ჭადრაკის, არა როგორც სპორტის სახეობის, არამედ როგორც თავისთავად არსებული ინტელექტუალური რესურსის მაჩვენებლის კვლევა ერთია, მასთან დაკავშირებული ადამიანების პერსონალური პორტრეტების ძიება და ჩვენი ქვეყნის საჭადრაკო ფენომენად ქცევის ისტორია კი სხვა მოვლენაა დღევანდელ სამყაროში. დღეს ყოველი მხრიდან ვაწყდებით და აღვიქვამთ რეალობას, სადაც გამონათქვამი „ავტორიტეტების მსხვრევა“, პრიმიტიულ თვითმიზნად არის გამოცხადებული.
საჭადრაკო ფენომენად ქცეულ ქვეყანაში, სადაც ქალები ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ მსოფლიო ჩემპიონობას პროფესიულ ჭადრაკში, დღეს აღარავის უკვირს ის, თუ უიღბლობას შეჭიდებული ადამიანები როგორ იყენებენ ამ სახელებს, საკუთარი ქვენა აგრესიის ან შეურაცხყოფის სამიზნედ. ეს თანამედროვეობის პრიმიტიული ყოველდღიურობის ნაწილია – ბოლოს და ბოლოს, არსებობს ისტორია, რომელიც არასოდეს გვახსენებს რამდენი შეუმდგარი პოეტი და მწერალი თელავდა გალაკტიონის ან სხვა შემოქმედის სახელს, ვინაიდან შეურაცხმყოფელთა ვინაობა მარტივად გაქრა დროში, როგორც წვიმასთან ბუნებრივად შერეული რუხი წყალი. ალბათ, ამ პოეტურ გადახვევასაც ექნება გამართლება, თუ გავიხსენებთ რამდენჯერ სცადა თანამედროვე სინამდვილეში არსებულმა ამ მარადიულმა სენმა ქართული ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონებისათვის საკუთარი უსასოობის დაფარვის ფასად ჩამოეშორებინა ნამდვილი ღირსება. და რამდენადაც ეს ფაქტი იძენს მკვეთრ კონტურებს, რამდენადაც ნათელია ამ უსასოობის რეალური მიზეზები, იმდენად მეტ ინტერესს იწვევს კინოდოკუმენტალისტიკაში ნებისმიერი ნაბიჯი, მიმართული ისტორიის უკვდავსაყოფად.
თათია სხირტლაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, „დიდება დედოფალს“ 2020 წელსაა გადაღებული და ქართველი ჭადრაკის დედოფლების რამდენიმე პერსონალურ–მხატვრულ–დოკუმენტურ პორტრეტს ქმნის, რომლის მთლიანობასაც, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილებით, მილუნკა ლაზარევიჩის, იუგოსლავიის (როგორც ეწოდებოდა ქვეყანას დაშლამდე) პერიოდის ჩემპიონისა და თეორეტიკოსის, მონათხრობი კრავს რამდენიმე ეტაპად, თითქოს თითოეულის ბიოგრაფიაში დაყოფილ ტიხრებად და ნაწილებად. ეს ნაწილები თავისთავად ფასეულია, თავისი ავთენტურობით მატიანედაა ქცეული, ამ ოთხეულის პიროვნულ მხატვრულ ხედვაზეა აგებული და უშუალო დამოკიდებულებით გამორჩეულია ავტორის მხრიდან.
ნანა ალექსანდრიას, ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის საჭადრაკო თავგადასავალი მათ პიროვნულ სახასიათო პორტრეტებთან უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში, ასე იკითხება) გადაჯაჭვული.
ინტერვიუ, დოკუმენტური ფილმის უტყუარი და ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ხერხიც კი, ამ ქალბატონების ხასიათის ბოლომდე გახსნისათვის საკმაოდ რთულია, თუნდაც მიზანი მხოლოდ აღწერითი სახის ჩანაწერი ყოფილიყო. არც თუ ყოველ ეპიზოდში, მაგრამ ხშირად, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის ინტერვიუები აშკარად სახიერი, ოდნავ შეზღუდული სამოქმედო სივრცით გამოირჩევა. ვგულისხმობ განცდას, რომელიც მათი სიარულის, სხვადასხვა ადგილას ჩასვლა–ჩამოსვლის, მათი ცხოვრების ეპიზოდებში, თითქოს ანასხლეტ, ფრაგმენტულ მონათხრობში, მხოლოდ წამიერ განწყობას ეყრდნობა და არა ამ პორტრეტების მთლიანობაში გააზრებას. შესაძლებელია, ეს ჩანაფიქრს მივაწეროთ, შესაძლებელია თავად ამ გმირების ხასიათს, რომელიც ოდნავ ინდიფერენტულ განწყობას ბადებს, თუმცა ეს არც გარემოს, არც იმ რეალობას არ ეხება, რომელშიაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ.
ჭადრაკის ჩემპიონობა თავისი ტრადიციებით, წარუმატებლობითა და ბრძოლით ამ ოთხი გმირისთვის საბჭოთა ქვეყნის რეალობის ნაწილი იყო. ის დოკუმენტური საარქივო მასალა, რომელიც ავტორმა სავარაუდოდ ტელეარქივიდან მოიპოვა, არასრულ, მაგრამ ძალზე საინტერესო წარმოდგენას გვიქმნის, ზოგადად, ეპოქაზე, თუმცა ცოტა არ იყოს, ნაძალადევად მიმაჩნია კადრსგარეთ ხაზგასმა იმისა, თუ როგორ აიძულებდნენ მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილის ოჯახს, უშუალო სიტუაციის შესაქმნელად სწორედ ისე დამსხდარიყვნენ ან იმგვარად მოქცეულიყვნენ, როგორც რეპორტაჟის ავტორებს იდეოლოგიის ჩარჩოები უკარნახებდა. საქმე იმაშია, რომ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების სატელევიზიო რეპორტაჟების დოკუმენტური ხასიათი არ იყო ბოლომდე გამორჩეული იმისაგან, რასაც მსოფლიო სატელევიზიო კულტურა ამკვიდრებდა. ესაა ვიზუალური და ქცევითი ნორმების ზოგადი მოთხოვნილება იმ ეპოქის მახასიათებლებში. ეს არც ახალი და არც დღეს აღმოჩენილი ჭეშმარიტება არაა. ასე მაგალითად, ამერიკელი მსახიობების ყოფის განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოჩენისთვის ეპოქის ჟურნალისტიკა იმ პერიოდში სახიერ და ასევე ქცევით წონასწორობას ეძებდა და მხოლოდ მაშინ იწყებდა ბუნებრიობასთან კავშირის ძიებას, როდესაც რაიმე ნეგატიურს მოიპოვებდა. ბუნებრივია, საბჭოთა ქვეყნის იდეოლოგიას თავისი ურყევი მოთხოვნა ჰქონდა გარეგნული კეთილდღეობის ნიშნების შენარჩუნებაზე, თუმცა რამდენად იყო ყოველივე ეს მხოლოდ ჩვენი ტელედოკუმენტური და რეპორტაჟის ჟანრის თავისებურება, საკამათოა.
ეს მხოლოდ ერთი მხარეა რეალობისა, რომელშიც თათია სხირტლაძე ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტს ქმნის. სხვა შემთხვევებში ის ძალზე საინტერესო პიროვნულ ,,მეს“ გვიჩვენებს – მშვიდს, ფიქრიანს, დროდადრო დაფარული იმპულსებით სავსეს, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, როდესაც ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო ტურნირებზე ჩანს – მზადმყოფი ბრძოლისათვის, ძალზე ჟინიანი და სამართლიანი ყოველთვის. ეს თვისება იმდენად თვალშისაცემი და აშკარაა, რომ რეჟისორს ინტერვიუებსა და დიალოგში (რომელშიც კარგად იხსნება ჭადრაკის დედოფლის ხასიათი) თითქმის არ სჭირდება დამატებითი დეტალების გამოყენება. ნებისმიერ დიალოგში, ნონა გაფრინდაშვილი სისადავესა და უშუალობაში ობიექტივის წინ, მაქსიმალურად ღია და ექსპრესიულია. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ განათებაში, ჩაკეტილ მუქ ინტერიერებში ინარჩუნებს მიმართვისა და ქცევის უშუალო ფორმას, ამ თვისების დანახვა და დაფიქსირება, უდაოდ, ფილმის ღირსებაა.
ცოტა არ იყოს, ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენა ნანა ალექსანდრიას და ნანა იოსელიანის ბიოგრაფიულ, ემოციურ რეპლიკებად დაყოფილი პორტრეტები. ამ ქალბატონების ხასიათი ხშირად ოთხეულის ურთიერთკავშირშიც ჩანს, სადაც რომელიღაც მათგანი ბოლომდე იოლად ინარჩუნებს უდრტვინველ თავდაჯერებას ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, ხოლო სხვანი საკუთარი ბიოგრაფიისა და ხასიათის მეტად საინტერესო, ტეხილებით სავსე ეპიზოდებს, უფრო მეტი კითხვის ნიშნით ატარებენ. ეს მხოლოდ მოსაზრებაა, მხატვრული სახის შესახებ შექმნილი შთაბეჭდილებაა, რომელსაც ტოვებს ფილმი და არა თავად რეალობა. სხვა საქმეა ისიც, რომ რეალობა ბუნებრივად მოქმედი ქვეტექსტი, დინებაა. სწორედ ის ქმნის ამ ოთხეულის ჯგუფურ და მკვეთრად გამოხატულ, ინდივიდუალურ პორტრეტებს.
ნანა იოსელიანის მზერაში, მაია ჩიბურდანიძის უცნაურ ღიმილში და ბუნებისადმი ინტერესში, ნანა ალექსანდრიას პრაქტიკულ ნაბიჯებში იგრძნობა წარსულის ძალა, ხოლო ნონა გაფრინდაშვილის სიმშვიდესა და ღირსებაში თითქოს ჭადრაკისათვის დამახასიათებელი საუკუნეების სიბრძნე იჩენს თავს. საკმარისია მილუნკა ლაზარევიჩის მიერ მონათხრობი ამბავი მოვისმინოთ, როგორ მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა ომის პირობებში მყოფი კოლეგების გადარჩენის გადაწყვეტილება, რომ მივხვდეთ, თავად გაფრინდაშვილის უბრალოების მთელი სიღრმე რა პრინციპულობითაა ნაკარნახევი და რამდენად წარმოუდგენელია ამ სიღრმის განცდაში სიყალბის აღმოჩენა.
დოკუმენტალისტიკის მთელი ხიბლი მის თხრობით სეგმენტშია, იმ ფორმაშია, რომელიც რეალობიდან წარმოსახვის გავლით, უცნაურ და ავტორისეულ ხედვას ქმნის. შესაძლებელია, არც თუ ახალს, მაგრამ სამაგიეროდ სრულად გააზრებულს და მოვლენებისადმი და ადამიანებისადმი ინტერესით სავსეს. ეს არ არის მხოლოდ მატიანე – დოკუმენტური ფილმი დამოკიდებულების, მხატვრული ხედვის ინდივიდუალური მაგალითია, მაგრამ კიდევ უფრო რთულდება ეს ყოველივე, როდესაც მნიშვნელოვან ბიოგრაფიებს ვეხებით. მათგან ან დგება პორტრეტის მთლიანობა, ან ვერა.
თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმიც მატიანეა. შესაძლებელია, არასრულყოფილი (ალბათ, ამაზე პრეტენზია არც ჰქონია გადამღებ ჯგუფს), მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ისტორიული მასალა და როგორც თავისთავად არსებული, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ფენომენის ერთიანი სახე. რატომ და როგორ მოხდა ისე, რომ ჭადრაკის ჩემპიონები საქართველოდან არ უშვებდნენ ამ ტიტულს? ეს ავტორსაც აინტერესებს, თუმცა მისთვის ეს ადამიანურად გასაგები, რბილი რიტორიკით წარმოთქმული კითხვაა და არა სხვა რამ, არა პრეტენზია იმის ახსნაზე, რაც ახსნას არ საჭიროებს. ანალიტიკურ გონებასთან ერთად, ეს აკუმულირებული რესურსის და ენერგიის თანხვედრაა, რომელიც იმ ეპოქას ახასიათებდა. სირთულეებთან, ჩარჩოებთან, ვალდებულებებთან ერთად, ეს პროცესია, აუხსნელიც და სიმდიდრით სავსეც. რა და როგორ იცვლება ჩემპიონების ეპოქის შემდეგ, ეს სხვა საკითხია და თათია სხირტლაძეს, სავარაუდოდ, არა ეს რეალობა, არამედ დროთა პრიზმაში ჩემპიონების ადამიანური პიროვნული სახე უფრო მეტად აინტერესებს.
დიდება არა მარტო დედოფალს, არამედ ღირსებასაც, რომელიც ნებისმიერი მოკლე რეპლიკითა და მზერით იკითხება, თუმცა არასოდეს არ იცვლება, მით უმეტეს იქ, სადაც დოკუმენტურ კინოს თავისი უტყუარი ცოდნის გამოვლენა შეუძლია.
ქეთევან ტრაპაიძე