მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის

ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად უყურებს მას. ზოგს აქვს იმის იმედი, რომ ოცნებას აიხდენს, ზოგი კი მალევე ნებდება. ამაზე მოქმედებს არა მარტო გარემოებები, არამედ თავად ადამიანის ხასიათი. ხალხს უჭირს გაიგოს, რა უნდა სინამდვილეში. განვითარებულმა სამყარომ, სადაც, ერთდროულად, ამდენი შესაძლებლობაა, საზოგადოება დააბნია. როგორც წესი, ადამიანები სწავლობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, მთელი ცხოვრება მიილტვიან იმ ერთისკენ, თუმცა უდიდეს დროს და ენერგიას ახარჯავენ და უძღვნიან მეორეს. უმრავლესობა ოცნებებს იმის გამო თმობს, რომ მეტი ფული გამოიმუშაოს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც – ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თმობენ იმისათვის, რათა აკეთონ ის, რაც მათ ბედნიერებას ანიჭებს.
მინდია კანდელაკის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმის, „ხელოვანი“ (2019) მთავარი გმირი (ბექა თურმანიძე) ასეთი სიტყვებით გვაცნობს თავს მაყურებელს: “შეიძლება შემოქმედმა ადამიანმა გააკეთოს ის, რაც არ უყვარს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს“. ამ სიტყვების პარალელურად, ბექას წინ ჩამოფარებული ფარდა ნელ–ნელა იწყებს გაწევას. მაყურებელს, მასთან ერთად, წინ ეშლება მთლიანად ბურუსში გახვეული ხედი, რომლის მიღმაც არაფრის გარჩევაა შესაძლებელი, გარდა საიდანღაც შემომავალი მზის სხივებისა. ეს სხივები თანდათან მთლიანად ანათებენ ეკრანს, რაც, რაღაც მხრივ, შესაძლოა, სამოთხის ილუზიას უქმნიდეს მაყურებელს. ამ ბურუსით მოცული ხედის მიმართულებით ბექა ნელი მოძრაობით მიიკვლევს გზას. ის არის ხელოვანი, შემოქმედი ადამიანი, რომელიც შეყვარებულია თეატრზე, სცენაზე, თავის პროფესიაზე. სცენა არის ის ადგილი, სადაც იგი თავს ყველაზე კარგად გრძნობს; ადგილი, სადაც ყოფნის გამო ბევრ მსხვერპლსაც გაიღებს. ასე რომ, ლოგიკურიცაა, თუ რატომ ტოვებს პირველი კადრი (სადაც ბექა სცენაზე დგას) სამოთხის ასოციაციას. სცენაზე დგომა ბექასთვის ხომ ფაქტობრივი სამოთხეა – ნანატრი ადგილი, რისკენაც ის მთელი გულით მიილტვის.
ფილმი დაახლოებით ცხრა წუთის ხანგრძლივობისაა და დოკუმენტურ სტილში გვიჩვენებს მთავარი გმირის ცხოვრების მომენტებს და მის დატვირთულ ყოველდღიურობას. ბექას დღე ძალიან შრომატევადია, მას რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა. რაც მთავარია, ფიზიკური მუშაობა. ბექას უკან ადევნებული კინოკამერა დაკვირვებით გვიჩვენებს მის თითოეულ ნაბიჯს – როგორი მონდომებით ბარავს იგი მიწას, შემდეგ როგორ იღებს მონაწილეობას სახლის მშენებლობაში. მას შემდეგ, რაც ის ამ საქმეებს მოითავებს, მეორეული ტანსაცმლის მაღაზიას ესტუმრება სპექტაკლისათვის შესაბამისი ტანისამოსის შესაძენად. ყოველი მისი ქმედება თეატრს უკავშირდება. ქუჩის კადრების შემდგომ, კამერა გვახედებს იმ თეატრში, სადაც ჩვენი გმირი მოღვაწეობს. კინოკამერა შორიდან შეუფერხებლად აფიქსირებს ბექას ბუნებრივ მოქმედებებს, მის მიერ სცენის დალაგებას, საგრიმიოროში მომზადებას, სპექტაკლისათვის რეპეტიციის გავლას. რაც ყველაზე მთავარია, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეს თავად ბექას პიროვნება. ის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილი, უშუალო და თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს (იქამდე, სადამდეც კამერა იძლევა ამის გაგების საშუალებას). მისი ამ ხასიათების აღქმა მარტივადაა შესაძლებელი იმის მეშვეობით, თუ როგორ ეპყრობა და ესაუბრება ბექა შემხვედრ ადამიანებს. სამსახურშიც, ტანსაცმლის მაღაზიაშიც და თეატრშიც მისი მოკრძალებული საუბარი მის მიმართ სასიამოვნოდ განაწყობს მაყურებელს. ასევე საინტერესოა გარემო, სადაც იგი ცხოვრობს, ვინაიდან ისიც, თავის მხრივ, უფრო კარგად წარმოაჩენს ბექას ხასიათს. ის სახლში სულ მარტოა თავის ძაღლთან ერთად, ღამეებს კი გიტარის დაკვრასა და სიმღერაში ატარებს. ამ კადრებიდან გამომდინარე, ადვილია იმის თქმა, რომ ყოველი სირთულის მიუხედავად, ბექა არ ეძლევა სასოწარკვეთილებას. ის საკმაოდ ძლიერი ადამიანია, რომელიც სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებს ცხოვრებაში. ბექა არანაირად არ ამჟღავნებს უბედურებას ან უკმაყოფილებას, პირიქით, სანამ ის თავის საქმეს აკეთებს, ცხოვრების მადლიერიც კია.

აღსანიშნავია, რომ გარდა კინოკამერის გარეგანი დაკვირვებისა, ფილმში ჩასმულია პატარა ინტერვიუც, სადაც მთავარი გმირი თავადვე გვესაუბრება იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის თეატრი. გადაღების მხრივ, ფილმი დიდი ხარისხით ვერ გამოირჩევა, ხშირად არის არაფოკუსირებული, მერყევი, დაუმუშავებელი კადრები, უხეში გადასვლები, თუმცა საინტერესოა, რამდენიმე ადგილას სხვადასხვა შინაარსის კადრის ერთმანეთთან მონაცვლეობა. მაგალითისთვის, დასამახსოვრებელია ფილმის დასასრულს გამოყენებული ასეთი ხერხი, სადაც კამერა მაყურებელს ჯერ გვახედებს თეატრში, სადაც სტატიკური, საერთო ხედით ჩანს სპექტაკლის მიმდინარეობა, შემდეგ უეცრად კადრი იცვლება, ვხვდებით ქუჩაში, ჩნდება კედელი, რომელზეც ბექას ჩრდილია გამოსახული. მას ხელში სამუშაო იარაღი უჭირავს და რაღაცას გამალებით ურტყამს. შემდეგ ისევ თეატრში ვბრუნდებით და ასე მეორდება სამჯერ. ამ ხერხით კარგად კეთდება აქცენტი ბექას არაერთგვაროვან ცხოვრებაზე, რომელშიც იგი საყვარელ საქმეს ამოფარებული, ბევრი სხვა საქმიანობით არის დაკავებული.
ფილმში გადმოცემული ამბავი ახალი არაა. ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მსახიობს, თავისი საქმის პარალელურად, მუშად მუშაობა უწევს, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი საზოგადოებისათვის გასაკვირი სულაც არ არის. აქ ადამიანთა უმეტესობა კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს, რათა როგორმე თავი და ოჯახი „გაიტანოს“. ადამიანები იმდენად არიან გადართული სამსახურზე, იქაურ პრობლემებზე, რომ აღარ რჩებათ დრო და ენერგია, დატკბნენ და ისიამოვნონ ცხოვრებით. ეს საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რაც კარგად არის ასახული ამ პატარა დოკუმენტურ ფილმშიც. ჩვენი ხელოვანიც ასეთივე რთულ გზას გადის, როგორსაც დანარჩენები გადიან, თავს არ ზოგავს და შრომობს. უბრალოდ, მასა და სხვა ადამიანებს შორის ერთი ძალიან დიდი განსხვავებაა – ბექა მუხლჩაუხრელად მუშაობს, მაგრამ ის ამ ყველაფერს ისევ იმის გამო აკეთებს, რომ საბოლოოდ თავისი საყვარელი საქმით ტკბობა შეძლოს. იგი ყველა ღონესა და გზას ეძებს, რათა ისიამოვნოს რეალობით, რაოდენ რთულიც და დაუნდობელიც არ უნდა იყოს ის. თავის ინტერვიუში ბექა ასე ამბობს: „ასეთია ცხოვრება. როცა ეს შემოქმედებითი სული ვერ ეტევა და რაღაც გინდა შექმნა, გააკეთო, ადამიანს გიწევს გამოსავლის ძებნა. ასეთ ვითარებას გთავაზობს გარემო. მე ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ვიდგე სცენაზე“. და ყველამ უნდა მიბაძოს მას. კი, ადამიანებს სხვადასხვა პრიორიტეტი გაგვაჩნია. ზოგი განცხრომით ცხოვრებას ამჯობინებს, ზოგს კი ოჯახი ჰყავს და ვერ ახერხებს საკუთარ თავზე ფიქრს. ბექა, როგორც ფილმში ჩანს, მარტოხელა ადამიანია, მას არავინ ჰყავს სარჩენი თავისი თავისა და მისი ოთხფეხა მეგობრის გარდა. შესაბამისად, მისთვის უფრო მარტივია მისცეს თავს „რაღაცების“ უფლება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უდავოა, რომ ეს პიროვნება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ და ბოლომდე მივყვეთ ჩვენს სურვილებს. ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს დაუნდობელ რეალობას და ამავდროულად იმას, რომ ადამიანს, როცა რაღაც მართლა გულით სწადია, იმისათვის ყველაფერს გააკეთებს.

ელენე ცაგარეიშვილი,
სტუდენტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *