მედლის მეორე მხარე

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ.

მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) არც კომედიაა და არც ტრაგიკომედია. ის მწვავე სოციალური სატირაა, რომელიც საზოგადოების გულგრილობას და იერარქიულ სტრუქტურას აკრიტიკებს. ფილმი არ არის მხოლოდ საზოგადოების სარკე, არამედ გამადიდებელი შუშა, რომელიც თითოეული მათგანის შიშებსა და სისუსტეებს ააშკარავებს. „ვაზომოტორული რინიტი“ არა მხოლოდ სოციალური კრიტიკის იარაღია, არამედ მრავალმხრივი ნამუშევარიც, რომელიც ყველა დეტალს სიღრმისეულ დატვირთვას ანიჭებს. სათაური, ვაზომოტორული რინიტი, ბიოლოგიური დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის არასწორ რეაქციას გულისხმობს. ფილმში ეს მეტაფორაა: საზოგადოება თავად ქმნის პრობლემებს, აწესებს შეზღუდვებსა და ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გაუმართავი სისტემა საზოგადოებას დაავადებული ორგანიზმის მსგავსად ასუსტებს და უძლურების განცდას უჩენს.

მაღალი თანამდებობის პირი და ჩინოვნიკი იმ ზოგად სახეებს წარმოადგენენ, რომლებიც ნებისმიერ სოციალურ სიტუაციას შეიძლება მოერგონ. დავით ჯაყელის პერსონაჟი არარეალიზებულ, პატარა ადამიანს განასახიერებს. ის დიდი მექანიზმის უმნიშვნელო ჭანჭიკია, რომლის დაკარგვაც მექანიზმს არაფერს დააკლებს, ეს ყველაფერი კი მხოლოდ მისი ბრალია. იგი ქვეცნობიერად ხედავს თავის თავს ისეთ ადამიანად, რომელსაც ხმის ამოღების უფლებაც კი არ აქვს. ზუსტად ამის გამო არის სხვის თვალშიც დაპატარავებული, უსუსური პიროვნება, რომელსაც არაფრად აგდებენ. 

ჩინოვნიკს აუღიარებლობის შეგრძნება სტანჯავს. ჰგონია, რომ არავინ უსმენს, ვერავინ ხედავს, არაფერს წარმოადგენს. ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ ვიღაც მაღალი თანამდებობის პირმა მისი ბოდიში არაფრად ჩააგდო. უამრავი რაღაც აქვს საქმელი მისთვის. სულაც აღარ უნდა ბოდიშის მოხდა, უნდა უყვიროს, გალანძღოს და უთხრას, როგორ აკადრა, რომ არ მოუსმინა, მაგრამ ამას მხოლოდ სახლში, სარკის წინ აკეთებს. თევზივით ლაყუჩებში წყალს იგუბებს და ჩუმდება. ელეგანტურად ჩაცმული, ისევ და ისევ ბოდიშის მოსახდელად ბრუნდება. ეს დაუმთავრებელი ციკლი მასში სიცარიელეს აყალიბებს, უჩნდება შეგრძნება, თითქოს მაღალი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს.

სცენა, სადაც ჩინოვნიკი საკუთარ სისუსტეს ებრძვის, სიმბოლურია. ის გვიჩვენებს, როგორ ახერხებს სისტემა ადამიანის დამორჩილებას, როგორ ანადგურებს მას შინაგანად. სარკე, რომლის წინაც ის საკუთარ ანარეკლს ებრძვის, მისი სინდისის, „ალტერ ეგოს“ გამოძახილია. ის გვიჩვენებს, რომ ადამიანი ყოველთვის არ არის უძლური, რომ მას შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან. მაგრამ საზოგადოება, რომელიც მას გარს აკრავს, იმდენად ძლიერია, რომ ის ვერ ახერხებს ამ წინააღმდეგობის რეალიზებას. ელეგანტური სამოსი, რომლითაც ის ფორმალურ გარემოში ბრუნდება, მისი სოციალური ნიღაბია, რომლის მიღმაც ნამდვილ სახეს მალავს. ეს ნიღაბი იცავს, მაგრამ, ამავდროულად, აშორებს საკუთარი თავისგან და აქცევს სოციალურ მოჩვენებად, რომელსაც წართმეული აქვს საკუთარი ხმა, აზრი და ცხოვრება. 

ჩინოვნიკისა და მაღალი თანამდებობის პირის ამბავს მეორე მხარეც აქვს.ამ უკანასკნელს ყელში ამოუვიდა თავისი თანამდებობა. ყოველდღე უამრავი ადამიანის პრობლემას ისმენს და ახლაც ვიღაც ჩინოვნიკი გადაიკიდა, რომელმაც საშუალება არ მისცა, ნორმალურად ესიამოვნა კონცერტით და კისერიც კი დაუსველა. ეს აბეზარი ადამიანი ვერ მოიშორა. აღარ იცის, რა ქნას. სადაც გაიხედავს, ყველგან ის ელანდება. ვეღარ სუნთქავს. ორად იხლიჩება – ერთ მხარეს გადამწვარი ადამიანია, მეორე მხარეს კი პიროვნება, რომელსაც უნდა საღამოს სახლში დაბრუნებულმა ფეხსაცმელები გაიხადოს, წამოწვეს და გაზეთი წაიკითხოს. ჰგონია, მთელი დედამიწა დააქვს მხრებით. ისედაც თავის ცხოვრებას იმაში ფლანგავს, რომ სხვას თავი მოაწონოს. სახლში ფეხით მხოლოდ იმიტომ ადის, რომ მასზე რანგით მაღლა მდგომ მეგობარს ლიფტის კართან დახვდეს. ვიღაცისთვის მაღალი თანამდებობის პირია მიუწვდომელი ადამიანი და მის ადგილს ნატრულობს, ვიღაცისთვის კი ის ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა. ისინი ვერ ხვდებიან, რას წარმოადგენენ და როგორ შეუძლიათ საზოგადოების ცხოვრება შეცვალონ. ალბათ, სხვა რომ ყოფილიყო მათ ადგილზე, მთებს გადადგამდა.

მაღალი თანამდებობის პირიცა და ჩინოვნიკიც საერთო სისტემის მსხვერპლები არიან. ორივე განსხვავებულად იაზრებს თავის პრობლემას. პირველს დაკისრებული მოვალეობები ახრჩობს, არ მოსწონს ყველას რომ უნდა მოუსმინოს და პრობლემები უგვაროს. ჩინოვნიკს კი უნდა, რომ მოუსმინონ და დაინახონ კიდეც. 

კინოსურათი თითქოს ფრანც კაფკას ნაწარმოების, „პროცესი“ ალეგორიაა. ორივე ერთი და იმავე თემას იკვლევს. ინდივიდის უძლურებას აბსურდული და დამთრგუნველი სისტემის წინაშე, რომელიც ადამიანს პატარა, უმნიშვნელო ნაწილაკად აქცევს. კაფკას „პროცესში“ იოზეფ კ. აღმოჩნდება ჩახლართული სისტემის მსხვერპლი, რომლის არსიც კი არ ესმის. ორივე ნაწარმოებში მთავარი გმირები, ჩინოვნიკი და კ., უძლური არიან სისტემის წინააღმდეგ, რაც მარცხს იწვევს. გაბაიძის ფილმში სისტემა ჩინოვნიკს უხშობს ინდივიდუალობას, აიძულებს მას ითამაშოს მისთვის მინიჭებული როლი, ისევე როგორც კაფკას გმირი იძულებულია, იბრძოლოს უხილავი და აბსურდული სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. იოზეფ კ. ჩინოვნიკის მსგავსად დამარცხდა. იგი თავისუფლებისთვის იბრძოდა, დამწყვდეული უშედეგოდ აფართხალებდა ხელებს. ჩინოვნიკს აღიარება სწყუროდა. ორივე მოკვდა. თითქოს სამშვიდობოს გასულ იოზეფს დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე ერთ-ერთმა მცველმა დაუფიქრებლად გამოუსვა ყელში დანა. მას ჰქონდა პროტესტის შეგრძნება. დამარცხდა საკუთარი სისუსტეების წინაშე. ვერ გამოხატა ის ბრაზი, რომელიც ახრჩობდა. მხოლოდ ორი სიტყვა წამოსცდა, ისიც ძლივს „ძაღლივით დამკლეს!” – თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა.

„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება“ – წერს უილიამ შექსპირი თავის 66-ე სონეტში. ჩინოვნიკი დარჩენილი ღირსების შელახვამ მოკლა. ისედაც პატარა კიდევ უფრო დაპატარავდა დაუსიტყვოდ მიილია. 

„ვაზომოტორული რინიტი“ არ არის მხოლოდ ამბავი ჩინოვნიკზე, მაღალი თანამდებობის პირზე ან კონკრეტულ სოციალურ ფენაზე. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზეა.მისი მთავარი კითხვა ის კი არ არის, შეიცვლებიან ადამიანები თუ არა, არამედ – როდის და როგორ. ჩინოვნიკის პერსონაჟი აჩვენებს, რამდენად ღრმაა სისტემის მარწუხები და რამდენად მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ცვლილება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ვერასდროს გაბედავენ ხმის ამოღებას, თუმცა შინაგანად მუდმივ პროტესტს გრძნობენ. ფილმის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა რჩება – რას ვაკეთებს მაშინ, როცა ჩვენი ცხოვრება ჩინოვნიკის ცხოვრებას ემსგავსება?


ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *