ყველა ადამიანს განსხვავებული ოცნებები, სურვილები და მიზნები აქვს. სამწუხაროა, იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ აქვს არცერთი მათგანი და მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის. ასეთები, ფაქტია, არც სხვის კომფორტსა და უფლებებზე ფიქრობენ და მათ ირიბად თუ აშკარად არღვევენ ხოლმე. მათი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გამოდგეს როგორც დღეს, ასევე ხვალ ან თუნდაც კვირის ბოლოს.
არჩილ სიჭინავას სტუდენტური ფილმი, „კვირა“ (2016) სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგვითხრობს. მასში ოთხი ადამიანის ცხოვრების ამსახველი მოვლენებია აღწერილი, რომლებიც ერთ დღეს, სათაურიდან თუ ვიმსჯელებთ, კვირას, ვითარდება. ფილმში ვერ შეხვდებით რაიმე სახის დიალოგს, არამედ აქ მხოლოდ მუსიკაა, რომელიც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არ გრძელდება მუდმივად. სამწუხაროდ, მელოდია იმდენად მოსაბეზრებელი და არაფრისმთქმელია, რომ გონება მაინც იღლება და სხვა რამის მოსმენა სურს. არადა, ეს სურვილი ამაოა. მომენტები, რომლებსაც მუსიკა თან არ ახლავს, საკმაოდ კარგად ჩაწერილი ხმებით გამოირჩევა.
ფილმი იწყება სადგურის მოედანზე გადაღებული კადრებით, როგორ და რა პირობებში ცხოვრობს და უწევს მუშაობა ხალხს. კამერა ერთ ბიჭს დაჰყვება თან და ილუზიას გვიჩენს, რომ ის მთავარი გმირია, თუმცა მწარედ ვცდებით. შემდეგი უკვე მეტროს კადრებია. ორი ახალგაზრდა, ე.წ. „ძველი ბიჭის“ სტილის ჩაცმულობით, მიშტერებული უყურებს სხვა მგზავრს, გოგონას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მზერა რამდენიმე წუთს გრძელდება და საკმაოდ არაკომფორტულია გოგონასთვის, ბიჭები ამას არ დასჯერდებიან და ვაგონიდან გასულს თან გაჰყვებიან. რა თქმა უნდა, არსებობენ მსგავსი ბიჭები, დღის მანძილზე, ალბათ, ბევრ მათგანს ვუვლით გვერდს და ამის შესახებ არც კი ვიცით. ზოგს შეიძლება უსიამოვნო გამოცდილებაც გვაკავშირებს მსგავსებთან. აქედან გამომდინარე, რეჟისორი საკმაოდ აქტუალურ პრობლემას შეეჭიდა და მისი ეკრანზე გადატანა განიზრახა, თუმცა ყველა ამბავს, კარგი იქნება თუ ცუდი, ლოგიკური ფინალი უნდა ჰქონდეს.
დღეები მოულოდნელობით აღსავსე ხდება ხოლმე. შეიძლება გაჩერებასთან გადავეყაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ღიმილის მიზეზი გახდება და დაძაბულობით აღსავსე წუთებს ოდნავ ნათელს მოჰფენს. მსგავსი სიუჟეტი ვითარდება აღნიშნულ ფილმშიც. სიყვარულს ვერ დავუძახებთ, მაგრამ ის პატარა ლამაზი გრძნობა, რომელიც შეიძლება გოგოს დანახვისას ბიჭმა განიცადოს, მეტად აშკარად და სასიამოვნოდ არის გადმოცემული ფილმში. ორივე პერსონაჟს კაპიტნის ქუდი ახურავს. მათი მზერა დაგვაფიქრებს, რომ, შესაძლოა, ისინი აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს ან ეს უბრალოდ ბედისწერაა. ამ კითხვას ნაწილობრივი პასუხი ფინალში გაეცემა. ფილმის შუა ნაწილიდან უკვე ილუზია ჩნდება, რომ გოგონაა მთავარი გმირი. კადრიც ამ გოგონას მიჰყვება და ლოკაციაც იცვლება. სამწუხაროდ, ვხედავთ იმ უცნაურ ბიჭებსაც, რომლებიც მეტროდან მოყოლებული დასდევენ გოგოს.
კვირა, ანუ დასვენების დღე. ბოლო იმ შვიდი დამღლელი დღიდან, როცა თუ გაგიმართლა, შეიძლება ის აკეთო, რაც გსიამოვნებს და არა ის, რაც საჭიროა. ცოტა არ იყოს, სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას უნდა გიტოვებდეს ის კადრი, როდესაც გოგო ლისის ტბის სანაპიროზე დგას მოლბერტით და ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, ერთი შეხედვით, იმას უნდა ხატავდეს, რასაც ხედავს, რეალურად ნახატზე დამატებულია ისეთი დეტალები, რომლებიც რეალობაში არ არის. მაგალითად, იალქნიანი გემი, რომელიც მიცურავს ტბაში. ეს სცენა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ვგონებ ჩანაფიქრმაც გაამართლა. გემი შეიძლება აქედან წასვლის, გაქცევის სურვილის სიმბოლოდ აღვიქვათ. ნახატზე დახატული გოგონა, რომელშიც, ალბათ, მხატვარი საკუთარ თავს მოიაზრებს, ელოდება ხსნას, შველას. ფაქტი, რომ ფილმის ქრონომეტრაჟის სიმცირის მიუხედავად, პირობითად, მთავარი გმირი თავს მუდმივად არაკომფორტულად, სუსტად და დაუცველად გრძნობს, ლოგიკური ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს, რომ არ სურს აქ ყოფნა. ადგილას, სადაც დაცულად ვერც ტრანსპორტში იგრძნობს თავს და ვერც ტყეში, სადაც კვირადღის მშვიდად გატარება სურს.
ბიჭები გოგოს ტყის შუაგულამდე გაჰყვებიან, თან მისი ნივთები, მოლბერტი და საღებავები მოაქვთ, რაც მაშინ მოისროლა, როცა მოთვალთვალეებს გაურბოდა. ფილმის დასასრული, ცოტა არ იყოს, კლიშეა, რომელსაც არ უნდა იყოს კლიშე, მაგრამ მაინც არის. ტყის შუაგულში გოგო მიირბენს სხვა ბიჭთან, სწორედ იმასთან, რომელიც მანამდე გაჩერებასთან შეხვდა. არ ვიცით, რა დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ, თუმცა ის, რაც ფილმში შემდეგ ხდება, ყველაზე მოსალოდნელი განვითარებაა. ბიჭები, რომლებიც მთელი დღე გოგოს უკან დასდევდნენ, შეხვდებიან გოგოს „მეგობარ“ ბიჭს. აქ ძალიან უცნაურ „თვალის თვალში გაყრის“ სცენას შევხვდებით, რომელიც თითქოს ფილმის, „კარგი, ცუდი, ბოროტის“ ერთ-ერთი ცნობილი სცენის გადამღერებაა, ოღონდ ძალიან ცუდად. აქაც, ზემოთხსენებული ფილმის მსგავსად, სამ მამაკაცს ვხვდებით, თუმცა ამ ფილმის დასასრული მეტად უაზრო და გაუგებარია. მოთვალთვალე ბიჭები უბრალოდ წავლენ.
ნუთუ ეს ფილმი გმირობაზე და სიყვარულზე იყო? გოგონამ იპოვა თავისი მეზღვაური პრინცი, რომელმაც გადაარჩინა, თავისი ნახატი აჩუქა და, როგორც იქნა, მის სახეზე ღიმილიც დავინახეთ. ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს და სწორედ იქ არის, სადაც სურს ყოფნა. ერთ კვირადღეში მან მიაკვლია იმას, რასაც, ალბათ, დიდხანს ეძებდა.
ფილმის სიუჟეტი ორიგინალურობით ვერ გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტუალურ პრობლემას ეხებოდა მისი ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი, ეს არაა საკმარისი, რათა ფილმი შეიკრას და დასრულებულ ნამუშევარად მოვიდეს მაყურებლამდე. სიუჟეტთან ერთად, არც მსახიობები გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, თუმცა გამონაკლისია ნინი სოსელია, რომელმაც, სხვებისგან განსხვავებით, მეტი სიზუსტით წარმოაჩინა თავისი პერსონაჟი. სიმარტივეს, რომელიც ამ ფილმს ახასიათებს, სათაურის ბანალურობაც თან ერთვის და ამწვავებს მას. „კვირა“ არცთუ ისე ბევრის მთქმელია ფილმზე, რომლის სიუჟეტიც თავისუფლად განვითარდებოდა პარასკევსაც ან შაბათსაც.
თავისუფლება, სიმშვიდე და უსაფრთხო ცხოვრება იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობ მართლაც აქტუალური საკითხია ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, თუმცა მისი ფორმირება მოკლემეტრაჟიან ფილმში დიალოგებსაც მოითხოვს, რომ არაფერი ვთქვათ სიუჟეტის სიზუსტესა და გამართულობაზე. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ორი კომპონენტი ფილმს ძალიან აკლია.
ანა მარია დარდაგანი