იძულება

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან.

ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად მძიმეა, რომ ფსიქიკურადაც აზიანებს ადამიანს. ხელოვანთა ნაწილი რთულად ეგუება გარემოს შეცვლას. მისი წევრები ცდილობენ ერთ ადგილას დარჩნენ ან წავიდნენ და თავი გადაირჩინონ. ზუსტად ისე, როგორცაა ნანა ჯორჯაძის ფილმში, „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (2024).

კინოსურათში პეპლებად მხოლოდ ერთ ოთახში მყოფი პიროვნებები არ მოიაზრებიან. ამ სახელის ქვეშ არიან ისინიც, რომლებსაც ომის გამო საცხოვრებლის დატოვება იძულებით მოუწიათ ან ისინი, ვინც ქვეყნიდან თავის და ოჯახის გადასარჩენად წავიდნენ.

კოსტა, ნინა, მიშა, მურა და ნატა ახალგაზრდობის მეგობრები არიან. მათ აფხაზეთთან ერთად ბავშვობის მეგობარი ზურაც დაკარგეს და ერთადერთ თავშესაფრად კოსტას სახლი შერჩათ. ნინას და კოსტას უცნაური ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ტოქსიკურიც კი. ისინი თან ერთად არიან, თან არა. ვერც უშვებენ ერთმანეთს და არც ერთად ცხოვრებას ცდილობენ. ნინა იმდენად არეულია გრძნობებში, რომ თანახმაა პირველივე შემხვედრ კაცზე გათხოვდეს. მას არც კოსტა ეთმობა და არც დარჩენა სურს. იგი გაქცევით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, თითქოს უყვარს კოსტა, ეჭვიანობს კიდეც მასზე, მაგრამ მაინც ტოვებს და სხვა ქვეყანაში მიდის. თანაც არც იქიდან არ ეთმობა, ურეკავს და ყოველდღე კითხულობს მის ამბებს.

უილიამ შექსპირი სიყვარულზე წერდა: ,,სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება. შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება“. გამოდის, რომ ნინას კოსტა არ უყვარს, მხოლოდ თავს იტყუებს, ეგოისტია. არ უნდა, რომ კაცს დაავიწყდეს და სწორედ ამიტომ ბრუნდება უკან ყოველ ჯერზე. ან შეიძლება საერთოდ არ იცის ამ გრძნობის მნიშვნელობა და რასაც განიცდის, რეალური ჰგონია.

სამეგობროდან ყველა სათითაოდ მიდის და უკან არავინ ბრუნდება. ბოლოს ნატა და კოსტა რჩებიან ერთმანეთის პირისპირ და ჩნდება შეგრძნება, რომ ნატას კოსტა შეუყვარდა. როცა პირისპირ მარტო რჩებიან, ყველაფერი ისეა, თითქოს გამოუხატავმა გრძნობებმა უნდა ამოხეთქოს, მაგრამ ამას ხელს ნინას დაბრუნება უშლის. იქამდე, სანამ ნინა ჩამოვიდოდა, კოსტამ სავარძელზე მიიძინა. იქნებ მართლაც სხვა რეალობაში გამოეღვიძოს კიდეც. ვინ იცის.

კოსტამ თავისი ნახატი მხოლოდ იმიტომ არ გაყიდა, რომ მასში იმ ახალგაზრდობას ხედავდა, რომელიც გაცვდა. ის წლები გაილია, არც ბედნიერები აღარ არიან. თითქოს ერთ საღამოს სავარძელზე მოკალათებულებს ჩაეძინათ და სხვა რეალობაში გამოიღვიძეს, იმ დროში, სადაც არც აფხაზეთი იყო საქართველოს შემადგენლობაში, არც ქვეყნის სხვა ნაწილები იყო თავისუფალი და არც ზურა ჰყავდათ. ისინი სევდაში არიან ჩაძირული, ისე აღარ იღიმიან, როგორც ადრე. დრომ ყველას კვალი დაატყო. კოსტა ვერც კედელზე დახატულ ცხენებს შეელია. ის მათთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდა. თითქოს საკუთარი თავი მათში იპოვა და ველზე გაჭრილი სიმშვიდეს ეძებდა, თავისუფლების შეგრძნება იპყრობდა. როცა სახლის დანგრევის შესახებ შეატყობინეს, ალბათ, გაუხარდა კიდეც. ახლა საშუალება ექნებოდა მთელი დღე თავლაში გაეტარებინა და წარსულზე აღარ ეფიქრა. ცხენები შეიძლება აფხაზეთთანაც ასოცირდებოდეს.

პეპლები ყველა ის პიროვნებები არიან, რომლებსაც საცხოვრებელი დაატოვებინეს და არ იცოდნენ, მერე სად წასულიყვნენ. ისინი არიან უკან დაბრუნებული ემიგრანტები, რომლებიც სახლში საკუთარ თავს ვეღარ პოულობენ. ან სულაც ისინი, ახლა რომ ფიქრობენ სამშობლოდან წასვლას და არ იციან, რა დახვდებათ საზღვრებს მიღმა.

ამბობენ, პეპლები მუცელში საყვარელი ადამიანის დანახვისას ჩნდებიანო. სწორედ მაშინ, როცა მონატრება იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია მთელი სხეული მოიცვას. რა არის სიყვარული? ემოციური სიცარიელის სხვა ადამიანით შევსების მცდელობა – ურთიერთიერთგაგება, ჰარმონია, მუცელში პეპლები? მაგრამ ამ დადებით მხარეებთან ერთად მას უარყოფითიც აქვს, მუდმივი მიტოვების შიში, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ აძლევს ადამიანს. მაშინ როცა ნინა სხვა ქვეყანაში წავიდა, კოსტამ თავისი ემოციების ის ნაწილი დაკარგა, რომელიც მასთან აკავშირებდა. ის დასუსტდა, უფრო მალე ღიზიანდება, ვიდრე ადრე, შეიცვალა და ამას მხოლოდ ნატა ამჩნევს.

კინოსურათში სიყვარული გაშარჟებულია. შეუძლებელია ადამიანს დანახვისთანავე შეუყვარდეს ვინმე და მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ყოფნა მოუნდეს. რეჟისორი ამ გრძნობას ცინიკურად ეპყრობა და ცდილობს იგი ირონიის ჩარჩოებში მოაქციოს. ზუსტად ამას ემსახურება ქორწინების ხელშეწყობაც. ფილმში მოქმედება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მას სერიოზულად ვერ აღიქვამ.

სათაური მრავალმხრივ შეიძლება აიხსნას. კინოსურათსაც იმდენივე მნიშვნელობა და დასასრული ექნება, რამდენი მაყურებელიც უყურებს მას. ეს თან კარგია და თან ცუდი. ფილმში უამრავი თემა ერთმანეთშია აზელილი. მიწყობილ კადრებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებას ასახავენ, ომის კადრი იჭრება, მალევე ქრება და ისევ სტანდარტულად გრძელდება მოქმედება. გამოდის ისე, თითქოს, რეჟისორი ვერ მიხვდა სიუჟეტის რომელ ხაზს გაყოლოდა და ყველაფერი ერთმანეთში აურია. კინოსურათი სრული ქაოსია და მხოლოდ ერთი სიტყვით – იძულებით – უკავშირდება ერთმანეთს. ეს ერთი სიტყვა სიუჟეტისათვის სულაც არ არის საკმარისი და არც ის ნიშნავს არაფერს, რომ „პეპლები“ თითქმის ყველა დიალოგში ისმის. არც ქალების გათხოვების ხელშეწყობის ხაზი არაფერ შუაში არ იყო.

ნანა ჯორჯაძემ ჯერ აფხაზეთის, ხოლო შემდეგ 2008 წლის ომი შეახსენა მაყურებელს, ის სევდა გაუღვიძა, რომელიც არასოდეს დავიწყებიათ. ისე ჩანს, თითქოს რეჟისორმა, უბრალოდ, თემები ჩამოთვალა და მათი ერთმანეთთან პეპლებით დაკავშირება სცადა. მაგრამ საკითხავია, შეძლო თუ არა? ალბათ, არა, რადგან ფილმი, სრულყოფილი ნამუშევრის გარდა, ყველაფერია. ამ კინოსურათში სხვადასხვა სიტუაციაა წამოჭრილი: სიყვარული, ემიგრაცია, ფინანსური კრიზისი, საკუთარი თავის ძიება, ხელოვანთა ცხოვრება და სხვ.

კინოსურათს არ აქვს ერთი მთავარი კონფლიქტი, რომლის გარშემოც შეიძლება მიმდინარეობდეს მოქმედება. ყველაფერი გაფანტულია. რთულია ერთი კონკრეტული სიუჟეტური ხაზის ამორჩევა და შემდეგ მასზე მიყოლა იმისთვის, რომ მოვლენების განვითარების ხაზს დააკვირდე.

ყველაფერი იწყება და მთავრდება ახალ წელს. თითქოს არც არაფერი მომხდარა მათ ცხოვრებაში. არც ზურა გარდაცვლილა, არც ომი ყოფილა და ისევ საიდანღაც ნატა უნდა შემოვიდეს კამერით. სამწუხაროდ, ყველაფერი მოხდა და ახლა კოსტას სახლსაც ანგრევენ. სახლის დანგრევის შემდეგ კოსტაც იმ პეპლებს შეუერთდება, რომლებმაც არ იციან, საით წავიდნენ და ქარის დაბერვას ელოდებიან. სამწუხაროა, რომ მათ მხოლოდ სამი დღის სიცოცხლე აქვთ. ალბათ, ეს არავის გახსენებია. მაყურებელიც სადღაც იქ არის, კოსტას გვერდით და პირველივე სიოს ამოვარდნას ელოდება.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *