ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის

ნიკოლოზ გაბუნიას სტუდენტური ფილმი, „სამშობლოსთვის და სტალინისთვის” (2019) აღწერს ერთ დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც საკვანძო ფიგურა არის მთავარი პერსონაჟის ბაბუის ფეხი. ის ერთგვარი ატრიბუტია რეჟისორისთვის, რათა ორი სამყარო, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და თანამედროვე საქართველო ან საზოგადოება დაუპირისპიროს ერთმანეთს. ფილმში არ იკვეთება რაიმე მორალისტური, „ჭკუის სასწავლებელი“ გაკვეთილი. ნიკოლოზ გაბუნია უბრალოდ ასახავს მოვლენებს, ნეიტრალურობას ირჩევს, არ ემხრობა რომელიმე მხარეს, არც რაიმეს რომანტიზებას და არც ვინმეს შეურაცხყოფას ცდილობს. იგი მხოლოდ ამბებს ყვება.

ბაბუა, რომელსაც ფეხს კვეთენ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და, დიდი ალბათობით, სწორედ ომის დროინდელმა ჭრილობამ გამოიწვია ფეხის ამპუტაცია. მისი სურვილია თავისი ფეხი მეუღლის საფლავის გვერდით დამარხონ, ამ დავალების შესრულება კი მის შვილიშვილს ეკისრება.

გიგა დათიაშვილის პერსონაჟი ახალგაზრდა კაცია. მაყურებელს არ აქვს მასზე დიდი ინფორმაცია. რეჟისორი მხოლოდ მცირე დეტალების ჩვენებით ქმნის მთავარი გმირის სახეს. მართალია, დაზუსტებით არ ვიცით, ვინ არის ეს პერსონაჟი, რა ჰქვია, რას საქმიანობს და ა.შ., მაგრამ დაახლოებით გვექმნება მასზე წარმოდგენა. იგი ცხოვრობს მშობლებთან, ალბათ, მათ ხარჯზეც (ტელეფონზე საუბრისას მამას სთხოვს ფულს), იღებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, დადის ღამის კლუბებში, სძინავს გვიანობამდე.

„სამშობლოსთვის და სტალინისთვის” ყოფითი ჟანრის ფილმია. ასეთ დროს დამწყები რეჟისორისთვის რთულია ტემპის შენარჩუნება. საჭიროა სიუჟეტი უფრო ცოცხალი იყოს. მართალია, კინოსურათი მხოლოდ 16 წუთის ხანგრძლივობისაა და ბევრი მოქმედება მასში არაა, მაგრამ სიუჟეტი საერთოდ არ ვითარდება, რაიმე კონფლიქტი არ იკვეთება. ერთადერთი, რაც მეტნაკლებად ბადებს ინტრიგას, ნარკოტიკების გამსაღებლის „გაუჩინარებაა”. თუმცა არც მას შემოაქვს დაძაბულობა და უფრო თითიდან გამოწოვილ კონფლიქტად გვევლინება.

ნელი რითმი და სიუჟეტის ერთფეროვნება უემოციობას ბადებს მაყურებელში. არადა, წარმოდგენილი სიტუაცია, ბაბუის ფეხით ქალაქის მოვლა, იძლევა საშუალებას, საინტერესო და კონტექსტურად მისაღები ეპიზოდების შესაქმნელად. რეჟისორი მოკლემეტრაჟიან ფილმში ბევრ ასეთ სცენას ვერ გაშლიდა, მაგრამ რამდენიმე ხარისხიანი ეპიზოდი საკმარისი იქნებოდა, თუნდაც მხოლოდ ხასიათის შესაქმნელად. როგორი იქნებოდა ეს ხასიათი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – დრამატული, დაძაბული, კომიკური… იგი ნებისმიერი მისაღებ და ლოგიკურ განწყობას შექმნიდა.

ნამუშევარში არსებული უემოციობის ერთ-ერთი წყარო კინოკამერის მუშაობაცაა. „კამერამ უნდა გაგრძნობინოს, რომ ფილმი ცოცხალია“ – ნიკოლოზ გაბუნიას ამ კინოსურათში ასე არ ხდება. კადრები სტატიკურია, თითქმის არაა პორტრეტები, ახლო კადრები, ძირითადად, შორსა და საშუალო ხედებზეა ნამუშევარი. მეგობრების ლოდინის სცენაც გაწელილი და არაფრისმთქმელია, თუმცა რამდენიმე კადრი მიმზიდველად აქვს გადაღებული გიორგი მიქელაძეს. სადარბაზოს სცენები, სვეტები და თაღები თვალსასეირო გამოსახულებას ქმნის, მაგრამ ეს ფილმის საბოლოო სახეზე არ ახდენს გავლენას. ღამე ფანრებით ნარკოტიკის ძიების ეპიზოდი ფილმში ზედმეტი არაა, მაგრამ უხარისხოდაა გადაღებული.

კინოკამერის სტატიკურობა და დისტანცია მოქმედებებსა და პერსონაჟებთან – შესაძლოა, რეჟისორის სტილია, რომელსაც ეძებს. მუშაობისა და ვარჯიშის შედეგად, შესაძლოა, მან მართლაც ჩამოაყალიბოს თავისი სტილი. მეორე მხრივ შეიძლება ნიკოლოზ გაბუნიამ თავი აარიდა კამერის დატვირთვას, იმიტომ რომ მოძრაობაში რაიმე შეცდომა არ დაეშვათ. გარდა ამისა კამერის მოძრაობისას რაკურსებისა და დისტანციის ცვლილება გასათვლელია და გასაკონტროლებელიც, დასაშვებია, რომ ამ სირთულესაც აარიდა თავი. თუმცა იმ არჩევანმა, რაც მან მიიღო, არ გაამართლა. ფილმი უღიმღამო გახადა და ტემპის შეგრძნებაც გაუქრო. მითუმეტეს, რომ დიალოგებიცა და მოქმედებებიც ნაკლებ მძლავრი და უენერგიოა.

ფილმის ერთ-ერთი სუსტი წერტილია ხმა. ბგერები არაა დაწმენდილი, ექსტერიერის სცენებში გარე ხმაური დიალოგებს ფარავს. ქუჩისა და ქარის ხმა უხეშად შემოდის კინოსურათში და მაყურებელს დაძაბვა უწევს, რომ ზოგ შემთხვევაში სიტყვები გამოარჩიოს.

დიალოგებს ეტყობა ხელოვნურობა. რაიმეს სათქმელამდე მისასვლელად პერსონაჟები საუბარს წელავენ ან, უეცრად, ალოგიკურად იწყებენ კონკრეტულ თემაზე ლაპარაკს. მაგალითად: „ვისი კონცერტია? 2Pac უკრავს?“. რატომ ჩასვა ეს სცენა რეჟისორმა საკითხავია. აშკარად ზედმეტია ფილმისთვის. თუ რაიმეს ჩვენება სურდა ამით ან პერსონაჟების პიროვნულობის გამოხატვა, არ გაამართლა, რადგან ხელოვნურადაა დადგმული. ამ ხელოვნურობის ერთი მთავარი მიზეზი კი მსახიობები და მათი თამაშია. არც მეტყველებასა და არც მოქმედებაში არ გამოიხატა ბუნებრიობა. შეიძლება მხოლოდ მეტნაკლებად გამოიყოს მთავარი გმირი, რომელიც ტიპაჟს ნამდვილად ქმნის.

„სამშობლოსთვის და სტალინისთვის” არის ფილმი, რომელშიც ჩანს ახალგაზრდების დამოკიდებულება კონკრეტული თემების მიმართ, რა არის მათი პრიორიტეტი, რას აქვს მათთვის ღირებულება და მნიშვნელობა. ფილმის ბოლოს ბარში მსხდომი ბიჭები ცინიკურად სვამენ სადღეგრძელოს ნარკოტიკით: „ზა როდინუ, ზა სტალინა!“, გვერდით კი იმ კაცის ფეხი უდევთ, ვინც ამ იდეისათვის იბრძოდა. ახალგაზრდობის ბრძოლა სხვა რამეში გამოიხატება. ეს უფრო მეტად საკუთარი თავისათვის ბრძოლაა, საკუთარი სიამოვნებისათვის, ომში დაშავებული ფეხი კი, უბრალოდ, ზედმეტი ტვირთია.

ნიკოლოზ გაბუნიას იდეა და ცინიკური გზავნილები ახლებური მიდგომაა მსგავსი თემის მიმართ. ეს ფილმი, როგორც ჩანაფიქრი, საინტერესო კია, მაგრამ მას ხორცშესხმაში აქვს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებით საგულისხმო შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. მითუმეტეს, თუ რეჟისორი დაიცავდა ბალანსს და ყოველგვარ პათეტიკას უარყოფდა.

გვანცა ნოზაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *