თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი და, ამასთანავე, რთულად მისაღები უცნაურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტოლერანტულად მოაზროვნე საზოგადოების კომპლექსით შეპყრობილი, თავად ასეთი საზოგადოება ვერ და არ ეგუება სიცოცხლის გარდაუვალ ჭეშმარიტებებს.
ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ (2023, რეჟ. ელენე ნავერიანი) ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. საერთოდ, ეკრანიზაციის ტრადიციიდან გამომდინარე, მასში, პირველ რიგში, ,,ახალ ხედვას“ ან რეჟისორის ამოკითხულ ქვეტექსტებს ეძებს ხოლმე მაყურებელი. თამთა მელაშვილის მოთხრობა შუახნის მარტოხელა ქალის, მაღაზიაში მომუშავე ეთეროს შესახებ პატარა დასახლების (ქალაქი, დაბა) უდრტვინველ ჭორებსა და შემთხვევით დაწყებულ რომანში ჩაკარგული ადამიანის ცხოვრებას მოიცავს. სიკვდილის შიში, მოსალოდნელი ხიფათის წინაშე მიღებული გადაწყვეტილებები, მოულოდნელი ორსულობა 48 წლის ასაკში – ყოველივე ეს დრამატურგიულად მძაფრ სიუჟეტად ყალიბდება, გარკვეული ტიპის სახასიათო ლიტერატურულ თხრობაში. ფილმის მთავარი გმირი (ეკა ჩავლეიშვილი) კი ქმნის ლიტერატურული პირველწყაროს ინტერპრეტაციის თითქოს კარკასულ საფუძველზე აგებულ ხასიათს, რომელსაც ესთეტიზაციის განსხვავებული, რადიკალურად ნატურალისტური ნიშნები მოაქვს მაყურებლამდე.
ეთერო და მისი შემთხვევითი გმირი (თემიკო ჭიჭინაძე) საკუთარი სურვილების გამძაფრებულ, შიშველ მოძრავ ქრონიკას იმ ჩარჩოში გვთავაზობენ, სადაც ნათელია თავად ამბავი. სამაგიეროდ, სრულიად გროტესკული და რეალობას დაშორებულია გარემო, სივრცე, რომელშიც ეს ორი გმირი ცხოვრობს და სადაც თითქოს ყველაფერი მიზანმიმართული სქემითა წარმოდგენილი – ან ,,კარგია“, ან ,,ძალიან ცუდი“. ზუსტად იმგვარია, როგორც სოცრეალისტურ ,,კარგ“ და ,,ცუდ“, ან ,,კარგ“ და ,,უფრო მეტად კარგ, გამოსასწორებელ“ საზოგადოებაში. მეზობლები, ჭორაობასა და დაცინვის დაუოკებელ სურვილში ჩაფლული სხვადასხვა ასაკის ქალები ისეთი მაქსიმალიზმით ცდილობენ ხმამაღლა და დაუფარავად გამოფინონ საკუთარი ზიზღის ან აგრესიის ეპიზოდები, რომ ისიც კი გაუგებარია, ამ გმირებისაგან გროტესკის ნაწილი უნდა მივიღოთ პირობად თუ უბრალოდ ზედმეტი პათოსია მათ ყალბ მანერულობაში დამნაშავე. რაც უფრო კონკრეტული და თავშეკავებულია მთავარი გმირის მწირი სამოსი, ქცევა (რიგ ეპიზოდებში), მით უფრო კომიკურია წარმოუდგენელ სიჭრელესა და სექსის თემაზე აღტკინებული მეზობლების თითქოს შარჟად ქცეული წრე.
თუ პრეტენზია (და, ცხადია, რომ ასეთი პოზიცია არსებობს) რეალისტურისა და პირობითის ორგანულ შერწყმაზე ჩნდება, მაშინ ეთეროს პერსონაჟის გვერდით, მეზობელ-მეგობართა ასეთი არაბუნებრივი სიჭრელე, უბრალოდ, განყენებული ტიპის ეპატაჟური ჩანართია, რომელსაც სინამდვილის ვერცერთ კატეგორიაში ვერ ვუძებნით საყრდენს. ამ დროს, ნებისმიერი სიტყვიერი გამართლება ,,მკვლელი საზოგადოებრივი აზრის“ შესახებ ვერ იქნება საინტერესო, ვინაიდან ასეთი საზოგადოება არც რაიმე ახალს ღაღადებს, არც მისი არსებობაა ახალი შესამჩნევი და არც ქალთა საზოგადოების ამგვარი არაბუნებრივი გროტესკია, თუნდაც ოდნავ ახლოს იმ განწყობასთან, რომლის სევდიან პირდაპირობასაც მძაფრი ინტუიციით ავლენს ეკა ჩავლეიშვილის ეთერო.
ნებისმიერი კონტრასტი, რომელიც ეკრანზე ელენე ნავერიანის თავისებურად მინიმალისტური ესთეტიკის ნაწილია ეთეროს ყოფის აღწერისას, ხშირად ხდება არაფრისმთქმელი, როდესაც ეს ყოფა აშკარად დაპირისპირებულ და აგრესიულ გარემოს ეჯახება: ფარული და დაუსრულებელი აქცენტებით უმიზნოდ პედალირებული სექსის პროცესი იქნება ეს, მეზობელ ქალებთან წვეულება თუ ქალაქში ჩასვლა ახალგაზრდა გოგონების კეთილგანწყობილ წყვილთან, სადაც ყველაფერი სიკეთის მომტანია, ვინაიდან არც ეს წყვილი ჯდება ურთიერთობის ,,ტრადიციულ“ ფორმატში (შესაბამისად, ისინი, ,,კარგზე კარგი“ პერსონაჟები, მხოლოდ სიკეთეს ასხივებენ).
კონტრასტი არსებითს და წარმოსახულს შორის იოლად შეიძლება გადაიზარდოს თვითმიზნურ წინააღმდეგობაში. სახლის ვერანდაზე გამართული ჭრელი ტორტი ზედმეტად კომიკურია, ისევე როგორც ზედმეტად კომიკურია მოცეკვავე ქალბატონი და სექსზე აგრესიული ცინიზმითა და ჟესტიკულაციით მოსაუბრე ამ წრის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ეს ეპიზოდი არც სატირულია, აღარც გროტესკული და წინააღმდეგობრივად საპირისპიროა იმისა, რის თანმიმდევრულ მტკიცებასაც მეწამულ შუქ-ჩრდილსა და განათებაში ხშირად მოქცეული ეთეროს პერსონაჟის ქცევა ცდილობს: მას თავისუფლებისა და სიმშვიდის მიკროსივრცეში არსებობის უფლება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეკა ჩავლეიშვილის ნამუშევარი ნამდვილად იწვევს ინტერესს ამ მხრივ და, თავშეკავებული შეფასებების რიგი მოცემულობის გამოც, მისი მხატვრული დახასიათების სქემა მაინც ძალზე მარტივ, ნატურალისტურ ლოგიკას მიჰყვება, ვერ ცდება და კითხვებს სვამს: საინტერესო, დრამატურგიულად და მხატვრულად მკვეთრია ეპიზოდი წარმოსახვით ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით. მძაფრია მისი კომპოზიციურად სავსე წყობა (იგულისხმება ეს ეპიზოდი). სამაგიეროდ, ეს შიში, პირველყოფილი და ავი ინსტინქტი, კარგად და დინამიკურად მოძრავი, ამ ეპიზოდშივე თითქოს კვდება, თავისი საინტერესო ესთეტიკით, ხოლო მის ადგილს პირობითად არაფრისმქმნელი და არაფრისმეტყველი სამყაროს ყალბი ხატი იკავებს. ეს მთავარი მხატვრული შეუსაბამობაა, რაც ერთიანი მხატვრული ქსოვილის განცდას გვიკარგავს, ხოლო მეორე, არანაკლებ შეუსაბამოდ გროტესკული, მთავარი გმირის სიშიშვლეში განგებ უტრირებული დეტალებია – ბანაობისას, დასვენების ჟამს თუ ქალის გამოღვიძებისთანავე წინ წამოწეული ის ნიუანსები, რომლებიც კონკრეტულად არაფერზე მეტყველებენ, არც მის საერთო განწყობას მატებენ რაიმე კონკრეტულს, გარდა ერთისა – თითქოს ნაკლებად საინტერესო ესთეტიკის დამკვიდრების სურვილზე. თავად ეს სურვილიც ბუნებრივი იქნებოდა, რომ არა მარტივი კითხვა: ტოვებს კი ყოველივე ეს მხატვრული სისავსის და ინტერესის ბუნებრივ განცდას?
არსებულ ყოფით ნორმებთან ან თუნდაც წარმოსახვით გამძაფრებულ ყოფით ნორმებთან წინააღმდეგობის სურვილი ჯერ კიდევ ერ ნიშნავს ყველა მოვლენასთან და ცხოვრების წესთან წინააღმდეგობის იმგვარ სურვილს, სადაც შეუსაბამობა არა აზრი, არამედ აზრის ხორცშესხმის განგებ უტრირებული, ნაკლებად საინტერესო ფორმებია. მრავალგზის ნაცადი, მხატვრულ მიმდინარეობებსა თუ საავტორო კინოში ბევრჯერ წარმოჩენილი, ნატურალისტურამდე დასული ესთეტიკა გამართლებულია, თუ ის მხატვრულად სავსე კონცეპტუალურ ჭრილში განიხილება.
პირველი, რაც ბუნებრივად ისმის და იბადება ფილმთან თუ ნაწარმოებთან დაკავშირებით, სწორედ რომ თავისუფლებაა, ბოლომდე ბუნებრივი და ერთადერთი ბუნებრივი მოტივი, რომელიც მთავარია ფილმის დრამატურგიულ-მხატვრულ საწყისში. სხვა საქმეა თუ რამდენად ჩანს თავისუფლებისთვის ან თავისუფლებად ქცეული ყოფით დაინტერესებული გმირების ეს თავისთავადობა. არც სითამამე (რაც, უდავოდ, უნდა აღინიშნოს) და არც რაიმე თემის, თუნდაც ტაბუირებულის, მხატვრული ინტერპრეტაცია არ შეიძლება იქცეს პრობლემად და ამაზე არც არავინ კამათობს. საკუთარ თავსა და აღქმის პროცესში სადავოა ის, თუ რამდენად ბუნებრივად და რამდენად საინტერესოდ ხდება თემის ინტერპრეტირება.
ეთეროს თუ სხვა რომელიმე პერსონაჟის ცხოვრება ვერ იქნება ტრაგიკული ან პირიქით, ბედნიერებით სავსე მხოლოდ იმიტომ, რომ ის, სხვა დამოკიდებულებებით სავსე და თავისუფლებას მოწყურებული, არ ცნობს ცხოვრების რომელიმე სტერეოტიპს. პრობლემაც და მიუღებლობაც მის შიშებშია – რაც, სხვათა შორის, ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა და სამწუხაროდ ვერ განვითარდა, როგორც მოტივი, როგორც ქცევისა და მოვლენების მხატვრული დინამიკა.
მარადიულად აქტუალურ კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე, რისი ჩვენებაც ეკრანზე ,,არ შეიძლება“, ასევე მარადიულად მარტივი პასუხი ,,იღვიძებს“: ყველაფრის ჩვენება, წარმოსახვა, გამოხატვა შესაძლებელია! გააჩნია ვინ აკეთებს ამას, რისთვის და როგორ.
ქეთევან ტრაპაიძე