გაყინული ურთიერთობები

ქართული კინო ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა. მის რიგებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის დასაწყისში შექმნილმა, დეპრესიული ხასიათის მქონე ჩაბნელებულმა, ერთი და იგივე თემატიკის ფილმებმა უკან გადაიწიეს. ეკრანი განათდა, გაფერადდა, გამოსახულება გამკვეთრდა, ფილმების რიცხვმაც იმატა და მათ საერთაშორისო ასპარეზზეც თავაწეული მსვლელობა დაიწყეს. ზოგი ფილმი თავიდანვე ინტერესს იწვევს და მაყურებელიც უფრო მეტის მოლოდინშია, ზოგიც კი, პირიქით, თითქოს არ იძლევა იმედის საშუალებას, მაგრამ სიუჟეტი მსვლელობის მანძილზე ისე ვითარდება და ტრანსფორმირდება, რომ აღაფრთოვანებს მაყურებელსაც და სათანადო ჯილდოსაც იმსახურებს.

ვანო ბურდულის ფილმი, „გაყინული შადრევნების წელიწადი“ (2015) ტიტრებიდანვე რაღაც განსაკუთრებულის ნახვის მოლოდინს აჩენს. მისი სცენარის ავტორი დავით ჩუბინიშვილია. ასეთი ცნობილი და გამოცდილი კინოსცენარისტის თანამშრომლობა ნაკლებად ცნობილ რეჟისორთან მაყურებლის მეტ დაინტერესებას იწვევს, მითუმეტეს, თუ ოპერატორი გოგა დევდარიანია, რომელიც საუკეთესო გამოსახულებას პირდება მნახველს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმის მთავარი და ეპიზოდური როლების შემსრულებლებზე – თანამედროვე ქართული კინოს პოპულარულ და სახელგანთქმულ მსახიობებზე: ნატო მურვანიძეზე, ია სუხიტაშვილზე, ნუცა კუხიანიძეზე, შოთა ქრისტესაშვილზე, დათო დარჩიაზე, გიორგი ნაკაშიძეზე, ეკა ნიჟარაძეზე და სხვ. ამ ჩამონათვალის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩნდება მოლოდინი, რომ ფილმი ძალიან კარგი თუ არა, საინტერესო მაინც იქნება.

რეჟისორი ზოგადსაკაცობრიო, მუდმივ თემებს ეხება: ნებისმიერ ასაკში გამოვლენილ სიყვარულს და მასთან ერთად არსებულ ღალატს, სიკვდილს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რელიგიური თემის მინიშნებით წარმოდგენას, მამა-შვილის ურთიერთობას, განსხვავებული სოციუმის წარმომადგენლების ყოფას, თინეიჯერების წმინდა, იდეალზე აგებულ, ჯერ კიდევ შეუბღალავ გრძნობებს. მოქმედება, ძირითადად, ვითარდება ქალაქის ძველ კოლორიტულ უბანში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება მოიხიბლო არტ-ნუვოს სტილის შესანიშნავი ნაგებობებითა და ვიწრო ქუჩებით, იშვიათად უფრო ურბანულ, კეთილმოწყობილ, ხალხით სავსე ლოკაციებზეც ვხვდებით, რაც მოქმედ პირთა ჭეშმარიტ ქალაქელობაზე მიგვანიშნებს, რადგან რეჟისორის წარმოდგენით მათ წრეში უფრო ადვილად მისაღებია ცოლ-ქმრული ადიულტერი – ქმარი თუ ღალატობს, ცოლმაც იმავე ხერხით სამაგიერო უნდა გადაუხადოს.

დავიწყებული და გაფერმკთალებულია ყოველივე, რაც ადრე წმინდა გრძნობად ითვლებოდა. სიკვდილიც კი უფრო სანახაობაა, ვიდრე განცდა და ტკივილი. თანაც, მატერიალური პრობლემების შემქმნელი. ცალკეული ოჯახის ამბები ფრაგმენტურად არის ასახული. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს სერიალის მეოთხე თუ მეხუთე სერიას უყურებ, სადაც ფილმის მოქმედება დიდი ხნის განვითარებულია და აქ მხოლოდ გრძელდება. მსახიობებიც ვერ ავლენენ მათთვის დამახასიათებელ არტისტიზმსა და ოსტატობას, რაც სხვა ფილმებიდან კარგად გვახსოვს, თუნდაც ისეთი ნიჭიერი და დასამახსოვრებელი მსახიობი, როგორიც გიორგი ნაკაშიძეა. მის მიერ განსახიერებული, ეზოში მანეკენივით მდგომი არაფრისმთქმელი (პირდაპირი და ირიბი გაგებით) პერსონაჟი, რომელიც, რატომღაც, გამუდმებით კატის კნუტს ცხვირსახოცივით აფრიალებს. თუმცა, ხანდახან, მექანიკურად, უგულოდ ეფერება კიდეც. ყოველ პერსონაჟში იკვეთება ის სიცივე და უსულგულობა, რაც ამ ქვეყნად სუფევს. გალიაში ჩაკეტილ ძაღლსაც კი სახელად მგელი ჰქვია. რეჟისორის ჩანაფიქრიც სწორედ ეგ არის, რომ დაგვანახოს, როგორ გაუფასურდა ყოველივე ამქვეყნად, ნამდვილი აღარაფერი დარჩა, ყოველივემ სუროგატის სახე მიიღო – როგორც ჭეშმარიტმა ურთიერთობებმა, ასევე ნებისმიერმაც.

მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა, რომელიც, ერთი შეხედვით, მამაშვილურ სიყვარულსა და ერთგულებას უნდა ავლენდეს, მოვალეობის მოხდის აუცილებლობას უფრო ჰგავს და, ძირითადად, შუბლზე კოცნით იწყება და მთავრდება. გოგოს სულ სადღაც ეჩქარება, ინვალიდი მამა კი, პროფესიით ცნობილი ფოტოხელოვანი, მთელ დღეებს მარტოობაში ატარებს, თავის ძველ ფოტოაპარატთან ერთად და მონოტონურად მისი ფანჯრიდან დანახულ ერთსა და იმავე კადრს იღებს. მან თავის უსუსურობას დამაჯერებელი არგუმენტიც მიუსადაგა, რაც სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს – ამბობს, რომ გადაღება ასე უფრო საინტერესოა, რადგან დღის სხვადასხვა მონაკვეთში განათება ცვალებადია, სტატიკაში მყოფი კადრი სრულიად გარდაისახება, იქნებ მონესავით (რომელმაც ამ პრინციპით შედევრები შექმნა) მისი ნამუშევრებიც ოდესმე აღიარონ.

სხვა პერსონაჟებისგან უფრო მეტად გამოიკვეთება უცხოელი მოგზაური, რომელიც ფილმის პირველივე კადრებიდან ფოტოაპარატით ხელში აკვირდება და აფიქსირებს დღისა თუ ღამის ქალაქის შესანიშნავ ხედებსა და იქ მოსეირნე ადამიანებს, უფრო ხშირად კი იმ სახლის მცხოვრებლებს, სადაც ფილმის გმირები ცხოვრობენ, რადგან თვითონაც ამ სახლში განთავსებული კერძო სასტუმროს ბინადარია. ის თითქმის ყველა პერსონაჟს გაიცნობს და უმეგობრდება, ახალგაზრდა ქალთან კი სასიყვარულო ინტრიგის მცდელობაც ჩნდება, მაგრამ უშედეგოდ, რადგან თვითონვე აღიარებს, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს, ამიტომ სერიოზული ურთიერთობებისათვის ვერ იცლის. ყველა ამბავი ფაზლის ნაწილებივითაა დაქუცმაცებული და აწყობა არ უწერია. მხოლოდ 13 წლის ბავშვების სუფთა გრძნობა, რომელსაც უკვე ბევრი პრობლემა ეღობება, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უფრო მნიშვნელოვან და ხანგრძლივ სახეს მიიღებს, მაგრამ გოგონას დედასთან საუბარი ამ იმედსაც ახშობს, თურმე მასა და ბიჭის მამასაც, მათ ასაკში, ასევე ყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ ის მიტოვებული დარჩა. და, საერთოდ, რომეო და ჯულიეტას რომ დიდხანს ეცხოვრათ, იქნებოდნენ კი ერთად? ისმის რიტორიკული კითხვა ეკრანიდან.

მხოლოდ ოპერატორ გოგა დევდარიანის კინემატოგრაფიული დინამიკის გააზრება აბალანსებს ფილმის ქაოტურ სტრუქტურას. მისი კომპოზიციური გამოსახულების სტილისა და ფორმის ერთობლიობა, შიდაკადრული გრძნობა აკეთილშობილებს და გადაფარავს რეჟისორულ დარღვევებს. მაგრამ ფილმი ხომ ჯგუფური ნამუშევარია და როდესაც ერთი კომპონენტი უფრო წინ იწევს, ეს უკვე არღვევს სტრუქტურულ ერთიანობას. ამან შეიძლება ფილმი უფრო სანახაობითი გახადოს, მაგრამ რეჟისორის კონცეფციაში ვერ ჩაეწეროს.

რეჟისორს თავიდანვე შეცდომაში შევყავართ. ფილმი იწყება დილის ეპიზოდით ქალაქის სკვერში – ახალგაღვიძებული, უსახლკარო ქალისა და მამაკაცის მოწესრიგებით. დასაწყისში და შემდგომში პერიოდულად გამოყენებული, ჩაბნელებული და შენელებული, გაწელილი კადრები წამიერად გაფიქრებინებს, რომ რეჟისორმა განსხვავებული კინომოძრაობის – ნელი კინოს (Slow Cinema) პრინციპების გამოყენებით ინოვაციური, ახალი ხედვის შემატება გადაწყვიტა ქართული კინოსათვის, ამ მიმდინარეობის გამოკვეთილი წარმომადგენლის, პორტუგალიელი რეჟისორის – პედრუ კოშტას მსგავსად, რომლის პერსონაჟები, უმეტესად, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან (თუმცა ჩემი პარალელი სრულიად უშედეგო და აბსურდული აღმოჩნდა). სამაგიეროდ, ფილმის დასასრულს მის დასაწყისში დაფიქსირებული ორი უსახლკაროს ურთიერთობა გამახსენა, თუ როგორი რუდუნებითა და სიყვარულით უვარცხნის თმას მამაკაცი თავის პარტნიორს, მათ კი შორიდან აკვირდება და ფოტოს უღებს უცხოელი მოგზაური. დამანახა ის, თუ რისი გადმოცემა სურდა რეჟისორს მთელი საათნახევრის განმავლობაში – რომ ამ უსულგულო, ფასეულობებისაგან გამოცლილ სამყაროში მხოლოდ შეჭირვებულ ადამიანებს, ერთმანეთის გარდა, აღარავინ დარჩენიათ ამ უკიდეგანო, გაყინულ ადამიანთა ოკეანეში, რომ მხოლოდ მათ შესწევთ იმ ფაქიზი და, ამავე დროს, ძლიერი გრძნობის შენარჩუნება და უჩუმრად გამოხატვა, რასაც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია.

 ქეთევან ჯაფარიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *