„ქილერის“ არჩევანი

რეზო ხობუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „ქილერი“ (2018) გადმოსცემს ამბავს დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც დაქირავებული ნამდვილად არის, თუმცა მკვლელი, როგორც ჩანს, არა. სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ იმდენად ზედაპირულია, რომ 10-წუთიანი ფილმის ბოლოს პასუხზე მეტი კითხვა რჩება და არც ეს კითხვებია ისეთი, მაყურებელს პასუხების პოვნის სურვილი ან საშუალება რომ მისცეს.
ფილმის მთავარი ხარვეზი დრამატურგიაა. როდესაც ისეთი თემის გადმოცემას ეჭიდები, როგორიც დამნაშავის ან დანაშაულის გზაზე ახლახან შემდგარი ადამიანის ფსიქოლოგიაა, არ შეიძლება, მხოლოდ აღწერით შემოიფარგლო და სიღრმეებში ჩასვლას მოერიდო. შესაძლოა, რეჟისორმა, მცირე ქრონომეტრაჟის გამო, არ გამოიყენა დრამატურგიული სვლები, რომლებიც სიუჟეტს ფსიქოლოგიურს, ამბავს კი უფრო საინტერესოს გახდიდა, თუმცა შეიძლებოდა კინოკამერის მეშვეობით უკეთ ეჩვენებინა ის მორალური დილემა, რომლის წინაშეც პერსონაჟი დგას.
სიუჟეტს მკაფიოობა აკლია, რაც მაყურებელს საშუალებას არ აძლევს ბოლომდე ჩაერთოს პერსონაჟის ამბავში და ისე მიადევნოს მას თვალი, როგორც ეს, ალბათ, თავად რეჟისორს უნდოდა. იგი, თითქოს, ცდილობს ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში, რომელშიც მოქმედება ტირის დარბაზში ხდება, გაგვარკვიოს პერსონაჟების ვინაობასა და ურთიერთობაში, თუმცა მაყურებლისთვის ერთიცა და მეორეც ბუნდოვანი რჩება. ბუნდოვანების გარდა, ექსპოზიციის პრობლემაა ალოგიკურობაც, რაც არ იქნებოდა ასეთი შესამჩნევი, კვანძის შეკვრასა და მოქმედების განვითარებაში ამხელა როლს რომ არ ასრულებდეს. რატომ გარისკავდა ტირის მეპატრონე მთავარი პერსონაჟისათვის მკვლელობის დაკვეთას? მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგად ისვრის? გამოდის რომ ყველა, ვინც კარგად ისვრის, პოტენციური მკვლელია. ბევრად უკეთესი და ლოგიკური იქნებოდა, საერთოდ არ ყოფილიყო კონკრეტულად ეს მომენტი ნაჩვენები და ფილმი პირდაპირ პერსონაჟის დილემით დაწყებულიყო, რადგან სწორედ მისი შინაგანი დილემაა სიუჟეტის ცენტრალური ნაწილი. გაუგებარია მთავარი პერსონაჟისა და მისი დამქირავებლის ურთიერთობაც, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგონაზე, რომელიც პერსონაჟის დილემის გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობს. როდესაც ისედაც პატარა ფილმში პერსონაჟებისა და მათი მიზნების გარშემო ამდენი კითხვა ტრიალებს, სიუჟეტისთვის თვალის მიდევნება ცოტა რთული და მომაბეზრებელი ხდება. ალბათ, რეჟისორმა გამიზნულად დატოვა მსგავსი კითხვები, რათა მაყურებელს ეფიქრა, მაგრამ ისინი არც ამბავს მატებენ რაიმეს და არც მაყურებელს.
პერსონაჟის შეცნობაში, ასე თუ ისე, დასახმარებლად მოტანილია პოსტერები ცნობილი ფილმიდან, „ლეონი“ (1994). რეჟისორი ამით აჩვენებს კონტრასტს მთავარი გმირის რეალურ „მესა“ და სასურველ „მეს“ შორის. ბარში რძის შეკვეთაც ლეონს ახსენებს მაყურებელს და თუ პოსტერების სიმრავლემ ვერ დაარწმუნა, ამჯერად მაინც დაარწმუნებს, რამდენად შეპყრობილია „ქილერი“ ამ ფილმითა და პერსონაჟით. პერსონაჟის მოუხერხებლობისა და ნერვიულობის შემდეგ უკვე ჩანს, რომ მისი შავი სათვალე და მუქი ფერის ტანსაცმელი მხოლოდ ფასადია და რეალურად მის ხასიათში არ ზის ადამიანის მკვლელობა. ტანსაცმლისა და იმიჯის შეცვლით მთავარი გმირის შინაგანი გარდაქმნის ან გარდაქმნის მცდელობის გადმოცემა საინტერესო დეტალი იყო, მითუმეტეს, როცა ის ფილმის ფინალურ კადრში და, შესაბამისად, ძირითადი სათქმელის გადმოცემაში დიდ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი, რომელსაც „ლეონი“ ნანახი არ აქვს, ამ კონტრასტის (პერსონაჟის ბუნებასა და სურვილს შორის) არსებობას კარგად ვერ აღიქვამს და მისთვის ფილმი კიდევ უფრო ბურუსით მოცული იქნება, მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ცნობილი პერსონაჟის ამ მხრივ გამოყენება თხრობის გასავითარებლად.
ფილმი თავისი ბუნდოვანებით ბევრ კითხვას ტოვებს. მათ შორის არის კითხვა – არის თუ არა ეს პერსონაჟის პირველი „ქეისი“? ამაზე პასუხი, შესაძლოა, მისი ხელახალი ნახვისას იპოვოს მაყურებელმა, თუმცა როცა ფილმი „ინტელექტუალურ კინოს“ არ მიეკუთვნება, მისი ხელმეორედ ყურება, მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი კითხვები დატოვა, მასზე კარგად ვერ მეტყველებს. სავარაუდოა, რომ რადგან მთავარი გმირი ასე ნერვიულობს, რადგან ბოლოს იმ არჩევანს აკეთებს, რაც გააკეთა, ეს ნამდვილად მისი პირველი „ქეისია“, თუმცა ერთი ნახვით ფილმი ამ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს და ბოლო კადრის შემდეგ ერთადერთი, რაც რჩება, ესაა დაბნეულობა.

მსახიობებს აშკარად ეტყობათ, რომ არაპროფესიონალები არიან. მათი ლაპარაკის მანერასა და მიმიკებს ბუნებრიობა, იმპულსურობა აკლია. მათი თამაშის ხელოვნურობას სუსტი დიალოგები კიდევ უფრო ამძაფრებს. ზოგი დიალოგი და მსახიობების მიერ მისი მაყურებლამდე მიტანა იმდენად არაბუნებრივია, რომ ამ უკანასკნელს კი არ ავიწყდება კინოკამერის არსებობა, არამედ მეტიც – თითქოს იგი მას უჭირავს. ეს იმ მცირედ ინტერესსაც აქარვებს, რაც აქამდე მაყურებელს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მთავარი გმირის შემსრულებელი მიცემულ როლს ყველაზე უკეთ ართმევს თავს. ძნელი სათქმელია, რომ მისი თამაშის მანერა ბოლომდე ბუნებრივია, თუმცა არის მომენტები, როდესაც, ასე თუ ისე, იგი ახერხებს მაყურებლის დაჯერებას, რომ რაც ხდება, მართლა ხდება და წინასწარ გათვლილი არ არის.
საერთოდ არ უწყობს თხრობის განვითარებას ხელს კინოკამერის მოძრაობა ან მონტაჟი. კამერა არ არის გამოყენებული იარაღად, რომლითაც მაყურებლის ემოციებისა და აზრების მანიპულირებაა შესაძლებელი. არადა, განსაკუთრებით მოკლემეტრაჟიან ფილმებში, აუცილებელია თხრობის თითოეული კომპონენტი მაქსიმალურად გამოიყენო სათქმელის გადმოსაცემად, რათა იგი მაყურებლამდე სწორად მივიდეს და ბურუსით მოცული არ იყოს. ამ ფილმის შემთხვევაში, კინოკამერა არ მოგვითხრობს, არამედ მხოლოდ აღწერს სიუჟეტში განვითარებულ მოქმედებას. გარდა ამისა, ვერც ვიზუალური თუ ხმის მონტაჟი ახერხებს აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენას, რადგან ორივე ძალიან ზედაპირულადაა გამოყენებული. თითქოს დასაწყისში არის ხმით დაძაბული ატმოსფეროს შექმნის მცდელობა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა მცდელობად რჩება.
ფინალურ სცენაში კინოკამერა საკმაოდ კარგად მუშაობს, რადგან რამდენიმე კადრის მეშვეობით სწორედ ის ამბობს სათქმელს – მთავარმა გმირმა მკვლელობა არ ჩაიდინა და მეტიც, მკვლელის ფასადიც მოიშორა. ფინალი ყოველგვარ ეფექტს დაკარგავდა, აზრი რომ მეტი კადრით ყოფილიყო გადმოცემული, ამიტომ, ამ შემთხვევაში, ლაკონიზმი რეჟისორის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. პრობლემა იმაშია, რომ ექსპოზიცია და მოქმედების განვითარება იმდენად ხარვეზული და ზედაპირულია, რომ დასასრული თავის ეფექტს კარგავს. იქიდან გამომდინარე, რომ კინოკამერამ შეძლო სათქმელის სწორად გადმოცემა, მისი მეშვეობით შეიძლებოდა შექმნა ისეთი ფსიქოლოგიური პორტრეტისა, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემდა, რეალურად დაინტერესებულიყო პერსონაჟის ამბით და ემპათია ეგრძნო მის მიმართ, თუმცა, შეიძლება, ეს რეჟისორის ჩანაფიქრში არც იდო.
ფილმი ისეთ თემაზეა, რომელიც მაყურებლის უმრავლესობას აინტერესებს, თუმცა ის თავის პოტენციალს ვერ იყენებს. პოტენციალი იმაში მდგომარეობს, რომ, პირველ რიგში, სიუჟეტი საინტერესო თემაზეა აგებული და მომენტებში თითქოს განვითარების სწორ მიმართულებასაც ირჩევს, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ახერხებს დაწყებულის ბოლომდე მიყვანას. გარდა ამისა, არის რამდენიმე მიგნება, რაც სათქმელის გადმოცემას ხელს უწყობს, მაგალითად, ტანსაცმლის გამოყენება შინაგანი მეტამორფოზის ვიზუალურად წარმოსაჩენად. ბევრი კითხვის მიუხედავად, რასაც ფილმი ტოვებს, ალბათ, რომ რეჟისორს უნდოდა გადმოეცა დამნაშავის ან, ფილმის სათაურიდან გამომდინარე, „დამნაშავის“ ხასიათი და კონფლიქტი მის ხასიათსა და სურვილს შორის, თუმცა სათქმელი ნაწილობრივ იკარგება და მაყურებლამდე გადაჭარბებული ბუნდოვანებით აღწევს.

თამარ ზანდუკელი.
კინომცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *