სტამბულში დაკარგულები

ნაპოლეონ ბონაპარტემ თქვა: „თუ დედამიწა ერთი დიდი ქვეყანა იქნება, სტამბული მისი დედაქალაქი გახდება“. ლევან აკინისთვის ეს უძველესი ქალაქი არა სამყაროს ცენტრად, არამედ ერთ დიდი ჰადესად არის წარმოდგენილი. 

ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორისთვის. უდავოა, რომ საქართველო და მისი სოციალური პრობლემები ძალიან აინტერესებს. მისი კინოკარიერის განმავლობაში ხომ ყველაზე „გულთბილი“ დახვედრა თბილისმა მოუწყო 2019 წელს, როდესაც კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ამის შემდეგ ბევრს გაუჩნდებოდა აზრი, რომ ის იწყენდა ამ ყველაფერს და შეუდგებოდა სხვა თემატიკის ფილმების კეთებას, თუმცა არა. 2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგი წარსდგა მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი კინოსურათით, „გადასვლა“ (2024), რომელიც მოგვითხრობს ქართველ ქალზე, ლია რომ ჰქვია. ეს ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა, რომელშიც საქართველოც იღებდა მონაწილეობას. 

მთავარი მოქმედება სტამბულში ვითარდება. ლია აჭარის სოფლიდან სტამბოლისკენ მიემართება, რათა იპოვოს თავისი ტრანსგენდერი დისშვილი, რომელსაც წლების წინ მან და მისმა დამ ზურგი აქციეს, თუმცა დის გარდაცვალების შემდეგ, იგი დაპირდა დას, რომ მის შვილს იპოვნიდა. ამ ყველაფერში მას მისი მოწაფის ძმა, აჩი ეხმარება. ესაა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავიდანვე, გარკვეულწილად, სტერეოტიპულად გვესახება – ქუჩის ბიჭი ბნელი წარსულით, რომელიც თითქოს მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობს. გზადაგზა აღმოჩნდება, რომ ის ლიას მართლაც უანგაროდ უდგას გვერდში. ამ ყველაფრის მარეგულირებელი მთავარი გმირია, რომელიც ახალგაზრდას კონკრეტულ წესებს უდგენს, რათა მასთან ერთად წავიდეს მოგზაურობაში. მიზეზი კი ისაა, რომ აჩიმ გატეხილი ინგლისური ენა და ის ადგილი იცის, სადაც, შესაძლოა, ლიას დისშვილი იყოს. 

რეჟისორის მთავარი საკვლევი თემა ადამიანები და მათი სინდისია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან, მაინც იჩენს თავს. აკინისთვის ყველაზე ახლობელი თემა „ქვიარ“ ადამიანები და მათი პრობლემებია, თუმცა ამ შემთხვევაში მან გვანახა არა თავად ტრანსგენდერი ადამიანის თვალით დანახული დანაკარგი, არამედ ოჯახის წევრისა, რომელიც განიცდის მის გაშვებას ამავე ოჯახიდან. ფილმი ნათლად აჩენს იმ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია წლების წინ პერსონაჟის მიერ ჩადენილი საქციელით. ლიას ფრაზა – „არ მაქვს მომავალი, ეს არის და მორჩა“ – ზუსტად გამოხატავს ამ ტკივილსა და სევდას. დისშვილის პოვნა მის უკანასკნელ ცხოვრებისეულ მიზნად და მისიად იქცევა. მისთვის აღარ აქვს აზრი, რა და როგორ იქნება ამ ცხოვრებაში, მთავარია, იპოვოს ადამიანი, რომელსაც წლების წინ ხელი ჰკრა. 

ლიას და აჩის ამბავი აგებულია ძველბერძნული მითზე, რომელიც გვიამბობს ორფეოსის მოგზაურობაზე ჰადესში. მთავარ პერსონაჟისთვის სტამბოლის ის ბნელი ქუჩები, სადაც მეძავები ცხოვრობენ, მართლაც ჰადესს წარმოადგენს, ჯოჯოხეთს დედამიწაზე. თუმცა სხვა პერსონაჟები და მიზანი, რომ იპოვოს საკუთარი დისშვილი, აძლევს მას ძალას იაროს წინ. თუნდაც მარტომ. როგორც ეს ერთ ეპიზოდში ხდება, როდესაც ერთ-ერთ ტრანსგენდერს პირდაპირ კარებთან მიადგება და გამოკითხავს ყოველივეს. 

რეჟისორი სხვა პერსონაჟებსაც მითის კვალდაკვალ აგებს. აჩის გმირი, შეიძლება, ჰერმესის პერსონაჟს შევადაროთ, რომელიც მითის ალტერნატიულ ვერსიაში ორფეოსს გზის გაკვლევაში ეხმარება. პირველი იყო აჩი, რომელმაც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით უთხრა ლიას, სად შეიძლებოდა ეძებნა დაკარგული ნათესავი. ევრიმის პერსონაჟი (დენიზ დუმანლი) ერთგვარი გათანამედროვებული ვერსია არის ჰადესის მენავე ქარონისა, რომელიც იქ ჩასულთ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ გადაჰყავს ჰადესში. ევრიმი არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე ადვოკატია, რომელიც აჩის და ლიას ეხმარება კვალზე გასაყვანად.

ლიასთან ერთად, აჩის პერსონაჟი მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს ამ თავგადასავალში. ახალგაზრდა ბიჭი თავისი ინფანტილურობით, ახალი სამყაროს აღმოჩენით, მთავარ გმირს, ერთი შეხედვით, ხელს უშლის ძირითადი საქმის მოგვარებაში, თუმცა, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აჩი არის ერთგვარი „ცივი წყალი“ ქალისთვის, რომელიც ზოგჯერ, თვალებზე ბინდგადაკრულივით, სრულიად ულოგიკოთაც მოქმედებს. თუ ლია „ოთარაანთ ქვრივივით“ იცმევს ქალამნებს და მიდის კარდაკარ თეკლას საძებნელად, აჩი დიდად არ იწუხებს თავს, ელოდება ზუსტ დროს და ადგილს (შეიძლება არც), რომ სწორ ადამიანებს დაუსვას კითხვები იმ ენაზე, რაც შეუძლია. ზუსტად ამ პრინციპით გაიცნობს ის ევრიმს, რომელიც მართლაც აპოვნინებს თეკლას კვალს. 

თავად ევრიმის პერსონაჟიც ძალიან მრავლისმომცემი სახეა. თავიდან ფიქრობ, რომ ისიც მეძავი ტრანსია, თუმცა მალევე ხვდები, რომ ის განათლებული და დიპლომიანი ადვოკატია. ასევე მისი ყველაზე მშვენიერი მხარე მაშინ ჩანს, როდესაც ვიგებთ, რომ ის ორი უსახლკარო პატარა და-ძმა, რომლებიც ტრუბადურებივით მთელი ფილმის განმავლობაში დაჰყვებიან სხვადასხვა პერსონაჟებს სიმღერით, მას ჰყავს შეფარებული. შეიძლება ითქვას, რომ იგი მათი არაფორმალური მეურვე არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერსონაჟის შემსრულებელი ქალის, დენიზ დუმანლისთვის ეს პირველი როლია, რაც კიდევ უფრო დიდ გაოცებას იწვევს, რადგანაც მისი თამაში, საოცარ შტრიხებს ანიჭებს მის გმირს. გამოუცდელი მსახიობისთვის ასეთი რამის გაკეთება ძალიან დასაფასებელი და აღსანიშნი რამ არის. 

სამსახიობო დასი არც თუ ისე პატარა არის, თუმცა არ შეიძლება მათი შეუფასებლად დატოვება. მზია არაბულის თამაში ფილმში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფენომენალურია. თანამედროვე ქართულ კინოში ასეთი რამ იშვიათია, განსაკუთრებით ქალი მსახიობებისაგან. მისი თამაში ისეთი ლაკონიკური და მკვეთრია, რომ უბრალო სახის მიმიკა ან წარბის აწევაც კი მრავლისმეტყველია. აშკარაა, მისი ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, რადგან მსახიობი თამაშობს არა კიჩურ-თეატრალური მანერებით, არამედ შეუძლია თვალებით საუბარი მაყურებელთან, მისი ემოციების ამოკითხვა მხოლოდ თვალებითაც კი არის შესაძლებელი. 

ლუკას კანკავა არაჩვეულებრივი პარტნიორი აღმოჩნდა, რომელმაც არათუ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, არამედ საოცრად მოერგო პარტნიორთან თამაშს. მისი პერსონაჟი არც თუ ისე რთული შესაქმნელი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ, მწირი გამოცდილების მიუხედავად, მან ეფექტურად შეასრულა როლი. 

„გადასვლა“ გამოირჩევა შესანიშნავი საოპერატორო ნამუშევრითაც, რაც მისი დამდგმელი ოპერატორის, ლისაბი ფრიდელის დამსახურებაა. ის აკინის წინა ფილმშიც მუშაობდა, სადაც არანაკლებ გამოავლინა თავი, თუმცა აქ მან პროფესიული ხელობა ხელოვნებად აქცია. მისი შექმნილი კადრები არა თუ ქმნის სტამბულის ატმოსფეროს, არამედ უსიტყვოდ გვიყვებოდა ამ ქალაქის კუთხე-კუნჭულებზე, რომლებიც არაჩვეულებრივ დეტალიზაციას ქმნიან. 

ლევან აკინისთვის ეს კინოსურათი ფრიად მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოდგა, რადგანაც იგი გვიყვება ადამიანურ ტრაგედიაზე, ოჯახურ პრობლემებზე, სოციალურ დაყოფასა და მორალურ მხარეებზე. მისთვის ამ ფილმში მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანია, ყოველგვარი იარლიყის გარეშე. 

საბა მახარაშვილი

 

 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *