მზიური საქართველოდან

„მზიური“, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულისა და, ამასთანავე, ამ წარსულიდან გამოყოლილი სტაბილური ყოფის ასოციაციას ქმნის, ქეთევან მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმის (2020) სათაურიცაა და მისი მთავარი გმირის სახელიც.

არაფერია განსაკუთრებული ამ კარდაკარ სიარულის პრაქტიკაში, რომელსაც ეს პერსონაჟი, მზიური გოგიჩაიშვილი სხვა, მისი კოლეგების მსგავსად, ყოველდღე შემართული ეჭიდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფილმი რამდენიმე პრიზის მფლობელი გახდა და მასში მთავარი ის სათქმელია, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოს სხვა მხრიდან – სოციალური ინტერვიუერის გამოკითხვის ზოგადი სურათიდან ყალიბდება.

ბევრი იმედგაცრუება, კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება, დაუცველობის განცდა, რომელიც მცდარი მოსაზრების თანახმად, ,,მხოლოდ ამ ქვეყანაში აქვთ“ და ყოველი მეოთხე მობინადრის მიერ გაცხადებული პასუხები კითხვებზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები აბორტებზე, უმცირესობათა უფლებებზე, უმუშევრობის პრობლემებზე, ყოფით სოციალურ პრობლემებზე და ა. შ. – ამ კინოგმირის მიერ ნანახი და განცდილი საქართველოს ნაწილია –  წარსულიდან მოსულისა და თანამედროვედ ჩამოყალიბებულის, სადაც უფრო მეტად შიშობენ, ვიდრე იმედიანად უყურებენ მომავალს. მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ეს რეჟისორის მიერ შექმნილი არსებული და რეალურად ათვისებული ინტერიერების თავისებური ხედვაა – თითქოს შერბილებული, ოდნავ თბილი განათებით ყველგან, განყენებული თავად მოქმედი პირებისაგან და, ამავე დროს, სასკოლო გამოკითხვის მსგავსად, მოლოდინით აღსავსე, შემდეგი კითხვის შინაარსისადმი: რა იქნება ინტერესის საგანი ამჯერად, თოვლის ბაბუა თუ ის, როდის შერცხვა ფილმის გმირს იმისა, რომ ქართველი იყო? უფრო სწორად, საერთოდ შერცხვა თუ არა ამასთან დაკავშირებით ოდესმე? რომ არა ის სიმშვიდე და ფილმის სიუჟეტში უნებლიედ, თავისთავად დასადგურებული განწყობა, რომელიც მის გმირებს – რესპოდენტებს მოაქვთ თავიანთი გაწონასწორებული, უმეტესწილად, მაინც მშვიდი დამოკიდებულებით მოვლენათა მიმართ, ამ კითხვების შინაარსი ხშირად გაუგებრად ტენდენციური მოგვეჩვენებოდა. გასაგებია, რომ თემა შეუზღუდავია და კარდაკარ მოსიარულე სპეციალისტი ნებისმიერ დიაპაზონს იყენებს ამისთვის, ითვალისწინებს რა კითხვის უხერხულობასაც, თუმცა სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება თავად ამ ტიპის სოციალური გამოკითხვა: ხასიათის, პრობლემების სპექტრის შეცნობას? მაშინ ზედმეტად არაბუნებრივი ხომ არ არის სწორედ ამგვარად კითხვის ფორმულირება: შეგრცხვათ თუ არა ოდესმე ქართველი რომ ხართ? რა თქმა უნდა, ყველგან ვინმეს და, სავარაუდოდ, კაცობრიობის უმეტეს ნაწილს ჰქონია უხერხულობის განცდა იმის გამო, რომ ის პორტუგალიელია, ან სულაც კალიფორნიელი, რადგან მისთვის არასასიამოვნო რეალობაში აღმოჩენილა საკუთარ სივრცეში, ქვეყანაში, სხვისი ქცევისა და პოლიტიკური მოსაზრებების, სოციალური უზნეობის ან სხვა მიზეზის გამო. ამიტომ პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეს ხომ ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი გრძნობის გამოვლენა არ არის ან რატომ ჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ვიღაც ბეჯითად ცდილობს ყველაფრისა და ყველას მაგივრად ხშირად შერცხვეთ ადამიანებს – მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდები სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან ან იმიტომ, რომ სათანადო ხალისით ვერ ფიქრობენ მომავალზე, პენსიებზე, შემოსავალზე და ა. შ. ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა (და არა თავისთავად) შეიქმნას პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული ყოფის ყველაზე მკაცრი სურათი, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობა რატომღაც მუდმივად სხვის (ამ შემთხვევაში, ქვეყნის) ზრუნვაზე იქნება დამოკიდებული – ასეთი სურვილი იგრძნობა.

ამ მოტივში, ამ მცდელობაში არაფერია განსაკუთრებული, რომ რეალობა სხვადასხვა განზომილებითი სივრციდან მოვიტანოთ მაყურებლამდე, თუმცა ერთი და იგივე ინტონაციით, სხვადასხვა კითხვებიდან მოტანილი დაუცველობის განცდის შექმნის მცდელობა აშკარაა და ამაში დიდ როლს ასრულებს თუნდაც იმ სოციუმის შესაძლებლობათა ერთგვარობა, რომელსაც სტუმრობს მზიური – თავადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, იშვიათი სიმშვიდითა და კეთილგანწყობით გამორჩეული პერსონაჟი, რომლის არსებობაც ბევრად განაპირობებს მისი ბოლომდე მოსმენისა და ნახვის სურვილს.

ის თავად სახეა, შვილია საქართველოს სტაბილური, შემდეგ არასტაბილური, შემდეგ კი ტრაგიკული და, ამჟამად, რთული ეპოქისა, რომელმაც გამოიარა მშობლის ზრუნვისა და ლაღი უდარდელობის ხანაც, პასუხისმგებლობისა და სოციუმში თვითდამკვიდრების, სავარაუდოდ, ნაცნობი, არც თუ იოლი გზაც და, როგორც ყველა ჩვენთაგანი, მზიურიც საკმაოდ მიჯაჭვულია თავის ყოფაზე, მისთვის ნაცნობსა და ახლობელ წესრიგზე. არადა, ერთია მზიური – პერსონაჟი, გმირი და მეორეა მის ირგვლივ არსებული სინამდვილე, რომელიც ტენდენციურია არა პერსონაჟთა განწყობით, არამედ იმ სურვილით, რომ მივიღოთ დამაფიქრებელი და არც თუ იმედიანი პასუხები სხვადასხვა შინაარსის კითხვაზე.

ერთ-ერთი კინოფესტივალის პლატფორმაზე წერდნენ, რომ ამ ფილმის მთავარი გმირი არის გამბედავისოციალური მკვლევარი, რომელიც უცნობი ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედის და სადავო შეკითხვებს სვამსო.

კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით მთავარი გმირის ამ თვისებაზე – გამბედაობაზე, რადგან თმენა დისკომფორტისა ან ადამიანთა მხრიდან უგულვებელყოფისა, ბუნებრივია, მისი სპეციალობის ნაწილია. სამაგიეროდ, რამდენად სადავო შეიძლება იყოს კითხვები, რომლებიც ხშირად პასუხის შინაარსს უკვე გულისხმობენ – ეს ნამდვილად საინტერესოა და, ალბათ, ტენდენციურიც, რადგან ამის შემდეგ უპირობოდ უნდა გაგვიჩნდეს დაუცველი ადამიანებისა და განცდით აღსავსე, მომავლისკენ მიმართული შიშების მოლოდინი. ასეც ხდება, თუმცა ნაწილობრივ. როგორც ჩანს, ფილმის გმირების უმრავლესობა საერთო კითხვებს საერთო მოსალოდნელი შინაარსით პასუხობს, მაგრამ იშვიათად ავლენს რაიმე მკვეთრად ნეგატიურს: დიახ, მოვლილ, სადა, თუმცა საშუალოზე დაბალი შეძლების ინტერიერებში პენსიონერი ქალბატონები ფიქრობენ, რომ ყველა უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ მეორე სახლის დიასახლისი თვლის, რომ მისთვის მიუღებლობის ინტერესები უცხო არ უნდა იყოს. ამასთანავე, არავინ მოუწოდებს აგრესიისაკენ, ძალადობისაკენ. ისინი კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ სოციალური გასაჭირი და არაკეთილდღეობა სახეზეა. სამაგიეროდ, ეს მაინც ერთი და იგივე, საკმაოდ ერთფეროვანი შინაარსის კითხვებად ერთიანდება: ხართ თუ არა კმაყოფილი ყოფით? ეს უკანასკნელი რიტორიკულ კითხვადაც ყალიბდება. არათუ საქართველოს შემდგომ თაობაში, არამედ მთელ დედამიწაზე, სავარაუდოდ გვიპასუხებენ – არა, ვინაიდან მუდმივად კმაყოფილი ვერავინ ვერსად ვერ იქნება ისეთი საკითხებით, რომელიც ყოფასა და სოციალურ თემებს უკავშირდება. მითუმეტეს, ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფურ პორტრეტში.

განმაიარაღებლად გულახდილი შეხედულება არ შეიძლება ყალიბდებოდეს ტენდენციური და პასუხისშემცველი კითხვების ფონზე, ერთსა და იმავე სოციუმში. საქართველოს საკმაოდ ჭრელი, წინააღმდეგობრივი, საინტერესო და, რაც მთავარია, სხვადასხვა მოსაზრებითა და ცხოვრებისეული პოზიციით მდიდარი მოსახლეობა ჰყავს. რა თქმა უნდა, საინტერესოა ნებისმიერი მოსაზრება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სოციალური გამოკითხვის სამიზნე ჯგუფიდან სახასიათო კინოპორტრეტს ქმნის, ხოლო ეს პორტრეტები ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა გამოკითხვის შინაარსის ამდენად აქცენტირებული ტენდენციურობა.

ქეთევან ტრაპაიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *