ბებია ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე თბილი მოგონებაა. ხმა, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალსაც ამშვიდებს. ადამიანი, რომელიც იმაზე დიდი ხანია გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ ამ სამყაროს. საინტერესოა, რომ თითოეულ ბებიას თავისი ისტორია ჰქონდა, ყველამ სხვადასხვანაირად განვლო ცხოვრება და ბოლოს ყველა გახდა ტკბილი მოგონება. სწორედ ეს გზა აქცევს თითოეულ ადამიანს ისეთად, როგორიც არის.
რაჭაში, სოფელ უწერაში არის სახლი, ლამაზი ეზოთი. აქ თბილი, მოსიყვარულე და მტკივნეული თავგადასავლის მატარებელი ბებია ცხოვრობს. სწორედ ამ ქალბატონის შესახებაა გიორგი ხუჭუას სტუდენტური ფილმი „კლავდია“ (2015). იგი იწყება სოფლის კადრებით – რაჭა, მთები, ბუნება, სოფლის ცენტრი, ყველაფერი მარტივად, გასაგებად და სასიამოვნოდაა ასახული. მალევე ჩანს, როგორ აცილებს ბებია შვილსა და შვილიშვილებს ჭიშკარში და რჩება მარტო. სწორედ აქ იწყება ამბავიც. მთელი დანარჩენი ფილმი, ფაქტობრივად, რუტინას აჩვენებს, რას საქმიანობს ეს ქალბატონი მარტოდმარტო, როგორ უვლის ეზოს, სახლს, სტუმარსაც, თუ მოვა და ამას ჩუმად, აუღელვებლად აკეთებს. ამ დოკუმენტური კადრების ყურება ერთობ სასიამოვნოცაა, მაყურებელს არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რაიმე განსხვავებულს უყურებს. პირიქით, თითქოს ეს სურათი ათასჯერ უნახავს რეალურ ცხოვრებაში, ნებისმიერი სოფლის სახლის ჩავლისას. სინამდვილეში, არც რეჟისორი ცდილობს რაიმე ახალი თქვას, არც მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტს სთავაზობს მნახველს, მაგრამ აქ განსაკუთრებული, ალბათ, სწორედ ისაა, რომ ეს არ გაწუხებს. პირიქით, მოგწონს ლამაზი პეიზაჟების ყურება, კლავდიასა და მეზობელ ქალს შორის მცირე დიალოგის მოსმენა და გული გითბება იმ სანახაობით, რასაც გთავაზობენ.
მოულოდნელად, ფილმი აუდიტორიას წარუდგენს ძველ ფოტოებს, კადრებს, არსაიდან ჩნდება ლენინისა და სტალინის სურათები, რომლებსაც ხალხი ქუჩებში დაატარებს და ფილმი თითქოს ის აღარ არის, რაც აქამდე იყო. კლავდია იწყებს ამბის თხრობას რუსულად. მაყურებლის წინ ასაკოვანი ქალბატონი თითქოს ჯერ პატარა გოგონა ხდება, შემდეგ კი ახალგაზრდა, შეყვარებული ქალი. ამის შეგრძნებას ტოვებს ეს სცენა, განსაკუთრებით სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალური ამბავია და ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, მართლა მონაწილეა და არა მსახიობი. კლავდია ერთ დროს ბელორუსიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, თუმცა ომმა ყველაფერი წაართვა. ამას თან ერთვის არაერთი კადრი, იქნება ეს ომიდან თუ გადასახლებიდან. ეს ფილმისთვის ნაცადი, მაგრამ ჭკვიანური მეთოდია, რამაც მეტი დამაჯერებლობა და აღქმისთვის საჭირო სიღრმე შეიძინა. კლავდია აღწერს, მაგრამ გაურბის დეტალებს, თუ ზუსტად რა დაუშავეს მის დედას და მამას. ის ზრდასრულია, მაგრამ თითქოს ისევ უკან ბრუნდება. როგორც კი ამ ამბავს იხსენებს, ისევ ობოლი გოგონაა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. საბედნიეროდ, თითოეულ ამბავს აქვს თავისი კარგი ნაწილიც. მას შეუყვარდა. აქ უკვე რეჟისორი შალვას, კლავდიას მეუღლის კადრებს იშველიებს, რათა მონათხრობის აღქმა უკეთ შეძლოს პუბლიკამ. როგორც აღმოჩნდა, შალვა იყო სწორედ ის ადამიანი, ვის გამოც კლავდია გადმოვიდა საქართველოში საცოხვრებლად და დაფუძნდა.
უცნაურია, როგორ შეუძლია ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება ასე მოკლე დროში მოყვეს. ეს თითქოს განძრახ გადადგმული ნაბიჯი იყო რეჟისორისაგან. მან იმ ილუზიის გამყარება სცადა, რომ ცხოვრება წუთივით გადის და სიმართლე უნდა ითქვას, რომ გამოუვიდა კიდეც. შეიძლება არა დეტალურად, მაგრამ მაინც მიმოიხილა ერთი ადამიანის თავგადასავალი და მოკლემეტრაჟიან ფილმში ერთობ სასიამოვნოდ და გასაგებად ასახა. ერთია იცოდე, რომ მარტივ თემას იღებ ფილმისათვის და მეორეა, ეს ფილმი შედგეს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ნაბიჯი, რასაც რეჟისორმა გადაღებისას მიმართა, მეტად პრიმიტიული იყო დასაწყისიდან დასასრულამდე, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელია. ზუსტად იმ შეგრძნებას ტოვებს, რაც იყო ჩაფიქრებული და არ თვლი, რომ რაღაც სცადა და ვერ მიაღწია. უნდა ყოფილიყო სევდიანი, სასიამოვნო, სულშიჩამწვდომი და გამოდგა კიდეც. ფილმი ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ბებია უნდა იყოს. ქალბატონი, რომლის ცხოვრების ერთი დღეა გადაღებული, ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც ყველა სხვა ბებია. აღმოჩნდა როგორი მოსიყვარულეა იგი, ერთი წამით, მაგრამ ამას მაინც დაეთმო დრო. მისი სახე გამოიყო, როგორც დედის, ისე ბებიის, მეზობლის, ცოლისა თუ შვილის. შეიძლება ცოტა ხნით, თუმცა ყველაფერი ერთად შეიკრა და გამოვიდა სასიამოვნო.
ბევრს უყვარს ადამიანების ამბების მოსმენა, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხისა. თითქოს ის წარსული, რომლის შესახებაც წიგნებში წერია თუ ფილმებში ჩანს, ცხადადაა წარმოდგენილი პირისპირ. არის ვიღაც, ვინც იქ იყო, ის იგრძნო და გამოიარა, რაზეც მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება. ასეთ მომენტში უფრო მეტად მრავალფეროვანი მოჩანს სამყარო. ერთია იცოდე, რომ ომის დროს ბევრმა ობოლმა დაკარგა დედა და მამა – ზოგი გადაასახლეს, ზოგიც დააპატიმრეს, მაგრამ მეორეა ამ ტკივილგამოვლილი ადამიანისგან ამის მოსმენა. ის ფაქტი, რომ ფილმი დოკუმენტურია, ბევრად უფრო აახლოებს მაყურებელს კლავდიასთან, აბრუნებს იქ, საიდანაც მისი ამბავი იღებს სათავეს და მიჰყავს დასასრულამდე. თითქოს პირადად მაყურებელს უყვება და არა კამერას. უცნობია, ეს შედეგი ბოლომდე რეჟისორის დამსახურებაა თუ თავად ამბისა, თუმცა რომ მისი ყურებისას არ ფიქრობ ხარვეზებზე, რაც თითოეულ ფილმს ახასიათებს, ყველაფერი ისედაც ცხადია და სწორედ ამ სიცხადის დაკვირვება გევალება.
ანა მარია დარდაგანი






