უკანასკნელი კოცნა

რა არის სიყვარული? ტკივილის, სიხარულის, იმედგაცრუებისა და ვალდებულებების ზღვა. შეგრძნება, რომელიცმისკენ გითრევს და ცდილობს, ყველაფერი დაგათმობინოს. ამ გრძნობის გამო ყველა კომპრომისზე წავა ადამიანი. ხანდახან პიროვნებები აფექტის მდგომარეობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. შურისძიების წყურვილი გონებას ისე უბინდავთ, რომ აღარაფერი აინტერესებთ, შედეგებზე არ ფიქრობენ, უბრალოდ, დგებიან და აკეთებე იმას, რაც სწორად მიაჩნიათ.

„რისი მსროლელია, რა იცის, საით ისროლოს“ – თურმე მამუკას მართლა არ სცოდნია, საით უნდა ესროლა. ლევან თუთბერიძის ფილმის, „უშენოდ მგონი მოვკვდები“ (2010) მთავარი კონფლიქტი სწორედ ამ ფრაზით იწყება. მამუკას ქურდებმა ძმაკაცი, დათუშკი მოუკლეს და მისთვის შურისძიება ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი მიზანი გახდა. ერთი შეხედვით, მამუკა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭია, რომელსაც ორი ცხოვრება აქვს. ერთში მოხუც ქალს უვლის, ცდილობს ყურადღება არ მოაკლოს. მისი მეორე ცხოვრება ბნელი და საფრთხით სავსეა. თითქმის იარაღთან ერთად სძინავს.

მამუკასთან ერთად ფილმის მთავარი გმირი ზაზაა. მამუკა კრიმინალია, ზაზა ჩვეულებრივი რომანტიკოსი მწერალი. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთანეთთან უხილავი ძაფებით არიან გადაჯაჭვული. ზაზას ორი ქალი უყვარს და არჩევანს ვერ აკეთებს. მისი პირველი სიყვარული ნინაკაა, რომელიც თავის ძმაკაცსაც, პეტრუჩიოსაც უყვარს. ნინაკა, თავისდა უნებურად, საბედისწერო ქალია –  მაცდუნებელი, ლამაზი ქალი, რომელსაც უბედურება მოაქვს ყველასთვის, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობაშია. ნინაკაც ვერ აკეთებს არჩევანს. თან უნდა, რომ ზაზასთან იყოს, თან პეტრუჩიო ეცოდება და ეს სიბრალული გადაწონის ყველაფერს. პეტრუჩიო ინვალიდის სავარძელში ზის და არც კი ცდილობს ფეხზე წამოდგომას. საკუთარი თავი მას იმდენად სძულს, რომ სახლში იარაღიც კი აქვს გადამალული ყოველი შემთხვევისთვის.

კინოსურათში ყველა უბედურია. მამუკამ არ იცის, როგორ მოიქცეს, ზაზა ბეწვის ხიდზე დადის და ბედს ეთამაშება, ნინაკა აგონიაშია, რიგლის ძაღლი მოუკლეს. მათ ყველას სხვადასხვა ამბავი და განსაცდელი აქვს, მაგრამ თითქოს მაინც ერთ ღერძზე ტრიალებენ, ერთმანეთს ვერ შორდებიან. ზაზა ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს, მაგრამ ბოლოს ის მაინც ეწევა და საყვარელი ქალის სადარბაზოსთან, მამუკას მიერ უმისამართო გასროლით კვდება. ის არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდა და ზუსტად ისე დაამთავრა სიცოცხლე, როგორც, ალბათ, თავგზააბნეული რომანტიკოსები ამთავრებენ ხოლმე – ტყვიით. სიუჟეტის მთავარი ხაზი გასროლით დაიწყო და დამთავრდა კიდეც. დილით ქურდებმა დათუშკი ჩაცხრილეს და საღამოს მამუკამ შურისძიების მიზნით ქურდებისკენ გაისროლა, მაგრამ ხელში მწერალი ზაზა შერჩა. ორმა უცნობმა ადამიანმა ერთმანეთის ბედი გადაწყვიტა.

2010 წელს გადაღებული ეს ფილმი ყველასთვის კარგად ნაცნობ 1990-იანი წლების ამბებს იმეორებს. ისევ უმისამართოდ ისვრიან ქუჩაში, ისევ ბარიგები და ქურდები არიან დაჯგუფებების სათავეში. ყველას ეშინია. თითქოს წლები არც გასულა. თითოეულს საკუთარი თავისთვის გამზადებული თითო ტყვია უდევს ჯიბეში. ზაზას არ უნდოდა, რომ ეცხოვრა. მისი საუბარი მეგობრებთან გამომშვიდობებას ჰგავდა. მიდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად. თითქოს გრძნობდა, დღე როგორც უნდა დასრულებულიყო. ბეჭედი იყიდა, მაგრამ არა ნინაკასთვის. ჰოლივუდური „ბედნიერი დასასრული“ არცერთ პერსონაჟს არ ღირსებია. თავიდანვე ყველა განწირული იყო. ისინი ერთმანეთს ხშირად არ ელაპარაკებიან. უბრალოდ, ერთ ოთახში სხედან და ერთმანეთს იმედგაცრუებული, არაფრისმთქმელი თვალებით უყურებენ.

რატომ არ წავიდა მამუკა პოლიციაში დათუშკი რომ მოუკლეს? პასუხი მარტივია. იმ პერიოდში, როცა ქურდები ავტორიტეტით სარგებლობდნენ, დამბეზღებელი ხომ არ იქნებოდა. თავისთან ერთად სხვისი ბედიც მან თვითონ გადაწყვიტა. სურდა, დამსჯელი ყოფილიყო. ძმაკაცის მკვლელობის მიზეზიც კი არ გაიკითხა.

ტიტრებში ორი მთავარი პერსონაჟი წერია, მაგრამ რეალურად მთავარი მაინც ზაზაა. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მისი ცხოვრება ნელ-ნელა ინგრევა და ბოლოს იგი კვდება. კინოსურათი არშემდგარ სიყვარულზე, შიშსა და დანაწევრებულ მეგობრობაზეა.

“მე მოვრჩი, მე ვეღარ მნახავთ” – ამბობს ზაზა და მეგობრის სახლს ტოვებს. ამ სიტყვებით და მსგავსი დამოკიდებულებით თითქოს მან საკუთარი სიკვდილი გამოიწვია. ყველა მათგანი უბედურებისკენაა მიდრეკილი და არც კი ცდილობს, რაიმე გააკეთოს ბედნიერებისთვის.

ფილმი სცენარით დიდად არ გამოირჩევა. მასში თითქმის არაფერია განსაკუთრებული. ის 1990-იანი წლების მორიგ დღეს ასახავს, იგივე პრობლემებით, ემოციებით, ამბებით. სიუჟეტი ტრაგიკულ სიყვარულზე არ არის, არც ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ პეტრუჩიოზეა, არც არშემდგარ რომანტიკოს მწერალზე. ის თან ყველაფერზეა, თან არაფერზე. ბევრ თემას მოიცავს და არაფერი მიჰყავს ბოლომდე.

„უშენოდ მგონი მოვკვდები“ – ვისზეა ეს სიტყვები, დათუშკიზე და მამუკაზე, ზაზაზე და ნინაკაზე, თუ ძაღლზე და რიგლიზე? ყველას გულში სიცარიელეა და თითოეული, თავისდა უნებურად, მკვდარია. ზოგი ფიზიკურად, ზოგი სულიერად. ზაზა ისე მოკვდა, ვერ გაიგო, ვინ უყვარდა ან ვის სჭირდებოდა. პერტუჩიოსათვის ძმაკაცის სიკვდილი ის ბიძგი იყო, რომელიც სჭირდებოდა. იგი ეტლიდან წამოდგა და ნაბიჯის გადადგმა სცადა. მისთვის იქნებ სჯობდა ზაზა აქამდე მომკვდარიყო. რა მოხდებოდა, რომას რომ არ შეშინებოდა და ქურდები მართლა ჩამოეყვანა. მერე მამუკა მოკვდებოდა? რთული სათქმელია.

კარგი იქნებოდა, სიუჟეტში ცოტა მეტი დრო დათმობოდა პერსონაჟების ცხოვრებას. კადრები ზედაპირულია. არაფერია ცნობილი მათზე, გარდა ერთი-ორი ამბისა. პეტრუჩიოს ამბავიც მხოლოდ ვიდეოთია ცნობილი. მამუკა, ფაქტობრივად, მაშინ ჩნდება როცა დათუშკი კვდება. ვინ იყო დათუშკი და რატომ დასდევდა ბრილიანტებს, ესეცუცნობია. აშკარაა, რომ მთელი ფილმი არაფერია, გასროლის გარდა. სიკვდილის სუნი აქვს ამ კინოსურათს.

ზაზას წასვლა უნდოდა და მართლა წავიდა. ადგა, ნინაკას შუბლზე აკოცა და კარი მოიხურა. მეორე ქალთან ხელის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა. ალბათ, ნინაკა უფრო უყვარდა ან ისიც არ. ან მხოლოდ იმიტომ უნდოდა ნინაკასთან ყოფნა, რომ იცოდა, პეტრუჩიოს აწყენინებდა. პეტრუჩიო ეჭვიანობდა და თავის უბედურებას, უნებურად, მეგობრებს აბრალებდა. დილა თენდება და ყველაფერი იცვლება. ზაზა აღარ არის, აღარც ძაღლი. ქუჩაში მხოლოდ პეტრუჩიო და რიგლი დგანან ერთმანეთის პირისპირ და ტირიან. რაღაც მაინც დარჩა ფილმისგან – უკეთესი დღის გათენების იმედი.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *