თანამედროვე კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძის ფილმი, „აღსარება” (2017) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც აშუქებს ადამიანის შინაგან ბრძოლას, სინდისის ტვირთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას. რეჟისორი ცდილობს, გააანალიზოს ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობის სიღრმეები, შიშები და შეცდომები.
ამბავი საკმაოდ პოზიტიურად იწყება. მამა გიორგი, თავის მორჩილთან ერთად,ჩადის პატარა სოფელში ღვთისმსახურებისათვის. იმისთვის, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მოიპოვოს და აზიაროს სულიერ ცხოვრებას, გადაწყვეტს, საღამოობით კინოჩვენებები გამართოს. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, სანამ ადამიანები ნამდვილი სახის გამოვლენას არ დაიწყებენ. სწორედ აქედან იწყება გმირში სულიერი ბრძოლები. მართალია, მთავარი მოქმედი პირი მღვდელია, თუმცა ფილმი სულაც არ არის რელიგიური. სასულიერო პირიც ხომ ადამიანია, ის შეიძლება დადგეს დილემის წინაშე და გაუჭირდეს სწორი არჩევანის გაკეთება.
კინოსურათის ვიზუალური გადაწყვეტები გაცილებით დიდ ემოციებსა და გრძნობებს აღვიძებს, ვიდრე სხვადასხვა დიალოგი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიალოგები საკმაოდ დახვეწილი და მრავლისმთქმელია. ფილმში ბევრი ლამაზი სცენაა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალურია, მორჩილი ვალიკოსა და მამა გიორგის დიალოგი, გაშლილ სივრცეში, ლამაზი, დიდი ხის ქვეშ. აქვე ხდება ამ ორი პერსონაჟის გარდაქმნა. ისინი ხვდებიან თავიანთ შეცდომებს და იმასაც, როგორ უნდა გამოასწორონ ისინი, თუმცა ფინალი ღიაა.მიუხედავად იმისა, რომ დასასრული ცდილობს ყველაფრის ახსნას, ფილმი ტოვებს რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვას, მაგრამ, ალბათ, ასეც უნდა იყოს, რადგან საინტერესო ნამუშევრის შემდეგ ყოველთვის უნდა არსებობდეს აუხსნელი ელემენტი, რათა მაყურებელი დაუფიქრდეს ხელოვნების ნაწარმოების იდეას, პრობლემატიკას და შეეცადოს, პასუხი თავად მოძებნოს.
კამერა მუდმივად ადევნებს თვალს პერსონაჟებს, რაც დამატებით ღრმა განცდას ქმნის მაყურებელში. თითოეული კადრი, როგორც ზედმიწევნით დეტალური, კარგად გადმოსცემს პერსონაჟების სულიერ დაძაბულობას. მოძრაობს ნელა, რაც გეხმარება იმაში, რომ ახლოს მიხვიდე გმირებთან დ განიცადო მათი გრძნობები. ასევე ხშირია გრძელი კადრები. ოპერატორი (გიორგი შველიძე) ხშირად აჩვენებს გმირებს იზოლირებულად და არაკონტაქტურ მდგომარეობაში, რაც კარგად ასახავს სინათლესთან ბრძოლას და პიროვნულ კრიზისს.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია კინოსურათისათვის, ურუშაძის ფილმში ბუნებრივი ხმები ბატონობს. რამდენიმე ადგილას მკვეთრად ისმის ბუზის ბზუილიც,სიმბოლოდ დაძაბულობისა და ნეგატიური ატმოსფეროსი. ბუზი, როგორც სინდისის ხმა, მოუსვენარია, არ ჩერდება, ვით გმირების შინაგანი ომები. დრამატული და ამაღელვებელი მელოდია, საგალობლების თანხლებით, ფილმს სრულყოფილებას სძენს.
ეს ნამუშევარი, დიდწილად, ფსიქოლოგიურია, თუმცა ასევე შეიცავს მცირე იუმორისტულ ელემენტებს, რაც ზოგ ადგილას გადასულია ცინიზმსა და ირონიაში. ძირითადად, გამოიყენება საკუთარი მდგომარეობის შესაფასებლად. ამ მხრივ, საინტერესოა თევზაობიდან თევზის გარეშე დაბრუნების სცენა და მორჩილის რეაქციები უმნიშვნელო მოვლენებზე. მართალია, ფილმში იუმორი მეორეხარისხოვნია, თუმცა მისი როლი მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთულია. იგი მცირედით, მაგრამ მაინც ხელს უწყობს მუქი ტონების განზოგადებას.
კინოსურათი გამოირჩევა მძიმე დეპრესიული ატმოსფეროთი, რომელიც ვიზუალურად კარგად არის გადმოცემული. გამოყენებულია მუქი ფერები და მინიმალისტური დეკორაციები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პეიზაჟს, რაც ხშირად შეესაბამება გმირების შინაგან განწყობას. ღრუბლიანი ცა, ფართო სივრცეები, დაცარიელებულო გარემო და წვიმიანი მდელოები მეტაფორაა პერსონაჟის ემოციური მდგომარეობის ცვლილებისა. ეს ნამუშევარი გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებით, რაც იძლევა საშუალებას სიღრმისეულად გააანალიზო არა მხოლოდ მთავარი გმირის შინაგანი სამყარო, არამედ მისი ურთიერთობა საკუთარ სინდისთან და საზოგადოებასთან.
„აღსარების“ ერთ-ერთი უპირატესობა სამსახიობო თამაშია. მსახიობების სუფთა და დაუფარავი ემოციები წარმოდგენილია დელიკატურობითა და დახვეწილობით. ისინი ბევრ რამეს შეგნებულად ტოვებენ უთქმელად, მაგრამ მათი დახვეწილი ჟესტები, მზერა და სინანული ყვება დამატებით პატარა ამბებს. პერსონაჟები თანდათან ქმნიან რთულ ემოციურ არქეტიპებს, რაც ფილმს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს. გმირების ემოციების გამოხატვა იმდენად ბუნებრივია, რომ მაყურებელი ადვილად ხვდება მათ შინაგან სამყაროში.
დიმიტრი ტატიშვილი (მამა გიორგი),როგორც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, შესანიშნავად გადმოსცემს ადამიანის შინაგან ბრძოლას, მერყევ ხასიათსა და გარდაქმნის პროცესს. ის რეალისტურად აჩვენებს სინდისის ქენჯნას და ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი შეცდომები; ცდილობს განსაზღვროს, რა არის მართალი და როგორ მოიქცეს სწორად. პერსონაჟი განვითარების პროცესში განიცდის ძლიერ ტრანსფორმაციას.
სოსო ხვედელიძე (მორჩილი ვალიკო) ასრულებს მრავალმხრივსა და რთულ პერსონაჟს. მამა გიორგის მსგავსად, ისიც განიცდის სულიერ კრიზისს, მუდმივად აქვს კითხვები უმნიშვნელო მოვლენასთან დაკავშირებითაც კი. განსაკუთრებით ბევრ კითხვას იგი მამაოს უსვამს, თუმცა პასუხამდე მაინც თავისით მიდის. ის არის უბოროტო გულისა დაშენდობის მაგალითი. მოსახლეობის შიშით ის არ დარჩა მღვდლის გვერდით გასაჭირის ჟამს, თუმცა გააცნობიერა თავის ქმედება და დაბრუნდა, რაშიც ნათლად ჩანს მისი სინდისის ქენჯნაც, სასიამოვნოდ გაგაოცებს მისი ზუსტად შესრულებული პერსონაჟი.
სოფიო სებისკვერაძის (ლილი) ეკრანული სახე ნატურალისტურია. მან შეძლო, გადმოეცა სულიერ კრიზისში მყოფი ქალის სახე. მისი თამაში ამძიმებს ფილმის ფსიქოლოგიურსა და მორალურ მხარეებს.
ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ნატა მურვანიძისა და დარეჯან ხარშილაძის პერსონაჟები. მართალია, ეს უკანასკნელი ეპიზოდურ როლში გამოჩნდა, თუმცა ის ახერხებს ღრმად დააფიქსიროს ადამიანის სინდისი და რელიგიური თუ პირადი არჩევანის საკითხები.
ბევრი კადრი კომპოზიციურად ორგანიზირებულია, რაც ფილმის სიუჟეტის განწყობას უსვამს ხაზს. მაგალითად, ლილის აღსარების სცენაში ხან მისი და ხანაც მამაოს სახე დაბინდულად ჩანს. ეს დამოკიდებულია მათ შინაგან განწყობაზე. თუ ლილი გრძნობს შეშფოთებას, ეჭვს ან შიშს, კამერაც მის გრძნობებს იზიარებს და გამოსახულებაც დაბინდული და არადამაჯერებელია და იგივე ხდება მეორე პერსონაჟის, მამა გიორგის შემთხვევაშიც. თუ მის სულში დილემა და ფორიაქია, ოპერატორი ამ შემთხვევაშიც იგივე ტექნიკას იყენებს.
თავიდან იფიქრებ, თითქოს რაღაც კადრები გამოტოვებული, დავიწყებულიაო, რჩება სიცარიელის შეგრძნება, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. დასასრულს, მაყურებლის ფანტაზია თავად ავსებს გამოტოვებულ ეპიზოდებს, რომლებიც თავიდან არ იყო და განმარტავს მოვლენებს, რომლებიც ფილმში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით იყო ნახსენები.
შეიძლება ზოგიერთი მაყურებლისთვის „აღსარება“ რთული აღსაქმელი იყოს მისი ზედმეტად დეპრესიული გარემოს გამო, ამიტომ იგი საჭიროებს ყველა დეტალსა თუ სიტყვაზეყურადღების გახვილებას, რათა ავტორის ჩანაფიქრს სწორად ჩავწვდეთ. ამას ხელს უწყობს სიუჟეტის ნელი განვითრება და რამდენიმე კადრის არასაჭირო სიდიდე.
პერსონაჟების ნამდვილი სახის გამოვლენა და სულიერი კრიზისის ცენტრი სოფელსა და მამაოს შორის დაპირისპირების დროს ჩნდება. ლილის ტყუილს, თითქოს მამა გიორგი მასზე ძალადობდა, ყველა იჯერებს გარდა გოჩასი, რომლისგანაც ეს ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. გოჩა თანასოფლელებს არ უყვართ თავისი გულცივობის გამო, თუმცა ის ყველაზე სამართლიანი აღმოჩნდა. როცა პირადი რწმენა წინაღმდეგობაში მოდის სოფლის მორალურ ნორმებთან, ემოციები უმართავი ხდება და ადამიანური სისუსტეები კი გაშიშვლებული. ყველა გამოხატს იმას, როგორიც არის სინამდვილეში.
თანასოფლელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და, ამავდროულად, ძალიან გვანან ერთმანეთს. თუ თითოეულ მაცხოვრებელს ცალ-ცალკე განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომისინი დაჯილდოებული არიან გამორჩეული თვისებით. ყველა მათგანს თავისი ადამიანური სისუსტე,ცოდვები და სინდისის ქენჯნა აქვს, მონანიების გზა კი ყველასთვის განსხვავებულია.
საბოლოოდ, ხდება კი გასაგები პატარა სოფლის მოსახლეობის მორალი? რა თქმა უნდა, არა. შესაძლებელია მათი დადანაშაულება? არა. ამას იმიტომ ვერ გავაკეთებთ, რომ მათზე უკეთესები არაფრით არ ვართ, პრაქტიკულად იგივე ვართ, მხოლოდ ნაკლები სიმძაფრით. ეს ხალხი არის საზოგადოების კოლექტიური სურათი, რომელიც ხდება იარაღი სამართლიანობისა და ღმერთის სახელით.
ფინალში არის ძლიერი ემოციური კათარზისი და ეიფორიული ეფექტი, მაგრამ მათ მაშინვე წყვეტს სამწუხარო რეალობა და ცხოვრების შეუქცევადობა. ავტორი ემოციებს აძლევს გასაქანს, ამბობს, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ყველაზე თავისებურად მოქმედებს. „აღსარება“ მაყურებელს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ შეაფასოს გმირების ემოციები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ მოარგოს საკუთარ თავს და ებრძოლოს ადამიანურ სისუსტეებს.
თეონა ვეკუა