იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ მისი მხრიდან უემოციო დამოკიდებულება, მხოლოდ შემოქმედებითი მიზნით აღქმა და დაკვირვება, მითუმეტეს, არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას სხვებში. ასეთმა პიროვნებამ შეიძლება ყველაზე დიდი გულცივობა გამოიჩინოს, თუ მისთვის კონკრეტული გარემოება ინსპირაციის წყაროს, მუზას წარმოადგენს მისი მომავალი, პოტენციური ნამუშევრისთვის.
ზაზა ცქიტიშვილის სტუდენტური ფილმი, „წითელი ფანჯარა“ (2018) მოგვითხრობს ამბავს ერთ მხატვარზე (ანდრო სარიშვილი), რომელსაც ყველანაირი რესურსი, იდეა ამოეწურა, შემოქმედებით ჩიხშია შესული და ვერ მოუფიქრებია თემა, რომელსაც მომდევნო ნამუშევარში ასახავს. ფილმში ნაჩვენებია მკვლელიც (გეგა ჩოქური), რომელიც, კორპუსის აივანზე მდგარი, თავის მსხვერპლს მოთმინებით ელოდება და ქუჩიდან სახლში მიმავალი ჟურნალისტი (სოსო მგალობლიშვილი), რომელიც ბინისაკენ მშვიდად მიემართება და არც კი ფიქრობს მოსალოდნელ საშიშროებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტი, რომელსაც მკვლელი თავისივე კორპუსის კიბეზე თოფით შუბლს გაუხვრეტს, მოგვიანებით მაღაზიიდან ამობრუნებული მხატვრის მომავალი ნამუშევრის მთავარი ინსპირაცია ხდება.
ამ თორმეტწუთიან ფილმში სულ ოთხი პერსონაჟია. ერთ–ერთი მათგანი მხატვრის ცოლია (ანი ურიდია), რომელიც კადრში საერთოდ არ ჩნდება და მაყურებელი მის არსებობას მხოლოდ მისი ხმის მეშვეობით იგებს. მხატვრისა და მისი ცოლის დიალოგის ხმები სხვა, მაყურებლისთვის უცნობი და უხილავი ოთახიდან ექოსავით მოისმის, ამ დროს კი ოპერატორი, მათი საუბრის პარალელურად, საფუძვლიანად გვათვალიერებინებს მხატვრის სამუშაო ოთახს. ოპერატორის მხრიდან ოთახში არსებულ საგნებზე აქცენტირებით მარტივად ხდება აღსაქმელი ის, თუ როგორი ტიპის ადამიანია მხატვარი. არეული ოთახი, ალკოჰოლური სასმელის უამრავი ცარიელი ბოთლი ოთახის სხვადასხვა წერტილში, იატაკზე განთავსებული ტილოები, ხის ხელნაკეთი ნივთები, ნახმარი, ერთმანეთში აზელილი სხვადასხვა საღებავი – ეს მცირედიც კმარა ჭეშმარიტი ხელოვანი ადამიანის გარემოს საუკეთესოდ აღსაწერად, იმ შემოქმედი ადამიანის, რომელიც დროს დიდად არ უთმობს სახლის წესრიგში მოყვანას და ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მუზის მოსვლის მოლოდინში, მთელ დროს ასე ჯდომასა და ფიქრში ატარებს. ობიექტივში ასევე კარგად იკვეთება ტახტის წინ პატარა მაგიდაზე მოთავსებული საფერფლე, რომელიც სავსეა სიგარეტის ნამწვავებით. მათი ძალიან დიდი რაოდენობა მიგვანიშნებს მხატვრის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეტყობა, რომ მას სურს, თუმცა არ გამოსდის რაიმე ღირებულის შექმნა. დრო კი გადის, რაზეც ახლო ხედში მოქცეული საათი მეტყველებს –აქცენტი მის წიკწიკის ხმასა (რომელიც ასე ძალიან აღიზიანებს მხატვარს) და ისრებზე კეთდება, რომლებიც გაუჩერებლად მიიწევენ წინ.
ფილმში ძირითადი მოქმედება ერთი ადგილის ორ სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს (თუ არ ჩავთვლით ქუჩას, სადაც მხატვარი და მკვლელი ერთმანეთს გადაეკვეთებიან). ერთი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი აივანია, მეორე კი – მხატვრის სახლი. მონაცვლეობა ოთახსა და აივანს შორის ძალიან ხშირად ხდება. გარეთ აშკარად სიცივეა, ცივი, ნაცრისფერი ფერისაა ასევე კადრებიც, მაშინ, როდესაც მხატვრის ბინაში თბილი, მონარინჯისფრო ფერები ჭარბობს, რაც სიმყუდროვის განცდას ტოვებს. პერსონაჟებიც თითქოს გვანან მათთვის შერჩეულ გარემოს. მხატვარი წითურია, ხოლო მკვლელს შავი გრძელი თმა და თეთრი, ფერმკრთალი სახე აქვს. ქუდი, რომელიც, ერთი შეხედვით, სახეს უფარავს, ახლოდან უფრო მეტად კვეთს მის უხეშ, ცივ ნაკვთებს. ის თვალის ერთი შევლებით საშიშად, არაკეთილსინდისიერად გამოიყურება. მისი პერსონაჟი შემაძრწუნებლად მშვიდია. ის ისე აუღელვებლად სვამს ყავას და ათვალიერებს ქუჩაში მიმავალ ხალხს, თითქოს, სრულიად უწყინარი მიზნით იყოს გამოსული გარეთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მომენტი, როცა მკვლელი თავის მსხვერპლს მოჰკრავს თვალს – კადრში მაშინვე ჩნდება მისი გამჭოლი, სანადიროდ გამზადებული კატისებრი თვალები, რომლებიც დაკვირვებით უყურებენ მომავალ ჟურნალისტს.
უნდა აღინიშნოს ფილმში გამოყენებული მუსიკა, კერძოდ, შოპენის „ნოქტიურნი“. ამოუცნობია, საიდან მოდის მისი ხმა. ფაქტია, რომ მხატვრის ბინიდან არა, რადგან ეს მოულოდნელი ჰანგები თავადვე იქცევს მის ყურადღებას იმ დროს, როცა იგი თავის ერთმანეთში ჩახლართული ყურსასმენების გახსნით არის დაკავებული. ეს ხმა აღწევს ასევე მკვლელამდეც. მართალია, გაურკვეველია მუსიკის წარმომავლობა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მელოდია ძალიან კარგად ეხამება იმ საბედისწერო ამბავს, რომელიც სულ ცოტა ხანში დატრიალდება საცხოვრებელ კორპუსში. აქედან გამომდინარე, მუსიკის არჩევანი ნამდვილად საინტერესოა – მშვიდი, წყნარი, ლამაზი, უწყინარი მელოდია ცივსისხლიანი მკვლელობის ფონზე.
ცოტა არაბუნებრივია მონტაჟი მკველელისა და ჟურნალისტის შეხვედრის მომენტში. მანამ, სანამ მკვლელი მას სიგარეტს სთხოვს – კადრებს შორის ჭრა ზედმეტად უხეში და შესამჩნევია. მკვლელის მიერ წარმოთქმული ფრაზა „სიგარეტი ხომ არ გაქვთ?“ საკმაოდ ხელოვნურად ჟღერს. საერთოდ, მსახიობების თამაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან იშვიათად უწევთ მათ საუბარი, რთულად შესაფასებელია, თუმცა მათი გამომეტყველება და ემოციები კონკრეტულ საკვანძო მომენტებში ბუნებრივია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოპერატორ მინდია ინასარიძის სტუდენტური ნამუშევარია, იგი დამაკმაყოფილებელია. ხშირად ხდება საშუალო, ახლო და საერთო ხედების მონაცვლეობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ასევე ხშირია რაკურსები ქვემოდან და ზემოდან. განსაკუთრებით, კიბეზე ასვლისა და ჩამოსვლის სცენებში. ფილმში ასევე გვხვდება სუბიექტური კამერაც, რომელიც, უმეტესად, მკვლელის თვალით დანახულ, ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გვაჩვენებს. ამ ხერხს იყენებს ოპერატორი მაშინაც, როცა მკვლელი მსხვერპლს მოტყუებით უკან ახედებს. ამ მოქმედების შემდგომ არის გასროლის ხმა, ქუჩის ხედი, დავარდნილი ტყვიის დეტალი და აწ უკვე ცარიელი ჭიქის ახლო კადრი, რომელშიც მკვლელი გამოყენებულ ტყვიას აგდებს. მკვლელობის შემდეგ შემაძრწუნებლად მშვიდი მუსიკის ხმაც წყდება და ვუბრუნდებით ქუჩის ჩვეულ ხმაურს.
მხატვრის საქციელი ჰგავს საქციელს სწორედ იმ სასოწარკვეთილი ხელოვნისა, რომელსაც დიდი ხანია მუზა არ სწვევია და პირველივე შესაძლებლობას განწირული ებღაუჭება. მას, მართალია, თავიდან შეაძრწუნებს კიდეც მკვლელობის ხილვა, მაგრამ როგორც კი წითელ, სისხლით დასვრილ ფანჯარას შეამჩნევს, მის თვალწინ დატრიალებული შემზარავი სცენა მომენტალურად მეორეხარისხოვან დეტალად იქცევა, პასუხისმგებლობა და შიშის გრძნობა უქრება, ცხედარს უგულოდ გადააბიჯებს ფეხს და ახალდაბადებული, გენიალური იდეისათვის ხორცის შესასხმელად გაეშურება. ჟურნალისტის გვამის ყურების დროს მის შეშფოთებულ სახეზე წამიერი კმაყოფილებაც კი გაიელვებს, თითქოს, ჯოკონდასეული შეუმჩნეველი ღიმილი გაკრთება მის ბაგეზე. ამ მომენტში ის, ალბათ, შინაგანად ბედნიერიცაა, ვინაიდან ნანატრი შთაგონება ეწვია.
თავდაპირველად, ფილმი ისეთ ეჭვს აჩენს მაყურებელში, თითქოს მკვლელი და მხატვარი რამით უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. რაღაც მომენტში, შესაძლოა, ის აზრიც გაჩნდეს, რომ მკვლელის მსხვერპლი სწორედ მხატვარია. მაგრამ საბოლოოდ სრულიად სხვა პიროვნება აღმოჩნდება სიკვდილისთვის განწირული – ესაა ჟურნალისტი რომელიც, სავარაუდოდ, თავისივე საქმის კეთებისათვის დაისაჯა. მაშინ რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო მკვლელსა და მხატვარს გარდა იმისა, რომ სწორედ მისი „დახმარებით“ შექმნა მხატვარმა თავისი მომდევნო ნამუშევარი? საქმე იმაშია, რომ ამ ფილმში ორივეს პირადი ინტერესები ამოძრავებთ. მათთვის პრიორიტეტული თავიანთი საქმეა. სამწუხაროდ, ჟურნალისტის ბედი არც ერთს ანაღვლებს და არც მეორეს. ორივე გულგრილია ამ საკითხთან მიმართებაში. მკვლელი იმიტომ კლავს რომ დაუკვეთეს და ამით მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს. რაც შეეხება მხატვარს, მან სწორედ ამ მკვლელობაში აღმოაჩინა ის მუზა, რასაც ამდენი ხანი უშედეგოდ ელოდა.
ელენე ცაგარეიშვილი