დეა კულუმბეგაშვილის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „დასაწყისი“ (2020) კინოხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება საქართველოსკენ მომართა. იგი ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა და ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
ფემინისტური ფილმი თანამედროვე კინოხელოვნებაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ჩამოყალიბდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად ამგვარი ნამუშევრები პათეტიკური, ხელოვნური ან გამოფიტულია. ამის საპირისპიროდ, „დასაწყისი“ მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე, უბრალოდ, „მარტივად გასაყიდ თემაზე“ გადაღებული ფილმი. ისეთ ვითარებაში, როგორშიც თანამედროვე კინოწარმოებაა და ძირითადი სწორება პროდუქტის მომგებიანობაზეა მიმართული, გადაიღო მაღალი კინემატოგრაფიული სტანდარტის მქონე კინოსურათი, თამამი და სარისკო ნაბიჯია.
მასში წამოჭრილ ცენტრალურ პრობლემას – ფემინისტური საკითხები და ქალის ტვირთი პატრიარქატის დროს – ემატება მეორეხარისხოვანი და საგულისხმო მოცემულობებიც. მაგალითად, იანა (ია სუხიტაშვილი), პატრიარქატის მსხვერპლთან ერთად, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელიცაა. ამგვარი დეტალები პერსონაჟს უფრო ცოცხალსა და ბუნებრივს ხდის.
სცენარის ავტორებმა (დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი) მთავარი გმირის არამხოლოდ პიროვნულ სიღრმეებზე, მის წარსულსა თუ მოქმედების თავისებურებებზე იმუშავეს ღრმად, არამედ გადამწყვეტი როლი მიანიჭეს გარემოს შექმნას, რომელშიც ეს პერსონაჟი არსებობს. ამაში არ იგულისხმება ხილული გარემო, რაც ასევე ცალკე გამოსაყოფია, არამედ აბსტრაქტული სივრცე, რომელიც იანას გარშემო იკვრება გამჭვირვალე ყუთივით. ეს ქალი მოცულია კომპლექსური გარემოთი, მას პრობლემები აგურის კედლებივით აკრავს გარს, რაც კლაუსტროფობიულ ჩაკეტილ სამყაროს უქმნის და ნელ-ნელა სულს უხუთავს.
რეჟისორი თანამედროვეობას არც თხრობის სტილით ჩამორჩა და ფილმის განწყობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლიც შეასრულა. დეა კულუმბეგაშვილი თავისი არჩეული თხრობის მანერით ხშირად შეადარეს მიხაელ ჰანეკესა და კრისტიან მუნჯიუს. ფილმში გამოყენებულია მონტაჟის ნელი ტემპი და კამერის სტატიკურობა (რამდენიმე სცენის გარდა) – ნელი კინოს მთავარი მახასიათებლები. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლის დიდი ნაწილისთვის ნელი კინოს ტექნიკა არც თუ ახლობელი და მიღებულია თავისი რიტმის გამო, „დასაწყისში“ მაინც ვხედავთ დინამიკას, რომელიც გაწონასწორებულია ასახულ ტრაგედიას, დაცლილ გარემოსა და გაციებულ ემოციებში.
თხრობის სტილი ფილმის ძირითად იდეას სრულყოფილად ერგება, ვინაიდან კომერციული კინოსთვის დამახასიათებელ ნიშნებს უარყოფს. გამუდმებული ფიზიკური ჩაგვრის, ყოველ ეპიზოდში უცენზურო ტერმინებით მიმართვისა, სწრაფი მონტაჟისა და რაკურსების ხშირი ცვლილების მაგივრად გამოყენებულია ნელი კინოენა, მოქმედების ერთი წერტილიდან, ჭრების გარეშე ჩვენება. ქალის დამდაბლება მისი სიტყვიერი დამცირებით, უფლებების აღკვეთითა და მისი როლის დაქვეითებით გამოიხატება. იანა დავითისთვის (რატი ონელი) დამხმარე ატრიბუტად აღიქმება. მისთვის მეუღლე უფრო ნივთია, ვიდრე „ღვთის შვილი“, ადამიანი.
იანა არის ქალი, რომელიც უნდა გადარჩეს. ის ამას გრძნობს, მაგრამ თავდაპირველად ეს გრძნობა გაურკვეველია. ეს რაღაც უცხოს მოახლოების გრძნობად რჩება, ხოლო კარი, რომლის გაღებაც დაეხმარება, გაიგოს რა არის ეს, ჩაკეტილია. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კარის გასაღები კახა კინწურაშვილის პერსონაჟია. მისი საშუალებით იწყება გამოფხიზლება გადარჩენისთვის.
მაგრამ როგორ ხდება გამოფხიზლება? სექსუალური ძალადობის სცენაში. კონკრეტულად კი, იანას მოქმედებაზე დეტალური დაკვირვებით ცხადი ხდება პერსონაჟის გარდატეხა. იგი თავიდან წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს – მუშტებს სცემს, გაქცევას ცდილობს, ფეხებს აქნევს, მაგრამ შემდეგ ჩერდება. ჩერდება არა დანებების გამო, არა იმიტომ, რომ დაიღალა, ან როგორც ქმარი ადანაშაულებს, თითქოს მოსწონდა, რაც მის თავს ხდებოდა, არამედ ჩერდება იმიტომ, რომ იწყებს ფიქრს. მაყურებლისთვის, რომელსაც ფილმი ნანახი არ აქვს, შესაძლოა, ეს ყოველივე უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იანას კათარზისი სწორედ ამ მომენტში ხდება. მთავარი სირთულე კი, რასაკვირველია, ია სუხიტაშვილის თამაშს ახლავს თან, რომელმაც პერსონაჟის შინაგანი აფეთქება, ასეთი ემოციური და განცდებით სავსე მდგომარეობა სტატიკაში გამოხატა.
გაუპატიურების სცენა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია კინემატოგრაფიულად. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ოპერატორის (არსენ ხაჩატურიანი) და მსახიობების დამსახურებაა, თუმცა მთავარი თავად რეჟისორია. დეა კულუმბეგაშვილმა ისე შემოგვთავაზა ეს ეპიზოდი, რომ მაყურებელი იძულებულია, დეტალურად დააკვირდეს იმ საშინელ სანახაობას, რაც მის თვალწინ ხდება. რეჟისორი იძულებულს გვხდის, საკუთარ თავს თავადვე შევუქმნათ იძულებითი უხერხულობა. მან მიზანში მოარტყა!
რეჟისორი ნელ-ნელა გვამზადებს საბოლოო დისკომფორტისთვის, საბოლოო აღიარებისთვის. ვიცით, რომ მთავარი პერსონაჟისათვის ძალადობა მისი ცხოვრების თანმდევი პროცესია. მასზე ჯერ მამამ იძალადა, როცა თვეებისა სუსხიან თებერვალში გარეთ გააგდო; ქმარმაც იძალადა მრავალი სიტყვით, არარაობად ჩათვლით; საყვარელმა ვაჟმაც იძალადა, როცა დედის სიტყვებს არად აგდებდა, ან სხვა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილზე უდიერად იქცეოდა, თუმცა საბოლოო აკორდი ბევრად უფრო შემზარავად შემოგვთავაზა ავტორმა.
იანა ნელ-ნელა უახლოვდება თავისი კათარზისის წერტილს, სრულიად გაუცნობიერებლად, მაგრამ ემოციური მიზიდულობით ამ გზას მაინც მიჰყვება. მოძალადის პირველი ვიზიტის შემდეგ იანა გამუდმებით დაძაბულია. ღამე ცარიელი კარის გაღების შემდგომ მდინარისაკენ (მომავალი ძალადობის ადგილისაკენ) გადადგმული გზა მაგონებს იესოს გზას გოლგოთაზე. მანაც ხომ იცოდა, რა ტკივილი ელოდა, მაგრამ არცერთი უწყოდა, რა სახის იქნებოდა ეს ტკივილი.
ბიბლიური სიმბოლოები ამ ფილმში ერთ-ერთი გასაღებია, მთავარი პერსონაჟების რელიგიასთან კავშირის გამო. ისინი მწვერვალს კინოსურათის ბოლო სცენაში აღწევენ. კახა კინწურაშვილის პერსონაჟი სანადირო გარემოდან გვალვიან მიწაზე აღმოჩნდება. ბიბლიური სიბრძნის მიხედვით, გვალვიან მიწაზე ნაყოფი ვერ გაიხარებს, მოძალადის ქვიშად ქცევა კი იესოს ფერდის ჭრილობიდან გადმოდენილ ქვიშას მახსენებს, რომელიც ისევ გოლგოთასთან და მის საბოლოო დასასრულთან გვაბრუნებს. ქვიშად ქცეული ამ პერსონაჟის სხეულის გვალვიანი მიწის ნაპრალებში გაუჩინარება იმედით სავსე აკორდად მოჩანს, რადგან იქიდან აღარაფერი აღმოცენდება.
გვანცა ნოზაძე