ტექნიკას შეწირული შინაარსი

კოტე ჩაბაკაურის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმს, „სათამაშო ცხენი“ (2019) ჰყავს სამი პერსონაჟი: გიორგი (თედო ბექაური), დედა (ნინო კვიტატიანი) და ქეთო (ქეთი ჩხარტიშვილი). რეჟისორი აღწერს მთავარი გმირის, გიორგის ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელიც, შესაძლოა, ამ პერსონაჟის რუტინის გარდამტეხ მომენტადაც იყოს მიჩნეული.
გიორგი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანია. იგი ყოველ დილით მიდის სამსახურში, სადურგლოში, საღამოს ბრუნდება შინ და ასე გრძელდება სულ, თუმცა მის ცხოვრებაში არის ერთი დიდი პასუხისმგებლობა – ავადმყოფი დედა. ფილმში არ ჩანს, თავისუფალ დროს რას აკეთებს მთავარი გმირი ან აქვს თუ არა საერთოდ თავისუფალი დრო, მაგრამ იმ სიუჟეტით, რასაც რეჟისორი სთავაზობს აუდიტორიას, მხოლოდ მომქანცველი ერთფეროვნებაა წარმოდგენილი და გიორგიც, თითქოს, ამას ემორჩილება. კინოსურათში არაა გამოკვეთილი, იგი რაიმეს ებრძვის თუ ახალს ეძებს. არადა, მასთან თავად მიდის სიახლე, რასაც ის სიხარულით ეგებება.
გიორგის პერსონაჟზე საუბრისას, პირველ რიგში, მისი სიმშვიდე და სიდინჯე უნდა აღინიშნოს. ის ჩუმია, მოკრძალებული და თავმდაბალი. თითქმის შეუძლებელია ამ კინოგმირის უარყოფითი თვისების მოძებნა, ყოველ შემთხვევაში, რეჟისორი არ აჩვენებს ამას. თედო ბექაურმა საკმაოდ დამაჯერებლად და გულწრფელად განასახიერა როლი. ბევრ ქართულ ფილმში, იქნება ეს პროფესიონალის, მოყვარულის თუ სტუდენტის მიერ გადაღებული ნამუშევარი, კინოსამსახიობო დონე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. მართალია, თედოს ემოციურად რთულად შესასრულებელი როლი არ ჰქონდა, მაგრამ მისი ქმედება და, რაც მთავარია, მეტყველება ერთობ ბუნებრივია.
დედა გიორგის ცხოვრებაში ყველაზე ახლობელი ადამიანია (ფილმში არსებული განწყობისა და გიორგის გულჩათხრობილობის გარდა, ამაზე მეტყველებს, თუნდაც დაბადების დღის ეპიზოდი, სადაც მხოლოდ დედა-შვილი არიან წარმოდგენილი). დედა ავადმყოფი ქალია, რომელიც ცდილობს ტვირთად არ დააწვეს შვილს და გიორგის მიერ გამოთლილ და თავის მიერ მოხატულ ცხოველებს ყიდის. იგი გასართობად, დროის გასაყვანად, საკუთარი თავისთვის რაღაც დანიშნულების მისაცემად გიორგის დაწყებულ ნამუშევრებს ასრულებს.
ნინო კვიტატიანის პერსონაჟს რიგ მომენტებში დამაჯერებლობა აკლია. მაგალითად, პირველივე რეპლიკის დროს: “მმ… გემრიელია!” ან დაბადების დღის სცენაში. ამის საპირისპიროდ, სახლში მისულ კლიენტთან სცენაში იგი ბუნებრივად მეტყველებს და სიყალბის ეფექტი ქრება.
როგორც ჩანს, ქეთი ჩხარტიშვილის გმირის შემთხვევაში შედარებით ნაკლები დავალება იყო შესასრულებელი. ის სცენები, სადაც იგი ჩანს, უმეტესად, სწორი ემოციითაა წარმართული, თუმცა გამონაკლისია სცენა, სადურგლოში მისვლა, სადაც იგი პირველად ჩნდება. თავად ეს ეპიზოდია ხელოვნურად გათამაშებული მსახიობების მიერ, რაც მეტყველებასა და ინტონაციაში უფრო გამოიკვეთება, ვიდრე მათ საქციელსა და მოქმედებაში.

ფილმის პერსონაჟები საკმაოდ ზედაპირულად შექმნილი კინოსახეებია. ისინი გვანან სტანდარტულ გმირებს, რომელთაც არ გააჩნიათ უარყოფითი თვისება. ფაქტობრივად, არ ჩანს მათი მეორე მხარე, ყველანი მხოლოდ ცალმხრივად დანახული ადამიანები არიან. ზედაპირული დამოკიდებულება არამხოლოდ პერსონაჟებთან მიმართებაში ვლინდება, არამედ იდეურ მიმართულებაშიც. შინაარსობრივად რამდენად საგულისხმო და გამორჩეულია ეს ნაწარმოები, ცალკე თემაა. სავარაუდოდ, რეჟისორი დიდად არ ჩაძიებია ამ საკითხს.
კინოსურათში მოყოლილ ამბავში ნეიტრალურობაა შენარჩუნებული ამსახველსა და ასახულს შორის, ანუ რეჟისორის მხრიდან არ ჩანს რაიმე დამოკიდებულება ან შეფასება იმის მიმართ, რასაც აღწერს და, ალბათ, სწორედ ეს იყო მისი მიზანი. გარდა ამისა, შეუძლებელია ამ ნამუშევრის ჟანრის დადგენა, რადგან არაა რაიმე სპეციფიკური ნიშანი (ან ნიშნები) ამის საპოვნელად. ხშირად დრამას უწოდებენ ფილმს, როდესაც მისი ჟანრის განსაზღვრა სურთ, თუმცა მასში არ ჩანს დრამისათვის სახასიათო ნიშნები, მაგალითად, მკვეთრი კონფლიქტი, ან ორი დაპირისპირებული მხარე და ა.შ.
კოტე ჩაბაკაური ცდილობს, არ გაწელოს ეპიზოდები. მას აშკარად არ სურს ზედმეტი და უსარგებლო მომენტებით გადატვირთოს ნამუშევარი, ტემპი დააგდოს და თხრობა უინტერესო გახადოს, თუმცა მაინცაა რამდენიმე პატარა მონაკვეთი, არაბუნებრივად რომ გამოიყურებიან კონკრეტულ სცენებში. ძირითადად, ესაა სამსახურის სცენები, როცა გიორგის თანამშრომლები აქტიურობენ. მაგალითად, ახლადმოსულ მთავარ გმირს უფროსი ეუბნება – „აბა, შენ იცი, გიორგი!” და მხარზე ხელს მოარტყამს ან საჭმელად დამსხდართა დიალოგი. შესაძლოა, ასეთი არანატურალისტური განწყობა მათივე როლებიდან გამომდინარეობს და თუკი ისინი ბუნებრივად შეასრულებდნენ ამას, მაშინ ეს სცენები ამოვარდნილი არ იქნებოდა ერთი მთლიანობიდან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორის, ალექსანდრე საჯაშვილის ნამუშევარი. მისი მოძრაობის რიტმი სათანადოდ მიჰყვება თხრობის რიტმს. ეტყობა, რომ მან მეტად საგულისხმო შრომა გასწია ფილმის ტექნიკური მხარის მოწესრიგებასა და მომხიბვლელობაში, კარგად გაართვა თავი როგორც მუქ ტონებს, ჩაკეტილ სივრცესა და ხელოვნურ განათებას, ასევე ბუნებრივ განათებაზე მუშაობას, ახლო პორტრეტებსა და შორ კადრებს.
კოტე ჩაბაკაურმა, როგორც დამწყებმა კინორეჟისორმა უფრო დიდი ყურადღება მიაქცია ფილმის ტექნიკურ მხარეს, ვიდრე ორიგინალური თავგადასავლის მოყოლას. იმედია, მომავალში იგი ამასაც დახვეწს. 

გვანცა ნოზაძე,
კინომცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *