამ რატომ? ისმის კითხვა, როდესაც ირაკლის ცოლი უფრო მეტ სოლიდარობას იმსახურებს იმის გამო, რომ მისთვის იმდენად გაუსაძლისია ანას არსებობა მის ოჯახურ სივრცეში, რომ მესამე ბავშვი, რომელსაც ის ირაკლისგან ელოდება, აღარც კი აქვს სურვილი, რომ შეინარჩუნოს.
როცა საუბარია ახლო ხედის მნიშვნელობაზე კინოში, ალბათ, უამრავი ისეთი კადრი გვახსენდება, რომელიც პირველივე ნახვის მერე ჩვენი მხედველობითი მეხსიერებიდან არასდროს არ წაშლილა. ასეთი შეიძლება იყოს მრავლად ბერგმანის ფილმებში, ასევე ჰიჩკოკის, ტარკოვსკის, განსაკუთრებით კი უხმო კინოს რეჟისორებთან, როცა ამბის „მთხრობელი“ სახეა და არა სიტყვა. საკმარისია, ამ მხრივ გავიხსენოთ თუნდაც, კარლ თიოდორ დრაიერის ჟან დ’არკის ახლო ხედები, რაც მაყურებელზე მძაფრ ემოციურ ზემოქმედებას ახდენდა. რაც შეეხება „ანას,“ ნინო კასრაძის ახლო ხედების ჩვენებით რეჟისორი, მართალია, ცდილობს მის შინაგან განწყობას უფრო მეტი გამომსახველობა შემატოს და ამის გასამძაფრებლად ოპერატორი (დიმიტრი დეკანოსიძე) ხანგრძლივ, სტატიკურ კადრს იყენებს, მაინც არის განცდა იმისა, რომ კადრი არის მოკლებული სიღრმეს, დროში იწელება და კინემატოგრაფიული ენისათვის დამახასიათებელ მაღალმხატვრულ ღირებულებებს სცდება.
ის გაწელილი ეპიზოდები, რომლებიც განსაკუთრებით დასასრულს ვითარდება, როდესაც ანა უეცრად ცვლის გადაწყვეტილებას, ნაცვლად იმისა, რომ დაბადების დღეზე წავიდეს, მთელ ღამეს საკუთარ თავთან განმარტოებას და ღამის, ლამპიონებით განათებულ შუკებსა და ქუჩებში სეირნობას ამჯობინებს, ხანგრძლივ მომქანცველ განწყობას იწვევს. და მაინც, როგორც არ უნდა ეცადა რეჟისორი, რომ ფილმი უფრო სიღრმისეული და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებითი ყოფილიყო მაყურებელზე, ის მაინც რუტინული კადრების მთელი კასკადია ერთი ლამაზი, ნიჭიერი მსახიობის დემონსტრირებით.
ქეთევან ღონღაძე