მარადიული ძიება

ადამიანი, რომელიც მარტოობისა და შინაგანი სიცარიელის მსხვერპლია, ხშირად ხდება საკუთარი თავის ტყვე, ირგვლივ აღიმართავს ხელოვნურ ბარიერებს და გააზრებულად თუ გაუაზრებლად განიზიდავს ყველას და ყველაფერს, რათა ქვეცნობიერმა დაიცვას პოტენციური საფრთხისაგან. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინდივიდები ყველანაირად საჭიროებენ თვითგანკურნებას და ხშირად დახმარებას ღებულობენ იქიდან, საიდანაც არც კი ელიან. ეგზისტენციალიზმის ეს პრობლემა მრავალი საუკუნეა კაცობრიობის ყურადღების ცენტრშია და უამრავი მენტალური ტკივილისა და აგონიის გამომწვევი მიზეზია. გასაკვირი არაა, რომ ამ თემას არც ხელოვნებამ აუარა გვერდი და მეტიც იმდენად განავრცო, რომ ჩამოაყალიბა უამრავი მიმდინარეობა ყველანაირ დარგში, დაწყებული კლასიკური რომანტიზმიდან, დამთავრებული ღრმა ფილოსოფიური ექსპრესიონიზმით. ბუნებრივია, არც კინო გახდა გამონაკლისი და წლების მანძილზე ადამიანის სიმარტოვე და ჭეშმარიტი სიყვარულის ძიება დარგის ერთ-ერთი წამყვან მიმართულებად იქცა.

ამ საკითხს ეფუძნება მარიამ პერტიას სტუდენტური ფილმი, „ერთი ბილეთი ნიცამდე“ (2013), რომელიც გადაღებულია თეკლა იორდანიშვილის ნოველის, „ორი ბილეთი ნიცამდე“ მიხედვით. ეს, მეტწილად, საკმაოდ თამამი ნაბიჯია, რადგან არა მხოლოდ კინოადაპტაციაა ახალგაზრდა რეჟისორისათვის რთული ამოცანა, არამედ თავად პირველწყაროს ლიტერატურული ფასეულობაც ერთობ სადავო საკითხად იქცა. ფილმმა კი იხილა დღის შუქი, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზანს თავი ვერ გაართვა. კინოსურათი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც მაყურებელი ისურვებდა ან როგორიც შეიძლება რეჟისორს ჰქონოდა ჩაფიქრებული. პროექტი თავიდანვე განწირული იყო იმის გამო, რომ უშუალოდ პირველწყაროა კინოადაპტირებისათვის რთული, რადგან თითქმის მთლიანი ნაწარმოები დიალოგებისაგან შედგება და ნაკლებადაა მოქმედების აღწერის ელემენტები, რაც რეჟისორს ვალდებულს ხდის, საკუთარი ხედვა გამოავლინოს. უმთავრესი პრობლემა, რაც ნამუშევარს გააჩნია, მისი სწორხაზოვნებაა. თითქოსდა, ფილმი ცდილობს მართლაც აქტუალური პრობლემა განავრცოს, მაგრამ მთლიანი სიუჟეტი იმდენად გაწელილი და ერთფეროვანია, რომ ვერ ახერხებს მაყურებლის მუდმივი ყურადღების შენარჩუნებას. დიალოგების დიდი ნაწილი აზრს მოკლებულია და არანაირად არ ავითარებს სიუჟეტს, ხოლო ზოგიერთი სცენა, პირიქით, ძალზედ დაჩქარებულია და მოვლენებიც არაბუნებრივად სწრაფად ვითარდება, რის გამოც აუდიტორიას მომხდარის სიყალბის შეგრძნება უჩნდება. რაც შეეხება სამსახიობო ოსტატობას, ვერ ვიტყვით, რომ მსახიობები როლებს ვერ ერგებიან. აქ არის კარგი საუბრის მანერაც და სახის მიმიკაც, მაგრამ ისევ და ისევ ცუდად გაწერილი სცენარისა და დიალოგების გამო მათი თამაშიც ყალბი ჩანს.

ტექნიკურ მხარეში გვხვდება ყველაზე დიდი ნაკლოვანებები. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია აუდიო და ვიზუალურ მონტაჟში გაპარული უპატიებელი შეცდომები. სხვადასხვა მომენტში იმდენად ბევრი ხარვეზია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო ხმა, რომელიც სინქრონში სრულიად ცდება გამოსახულებას. განსაკუთრებით, იმ სცენაში, სადაც ფილმის მთავარი გმირი გოგონა (ანა ამილახვარი) საუბრობს ტელეფონზე, ოფისში. თავად ხმა ზედმეტად მკვეთრად ისმის და მთლიანად ფარავს უკანა ფონს, რის გამოც ირღვევა კადრებს შორის მთლიანობის ილუზია.

ოპერატორის ნამუშევრის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ თავად გამოსახულების ხარისხი სასიამოვნოა, კარგია ფერთა შეხამება, მრავალფეროვანი ახლო, საშუალო და შორი ხედები, მაგრამ თითქმის მთლიანი ფილმის მანძილზე ხშირად კადრის ჩარჩო ირხევა, პერსონაჟები წამიერად ცდებიან ობიექტივის ხედვის არეალს, რის გამოც ყურება არასასიამოვნო და მეტად დამღლელი ხდება.

სიუჟეტური პრობლემები ფილმში ნაწილობრივ პირველწყაროს ბრალიცაა, რადგან მთლიანი კინოსურათის მსვლელობისას წამითაც არ უხვევს რეჟისორი დედანის სიუჟეტიდან, არ ცდილობს გამოამჟღავნოს კრეატივი და ამბავს ახალი სიცოცხლე შესძინოს. აქედან გამომდინარე, ყველა ის მინუსი, რაც ფილმის სიუჟეტს გააჩნია, ნოველის მინუსია.

ფილმი მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც სასტუმროში გაიცნობს ახალგაზრდა მამაკაცს (ლაშა ჯუხარაშვილი) და თანდათანობით ორი უცხო ადამიანი სიყვარულის მორევში ეხვევა. მეტად ბანალური და მარტივი ამბავი არ სთავაზობს მაყურებელს არაფერს ისეთს, რაც აქამდე არ უნახავს, თანაც არაერთხელ. უამრავი გაცვეთილი ფრაზების, უკვე დიდი ხნის მოძველებული კინემატოგრაფიული ხერხებისა და, უბრალოდ, მოსაწყენი გადასაღები მოედნის გამო, ფილმი ვერ ამყარებს მაყურებელთან სათანადო კონტაქტს.

თავისთავად, ამ ფილმს აქვს დადებითი მხარეებიც. მაგალითად, მისი მუსიკალური გაფორმება, რაც ატმოსფეროს შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ელექტრონული მუსიკა, რომელიც ხშირად და ნელ-ნელა ჯაზში გადადის, ხაზს უსვამს მთავარი გმირის ხასიათს და ცხოვრების სტილს და, გარკვეულწილად, გარემოს უქმნის სახასიათო სიტუაციას, თუმცა მუსიკა ზედმეტად დიდხანს გრძელდება და ისმის იქ, სადაც არ არის საჭირო.

მთავარი თემა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებაში იმ ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნას ეხება, ზოგადად, ძალიან მძიმე და სერიოზული პრობლემაა. კაცობრიობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოთხოვნილება ჰქონდა, აქვს და ექნება. ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დადგება სიყვარულისა და საკუთარ თავთან კონფლიქტის წინაშე, რადგან „თუკი რამე საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია და ცოდოა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან“.

ძალზედ რთულია ამგვარი უამრავჯერ გაშლილი თემის კიდევ ერთხელ გაცოცხლება ისე, რომ აუდიტორიას რაიმე ახალი აჩვენო, ისეთი, რაც აქამდე არ უნახავს. თითქმის ყოველთვის მსგავსი ნამუშევრები ერთფეროვანია და არაა ის, რაც იყო ჩაფიქრებული. სამწუხაროდ, „ერთი ბილეთი ნიცამდე“ არ არის გამონაკლისი.

ნიკა სივსივაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *