რწმენის საკითხი ყოველთვის აქტუალური თემა არის კინემატოგრაფში, რადგან დროის გასვლასთან ერთად იზრდება ინტერესი მის მიმართ.
მიხეილ კვირიკაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ნათლობა იორდანეში“ (2021, მეორე სათაური – „იესოს ჩიტი“) რელიგიურ საკითხს განსხვავებული კუთხით უდგება. რეჟისორი ფილმის სიუჟეტში მოგვითხრობს ერთ აფერისტზე, რომელიც გაქცევის შედეგად აღმოჩნდება მატარებლის ვაგონში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. მათ ის მღვდელი ჰგონიათ, რადგან მამაკაცს სასულიერო პირთან ბანქოში მოგებული ჯვარი ჰკიდია. იგი გააბამს მათთან საუბარს, მოირგებს მღვდლის როლს და ქადაგებს ქრისტე ღმერთზე.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ვითარდება საბჭოთა საქართველოში, რაც ბავშვების ჩაცმულობასაც ეტყობა. მათ პიონერების ფორმა (წითელი ყელსახვევით) აცვიათ. ეს ყოველივე იმისთვის არის საინტერესო, რომ საბჭოთა იდეოლოგია მღვდლებს ზუსტად ისევე უყურებდა, როგორადაც რეჟისორს პირდაპირ ჰყავს წარმოჩენილი – მატყუარა, აფერისტი ხალხი, ვინც, ღმერთის სახელით, სხვას ფულსა და ქონებას ძალავს. თავიდან თითქოს ჩნდება განცდა, რომ ავტორს სურს, ეს მითები მოაშოროს პერსონაჟს, ცდილობს მის გაკეთილშობილებას, თუმცა ის ხომ მართლაც მღვდელი არაა, ამიტომ ტოვებს ამ აპლუაში და წირავს მას მატარებლიდან „გაფრენისათვის“.
ნათლობა – აი, ესაა მთელი ფილმის ლაიტმოტივი. ბავშვები „მღვდელთან“ საუბრისას ხშირად წუხან იმაზე, რომ მონათლულები არ არიან, ამიტომაც მამაკაცი მათ ტბაში მონათვლას პირდება და ასეც იქცევა. ლათინურად ნათქვამი „სახელითა მამისათა და ძისა და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ იმდენად პათეტიკურად ჟღერს პერსონაჟის მიერ, რომ მაყურებელს შეიძლება გაეცინოს კიდეც, თუმცა ბავშვების ხილვისას, თუ როგორი ბედნიერი, თვალდახუჭული სახით დგანან ისინი და ინათლებიან, ემოციური სურათი იცვლება. ზუსტად აქ ჩანს ფილმის მთავარი თემა – რწმენა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზუსტადაც ისაა, რომ რეჟისორი თითქმის დასასრულს აჩვენებს, თუ რა თემაზეა ფილმი. მაყურებლისთვის შეიძლება გაუგებარი გახდეს პირველი 15 წუთი (კინოსურათი მთლიანად 27 წუთია), თუ რატომ უყურებს საავტორო კინოდ ქცეულ „მიდიოდა მატარებელს“. მიხეილ კვირიკაძის ფილმი ასოციაციურად იწვევს გიორგი შენგელაიას კომედიის გახსენებას. ამ ორ კინოსურათს საერთო კავშირი აქვს. ორივეგან დასდევენ აფერისტს ვალის დასაბრუნებლად, ორივე მთავარ პერსონაჟს უწევს „გადაცმა“ დასამალად, საბოლოოდ კი, ორივე მაყურებელს მოუთხრობს რწმენაზე – შენგელაია სამშობლოს, ხოლო კვირიკაძე ღმერთის რწმენაზე. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ეს უკვე სხვა საკითხია.
„ნათლობა იორდანეში“ ერთობ დუალისტური ფილმია გამოსახულებითა და აზრით. ერთი შეხედვით, მასში ჩანს ფილოსოფიური შტრიხები ღმერთზე, ადამიანზე, რწმენასა და ამ გზის გავლის მეთოდებზე. რეჟისორი ბავშვების მაგალითით ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ, მთავარია ვიპოვოთ ღმერთი. ძალიან კარგი და მომნუსხველია ასეთი რამ, თუმცა კარგად დაკვირვების შედეგად ჩნდება კითხვა – როგორი ქრისტიანები გახდებიან ის ადამიანები, რომლებიც მევალეებისგან გაქცევის მიზნით მღვდლის „ფორმაში“ გადაცმული კაცისგან ისმენენ ღვთის სიტყვას? რა თქმა უნდა, მათ არ იციან, რომ ის „ფარისეველია“. მაინც საშიშია რწმენაში ჩავარდნა ისეთი კაცისაგან, რომელიც ჯერ ნათლავს, ხოლო შემდეგ ეფლირტავება ბავშვების პიონერხელმძღვანელს. ეს ყოველივე ხომ მკრთალად, მაგრამ მაინც რჩება თუნდაც იმ ახალგაზრდა ქალის ქვეცნობიერში, რომლისკენაც იყო მიმართული „მღვდლის“ სიმპათია.
ფილმი გამოსახულებითაც „ორპირია“. შავ-თეთრი კადრები თანამედროვე სამყაროსთვის მეტად „სერიოზულად“ აღიქმება, რისთვისაც აშკარად იღწვის ავტორი. ერთხელ ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ რეჟისორები მაშინ იღებენ შავ-თეთრ ფილმს, როდესაც რაღაცის თქმა სურთო. შავ-თეთრი კადრები, პირიქით, აღარიბებს ამ კონკრეტულ ნამუშევარს, რადგანაც მასში წარმოდგენილი პეიზაჟები და მიზანსცენები, აშკარად, ფერით მეტად საინტერესო იქნებოდა (მართლაც არის ამ ფილმში სცენები, სადაც ფერი ცალკე სათქმელს იტყოდა). შავ-თეთრი კინოს კლიშემ დათრგუნა ეს კინოსურათი, ჩასვა „საავტორო კინოს“ ჩარჩოში და გახადა იმაზე სერიოზული, ვიდრე იგი შეიძლება ყოფილიყო.
მთლიანად სარკასტული ელემენტების მქონე კინოსურათი, სადაც აფერისტი ხდება „მღვდელი“, რომელიც ნათლავს პიონერებს, ხოლო შემდეგ მევალეები მას მატარებლიდან გადააგდებენ და ამის მნახველი პიონერხელმძღვანელი იფიქრებს, რომ ის გაფრინდა, ვიზუალურად გადაქცეულია ბერგმანის ან ბრესონისეულ ღრმა ფილოსოფიური კინოდ. რეჟისორს შეეძლო ეს სარკაზმი გამოეყენებინა და ეჩვენებინა საოცრად სახალისო, „შავი იუმორით“ შემკობილი კინოსურათი, თუმცა იმძლავრა სურვილმა „ბერგმანობისკენ“ და გადაიღო ფილმი, რომელიც ერთი ნახვით საოცრებაა, ორი ნახვით – „არა უშავს რა“, ხოლო მესამე ნახვით ცუდად დამუშავებული ალმასს ჰგავს. მიხეილ კვირიკაძემ ვერ დაძლია ქართული კინოს „კომპლექსი“, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მან ამჯობინა „კლასიკურად“ აღიარებული მეთოდები, რომლებიც არათუ მოძველდა, არამედ საყურებლადაც უსიამოვნოა. შავ-თეთრი კადრები, გაშლილი პანორამა, სადაც ბავშვები მორბიან, მატარებელში განვითარებული სიუჟეტი და ა. შ. აღარ არის საინტერესო.
კინემატოგრაფიული და სარეჟისორო თვალსაზრისით ერთგვარი ჩაკეტილობის მიუხედავად, უდავოდ, გამოსაყოფია ამ ფილმის მთავარი გმირი. ზოგადად, ქართულ კინოში ოდითგანვე ხშირი პრობლემაა მსახიობების თამაშის თეატრალური მანერა. ამის აღმოფხვრა კი ნელ-ნელა დაწყებულია, რისი კარგი მაგალითიცაა ახალგაზრდა მსახიობის, პაატა ინაურის მიერ განსახიერებული აფერისტი კაცი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა. მისი პერსონაჟი წმინდად კინემატოგრაფიულია, აშკარად „კომუნიკაციაშია“ კინოკამერასთან, რაც ახლაც ძალიან იშვიათია ქართულ რეალობაში. იგულისხმება ის გარემოება, რომ მსახიობი მიმიკითაც უნდა ამბობდეს პერსონაჟის სათქმელს და არ უნდა სჭირდებოდეს სათეატრო ომახიანი შეძახილი ემოციის გამოსახატავად.
ფილმმა, ყველაფრის მიუხედავად, შეძლო კინოპროფესიონალების გულის მოგება. 2022 წელს, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მან მიიღო ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში, მინიმალიზმისა და ქართული კინემატოგრაფიის თანამედროვე ინტერპრეტირებისათვის. უცხოელ მაყურებელს ზუსტად ეს პოსტმოდერნისტული გადაწყვეტა მოეწონა ამ ფილმში.
საბა მახარაშვილი,
კინომცოდნე