ერთნი სამუდამოდ

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს, ჩაიძიროს რეალურ ამბებში, ისწავლოს რაიმე ახალი და საინტერესო. მას შეუძლია საზოგადოებაზე პროპაგანდა და ზემოქმედება. ჯონ გრირსონს, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური კინოს ბედზე, მიაჩნდა, რომ დედამიწის შორეული ეგზოტიკური სამყაროს ჩვენებას უმჯობესია მაყურებელმა დაინახოს ის, რაც მის ცხვირწინ ხდება, ყოველდღიური ცხოვრება, მშრომელი კაცის მუშაობის პროცესი, რომელსაც თან ახლავს პოეტური ტექსტები. სწორედ მის მიმდევრად შეიძლება ჩაითვალოს მაგდა გველესიანის ფილმი, „არა ვინ და ლურჯი ცა“ (2021). კინოსურათი მოგვითხრობს პოეტურ მოგზაურობაზე გურიაში, მდინარე ბჟუჟისა და მის ირგვლივ არსებულ ექვს სოფელზე.

საქართველოში ოცდაექვსი ათასი მდინარეა. ძნელად თუ მოიძებნება სოფელი, სადაც მდინარე არ ჩამოედინება. მას ქართველებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა, ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი რეჟისორების დაინტერესება ამ თემით. მდინარე ხომ ბუნების საოცარი ელემენტია, რომელსაც შეუძლია გაგაოცოთ სილამაზითა და ძალით. მას დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტაზე სიცოცხლისთვის – ის არის საკვების, ენერგიისა და წყლის რესურსების წყარო, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატურ პროცესებში, მდინარის გარეშე ჩვენი სამყარო გაცილებით ნაკლებად საინტერესო და ფერადი იქნებოდა.

ფილმი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: ბჟუჟი ადამიანის გარეშე და ადამიანის როლი მის ცხოვრებაში. პირველი ნაწილი, ხატავს წყლის ზედაპირს, რომელიც მომსწრეა საუკუნეების განმავლობაში უამრავი თავგადასავლისა, ინახავს ათასობით საიდუმლოს. მისი ყოველი ტალღა თან ატარებს ბევრ ამბავს, რომელიც ელოდება აღმოჩენას. მდინარე არა მხოლოდ ბუნების სილამაზეა, არამედ შთაგონების წყაროცაა, რაც იძლევა საშუალებას, დაივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები და, უბრალოდ, დატკბეთ მომენტით. მეორე ნაწილში, ერთი მხრივ, ადამიანს შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მდინარეს, მეორე მხრივ კი, ადამიანი არის არსება, რომელსაც ძალუძს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ფილმი იწყება ნისლში გახვეული გურიის კადრებით, რაც პირველივე წუთებიდან გძირავს ბუნების საოცარ სამყაროში, ის კონტრასტული და იდუმალია. დასაწყისშივე ისმის არაჩვეულებრივი ლექსი გურიაზე, რაც სწორი გათვლა იყო განწყობის შესაქმნელად.

ფილმი მდინარის სხვადასხვა პეიზაჟს ქმნის და ყველა თავისებურად ლამაზია. დილით ამომავალ მზეს ირეკლავს, რაც გიმაღლებს განწყობას და ენერგიის წყარო ხდება. საღამოს კი, მზის ჩასვლის ანარეკლი უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის სიუჟეტს. ბჟუჟს თავისი კანონები აქვს, მას შეუძლია იყოს ადამიანის მეგობარი და დამხმარე. ჰგავს კიდეც ადამიანს: ის ცხოვრობს, თანდათან იცვლება, არასდროს დგას და არასდროს ნებდება.

თითეული ადგილობრივისთვის ბჟუჟს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კაცებისათვის შემოსავლის წყაროა, ქალებისათვის სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი, ბავშვებისთვის კი გართობის საშუალება. ფილმის ერთ-ერთი გმირი ყვება, თუ როგორ გაუჩნდა იდეა მის ეზოსთან არსებული მდინარისთვის სასარგებლო ფუნქციები დაეკისრებინა, გააშენა აუზები თევზის საჭერად, ააშენა წყლის წისქვილი. გვერდითა სოფელში სხვა დანიშნულება მოუფიქრეს და ბჟუჟჰესი ააშენეს.

ავტორმა სწორად დასვა აქცენტები მდინარის გონივრულად გამოყენებასა და ვანდალიზმს შორის. კარგად გააზრებული ეპიზოდები ბჟუჟს და სოფლებს ერთ მთლიანობად წამოაჩენს. მდინარის თითოეული კადრი შეიძლება დაპაუზდეს, დაიბეჭდოს და დაიკიდოს კედელზე. ფილმი ნათლად აჩვენებს ბჟუჟის ყველაზე მომხიბლელ დეტალებს, მის ირგვლივ ცხოვრება წამითაც არ ჩერდება, პირიქით, მთელი სისწრაფით მიედინება. რამდენჯერაც არ უნდა გამოჩნდეს კადრში, ის არასოდეს არის ერთფეროვანი, მისი ყოველი გამოჩენა ახალი საინტერესო ამბის მაუწყებელია.

ფილმის ავტორი ცდილობს აჩვენოს მდინარის დიდებულება და მისი აუცილებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ამასთან ერთად, არ ავიწყდება ისაუბროს იმაზეც, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოყვეს მის ადიდებას. ბჟუჟთან ყველაზე ახლოს მცხოვრებლებს უწევთ საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება, იმის შიშით ადიდებულმა მდინარემ თან არ გაიყოლოს, თუმცა, როგორც ერთ-ერთი გმირი აღნიშნავს: მათ იმდენი სიყვარული აქვთ ერთმანეთის, ადიდებისას ის გვერდს აუვლის შენობა-ნაგებობას, უმცირესი დანაკარგის გარეშე.

ბუნებაში ყველაფერი კარგად ფუნქციონირებს, სანამ ხელოვნურად არ ჩაერევიან მასში, რაც საკმაოდ საინტერესოდაა ფილმში ახსნილი. ადამიანის უკანონო ჩარევებმა გამოიწვია კალაპოტისა და სიღრმის ცვლილება, რაც უკვე საფრთხეა არა მხოლოდ მდინარისთვის, არამედ თავად ადამიანისთვისაც.

ბჟუჟი დიდი ხანია იზიარებს თავის საცხოვრებელ ადგილს დედამიწაზე ადამიანთან. ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ორივე მათგანის შესაძლებლობები ამოუწურავია, თუმცა ბჟუჟმა მოახერხა და გურიის ექვსი სოფელი თავის ირგვლივ გააერთიანა.

მთხრობელი (თვითონ რეჟისორმა იკისრა ეს მოვალეობა) პოეტურად გადმოსცემს თავის სათქმელს, რაც განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ნამუშევარს და სტილისტურად განასხვავებს სხვა დოკუმენტური ფილმებისგან. მის ყოველ ახალ მონოლოგს ეს კინოსურათი დოკუმენტურიდან მხატვრულობისკენ გადაყავს, რაც ძალიან კარგი სვლა იყო სათქმელის მაყურებლამდე ზუსტად მისატანად.

ოპერატორი ყველაფერს დეტალურად აჩვენებს, თუმცა არის ადგილები, სადაც ეს სრულიად ზედმეტი იყო. მაგალითად, დეტალურადაა ნაჩვენები, საოჯახო, საყოფაცხოვრებო თუ პირადი ნივთები, რაზეც კამერა საკმაოდ დიდხანს ყოვნდება. ასევე, შესაძლოა, ზოგიერთისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს კადრი, რომელშიც ჩანს დაჭერილი თევზები როგორ ფართხალებენ კასრში. ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ ცურვა აღარ შეუძლიათ. თუმცა ასეთია ცხოვრება და კადრები მხოლოდ რეალობის ანარეკლია, ამიტომაც შეიძლება გამართლდეს ავტორის გადაწყვეტილება ამ ეპიზოდის გადაღებისათვის. მდინარის ერთ-ერთი დანიშნულება ხომ ადამიანის საკვებით მომარაგებაა.

არც ისე სასიამოვნოა, დოკუმენტური ფაქტების, უაზრო სტატისტიკის, რიცხვებისა თუ წლების კინოთეატრის ეკრანებიდან ნახვა, ამიტომაცაა რომ მაყურებელთან უმრავლესობა არჩევანს მხატვრული ფილმის სასარგებლოდ აკეთებს. „არა ვინ და ლურჯი ცა“ კი ტვინს ზედმეტი ინფორმაციით არ ძაბავს, არამედ პოეტურად აცნობს მაყურებელს ბჟუჟს, ყოველგვარი სამეცნიერო კანონების დაწესების გარეშე. ფილმი საშუალებას იძლევა, შეხედოთ მდინარის არსებობას რომანტიკული კუთხით. ავტორი ასევე უარს ამბობს სოციალური საკითხების განხილვაზე. ყურადღების ცენტრში მხოლოდ მდინარეა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველღიურობა.

მუსიკალური ნოტები წარმატებით ერწყმის ბუნების ბგერებს. მუსიკა ჟღერს იქ, სადაც საჭიროა და ქრება იქ, სადაც მდინარის ხმაურია მნიშვნელოვანი. მელოდიებს ანაცვლებს გურული ქალების ცოცხლად შესრულებული ფოლკლორი, რასაც ზუსტად მოაქვს გარემოს ატმოსფერო და ამძაფრებს რეალობის შეგრძნებას.

გმირების სახეების შემხედვარე და მათი ყოველდღიური რუტინიდან რამდენიმე მომენტის დაკვირვებით, ხვდები რამდენად ერთ მთლიანობად შეიძლება იქცეს მდინარე და ადამიანი. ადამიანებს ბჟუჟი უყვართ, როგორც მათი თანატოლი, მეგობარი და ისიც ისეთივე ერთგულებით პასუხობს. როდესაც მათ საუბრებს აანალიზებ, ხვდები, რომ სიყვარული, რომელზეც ისინი საუბრობენ, არ არის ის ინფანტილური გრძნობა, რასაც მდინარეში ბანაობის ან თევზაობის შემდეგ განიცდი, ეს არის მათი ცხოვრების წესი.

ხშირ შემთხვევაში რეჟისორები გადაიღებენ ფილმს და არამც თუ მაყურებელი, თვითონაც რთულად აყალიბებენ აზრს, თუ რა არის მათი სათქმელი და გამოუვიდათ თუ არა ჩანაფიქრი. საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევა არ არის. ავტორმა გააზრებულად გადაიღო და დაამონტაჟა ყველა კადრი, რითაც გააცოცხლა არა მხოლოდ თავისი, არამედ უმრავლესობის ბავშვობის მოგონებები. რამდენი მაყურებლისათვის იქნება აღწერილი სიტუაციები ნაცნობი, თხილის მოგროვების პროცესი და საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გარჩევა, მის ფასზე ბჭობა თავშეყრის ადგილებში, მოვლილი კარ-მიდამო, რომელიც ყველა რეგიონს თავისებური აქვს, მდინარეს პირას ქეიფი და ცურვაში შეჯიბრი.

ავტორი ამბობს, რომ ადამიანი განუყოფელია მდინარისაგან, მაგრამ ვერც მდინარე იცოცხლებს უადამიანოდ. თითოეული კომპონენტი საჭირო და მნიშვნელოვანია. ხალხის მოვალეობააა, ისწავლოს მასთან თანაარსებობა, ზიანის მიყენების გარეშე, რადგან მათი ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია გარემოს გადარჩენა.

ასეთი ფილმები შეხსენებაა იმისა, რომ ყველანი რაღაცის ნაწილი ვართ და სამყაროში ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *