კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი მსახიობები ან გულისამაჩუყებელი კინომუსიკა, საკმარისია, კარგად დამუშავებული ვიზუალური მხარე და სწორად შერჩეული აქტიური პრობლემატიკა.
ანა სარუხანოვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „დღის ბოლომდე“ (2016) თვალს ადევნებს ორი დის უცნაურ ამბავს, ბაბუასთან ამანათის გადასაცემად მისულებს კარი ღია დახვდათ, ბაბუა კი სახლში არ არის. ნუთუ მოხუცს ისევ დავიწყდა სახლის გზა? მაყურებელი აკვირდება დების აპათიურ დამოკიდებულებას ერთმანეთისა და გარემოს მიმართ. რატომ ხდება და რა აიძულებს ადამიანებს გახდნენ გულგრილები ახლობლების მიმართ? ეს არის ამ ნამუშევრის საბოლოო სახე, თუმცა ავტორის ჩანაფიქრით სიუჟეტის მთავარი იდეა ბავშვობის მოგონების გაღვიძება იყო, რომლის ფონზეც საინტერესო ამბავი უნდა განვითარებულიყო, მაგრამ ეს სუსტად გამოიკვეთა და მეორეხარისხოვანმა თემამ გულგრილობა გადაფარა.
თანამედროვე საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური გახდა გულგრილობის პრობლემა. ბოლო დროს ეს თითქოს ნორმად იქცა, ამიტომ კინორეჟისორებმა მეტი ყურადღება მიაქციეს და ფართო ეკრანიდანაც თქვეს თავიანთი სათქმელი. მსოფლიო კინოსაგან განსხვავებით, ჩვენს ფილმებში ნაკლებად ხდება ამ თემის გაშუქება. არსებობს რამდენიმე ნამუშევარი, სადაც გაკვრით არის ნახსენები გულგრილობასა და მისგან გამოწვეული პრობლემებზე, თუმცა ისე მწვავედ ეს საკითხი როგორც ამ კინოსურათშია, სხვა ფილმებში არ დასმულა.
ფილმი იწყება ლამაზი პეიზაჟის ფონზე. ანა და ელენე, თითქოს უცხოები იყვნენ, ისე გადიან მთელ გზას დანიშნულების ადგილამდე. პირველივე წუთებში კარგად არის შესამჩნევი დების არასტანდარტული ურთიერთობა. სპეციალურად ახლო კადრითაა გადაღებული ლიფტით მგზავრობის სცენა, რომელშიც ზუსტად ჩანს მათი უემოციო დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამის შემდეგ ოპერატორი აღარ იყენებს ახლო ხედებს.
ცარიელ სახლში მარტოდ დარჩენილი დები თითქოს ერთგვარ ჭურჭელში აღმოჩნდებიან. რეჟისორი სრულიან განსხვავებულად ავლენს ორი ახალგაზრდის შინაგან სამყაროს. რამდენიმე ეპიზოდის გარდა ანა და ელენე მუდმივად ერთად ჩნდებიან კადრში, ორმაგი ექსპოზიციით კარგად არის შესაძლებელი მათზე დაკვირვება, გოგოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. ერთ კადრში ვხედავთ ორივე გოგონას, სასოწარკვეთილ ანას, რომელიც ცდილობს რაიმე გაარკვიოს ბაბუაზე, ელენე კი ხან კარადაში წიგნებს ათვალიერებს, ხან ფირფიტას არჩევს ფირსაკრავისთვის, ხანაც ფარდას კიდებს ფანჯრებზე. იგი ისე იქცევა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ადამიანის დაკარგვით.
მთავარ პერსონაჟებს თუ ყურმილის მიღმა არსებულ ადამიანებს, ყველას საკუთარი სამყარო აქვს. ეს ადამიანები არ გრძნობენ არანაირ პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ, რადგან არ გააჩნიათ მთლიანობის შეგრძნება. მშობლების განქორწინებამ ოჯახის წევრები უცხოებად აქცია. მოხუცი ბაბუა აღარავის სჭირდება. მშობლები არამც თუ ვახოს მიმართ, არამედ შვილების მიმართაც ინდიფერენტულები არიან, როცა სასოწარკვეთილი ანა ურეკავს მათ დახმარებისთვის, რათა მოაძებნინონ მოხუცი. ლონდონში მყოფი მამა უდროობას იმიზეზებს და დედისკენ იშვერს ხელს მოსაძებნად, მოიმოქმედოს რამეო, ამბობს, ხოლო დედა, პირიქით, ყველანაირ პასუხისმგებლობას ყოფილ ქმარს აკისრებს. საბოლოო ჯამში, ანა პრობლემასთან მარტო რჩება და ლოდინის გარდა სხვა გზა არ დარჩენია.
„დღის ბოლომდე“ იწვევს ემოციებისა და განცდების მთელ სპექტრს, შიშიდან სიხარულის გრძნობამდე. როცა სიუჟეტს აანალიზებ, ხვდები, რომ ეს ნამდვილი კატასტროფაა. ერთ დროს ახლობელი ადამიანები ერთმანეთისთვის უცხოები ხდებიან. თავიდან გეშინია, როგორც პერსონაჟების მომავლისა, ასევე ჩვენი საზოგადოების გამო, რადგან, სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში იშვიათი არაა გულცივობა ყველასა და ყველაფრის მიმართ და ეს უფრო და უფრო იზრდება.
ბოლომდე არ არის მიღწეული კულმინაცია. მთელი სიუჟეტი მცდელობაა იმისა, რომ ამბავი წაიყვანოს სევდიანი და დამთრგუნველი ფინალისკენ, მაგრამ ატმოსფერო არასოდეს აღწევს მაქსიმუმს. ყველაფერი იშლება, როცა გაუგებარი ირონია გამოდის წინა რიგში, რაც ამცირებს საერთო შთაბეჭდილებას. საუბარია საუზმის სცენაზე, სადაც დები ისტერიულად იცინიან და თან ამბობენ, კარგი იქნებოდა, თუ ვახო საერთოდ არ დაბრუნდეს, მაშინ ხომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდაო. გაუგებარია, ამ ეპიზოდით რისი მიღწევა სურდა ავტორს. თუ აქამდე ანას მაინც თანაუგრძნობდი, ახლა ეგეც ქრება. ისიც თავისი ოჯახის რიგითი წევრი ხდება, არაფრით განსხვავებული მათგან და ისეთივე გულცივი, როგორც დანარჩენები.
ამ უემოციო ადამიანების შემყურე გულგატეხილი მაყურებლის საამებლად კადრში შემოდის ვახო, რომელსაც თურმე მთელი ღამე საავადმყოფოში გაუტარებია, ვიღაცა უცხო ბიჭის დასახმარებლად. ეს ხანდაზმული ადამიანი სრული კონტრასტია მისი ახლობლებისა. შესაბამისად, ჩნება შეკითხვა, ნუთუ თანამედროვეობამ გახადა ახალი თაობა ასეთი გულცივი და თუ ასეა, მაშინ რა იქნება შემდეგ, წლების მერე? თუმცა ამის მყარი არგუმენტები ნამუშევარში არ არის, ამიტომაც დასკვნის გამოტანა მაყურებელს უნდა მივანდოთ.
ცოტაა დიალოგები და მოქმედებები, რაც არადამაჯერებელს ხდის ფილმს. თითქოს რეჟისორი სპეციალურად გაურბოდა ამ ყველაფერს. ჩანს, რომ ანას ამ სახლში ყოფნა არ უყვარს, მაგრამ რატომ, ამაზე პასუხი არ არის. ასევე არ ჩანს, რატომ უშლიდა ხელს ძველებურად ყოფნას ბაბუა, რატომ გაუცხოვდნენ ასე ახლობელი ადამიანები. გარკვეული ეპიზოდები საჭიროებს განმტკიცებას.
რადგან ავტორის თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, რომ ბავშვობის სახლს მოგონებები გაეღვიძებინა, ამის გასაყარებლად ნაჩვენებია რამდენიმე დეტალი – წიგნების ხელუხლებელი თარო, სათამაშო მატარებელი, მუსიკალური ფირფიტები, რომლებსაც ძილისწინ ასმენინებდა დედა და სულ ეგ არის, რაც არ არის საკამარისი იდეის ბოლომდე გასაშლელად.
ავტორს არ სურს მოტყუება და ფინალსაც აჩვენებს ყოველგვარი „ჰეპი ენდის“ გარეშე. არც ბავშვობის სახლმა და არც ბაბუის უვნებლად დაბრუნებამ ოდნავადაც ვერ გაალღო მათში ყინული. ისინი ისეთივე გულგრილი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ დასაწყისში. ბინიდან გამოსულები უცხოებივით სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებენ გზას.
ფილმში კარგად არის ასახული უსახური ცხოვრება ადამიანისა, რომელიც საკუთარ თავშია გამოკეტილი, თუმცა ტოვებს იმედს იმისას, რომ ამ სიუჟეტის შემყურე მაყურებელში მაინც შემცირდება გულგრილობა და ის მეტად ემპათიური გახდება გარშემომყოფების მიმართ. პირველ კადრში თუ დები ახლო კადრით არიან ნაჩვენები, ბოლოში, რაც შეიძლება, შორიდან და მაღლიდან უყურებს კინოკამერა გოგოებს. თითქოს ოპერატორის თვალით კი არა, ვახოს თვალით დანახულ შვილიშვილებს აჩვენებენ.
აპათიურობა დიდი სისასტიკეა. ის აქცევს ადამიანს ცხოველად, რომელიც მიჩვეულია საკუთარი თავისთვის ცხოვრებას. მისთვის არ არსებობს სოციალური ღირებულებები, არ იცის თანაგრძნობა. ცუდი და კარგი ქმედებები სხვა ადამიანის მიმართ აჩვენებს, რომ ადამიანი არა მხოლოდ არსებობს, არამედ ცხოვრობს, რადგან მან იცის, როგორ უთანაგრძნოს სხვას, შესაბამისად, სარუხანოვას ამ ფილმის მსგავსი ნამუშევრების არსებობა აუცილებელია. გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მცდელობა დასაფასებელია, ასეთი ფილმები მოქმედებენ პიროვნულ განვითარებაზე, კულტურული დონის ამაღლებასა და რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან გამკლავებაზე.
თეონა ვეკუა