„იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა! და ყოველთვის იქნება! სხვა არაფერი! მხოლოდ ჩვენ, და კამერები, და ის შესანიშნავი ხალხი უკან, სიბნელეში!…“ – ამ დრამატული სიტყვებით ჩამოდის ფილმ ,,სანსეტ ბულვარში“ კიბეებზე ნორა დესმონდი, რომელსაც პოლიცია და ჟურნალისტები სცენარისტ ჯოუ გილისის მკვლელობისთვის აკითხავენ სახლში. რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი და კინოსამყაროში, გარდასულ დროთა ჟამსა და ძველ დიდებაში ჩარჩენილი უხმო კინოს მსახიობი ქალი დაპატიმრების წინ (ან, შესაძლოა, სულიერად ავადმყოფთა თავშესაფარში წაყვანამდე) ბოლოჯერ ირგებს კინოროლს და კამერებთან მდგარ სესილ დემილს უახლოვდება: ,,კარგი, ბატონო დემილ, მზად ვარ ახლო კადრისთვის“.
რატომღაც სწორედ ეს შედევრი გამახსენდა, როდესაც ვუყურე პირველად ნანა ჯანელიძის ფილმს, ,,ნეტავ იქ თეატრი არის?!“ (2011). არა იმიტომ, რომ მისი მთავარი გმირი, ქართული კულტურის მონუმენტური ფიგურა, კახი კავსაძე საკუთარი ცხოვრების მოყოლისას მისტირის წარსულს, ანდა მასში ბრმადაა ჩარჩენილი და რეალობის შეგრძნებადაკარგული აგრძელებს ხელოვნების მსახურებას, პირიქით – ლეგენდარული ქართველი მსახიობი სიამაყით და ღირსებით იხსენებს განვლილ ცხოვრებას და ასევე ღირსეულად მიჰყვება წარსულს და დარჩენილ წლებს, მოკრძალებული იმედით იყურება მაღლა და კითხულობს, ციტირებს რა მისი თაობის ასევე ეპოქალურ შემოქმედებით ფიგურას აკაკი ვასაძეს: „ნეტავ იქ თეატრი არის?!“. ალბათ, სწორედ ამას იკითხავდა (და დაუფიქრებლად დადებით პასუხსაც გასცემდა) ნორა დესმონდი, ოღონდ კინოზე…
ცხოვრება საკმაოდ უცნაური და რთული რამაა. თითქოს ერთი გაელვება – ერთ მომენტში ხარ, მეორეში – აღარ. ცხოვრების წლები, ერთი შეხედვით, იწელება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დრო მაინც ისე გარბის, რომ ის წლებიც კი მაინც წამად გეჩვენება და გეძნელება მასთან განშორება, ეს კი განსაკუთრებით მძიმე და მკაცრია ხელოვანი ადამიანებისთვის. ,,სანსეტ ბულვარი“, მრავალ თემათა შორის, სწორედ რომ ოდაა ხელოვანისა და ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანზე, რომელსაც (საკმაოდ სამართლიანად და გასაგები მიზეზების გამო) სურს, სამარადჟამოდ იყოს ამ ჯადოსნობის ნაწილში – ამიერ და იმიერსამყაროშიც. სწორედ ამ კითხვის გარშემო ერთიანდება ნანა ჯანელიძის ფილმი, რომლის ქვაკუთხედიც ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე და მისი ბიოგრაფიაა, ოღონდ აქ იგი სრული ღირსებით, საღი გონებითა და იმედით შესცქერის დასასრულის მოახლოებას, ყვება რა საკუთარ ცხოვრებას მისთვის ჩვეული იუმორით, სილაღით, ქარიზმატულობით, დამაინტრიგებელი მანერითა და მომაჯადოვებელი ტემბრით.
„მე არტისტი ვარ, კახი კავსაძე“ – ასე იწყებს თხრობას მსახიობი, თუმცა მანამდე წინამძღვრად გასდევს პატარა დაეჭვება – სულ სხვებს ვთამაშობ, ახლა ჩემი თავი უნდა ვითამაშო, რა ვიცი, რა გამოვა – ამბობს აღელვებული – თუმცაღა, გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ადამიანის ცხოვრება საინტერესოაო… მარტო ამ ფილმითაც შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მისი ცხოვრება მასავით საინტერესო იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლების განმავლობაში მას არაერთი პირადი ამბავი აქვს მონაყოლი და მისი ინტერვიუებიდან შეიძლება ფაზლივით აეწყოს მისი ცხოვრებისეული თავგადასავლის საერთო რუკა. ასეთი სახით, ასეთი გულწრფელი, გულახდილი და ემოციური კახი კავსაძის ნახვა უნიკალური შემთხვევაა. და თან ხანში შესული რომაა, უკვე მთელი ცხოვრება როცა აქვს გავლილი. სხვანაირი ,,გემო“ აქვს მის ისედაც გემრიელ მონაყოლს ამ ფილმში – თითქოს ის ბაბუა იყოს და ჩვენ, შვილიშვილებივით ბუხართან ვისხდეთ და ვუსმენდეთ. მითუმეტეს საგულისხმოა, ამ ერთ კონკრეტულ შემოქმედებით-ესთეტიკურ ფორმატში გაერთიანება და თანაც ისეთი რეჟისორის ხედვით, რომლის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ მელანქოლიურ გულწრფელობასთან და ლეგენდარული ადამიანების განსხვავებულ რეპრეზენტაციასთან ასოცირდებოდა. ნანა ჯანელიძემ დროულად „მოასწრო“ კახი კავსაძის „გამოჭერა“ ასეთ ობიექტივში და შემოგვინახა ძვირფასი მოგონება ამ იშვიათ ადამიანზე, რომელიც ყველას უყვარდა.
კახი კავსაძეს მიტოვებულ და დანგრეულ შენობაში ვხედავთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ყოფილი ქარხანაა. ნანა ჯანელიძე არ სვამს მსახიობს ოთხ კედელში, სკამზე (ეს, გარკვეულწილად, კლიშეზე მეტად შეურაცხყოფაც კი იქნებოდა მის მიმართ), პირიქით – გაშლილ სივრცეში აძლევს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას, რაც დინამიკურ და სათეატრო სივრცესთან მიახლოებულ გარემოს ქმნის, რათა მაქსიმალურად ბუნებრივად იგრძნოს თავი და ითამაშოს კიდეც. ასე ვთქვათ, მისი ცხოვრება პირდაპირ რეჟიმში თამაშდება. ასეთი გადაწყვეტილება კარგ საშუალებას აძლევს რეჟისორს, უფუნქციო და გაპარტახებულ, შიშველი კედლებისა და სვეტების ამარად დარჩენილ სივრცეს ფუნქცია შესძინოს და მასში აღწეროს ის მთავარი ეპოქა და პერიოდი, საბჭოთა კავშირი, რომელშიც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა მისი ფილმის გმირმა და რომელსაც მონათხრობის ძირითად ნაწილს უთმობს კიდეც. შესაბამისად, ვხედავთ კიდეც, თუ როგორ ორმაგად ლოგიკური და მომგებიანი გამოდის სივრცის ასეთი გამოყენება კინოსურათისთვის. მინიმალისტური დიზაინით ის წააგავს დიდ და გაფართოებულ თეატრალურ სცენას და წარსულზე საუბრით ქმნის ინტერპრეტაციას აწ უკვე დაშლილი იმპერიისა, სადაც მსახიობები დროშებით დადიან; დედა (ნინო კურატაშვილი) და ორი ბიჭუნა (ირაკლი და ნიკო კაკაურიძეები), რომლებიც კახი კავსაძეს, მის ძმას და მის დედას განასახიერებენ, მატარებლიდან მამის გამოჩენას ელიან; მოძრავი პლატფორმებით, რომელზეც მსახიობს გრიმს უკეთებენ; ასევე დეკორაციებით, რომლებიც ერთმანეთს დინამიკურად და ცოტათი ეკლექტურადაც კი ერწყმის. რეჟისორი ცდილობს უშუალობის, ბუნებრივობის შეგრძნება შექმნას და გარემო აქციოს ისეთივე უბრალოდ და უშუალოდ, როგორიც თავად მსახიობია.
მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაშორებული ხელოვნურობისგან, გარკვეულ მომენტებში მაინც იპარება რეპორტაჟულობა და ბანალურობა, რაც უფრო რეჟისორულ მინუსად შეიძლება მოვიაზროთ, ვიდრე სამსახიობო ნაკლად – ესეც, ავად თუ კარგად, არის ხანდახან ნანა ჯანელიძის შემოქმედებისადმი დამახასიათებელი. თუმცა მთლიანობაში 55-წუთიანი ნამუშევარი, რომელიც შეიძლებოდა ცოტათი უფრო ხანგრძლივიც ყოფილიყო, ერთ ამოსუნთქვაზე იყურება და გავლენას ნამდვილად გვიტოვებს.
ფილმის გამწევი და „მფეთქავი“ ძალა თავად კახი კავსაძეა, რომელიც იგონებს მთელს ცხოვრებას – ბავშვობიდან მოყოლებული აწმყოთი, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლითა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დამთავრებული. სიუჟეტი მის გარდა მისივე ძმის, იმერი კავსაძის მონათხრობებსაც ეყრდნობა და მოიცავს ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალებს – კავსაძეების ოჯახური დინასტიური ნიჭი, თავგადასავლები, ტრაგედიები. და ეს ყველაფერი ცოცხლდება ქარხანაში კახი კავსაძის გვერდითვე, მსახიობების მიერ. ორმაგად საინტერესო და ემოციურია ამ ყველაფრის თავად პირველი წყაროსგან მოსმენა – ის განცდები, ნიუანსები და დეტალები, რომელთა ეშხიანად და ვნებიანად გადმოცემა მხოლოდ კახი კავსაძეს შეეძლო: მამის გმირობის ამბები, ბაბუის საინტერესო კავშირები, საბჭოთა ტერორი, რეპრესიების საშიშროება, მონათხრობი მეუღლეზე – ბელა მირიანაშვილსა და მის სიყვარულზე, შემოქმედებით ცხოვრებაზე კინოსა და თეატრში, როგორ გაუღო თეატრის კარი მშვიდობიან დემონსტრანტებს 1989 წლის 9 აპრილის ღამეს და შეაფარა რუსთაველის თეატრს და ა.შ. მიშა მდინარაძის მუსიკის თანხლებით ამ ყველაფერს სუფთა ძველებური თბილისური და კოლორიტული ელფერი დაჰყვება – ისეთი აურა, რომელიც აღარ განმეორდება. ფილმი გაჯერებულია მინიმალისტური და დეკორაციული სიმბოლოებით. განსაკუთრებით ბოლოს, მაგიდაზე გადაფარებული წითელი საფარი, რომელიც ფორმით საბჭოთა კავშირს წააგავს.
„რამდენი რამ შეიცვალა – მსოფლიო რუკა შეიცვალა…ყველაფერი იწყება და მთავრდება…. დამთავრდა ეს დიდი ეპოქა და იწყება რაღაც ახალი – არ ვიცი, როგორი, მაგრამ ახალი ყოველთვის რთული და მტკივნეულია… ეს ახალიც იქნება ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ“ – ამბობს ეჭვნარევი იმედით მსახიობი, როცა ამთავრებს მოყოლას: „მეც მინდა გავამხიარეულო და გავამხნევო [ხალხი]… მე რა შემიძლია – არტისტობა. დეზდემონა, შენ დღეს ილოცე? [ბაძავს აკაკი ხორავას]… გაგიჟება შეიძლებოდა. ვინ არიან ეს დიდები: ჭკვიანები, სულელები, გიჟები, მასხარები…. თავიანთი თამაშით რამდენი სიხარული მოჰქონდათ მაყურებლისთვის და თანაც როგორ უხაროდათ ეს თამაში. დიდმა აკაკი ვასაძემ ბრძანა ქუჩაში გავშლი ხალიჩას და იქ ვითამაშებო. სიკვდილის წინ უკითხავს თურმე – ნეტავ იქ თეატრი არისო?..“ – კითხულობს ბატონი კახი დასასრულს რუსთაველის თეატრში, უკვე ჯამბაზის გრიმით, როცა პატივს მიაგებს და ციტირებს ქართული თეატრისა და კინოს ტიტანებს, განსაკუთრებით აკაკი ხორავას და ამ უკანასკნელი ფრაზის სამჯერ გამეორებით, ბოლოს „მრავალჟამიერს“ შემოსძახებს ცარიელ დარბაზში, რომელსაც ეკრანის მიღმა, პოსტპროდუქციული სივრციდან სხვა ხმებიც უერთდებიან…
ფილმი მელანქოლიურია. სხვანაირი, უბრალოდ, ვერც იქნებოდა. ის, ბევრ რამესთან ერთად, შეხსენება და რეფლექსიაა იმაზე, თუ როგორი ტიტანური თაობა ჰყავდა ქართულ კულტურას წინა საუკუნეში, ერთი მეორეზე უკეთესები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, რომლებიც დღემდე შთაგვაგონებენ. მას მერე ვამაყობთ მათით, ვბაძავთ და ვციტირებთ მათ. კახი კავსაძე, როგორც ერთ-ერთი ,,უკანასკნელი მოჰიკანი“ ამ ეპოქისა, მტკიცებულებაა, ანარეკლია იმ განუმეორებელი პერიოდის კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და მენტალური მოცემულობისა. ადამიანი, როგორც ეპოქის სარკე და უფრო მეტი – საინტერესოა, თუ როგორ ცდილობს ნანა ჯანელიძე თავის ფილმებში ასეთი გამორჩეული და ძველი თაობის წარმომადგენლები, ერთდროულად, განსხვავებულ ამპლუაში წარმოაჩინოს (მაგ., ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში ,,ოჯახი“ ) და თან მათი რეპრეზენტაცია მოახდინოს ეპოქის ზოგადი პორტრეტის ჭრილში: ადამიანი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე სხეული და სახელი და გვარი – ის არის კონცეფცია, მენტალობა და ფილოსოფია, რომელიც თან მარადიულია, მაგრამ როგორც ფიზიკურ მატერიას, მას აქვს დასაწყისიც და დასასრულიც. თუმცაღა ეს არ უნდა გახდეს სევდის საბაბი, რადგან, როგორც ცნობილი გამოთქმა გვეუბნება: ,,არ იტირო, რომ ის დამთავრდა – გიხაროდეს, რადგან ის მოხდა“. თავად კახი კავსაძეც ჯამბაზისეული ღიმილითა და თვალის ჩაკვრით გვემშვიდობება, გვაიძულებს გაღიმებას და გვტოვებს ცრემლმორეულებს, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია.
2015 წელს, ჯიფონის ახალგაზრდულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შევხვდით კახი კავსაძეს და ნანა ჯანელიძეს, ამ ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე. დარბაზი გადავსებული იყო. სწორედ მაშინ ვიხილე პირველად ცოცხლად კახი კავსაძე, მისი ენერგია და სითბო და ის, ყველა თუ როგორ შესციცინებდა მას, როგორც მოძღვარს, მენტორს, მამას… ყველას უნდოდა კითხვის დასმა და ისიც დიდი მოთმინებითა და სიყვარულით პასუხობდა. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს უყვარდე ერს, განურჩევლად ასაკისა და თაობისა და ფაქტია, რომ მისნაირი ადამიანები და მათი შემოქმედება არ წყვეტს ჭეშმარიტ არსებობას, რადგან მათი შემოქმედება და სახელი უკვდავი რჩება და აგრძელებს დროსა და სივრცეში არსებობას. გენიალური რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილი სწორედ ამას ეუბნებოდა სიკვდილის წინ რეპრესიებს შეწირულ ვუნდერკინდ სცენოგრაფ პეტრე ოცხელს: „სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ, არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი, ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება.“ სწორედ ესაა პასუხი კითხვაზე: „ნეტავ იქ თეატრი არის?!“ დიახ, არის!
ეთერ ფარჩუკიძე