ზღვარი ადამიანობასა და მხეცობას შორის

ადამიანი ხშირად ხდება საკუთარი თავის ფიქრებისა და ფიქსაციების მსხვერპლი. ჩვენი ბუნება არ არის საკმარისად მდგრადი, რომ თავისუფლად იყოს ამტანი მისთვის არასასიამოვნო პირობებისათვის. ხშირად მარტივი რაღაცები ისე თამაშობს ჩვენს ნერვებზე, რომ ჩვენ თვითონვე გვიკვირს, როგორ შეუძლია ადამიანს ცხოვრებაში დიდი წნეხისა და ტკივილის ატანა, როცა ყველაზე პატარა დეტალები ჭკუიდან შლის?! ანდაც, საერთოდ, განა უნდა იყოს ადამიანი ამ ყველაფრის ამტანი მაშინ, როდესაც შეგვიძლია სიმბიოზური არსებები ვიყოთ და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, თუმცა ეს ასე მარტივი არასდროს ყოფილა და, ალბათ, არც არასდროს იქნება. ყოველდღიური ცხოვრება, რუტინა, პრობლემები მაინც ახერხებენ მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიონ და ფსიქიკა შეგვირყიონ. 

შოთა მესხაძის სტუდენტური ფილმი, „საერთო კედელი“ (2020) სწორედ ამ შერყეულ ფსიქიკას იკვლევს. ფილმის მთავარი ალუზიური ცენტრი ენტონი ბერჯესის საკულტო წიგნი, “მექანიკური ფორთოხალია”, რომელსაც ფილმის ერთერთი პერსონაჟი მაგიდიდან იღებს და თითქოს მთელ ფილმს განსაზღვრავს წინასწარ. 

ნიკა და ნიკა კედლის მეზობლები არიან. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი კედელს შორის გამტარი ხმაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან მკაფიოდ განსხვავებული ინდივიდები არიან. ნიკა ფილმების ყურებითაა გატაცებული, თუმცა ამას უშუალოდ ფილმების სიყვარულისგან გამოწვეულ მდგომარეობას ვერ დაარქმევ, უფრო მიჯაჭვულობაა ეკრანისადმი, რომელიც მის უძრაობაშიც გამოხატება. გარშემო დაყრილი ნივთები, ენერგეტიკული სასმელების ქილები, ჩიფსების პაკეტები და დეივიდ ფინჩერისმებრძოლთა კლუბისპლაკატი. მისი სიტუაცია ქაოტური, თუმცა მისთვის კომფორტულია, მოსწონს ამ სპირალში ყოფნა, სადაც ეკრანს თვალებს არ წყვეტს, თუ შუალედებში არ ჩაეძინა, და მხოლოდ ამ მდგომარეობით კმაყოფილდება. 

მეორე ნიკა ლამპის შუქზე მაგიდასთან არის მიმჯდარი და მუშაობს. ჩანს ბევრი ციფრი (აქ, სავარაუდოდ, ეკონომიკასთან უნდა გვქონდეს საქმე), მისი სამუშაო კონცენტრაციასა და სიზუსტეს მოითხოვს, მაგრამ ნიკას ამ ყველაფრის საშუალება არ ეძლევა, რადგან კედლის იქიდან ბოლო ხმაზე აწეული ტელევიზორის ხმა გამოდის. ხმა არც დაბლა იწევს და არც ჩერდება, არ ჩერდება ნიკას მოთმინების ფიალაც და ჩვენს თვალწინ ივსება ისე, როგორც ის სავსე რძის ჭიქა გვერდით რომ უდგას. ეს პირდაპირი ანალოგიამექანიკურ ფორთოხალთან“. შეიძლება სტენლი კუბრიკის გახმაურებული, ამავე სახელწოდების ფილმიც გაგვახსენდეს, როდესაც ალექსის პერსონაჟი მანიპულირებადი მზერით იყურება და თან რძეს სვამს. რძე, როგორც თეორიულად სისპეტაკისა და სინორჩის სიმბოლო, კუბრიკთან და ბერჯესთან უკვე სხვა სახით გვევლინება, სწორედ ამ სისპეტაკის დაკარგვის ნიშნად. 

ამ სტუდენტურ ფილმშიც ამაზე ხაზგასმა სურდა რეჟისორს. პერსონაჟი, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან მოწესრიგებული და მიზანმიმართულია, ნელნელა კარგავს საკუთარ თავს ან პირიქით ავლენს რეალურ სახეს. თავდაპირველად, ეს ფანქრების მტვრევაში გამოიხატება. ნიკას აღარ შეუძლია მეზობლის ხმაურის ატანა და საკუთარ ნივთებს ლეწავს ნერვების დასამშვიდებლად. შემდეგ ეს ნიკა ურეკავს იმ ნიკას და სთხოვს დაუწიოს ხმას, თუმცა აქ საინტერესო რამ ხდება. მეორე ნიკა განზრახ ტელეფონის მიკროფონთან პარკის შრაშუნს იწყებს და უთიშავს მეზობელს. ეს მეორე საინტერესო ადამიანია, რომელიც უარს ამბობს საკუთარი კომფორტის ოდნავად მოკლებაზეც კი და არ ითვალისწინებს სხვა ადამიანს. აქ რეჟისორი ცდილობს წარმოგვიდგინოს ადამიანთა ფისქოლოგიის კონტრასტი და თანაც მსგავსება. ორივე საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, თუმცა ერთმანეთის გათვალისწინების გარეშე. ამას ემატება მსახიობთა ზედმეტად გადრამატიზებული თამაში, რაც არ შეესაბამება ფილმის სტილისტიკას. 

ფილმი შავთეთრშია გადაღებული, რაც ნამდვილად უხდება ესთეტიკას და ჩრდილების აქტიური თამაშით რეჟისორი ქმნის მათი გონებრივი ლაბირინთების სიმბოლოებს. ტელევიზორის ეკრანს მიჯაჭვულ ნიკას როგორ გადასთამაშებს სახეზე კონტრასტული ჩრდილები და ფინანსებში მომუშავე ნიკას ოთახში როგორ ძლიერად დააქროლებს ფარდის ჩრდილს ქარი. ესენი თითქოს მათ პიროვნულ მდგომარეობებს უსვამენ ხაზს.

წარუმატებელი ზარის შემდეგ ნიკას მოთმინების ფიალა უკვე პიკს აღწევს. უამრავი დატეხილი ფანქრის ცქერის შემდეგ ნიკა გადის მეზობელთან და სთხოვს, დაუწიოს ტელევიზორს. ნიკა პირფერული გათვალისწინებით ეუბნება, აქამდე გეთქვა გარკვევით და დავუწევდი აბა რას ვიზამდიო და შემდეგ ისიც რძის ჭიქიდან ყლუპს მოსვას. რეჟისორი აქტიურად ათამაშებს რძის სიმბოლოს ამ ორ პერსონაჟში. მართლაც უწევს ნიკა ტელევიზორის ხმას, მაგრამ მხოლოდ დროებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეალურად შუალედებში თვითონვე ეძინება, არანაირი საჭიროება არ აქვს მუდმივი ხმის გაგონებისა, რომელიც ფილმს ფაქტობრივად ლეიტმოტივად გასდევს. შემდეგ ნიკას პერსონაჟი გაცხარებული ბრუნდება მეზობლის ბინაში და მასში ახლა ნამდვილად იღვიძებსმექანიკური ფორთოხლისალექსი, გამხეცებული ადამიანის სახე, რომელსაც დაკარგული აქვს მორალური კომპასი და სრული გამეტებით ურტყამს მეზობელს. სავარაუდოდ, კლავს კიდეც, ვინაიდან იგი ამის შემდეგ აღარ ჩანს. სამაგიეროდ, მოჩანს როგორი გამეტებით იქნევს მეზობელი გაურკვეველ ხელსაწყოს და თითქოს თავად მაყურებელი ხდება მისი მსხვერპლი და, გარკვეულწილად, დანაშაულის გრძნობა ჩნდება ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანისათვის. 

ფილმის კულმინაციაში გაველურებული ადამიანის სახე ისევ მშვიდდება. ნიკას პერსონაჟი ჰარმონიით აკვირდება მეზობლის ოთახს, მის თუთიყუშს და შემდეგ ტელევიზორს მიუჯდება. იგი ნიკას სათვალეს იკეთებს და ზუსტად მისივე მეზობლის პროტოტიპი ხდება. მის წინ სწრაფი მოძრაობით გადაირბენენ კადრები, ის კი მშვიდი და ინტერესიანი სახით უმზერს მათ, თითქოს ახლახან სასიკვდილოდ არ გაიმეტა ადამიანი, მაგრამ იგი თავს გამარჯვებულად გრძნობს, ვინაიდან ახლა მოიპოვა სიმშვიდე, აღარ აწუხებს მეზობელი, თუმცა შეუძლია თავად გახდეს ის შემაწუხებელი მეზობელი სხვისთვის, რომელიც აქამდე მას ტანჯავდა. 

ახალგაზრდა რეჟისორი ამ ფილმით შეეცადა ადამიანურ უსამართლობასა და პათეტიკაზე ესაუბრა. რა თქმა უნდა, მისი სიუჟეტი განზრახ გაბუქებულ სტილშია გადაწყვეტილი. რეალურად ხომ ყველას ჰქონია მსგავსი გამოცდილება, მეზობლების ხმაურს ყველა შეუწუხებია, თუმცა მსგავსი ფატალური შემთხვევები საბედნიეროდ არ ხდება. 

ლიზი გაფრინდაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *