ოჯახის დანგრევა ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა სევდასთან და დანაკარგის განცდასთან ასოცირდება. ამას ხშირად ენაცვლება ბრაზი და წყენა, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ყოფილ პარტნიორზე, საკუთარ თავზე ან, ზოგადად, სიტუაციაზე. ეს ემოციები, განსაკუთრებით კი წარსულში დაგროვილი წყენა, ხელს უშლის წინსვლასა და ცხოვრების ახალ წესთან შეგუებას. შედეგად, განშორება ცხოვრების დასასრულს ემსგავსება.
ლუკა გაბელაიას სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ორი საათი“ (2016) მძაფრად ასახავს იმ ტკივილსა და სინანულს, რაც ოცდახუთწლიანი ქორწინების დასრულებას ახლავს თან. რეჟისორი ოსტატურად გვიჩვენებს იმ უხილავ ბარიერებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ყალიბდება ორ ადამიანს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ უდიდესი საერთო წარსული აკავშირებთ.
სიუჟეტის ცენტრში ცოლ–ქმარია, რომლებიც განქორწინების შემდეგ, ერთ მანქანაში სხედან. მათი დუმილი და უხერხული სიჩუმე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნანობს მომხდარს და აშკარად ეტყობათ ერთმანეთის მიმართ შენარჩუნებული გრძნობები, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი ემოციებისა და ფიქრების გაზიარებას. ეს დუმილი არა მხოლოდ კომუნიკაციის ნაკლებობაზე, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილ გაუგებრობებსა და ემოციურ დისტანციაზე მიანიშნებს. მაყურებელი გრძნობს ამ სიმძიმეს და საკუთარ თავზე იღებს წყვილის უიმედობას.
ფილმის პირველი ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმით, თუ როგორ გვიჩვენებს რეჟისორი წყვილის შინაგან სამყაროს ხმოვანი კომენტარების („ვოისოვერების“) მეშვეობით. ორივე პერსონაჟის შინაგანი მონოლოგი ხაზს უსვამს იმ ტრაგიკულ ირონიას, რომ ისინი ერთმანეთის გვერდით სხედან, ერთსა და იმავე ტკივილს განიცდიან და ერთსა და იმავე რაღაცებზე ნანობენ, მაგრამ ამის შესახებ არც ერთმა არ იცის, რადგან საკუთარ გრძნობებს ვერ უზიარებენ ერთმანეთს. ეს დუმილი ხდება არა მხოლოდ დისტანციის, არამედ სინანულის დაუძლეველი სიმძიმის სიმბოლოც.
კულმინაციური მომენტი, ავტოსაგზაო შემთხვევა, ფილმს სრულიად განსხვავებულ მიმართულებას აძლევს. რეჟისორი გვიჩვენებს ალტერნატიულ რეალობას, სადაც წყვილს ეძლევა შანსი, თავიდან დაწეროს საკუთარი ამბავი. ამ პარალელურ სამყაროში ცოლ–ქმარი თავისუფლად საუბრობს, იხსენებს ქორწინების ბედნიერ წუთებს, საერთო წარსულის ნათელ მოგონებებს. მათი სახის გამომეტყველება სიხარულსა და სითბოს გამოხატავს, რაც მკვეთრ კონტრასტში მოდის რეალური სამყაროს სიცივესთან და განქორწინების ტკივილთან. ეს ალტერნატიული ხედვა არა მხოლოდ იმედის ნაპერწკალს აჩენს, არამედ მაყურებელს აფიქრებს დაკარგულ შანსებზე, გამოუყენებელ მომენტებსა და იმ უთქმელ სიტყვებზე, რომლებსაც ხშირად ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. წყვილის სინანული ალტერნატიულ რეალობაში ვიზუალურად გამოიხატება. მაყურებელი ხედავს, თუ რას ნანობენ ისინი: ბედნიერებას, სიყვარულს, სიახლოვეს, იმ გრძნობებს, რომლებიც სხვა სამყაროში რეალობად იქცევა. ეს ხერხი მაყურებლის ემოციურ ჩართულობას აძლიერებს.
ფილმის მთავარი თემა შეიძლება შევაჯამოთ ფრაზით – „უთქმელი სიტყვები იწვევს პოტენციურად ბედნიერი ცხოვრების დაკარგვას“. ეს არ არის მხოლოდ დაკარგული სიყვარულის ამბავი განქორწინების ზღვარზე მყოფი წყვილის შესახებ, ეს არის რეჟისორის მიერ გაანალიზება იმისა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის არარსებობამ გაანადგუროს, დაშალოს ყველაზე მყარი კავშირებიც კი. ფილმი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებს შორის დუმილი, ზოგ შემთხვევაში, არ არის სიმშვიდის ან ჰარმონიის ნიშანი. დუმილი ლუკა გაბელაიას ფილმში უფრო მეტად გაუგებრობებს, წყენას, შიშებსა და იმედგაცრუებების დაგროვებას გამოხატავს. წყვილი არ ლაპარაკობს, რადგანაც ეშინია, რომ თავიანთი სიტყვები კიდევ უფრო მეტი ტკივილის მომტანი გახდება ან, უბრალოდ, არ იციან, როგორ გამოხატონ ის, რაც მათ გულებშია, რაც მათი გრძნობებია. ეს შინაგანი ბარიერები, საბოლოოდ, მათ ურთიერთობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ. „ორი საათი“ ასევე გვეუბნება, რომ სინანული ხშირად ყველაზე მძიმე ტვირთია. ცოლ–ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ჯერ კიდევ განიცდის, თუმცა ამის თქმა უკვე გვიანია. მათი „ვოისოვერები“ წარმოადგენს იმ გამოუთქმელ აღიარებებსა და სურვილებს, რომლებიც არასდროს გასცდენია მათი გონების საზღვრებს. ფილმი გვახსენებს, რომ ყოველი ხელიდან გაშვებული შანსი, ყოველი გამოუთქმელი სიტყვა, ყოველი ჩახშობილი ემოცია ნელ–ნელა კლავს ურთიერთობას.
ალტერნატიული რეალობა ამ ტრაგედიას კიდევ უფრო მწვავედ აჩვენებს. ეს არ არის ბედნიერი დასასრული, არამედ ესაა მძლავრი შეხსენებაა იმისა, თუ რა ფასად დაუჯდათ მათ დუმილი. ეს არის სარკე, რომელიც მაყურებელსაც აიძულებს, საკუთარ თავში ჩაიხედოს და დაფიქრდეს, ხომ არ არის მისი ცხოვრებაც სავსე უთქმელი სიტყვებითა და ხელიდან გაშვებული შანსებით.
რაც შეეხება ვიზუალურ ეფექტებს, გარდამავალ და დაძაბულ მომენტებში გამოყენებულ ფერად აბსტრაქციებს, აქ ფილმი ავლენს როგორც პრაქტიკულ, ისე მხატვრულ კომპრომისებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მინიმალისტური მიდგომა დაბალბიუჯეტიანი პროექტისთვის ეკონომიური და გამართლებულია, მისმა მეტისმეტად აბსტრაქტულობამ, შესაძლოა, მაყურებლისთვის გარკვეული გაუგებრობა გამოიწვიოს. ფერები, თავისთავად, შეიძლება არ იყოს საკმარისად ინფორმატიული ან ემოციურად მდიდარი, რათა სრულად გადმოსცეს ამ მომენტების დრამატული სიმძაფრე და გარდამტეხი მნიშვნელობა. ამ კუთხით, შესაძლოა, უფრო მეტად დახვეწილ ან მრავალფეროვან ვიზუალურ მეტაფორებს უკეთესი ეფექტი მოეხდინა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფილმის მთავარი ფოკუსი არ არის ვიზუალურ სპეცეფექტებზე, არამედ ის აქცენტს ემოციურ დრამაზე აკეთებს.
საერთო ჯამში, „ორი საათი“ არის ძლიერი, ემოციური და დამაფიქრებელი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი, რომელიც წარმატებით აკრიტიკებს კომუნიკაციის ნაკლებობას თანამედროვე ურთიერთობებში. ის გვახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული მოქმედებას, გულწრფელობას და მუდმივ საუბარს მოითხოვს. ფილმი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სტუდენტურმა პროექტმა, მცირე რესურსებით, მაგრამ ძლიერი იდეითა და ოსტატური რეჟისორული ხედვით, შექმნას ღირებული და დასამახსოვრებელი კინემატოგრაფიული გამოცდილება. ფილმი მაყურებელს ტოვებს სინანულის მწარე გემოთი, მაგრამ ამავდროულად, ასწავლის გაკვეთილსაც – ნუ დაელოდებით „ორ საათს“, ისაუბრეთ ახლა, სანამ არ არის გვიანი!
სალომე გოგოლი