ცხოვრება ომის შემდეგ

ომმა ადამიანებს ყველაფერი წაართვა – თავისუფლება, სიმშვიდის შეგრძნება, უსაფრთხოების განცდა, ურთიერთობები. არავის აღარ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების იმედი. არც მიზანი ჩანდა არსად. უგზო-უკვლოდ დადიოდა ყველა და ცდილობდა, სადმე გადარჩენის გზა ეპოვნა. ხვალინდელი დღე ან იქნებოდა, ან არა.

საქართველოს ისტორია ორ ნაწილად გაიყო. ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და შემდეგ. ადამიანებმა თავიდან ისწავლეს, როგორ ეცოცხლათ. სხვა ემოციებთან ერთად, გაჩნდა ახალი გრძნობა – მოლოდინი. ისინი ელოდებოდნენ ომში დაკარგულ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. იმ პერიოდიდან საზოგადოება სიყვარულმა და ერთმანეთის გვერდში დგომამ გამოიყვანა. ყველას ჰქონდა ჭრილობები გულზე, მაგრამ მაინც ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ, მუშაობა დაეწყოთ, ოჯახი შეექმნათ. ღამით, ჩუმად, როცა არავინ ხედავდა, თითოეული მათგანი მაინც ტიროდა. ყოველი თვითმფრინავის გადაფრენისას ეშინოდა, ომი თავიდან არ დაწყებულიყო. ზოგი აგვისტოს პერიოდში დიდხანს ვეღარ რჩებოდა თბილისში და ყოველ წელს ამ თვის მოახლოებას აკანკალებული ელოდა. ომი დასრულდა და იარები ისევ ღრმად დარჩა. ამ იარებთან კიდევ აქა-იქ რუსების დატოვებული დამალული ნაღმები. რუსებიც არსად წასულან, აქვე არიან.

თამარ შავგულიძის ფილმი, „დაბადებულები საქართველოში“ (2011) სწორედ ომის შემდგომ პერიოდზე უყვება მაყურებელს, აჩვენებს, როგორ გადარჩნენ მეგობრები 2008 წლის შემდეგ. თამრომ, ნიკამ, გიორგიმ და თინამ ცხოვრება სხვა ადამიანების მსგავსად გააგრძელეს. სცადეს ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. გიორგიმ მაღაზია გახსნა, თინა ლექტორი იყო უნივერსიტეტში, თამრო სადაზღვევო კომპანიის აგენტი, ნიკა, რომელიც თავისუფლად ცხოვრებას იყო მიჩვეული, მეგობრებს სამსახურში აკითხავდა, ერთადერთ უსაქმურს წარმოადგენდა მათ შორის. მაგრამ საკითხავია, ისიც ასეთი რატომ იყო? იქნებ ომის სიმძიმის გამო საკუთარი თავი დაკარგა და ბიძგი სჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად. ნიკა იყო ის დამაკავშირებელი ძაფი, რომელიც თურმე ძალიან სჭირდებოდათ მეგობრებს. როცა ბიჭი წავიდა, მათგან აღარაფერი დარჩა.

ჩვეულებრივ საღამოს, თამროს დაბადების დღეზე, ნიკამ მეგობრებს გამოუცხადა, რომ ხვალ, გამთენიისას სამი თვით მიდიოდა. სამსახური, როგორც იქნა, იპოვა და ქალს სასაყვედურო აღარაფერი დაუტოვა. ფიქრობდა, რომ თუ დილის შვიდზე გაიღვიძებდა, რუტინა ექნებოდა და იმუშავებდა, თამროც გვერდით ეყოლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საინტერესოა, თამროსთვის ან თინასთვის რატომ არასდროს დაურეკავს. მხოლოდ გიორგის ეკონტაქტებოდა და ისე კითხულობდა ამბებს. ყველა ენატრებოდა, შეიძლება ვერ უძლებდა კიდეც იქაურობას, მაგრამ არ ჩამოვიდა. ალბათ, იფიქრა, ვერ გაუგებდნენ რომ დაბრუნებულიყო.

ამ კინოსურათს მთელი სიუჟეტის განმავლობაში ერთი სიტყვა დაჰყვება თან – ნეტავ. ნეტავ რა მოხდებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო, ან ნიკა არ წასულიყო სხვაგან სამუშაოდ, ან ადრე ეთქვა თამროსთვის, რომ უყვარდა. არცერთი არ გამოხატავს სიტყვებით სიყვარულს. მაყურებელი იძულებულია, რომ მათი ქცევით მიხვდეს, რას გრძნობენ ისინი ერთმანეთის მიმართ. ნეტავ რა მოხდებოდა, ისევ ის უსაქმური ბიჭი რომ ყოფილიყო ნიკა, რომელიც მეგობრებს სამსახურში ან სახლში აკითხავდა. კაცი ორ საკითხს შორის გაიჭედა – ან უსაქმური და ცოცხალი უნდა ყოფილიყო, ან საქმიანი და მკვდარი.

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაც სიმბოლურია და მოლოდინის შეგრძნებასაც ამძაფრებს. „ნეტავ, როდის მოხვალ სტუმრად, მე ვიცი, რომ შენ ცხოვრობ შორს, ყველაზე შორს“. ამ მუსიკამ იწინასწარმეტყველა, რა მოხდებოდა მთელი ფილმის განმავლობაში.

კინოსურათის დასაწყისში ნაჩვენები ომის კადრების შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა ამბავი უნდა დაიწყოს და სხვა იწყება. პირველი ნაწილი ცალკე, დამოუკიდებლად არსებობს. მეგობრების ამბავი მარტივი და სევდიანია. ისინი ერთად გაიზარდნენ, ყველგან ერთად იყვნენ, ზღვაზე ისვენებდნენ, სახლიდან იპარებოდნენ, ერთმანეთი უყვარდათ და მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ოთხნი იყვნენ. ფილმის ბოლოს დარჩნენ სამნი, შემდეგ ორნი. ნიკა გამოაკლდათ და მასთან ერთად გიორგიც წავიდა.

მთელი სიუჟეტი პროტესტია იმ რეალობისადმი, რომელშიც ცხოვრობენ. ომის შემდეგ სულიერად და ფიზიკურად განადგურებულებმა მაინც გააგრძელეს არსებობა. ერთმანეთი კი ჰყავდათ, მაგრამ ხანდახან მარტოობა მაინც ტანჯავდათ. ფეხზე წამოდგნენ და მტერს უყვიროდნენ. ნახეთ, კი გვეომეთ, გაგვანადგურეთ, ყველაფერი წაგვართვით, ისევ აქ ხართ, გორთან ახლოს, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია სიყვარული და ხვალინდელი დღის იმედიც გვაქვს.

ეს ოთხი ნანა ჯორჯაძის ფილმის, „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (2024) პერსონაჟებს ჰგვანან. ნანა ჯორჯაძემ ჯერ აფხაზეთის, ხოლო შემდეგ 2008 წლის ომი შეახსენა მაყურებელს, ის სევდა გაუღვიძა, რომელიც არასოდეს დავიწყებიათ. იქ მეგობრები აფხაზეთიდან წამოვიდნენ და ერთადერთი, რაც გააჩნიათ, კოსტას დატოვებული სახლია და ის ურთიერთობები, რომლებიც შერჩათ. იქაც უყვართ ერთმანეთი, იქაც მიდიან და ხანდახან აღარ ბრუნდებიან უკან, მაგრამ იმ ფილმში არ კვდებიან მაინც.

სიკვდილი თამარ შავგულიძის ფილმში სევდიან დასასრულად იქცა და ყველაფერი გაანაცრისფერა. დასასრულს თინას თმა იმაზე მუქია, ვიდრე დასაწყისში იყო. არაფერი აღარ არის ფერადი. არც არავის უხარია გათენება. თითქოს, არაფერი აინტერესებთ და მომავლის იმედიც დაკარგეს.

რთულია იმაზე საუბარი, ფილმი ცუდია თუ კარგი. ის ყველასთვის მგრძნობიარე თემას ეხება – ომს. უხეში და სწრაფი ჭრებია, თხრობაც ხანდახან არათანმიმდევრულია, სიუჟეტი რაღაც მომენტებში ბოლომდე არ იშლება, მაგრამ ეს ყველაფერი სულ ერთი ხდება მაშინ, როცა ფიქრდები, რაზეა ეს ფილმი. ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მაყურებელი თუ ტირის, განა იმიტომ, რომ კინოსურათმა გამოიწვია ემოციები, არამედ მას მოგონებებმა შეახსენა თავი. ამ ოთხ პერსონაჟში ყველა საკუთარ თავს ამოიცნობს. თემა საზოგადოა, ყველას ეხება. ახალი არაფერია მასში. ბევრმა გადაიღო ომის შემდეგ ფილმი, მაგრამ ეს რეჟისორი მიხვდა, ამბავი როგორ შეეფუთა და ასეც მოიქცა.

რუსებმა ქართველებს ყველაფერი წაართვეს. ტერიტორიები, სიმშვიდე, თანაგრძნობის უნარი, თავისუფლების შეგრძნება. მოვიდნენ და ყველაფერი წაიღეს, რაც შეეძლოთ. ნიკა ავტობანზე მუშაობისას არ მომკვდარა. რუსების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა და ეს უფრო მტივნეულია. ნიკას სიკვდილთან მთავრდება ფილმი, დანარჩენი რაც ამის მერე ხდება, უბრალოდ შემავსებელი ნაწილებია. გიორგის ნათქვამი წინადადებაც ისმის ზარივით, „ომი რომ დაიწყოს, მოხალისედ ჩავეწერები.“ რა ირონიული სიტყვაა მოხალისე. იარაღიდან სროლა ხომ არავის უხარია. ან ესვრი და მოკლავ, ან გესვრიან და მოგკლავენ. სად მოხდა პერსონაჟის გარდატეხა? დილით, თამროს ზარის შემდეგ, როცა ყურმილი დაკიდა, მანდ უკვე იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. ადგა და რუსების გავლებული საზღვრისკენ წავიდა. ზუსტად იცოდა, რომ მოკლავდნენ, თუმცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

გიორგის აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება არცერთი წამით არ უნანია. ალბათ, არ შეეძლო იმ ფიქრით ცხოვრება, რა მოხდება ომი რომ დაიწყოს. დეპრესიამ, რომელიც აგვისტოს შემდეგ დარჩა, ბოლომდე შეჭამა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისედაც ვეღარ ხედავდა თავის ადგილს ვერსად. მთელი ფილმის განმავლობაში სულ ერთი ფრაზა ტრიალებდა თავში, რომელიც იგივეა, რასაც პოეტი ზვიად რატიანი წერდა თავის ლექსში, „რექვიემი ცოცხლებისთვის“ – „რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით, ვერც დავიხოცეთ?”. ვინ იცის, რომელი უფრო ცოდოა ახლა, თამრო და თინა თუ ნიკა და გიორგი. ბიჭები ვეღარ იგრძნობენ ვერანაირ ემოციას, ქალებს კი მათზე მხოლოდ მოგონებები შემორჩათ.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *