არის თემები, რომლებსაც კინოს შემქმნელები მისი დაარსების დღიდან იყენებენ, რასაც ბევრმა ბანალურიც კი შეიძლება უწოდოს. მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. ესენია – ურთიერთობის დეფიციტი, საკუთარი „მეს“ მუდმივი ძიება, გაუგებრობები, სკანდალები. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება საზოგადოება და ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რის დაფასებასაც წყვეტს ადამიანი და რა დროსაც კარგავს საკუთარ თავს. მსგავსი თემები მარადიულია და, შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ბანალური. გიორგი ოვაშვილის “მშვენიერი ელენე” (2022) განსხვავებული ინტერპრეტაციითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი ეხება ამ თემებს.
კონოპროდიუსერის პროფესიის ხუთწლიანი სწავლების შემდეგ, ელენე ნიუ-იორკიდან თბილისში ბრუნდება, მეგობრის დახმარებით შემოქმედებით კრიზისში მყოფ კინორეჟისორთან, გაბოსთან იწყებს მუშაობას გამოსაცდელი ვადით. მეორე დღეს ისინი ახალი ფილმისათვის გადასაღები ადგილების მოსაძებნად მიდიან. ამ მოგზაურობისას მათ შორის საინტერესო საუბრებითა და ახალი ადამიანის გაცნობით იცვლება ორივე მათგანი.
კინოსურათი ცხოვრების აზრზე, მის უნიკალურობაზე, ფანტაზიის უსაზღვრობაზე და ხორციელი სისუსტის გარდაუვალობაზეა, სიკვდილზე, უიმედობაზე და გამოსავლის ძიებაზე, იმ გრძნობებზე, რომლებსაც ადამიანი საერთოდ არ ცდილობს, რომ განიცადოს.
ამბავი იწყება აეროპორტში, სადაც სამშობლოში დაბრუნებულ ელენეს (ნათია ჩიქვილაძე) მონატრებული დედა ხვდება. სწორედ აქედან იღებს სათავეს გაუცხოების ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის, რა დახვდება თბილისში, უკვე წინასწარ აქვს შექმნილი განწყობა. არაფერი საინტერესო აქ არ არის და მისთვის ახლობელი ხალხიც კი ძალიან შორეული გახდა. იგი არ აძლევს დედას ნორმალურად ჩახუტების უფლებას, მოკლედ პასუხობს კითხვებზე. იქმნება სიტუაცია, თითქოს სამშობლო შეცვლილი ხვდება. არადა, პირიქით, ელენეა შეცვლილი, ჩაკეტილია და ვერ ამჟღავნებს გრძნობებს. ის დისტანცირებულია ყველასაგან. ამასთანავე, იგი საინტერესო პერსონაჟია, ძლიერი, თავდაჯერებული, მიზანდასახული და უნიკალური. ასეთ ადამიანებთან შეხვედრამ შეიძლება ნამდვილად შეცვალოს პიროვნება. როდესაც გაბო (დიმიტრი ღვთისიაშვილი) ელენეს ხვდება, მაშინვე იხიბლება მისი გონებით, რომელიც მას გამოარჩევს გასაუბრებაზე მისული სხვა კანდიდატებისაგან.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ის თავს სრულიად მარტო გრძნობს. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მან ვერ იპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო მისი სულიერი სიცარიელის შევსება. მთელი ფილმი სიცარიელის ამოვსების ძიებაა. გაბო არ ჰგავს ყველას. ის მუშაობს, როგორც ყველა, ცხოვრობს, როგორც ყველა, მაგრამ მარტოსულია და ეს გარემოება მას შინაგანად კლავს. იგი ცდილობს ლაპარაკს, მაგრამ გარშემო მყოფებს არ ესმით მისი. უფრო მეტიც, არც კი უსმენენ. ასევე, ცდილობს, გაუგოს ირგლივ მყოფებს, მაგრამ ვერ ახერხებს. ადამიანი ვითარდება საზოგადოებაში და როგორი ჩამოყალიბდება, ეს დიდწილადაა დამოკიდებული სოციალურ წრეზე, ყოველდღიურად გარშემო მყოფ სხვა ადამიანებზე. გაბო ორ სამყაროს შორისა გაჭედილი და, ერთი მხრივ, ცდილობს, შექმნას რაიმე ახალი, მეორე მხრივ კი, თვითმკვლელობაზე ფიქრი არ ასვენებს. რეჟისორი არ გვაძლებს მისი ბოლომდე გაცნობის საშუალებას. იგი სანახევროდ არის გახსნილი, რაც დაუსრულობლობისგრძნობას იწვევს.
ეს არის ნამუშევარი, რომელსაც ერთი კონკრეტული მთავარი გმირი არ ჰყავს. გაბოსა და ელენეს გარდა, ძალიან საინტერესოა და, შეიძლება, ამ ორზეც უფრო მნიშვნელოვანი იყოს, სასტუმროს მფლობელი, ელენე (დარეჯან ხარშილაძე) და გაბოს ცოლი, თამარი (სალომე ფაღავა). ამ ორმა პერსონაჟმა შეძლო და მაყურებლამდე მიიტანა ის სულისკვეთება და მთავარი აზრი, რის გამოც შეიქმნა ფილმი. დარეჯან ხარშილაძის პერსონაჟი ნებისმიერი მაყურებლის გულს დაიპყრობს. საყვარელი ადამიანის დაკარგვა რთულია, ყველაზე საშინელი გამოცდაა ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ მის გმირზე დაკვირვებით ახერხებს მაყურებელი, გააანალიზოს და დაფიქრდეს ცხოვრებისმნიშვნელობაზე. მისგან სიტყვებიც არ არის საჭირო, მის მიმიკებშიც ადვილი ამოსაკითხია ის მწუხარება, რასაც გრძნობს საყვარელი ადამიანის დაკარგვით. თანაც ამ ყველაფერს ამძაფრებს გაურკვევლობა – მან არ იცის, რატომ მოიკლა მისმა მეუღლემ თავი, რისი თქმა სურდა. იგი მუდმივად ფიქრებშია და მრავალი წლის განმავლობაში დანაშაულის გრძნობა არ სცილდება გონებიდან.
სალომე ფაღავა გმირი სასოწარკვეთილი ქალია, უსიხარულო ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მეუღლესა და ოჯახს მიუძღვნა, თუმცა არასოდეს ყოფილა დაფასებული. გამუდმებული ჩხუბი წვრილმანებზე – „ღამე რატომ ჭამ? ამდენი ხანი როგორ ვერ აიყვანე სტაჟიორი? ვის ეძებ ასეთს?“ და ამას ემატება ეჭვიანობა ახალ ასისტენტებზე. ცოლ-ქმარი მუდმივად ლაპარაკობს, თუმცა ერთმანეთის არ ესმის. რაც მეტს საუბრობენ, მეტად შორდებიან ერთმანეთს და მითუფრო მარტოსულები ხდებიან. მათი მაგალითით ვხედავთ ადამიანებს, რომელთა მარტოსულობა ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიდის. თამარის პერსონაჟი ბოლომდეა გახსნილი, ადვილად ამოსაკითხია მისი სულიერი მდგომარეობა.
ამის საპირისპიროდ, ნათია ჩიქვილაძის ელენეს პერსონაჟში ბოლომდე არ არის გადმოცემული ახალგაზრდული, წინაღმდეგობრივი ხასიათის ყველა თვისება. მართალია, მსახიობი ცდილობს და გულით თამაშობს, მაგრამ ბევრ ადგილას ეს თამაში ხელოვნურად გამოიყურება და დიალოგები ზედმეტად თეატრალიზებულია. მაყურებლამდე გარკვევით ვერ მიდის მისი შინაგანი მდგომარეობა და ის, თუ რა ცვლილებები ხდება მასში მთელი ფილმის განმავლობაში. დამაჯერებლობას მოკლებულია მისი მეგობრებთან შეხვედრის სცენა. მშრალადაა ნაჩვენები და ყურს ხვდება დაზეპირებული დიალოგები. მისი მუდმივი სიარული ძიების მეტაფორაა, ის გაურკვევლობაშია და არ იცის, რა უნდა აკეთოს, რას მოითხოვს მომავლისგან და ასე გრძელდება მისი მოძრაობა. ფინალურ კადრშიც კი დადის, თუმცა უკვე სხვა გამოცდილებით და იმედია, აუცილებლად ჩაწვდება ცხოვრების არსსა და მოიპოვებს სულის სიმშვიდეს.
ამ ნამუშევარში ყველა თავისებურად მარტოსულია. არა მხოლოდ ოთხი მთავარი გმირი, არამედ დანარჩენების სულშიც ფორიაქია. ასეთები არიან – ელენეს დედა და მეგობრები, გაბოს შვილებიც კი. ყველა მათგანში ეს განსხვავებულად ვლინდება და მოგვარების გზაც ყველას განსხვავებული აქვს. ზოგს თვითმკვლელობა მიაჩნია გამოსავლად, ზოგი დისტანცირებას ცდილობს ყველასაგან, სხვები ფიქრით ან მუდმივი კამათით უმკლავდებიან მარტოობას.
სიუჟეტის ტემპი საკმაოდ მშვიდად ვითარდება, ადვილად აღიქმება და არ არსებობს მომენტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა. ვიზუალური გადაწყვეტით ეს ფილმი ძალიან ლამაზია, თბილი და კაშკაშა ფერებით, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. წითელი და ყვითელი ჩრდილები ყველაზე ექსპრესიულია და ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად ერთფეროვანი და მოსაწყენია მთავარი გმირების ცხოვრება. მშვენიერი ხედებით გაჯერებულ სიუჟეტში ყველაფერი პატარა დეტალებამდეა გააზრებული და მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თითოეულ მათგანზე აშკარა ნაფიქრია. პერსონაჟები, უმეტესწილად, ახლო ხედებით არიან ნაჩვენები. ზოგ ადგილას პეიზაჟები ნახატზე უფრო სრულყოფილია. ოპერატორების ნამუშევარი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგები ხელოვნურად ჟღერს, მათში გამოთქმული აზრები ფილმის დიდი პლუსია.
ბევრ განსხვავებულ კინორეჟისორს შორის არიან ღირსეულები, რომლებიც მცირე ბიუჯეტით ახერხებენ შექმნან ხარისხიანი ნამუშევრები, რომლითაც შესაძლებელია თავდაჯერებულმა იამაყო. გიორგი ოვაშვილს აქვს შესაბამისი გამოცდილება, შექმნას ხარისხი, ამიტომაც ფილმისაგან რაიმეს მოლოდინი გადაჭარბებული არ არის. ეს ნამუშევარი ორიგინალურია. გიორგი ოვაშვილი ამ ფილმის არა მხოლოდ რეჟისორი, არამედ სცენარისტიცაა. ამდენად, იგი აღნიშნული კინოსურათით საუბრობს ცხოვრებაზე, მის ნიუანსებზე, ადამიანებსა და მათ მანკიერებებზე. ესაა ცხოვრებისეული დრამა, რომელსაც ფილოსოფიური ხასიათიც კი აქვს და სავსეა მეტაფორებით. ყველაფერი, რაც ეკრანზე ხდება, მომხიბვლელია, თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს, თუმცა, ამ დროს, ისე რთულია, რომ მაყურებლისათვის ამ ამბავზე დაკვირვება საინტერესო ხდება.
თეონა ვეკუა