თუ აჯობებ რეალობას

ჯერ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თითქოს ბევრჯერ ნანახი და უკან ჩამოტოვებული. გადაბიჯებული და გავლილი, ან ჯობს, განვლილი იყოს. ჩნდება ბუნდოვანი და მკაფიო ასოციაციები და პარალელები – სხვა დროებთან – სხვა ფილმებთან, მათ სხვა შინაარსებთან, მათში – სხვა ადამიანებთან და მათ თავგადასავლებთან, მათ პრობლემებთან. მათი/სხვების ცხოვრების სხვა მონაკვეთებთან, ამბების სხვანაირ განვითარებასა და სხვაგვარ (ან/და მსგავს) დასასრულებთან.
თუმცა ეს მსგავსება, თუ ნაცნობობის გრძნობა მალევე ქრება. მაშინვე, როდესაც თხრობის ხერხი ახალ შეფერილობასა და დატვირთვას იძენს; როდესაც კადრები ჰაერითა და სივრცით ივსებიან, მხატვრული ანაბეჭდებითა და მკაფიო და ნათელი ფონებით; როდესაც გადაღების წერტილები თუ რაკურსები არაბანალურ და გაუცვეთავ განზომილებებში გადადიან; როდესაც გამოსახულების ხარისხი იცვლება, მოქმედება ხაზგასმით მობილური და დინამიკური ხდება და ლაღ, დოგმებისგან მზერის თავისუფალ არეში ექცევა; როდესაც რეჟისორის უშუალო დამოკიდებულება და პოზიცია იწყებს გამოკვეთას და „ტრადიციული“ კინოსახეების, ფორმებისა და „წეს-ჩვეულებების“ თამამი და თავისუფალი გარდასახვა იწყება.
გიგა ლიკლიკაძის ფილმი, „ღორი“ (2019), მოკლედ, კონკრეტულად და ირონიით, საკუთარი სცენარით გადაღებული, ახალი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული, თავისთავადი და საკამათო ფილმია, რომელიც თავისუფალი აღქმის, დამოკიდებულების, წაკითხვის საფუძველს იძლევა, რომელიც ქმნის იმ თანამედროვე საზოგადოების პორტრეტს, რომელშიც ვცხოვრობთ და წარმოვადგენთ. ირონია, პაროდირება და ამით შენიღბული თანადგომა და თანაგრძნობა მთავარი ხერხი და მოვლენების მოქნილი სამართავი ინსტრუმენტია. ამბავი, ერთი შეხედვით, უხილავი ღორის გარშემო იგება და ეს სიტყვა მკაფიოდ გამოხატავს ფილმის არსსაც და პრობლემასაც. მეტყველ მეტაფორად აღიქმება. სულ სამი ხილული და დანარჩენი, კადრსმიღმა პერსონაჟებითა და „მარტივი“ სიუჟეტური სქემით.
ამბავი კი ვითარდება, როგორც კრიმინალური დრამა, რომელიც, როგორც ყველაფერი სხვა, ჟანრობრივ სიმწვავეს კარგავს და საზოგადოების სულიერი კრიზისის მწვავე, თუმცა ირონიულ ჭრილში აღბეჭდილ მხატვრულ სახეში, ფსიქოლოგიურ დრამაში გადაიზრდება.
ფილმის სამოქმედო არეებიც „ნაცნობია“. ან თბილისი, ან ზესტაფონი, ან სამტრედია, ან კასპი, ან რუსთავი… ან, ან… მოკლედ, დასავლეთი ან აღმოსავლეთი, იქნებ, სამხრეთიც… საქართველო. ქართლის, იმერეთის ბუნება, ბიბლიურ პეიზაჟებს რომ წააგავს. უსასრულო და უგზოო მინდვრები, ველები, ბორცვები, ეკალბარდები; უკაცრიელი ქალაქების გარეუბნები, უსახური და ქუჩები საცნობი ნიშნების გარეშე, თუ ქალაქ-სოფელ-დაბებზე გამავალი ტრასები… უბადრუკი მაღაზიები, კაფეები და ღვინო-ლუდის ჯიხურები, გადასავლელი ან მდინარეზე გადებული ხიდები, ჯართად ქცეული რკინიგზის ლიანდაგები, ეკლესიები, ავტოსადგურები, ფაბრიკა-ქარხნების მილები, საშუალო კლასისა და „ასაკის“ მანქანები, საშუალო ფენის და სოციალურად დაუცველი და ასოციალური ტიპები, ახალგაზრდები, იქნებ, თინეიჯერებიც, ან ცოტა უფროსებიც.
დასაწყისში მგზავრებიანი ავტობუსი სადღაც მიემგზავრება. „ნაცნობი“ გამგზავრება (სოფელში, თავისთან ან სადღაც სხვაგან), გაქცევა ან შინ იძულებით დაბრუნება, როდესაც სხვა გზა და წასასვლელი არსად გაქვს. შემდეგ ავტობუსი ფუჭდება. ტრიალ მინდორში თუ სოროებით დათხრილმიწიან სერზე, საბედისწეროდ დაზიანებულ-გაჩერებული ავტობუსიდან ადამიანები გადმოდიან. ჯერ ყველაფერი საქარე მინის მიღმიდან, არამკვეთრად ჩანს და ხმებიც ამიტომ ისმის, საკმაოდ ყრუდ და ოდნავ დახშულად. აქ და შემდეგ სიჩუმეა. მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, მდინარისა და ბუნების სხვა ხმაურები, ადამიანების ხმები ისმის. შემდგომ ასეთ გარინდებას, იშვიათად, ტელეფონის ზარი არღვევს, ტელეფონის, რომელიც ხშირად არ „იჭერს“ ან ითიშება, გადაუხდელობის გამო ან იმიტომ, რომ არ პასუხობენ. ესეც დროისა და ვითარების ასეთი ნიშანია. ფილმში არც მუსიკაა. რა დროს მუსიკაა. ან რა უნდა აქ მუსიკას!
მგზავრებს ერთი გამოეყოფა და მარტო აგრძელებს სვლას – 20 წლის (ჯარისთვის დაწუნებული და  უნიადაგო, უსუსური და მიუსაფარი) ბაჩანა (ბაბუ ხუციშვილი). მას, თითქოს, ბედისწერა მიუძღვება ამ უკაცრიელ ადგილას, რომ შემდეგ თავს გადახდეს ის, რაც გადახდება და რითაც ფილმის მთავარი ხაზი და კონფლიქტი იწყება, იკვრება, იხსნება და სრულდება. მხოლოდ ის მიდის სხვა მიმართულებით, მინდვრად ნაპოვნ ბოთლს მიაგორებს. შემოდგომის მკრთალი მზეა, ბალახი – გადახმარი, ბუჩქებს კი, აქა-იქ მაყვალი შემორჩენიათ. უგზოო მგზავრი ჭამს კენკრას (თითქოს ბუნებასთან სიახლოვე და ერთობა) და მაყვლოვანში იკარგება. გზააბნეულს, ამ ღრეებში ცხოვრებაში გზააბნეული, ასევე მიუსაფარი, სპეციფიკური ფაქტურისა და მანერების, სახასიათოდ, „სტანდარტულად“ ჩაცმული ორი ახალგაზრდა – მახო და რამო (თემო გოგინავა და ნიკა გოზალოვი) გადაეყრება, აუხირდება, იტაცებს და მისი ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვს, „სულ რაღაც“ 300 ლარს. ოჯახს ეს თანხა არ აქვს, გამტაცებლებს კი ძალიან სჭირდებათ, რადგან არც მათ და არც ბევრ სხვას აქვს – 300 (ან 200) ლარი. ამ დროს „ჩნდება“ ღორის ფიგურა – ერთი მხრივ, როგორც გამოსასყიდი, მეორე – მითური არსება, ან ზმანება (ბაჩანას სიზმარი) და მესამეც – ავტორის ირონიის ობიექტი, რომელსაც ვერავინ და ვერსად ნახავს. და არც/ვერც გაყიდის.
მსახიობები (მხოლოდ თემო გოგინავაა პროფესიონალი) იქცევიან და მეტყველებენ ისე, როგორც სინამდვილეში იქცევიან, მოქმედებენ და მეტყველებენ ისინი, რომლებსაც ასახიერებენ. მათ თითქოს არ აინტერესებთ, რაც გარშემო ხდება; უყურებს და უსმენს ვინმე თუ არა, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება. თავისუფლები და გახსნილები არიან. უკომპლექსოები. ბუნებრივები. რეალობა კი ყველა კუთხიდან და კუნჭულიდან იჭრება. ეკრანი სინამდვილეს არეკლავს. როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს ამბავი, ბაჩანასა და შემდეგ მასთან ერთად, მთავარ გმირებად ქცეულ, მახოსა და რამოს რომ გადახდებათ.
ბაჩანა მიდის და ოპერატორ შალვა სოყურაშვილის „ხელის“ კამერაც თან მიჰყვება. „ნახტომებით“, არათანაბარი და უსწორმასწორი მოძრაობით, აჭრილი, აჩეხილი და „უწესრიგო“ სვლით, „ცახცახით“, იქით, საითაც ობიექტივი „გაექცევა“ და რაც თვალში მოხვდება. როდესაც მოვლენები იცვლება, გადაღების სტილიც ახალ მიმართულებას იღებს, მაგრამ მშვიდი და გაწონასწორებული არასდროსაა. ვერც იქნება, ისეთი ამბები ტრიალებს. ყველაფერი სახეს იცვლის, როდესაც მოქმედების ადგილი იცვლება.
მოქმედება გაშლილი სივრციდან ძველ, თითქოს მიტოვებულ სახლში ინაცვლებს, რომელშიც ყაჩაღები ბინადრობენ. მიკროსამყარო, თუ ცხოვრების მიკრომოდელი. უცნაურად ჩარაზულ განზომილებებში, დაცარიელებულ თუ საერთოდ უკაცრიელ სოფელში. აქ გამტაცებლები ბორკილდადებულ ბიჭს ამწყვდევენ. და ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობენ. ეწევიან, არაფრისმთქმელ საუბრებსა და ბანქოს თამაშში კლავენ დროს და ელოდებიან. სუსტი იმედითა და მძაფრად გამოხატული აგრესიით. აქაც შეიძლება გამოკრთეს სხვა ქართული ფილმებიდან, გატაცების, სახლის, როგორც თავშესაფრისა და წარსულის მომცველი მეტაფორის ნაცნობი ნიშნები. მაგრამ ეს შორეული ასოციაციაც მალევე ქრება, როგორც ყველა სხვა ასოციაცია. „ღორის“ სახლი სხვა მოგონებებსა და ინფორმაციას ინახავს და სხვანაირი, სხვების ცხოვრების წესის გამომხატველია, ფორმით, შინაარსითა და ინტერიერში თავმოყრილი, ძველი ნივთებით. (მხატვარი კახა ბერელიძე).
„შავი“ სლენგი, ბილწსიტყვაობა, გინება, როგორც აზროვნების, გონებრივი შესაძლებლობების, მენტალური ჩაკეტილობის გამომსახველი მახასიათებელი და მეტყველების, სალაპარაკო თემების პრიმიტიული შეზღუდულობა. გინება – როგორც ზიზღი და აგრესია, სიძულვილი – როგორც დროის ნიშანი და ყველაფრის მიზეზი და შედეგი. საქმეც ისაა, რომ „ეს“ და „ასეთი“ ადამიანები მხოლოდ ასეთ ენაზე საუბრობენ – ბრაზობენ, წყინთ, უხარიათ თუ გულგრილები არიან. თუმცა გულგრილი, მშვიდი და იმედიანი აქ არავინაა და ვერც იქნება. ძალიან ნაცნობი ადამიანები რეალური გარემოცვიდან, მათი ცხოვრების წესი და ფორმა და მათი ბანალური ლოგიკა. ფილმში კიდევ უფრო უტრირებული, გამძაფრებული, გროტესკამდე მისულიც კი. ესეც და, ზოგადად, სხვა კინოსტერეოტიპების პაროდირებაც. ირონიული ციტირებაც და დარღვევაც. კრიმინალების ნიღაბიც იხსნება, როდესაც ბებიას (რომ არავინ იცის, ვინაა ეს საშიში ბებია!) ერთ ზარს შეუძლია დააფრთხოს დამნაშავეები და უკვე ჩადენილ დანაშაულზე ხელი ააღებინოს.
ბაჩანასაც და გამტაცებლებსაც თავიანთი პირადი შიშები და უიმედობა აქვთ. ჩვეულებრივ უნიადაგო და უმომავლო ადამიანებისა, რომლებსაც არაფერში გაუმართლათ. დროსა და სივრცეში „დაკარგული“ ახალგაზრდების „უადგილობისა“ და ერთფეროვანი ყოველდღიურობის, სოციალური, მენტალური თუ კომუნიკაბელობის პრობლემების სპექტრი იქმნება. იშვიათად (ან საერთოდ არ) თანამდგომი საზოგადოების „შინაგანი“ პორტრეტი იხატება. მოქცეული დღევანდელი საქართველოს პანორამაში.
„ღმერთმანი, საიდან უნდა იცოდე, რას გააკეთებ, სანამ არ გააკეთებ? კი მოვინდომებ, ასე მგონია, ოღონდ ნაღდზე საიდან უნდა ვთქვა? რა სულელურ შეკითხვებს არ დაგაყრიან ხოლმე, ღმერთმანი“, – ასე ამთავრებს თხრობას ჰოლდენ კოლფილდი, ჯერომ სელინჯერის საკულტო რომანის, „თამაში ჭვავის ყანაში“ (რომელიც სრულად 1951 წელს და, სხვათა შორის, 16 ივლისს გამოქვეყნდა) გმირი, რომელიც ეპოქის „გაბრაზებული“ ახალგაზრდების, მათი წუხილების, უადგილობის, უგზოობის, შიშების, მარტოობის, მარტოსულობის, მიუსაფრობისა და მათივე საპროტესტო მოძრაობის, ამბოხის სიმბოლოდ, ხატად იქცა. თაობისა, რომელსაც არ გაუმართლა. და რომელმაც მაინც დაამარცხა რეალობა.
გიგა ლიკლიკაძის ფილმის გმირებიც თანამედროვე ახალგაზრდები არიან თაობიდან, რომელსაც არ გაუმართლა. მაგრამ ჯერ არ ამბოხებულან. ბაჩანამ „ზუსტად“ იცის, რა არ უნდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რას გააკეთებს და როგორ იცხოვრებს, რადგან არც იმის, რას გააკეთებს და არც იმის, როგორ იცხოვრებს, არჩევანი არ აქვს. სულელურ კითხვებსაც არავინ აყრის, რადგან არავის ადარდებს მათზე პასუხის მოსმენა.
ფილმში არც შელამაზებულია არაფერი, არც შებათქაშებული და არც გალაქული. ისეა, როგორც ხდებოდა, ხდება და მოხდება. ეს სამყარო თითქოს ქარის მსუბუქ დაბერვაზე ოდნავ ირხევა. მაშინ, როდესაც რეჟისორი პირდაპირ, თვალმოუშორებლად უყურებს ობიექტს, ადგილს, მოვლენას, ამბავს, დროს; როდესაც საკუთარი წესით აკავშირებს კადრებს ერთმანეთთან (ნოდარ ნოზაძის მონტაჟი); როდესაც სოციალური, საზოგადოებრივი ან თუნდაც, პოლიტიკური გავლენებისა და იძულებების მიღმა, არსებობს უარი ხარკზე, არსებობს ტკივილის საფასური და არსებობს წინააღმდეგობის დიდი ძალა.
როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს, მშვენიერია, როდესაც ხედავ, რომ პიროვნება, ხელოვანი თავისუფალია. თავისუფალია დოგმებისგან, „სხვისდაწესებული“ ან თვითდაწესებული ნორმებისგან; თავისუფალია ჩარჩოებისგან, სისტემის ტყვეობისგან; დიდი ბიუჯეტისა და სხვა კანონიკური ამბიციებისგან; თავისუფალია, როგორც უნდა ბოჭავდეს რეალობა და როგორი გამჯდარიც უნდა ჰქონდეს საზოგადოებას სტერეოტიპები, რეალობისა და „კინოწესების“ შეგრძნება-აღქმის ერთნაირობა. მშვენიერია, როდესაც ხელოვანს შეუძლია, გაიმარჯვოს რეალობის დამთრგუნველ გავლენაზე, მოერიოს მას და ჩარჩოებს გადააბიჯოს, დაკეტილ კარში გავიდეს და ის სხვისთვის ღია დატოვოს. სცადოს და აკეთოს, რისიც სჯერა, რადგან უნდა, რაღაც შეცვალოს, რადგან იცის, ბარიერებისგან გათავისუფლება, თუნდაც, უგზოობაში, მაინც გადადგმული ნაბიჯებითაა შესაძლებელი. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, აჯობო რეალობას. ბაჩანას, მახოსა და რამოსგან განსხვავებით და მათ საპირისპიროდ, გიგა ლიკლიკაძე და ახალი თაობის რეჟისორები სწორედ ასე იქცევიან.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *