ანიმაციის უნიკალური შესაძლებლობა, გადმოსცეს ადამიანის შინაგანი სამყარო სიურრეალისტურად, მდგომარეობს მის სრულ თავისუფლებაში, უგულებელყოს ფიზიკისა და ლოგიკის ყველა კანონი, რასაც მხატვრული კინო ვერასოდეს მიაღწევს. ეს მედიუმი იქცევა პირდაპირ ფანჯარად ქვეცნობიერში, სადაც ემოციები, შიშები და აზრები არა მხოლოდ აღწერილია, არამედ მატერიალიზდება ეკრანზე. სიურრეალისტური ანიმაცია საშუალებას აძლევს ობიექტებსა და გარემოს, მყისიერად და არალოგიკურად შეიცვალოს ფორმა და, შესაბამისად, შინაარსიც, რითაც პირდაპირ არის შესაძლებელი, რომ გამოსახულება პერსონაჟის აზრების ნაკადს გაყვეს. მაგალითად, ღრმა შფოთვის დროს ობიექტებმა მათთვის არადამახასიათებელი ფორმა მიიღონ, რაც ქაოსის, კონტროლის დაკარგვისა და დეზორიენტაციის განცდის ვიზუალიზაციას ახდენს. აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა დანაშაულის გრძნობა ან ტრავმა, შეიძლება გარდაიქმნას კონკრეტულ, მაგრამ სიურრეალისტურ არსებებად, რომლებსაც პერსონაჟი ხედავს ან წარმოიდგენს არალოგიკურ სივრცეში, სადაც აზრები ერთმანეთთან არასწორადაა დაკავშირებული და ლოგიკური ჯაჭვით გადაბმა არა შინაარსით, არამედ ირაციონალური ასოციაციებით ხდება, რაც მეხსიერების ფრაგმენტულობასა და შინაგან შებოჭილობას გადმოსცემს. ფერი და სინათლე ამ პროცესში ხდება ემოციური იარაღი. ფსიქიკური კრიზისის დროს პალიტრა შეიძლება იყოს აგრესიული და არაბუნებრივი ან სრულიად მონოქრომული, რაც ემოციურ სიცარიელეს ასახავს.
ელენე ჟორჟოლიანის სტუდენტური ანიმაციური ფილმი, „ცუდი მოგზაურობა“ (2017) სწორედ ამ გამოწვევას ეხმაურება და ცდილობს, ადამიანის გონებაში მიმდინარე ქაოსი და ტკივილი გადმოიტანოს ეკრანზე ანიმაციის არაშაბლონური ენის გამოყენებით. ფილმი მოვლენების დოკუმენტურ სინამდვილეს არ გადმოსცემს, არამედ მთლიანად ორიენტირებულია ემოციური განცდების ვიზუალიზაციაზე.
„ცუდი მოგზაურობა“ წარმოადგენს ტერმინს, რომელიც გამოიყენება ფსიქოდელიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ განცდილი უკიდურესად ნეგატიური, შემაშინებელი მენტალური გამოცდილების აღსაწერად. ეს არის მწვავე ფსიქოლოგიური კრიზისი, რომლის დროსაც ადამიანი უზარმაზარ შიშს, პანიკას, საკუთარი იდენტობისა და რეალობის რღვევას განიცდის. მისი მთავარი მახასიათებელია პარანოიის მწვავე შეგრძნება, როდესაც ნაცნობი გარემო და ადამიანები მტრულად აღიქმებიან. ამას თან ახლავს დროისა და სივრცის განსხვავებულად აღქმა. დრო შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს ან, პირიქით, ზედმეტად სწრაფად გავიდეს. „ცუდი მოგზაურობის“ გავლენამ შეიძლება ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერი ნეგატიური კვალი დატოვოს, გამოიწვიოს პოსტტრავმატული აშლილობა, შფოთვა და მრავალი სხვა ფსიქიური პრობლემა.
ეს სტუდენტური ფილმი წარმოადგენს ფსიქოდელიური კრიზისის განცდის უაღრესად მძლავრ, სუბიექტურ და სიურრეალისტურ გადმოცემას, სადაც ფიზიკური მოძრაობა და გარემოს აღქმა სრულად ემსახურება გონებრივი რღვევის პროგრესირებადი პროცესის ვიზუალიზაციას. ფილმი ორ რეალობას პარალელურად ანახებს. პირველი არის ობიექტური სინამდვილე, ხოლო მეორე – მთავარი გმირის შინაგანი სამყარო, დამახინჯებულად აღქმული რეალობა. კონკრეტული ობიექტებისა და აბსტრაქციის მონაცვლეობა თითქოს კომენტარს აკეთებს სუბიექტის მიერ დანახულ სინამდვილეზე და ყვება მის უარყოფით დამოკიდებულებაზე ყველაფრის მიმართ.
ფილმი იწყება ავტობუსის სვლით, რაც მიანიშნებს, რომ მოგზაურობა დაიწყო, როგორც სინამდვილეში ზღვისპირა კურორტზე დასვენება, ისე ქვეცნობიერი ლაბირინთების კვლევა. ავტობუსით მოგზაურობა თავისთავად შინაგანი ტრანსფორმაციის დაწყების მეტაფორაა. რეჟისორი ოსტატურად მიუძღვება ცნობიერების დაშლისაკენ. ზღვის სანაპიროზე გარუჯვა აღარ არის მშვიდი დასვენება, არამედ აღქმის გაუკუღმართების საწყისი ეტაპია. ამ დროს ანიმაციის ენა იწყებს ცვლილებას: ნაცნობი გარემო და ადამიანები იძენენ ნეგატიურ ელფერს, სახეები თუ ჟესტები შინაგანი განცდების ამსახველი გამოსახულებებით იცვლება, რაც აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება პარანოია და სოციალური ნდობის კრიზისი, სადაც ყველაფერი, თუნდაც უწყინარი სიტუაცია, საფრთხედ აღიქმება. ხაზები და ფორმები წყვეტენ რეალობის კანონების მორჩილებას და ხდებიან შფოთვისა და შიშის პირდაპირი გამომხატველები. ეს პროგრესირებადი ვიზუალური ნეგატივიზაცია აღწევს თავის კულმინაციას საშიში ობობის მატერიალიზაციაში. ობობის სიმბოლო აქ არის არა მხოლოდ ირაციონალური შიში, არამედ ფსიქიკის შთანთქმის, იდენტობის კოლაფსის ვიზუალური განსახიერება. ობობა, როგორც მახის დამგები არსება, პირდაპირ მეტაფორულ კავშირს ამყარებს ცუდი მოგზაურობის ყველაზე საშინელ ფაზასთან, როდესაც მთავარ გმირს ეჩვენება, რომ მისი პიროვნება იშლება ან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს.
„ცუდი მოგზაურობის“ სტრუქტურა ემყარება უდარდელ, დადებითი დატვირთვის კადრების მიმდევრობაში ნელ–ნელა მზარდი ინტენსივობით განვითარებულ უარყოფითი დატვირთვის გამოსახულების მონაცვლეობას. ეს ტრანსფორმაცია არა მხოლოდ სიუჟეტურად, არამედ, ძირითადად, ვიზუალური ლექსიკის მკვეთრი ცვლილებებით ხდება. სინამდვილის გამოსახვიდან ანიმაცია გადადის კლაკნილი შავი ხაზებით დახატულ მოძრავ არსებებზე, რომლებიც შფოთვისა და ნერვული დაძაბულობის მუხტს ატარებენ. მთელი რიგი ნეგატიური ემოციების მატარებელი ნახატები (ბაქტერიები, ტაბლეტები, შავი ფანჯრები, სიცარიელე თვალებში, ობობები), რომლებიც პირდაპირ ქვეცნობიერი შიშებიდან მოდიან, ანიმაციური ფილმის დინამიკას აძლიერებს. ამას ერთვის, გამოსახულების ინტენსიურობასთან ერთად, მზარდი დაძაბულობის მუსიკა, რომელიც თავის მხრივაც ეხმარება რეჟისორს ჩაფიქრებული ეფექტის შექმნაში.
ფილმის ვიზუალური მხარე ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან სწორედ მისი მხატვრული ენა აქცევს მას შთამბეჭდავ ფსიქოლოგიურ ნამუშევრად. ნახატი მთლიანად შავი კონტურებით არის შესრულებული. ესთეტიკა მუდმივი არასტაბილურობის განსახიერებაა. რეჟისორი არ იყენებს სწორ ხაზებს, არამედ მიზანმიმართულად ინარჩუნებს ესკიზის ვიზუალსა და დინამიკას. ყოველი კადრი მოძრაობს, ვიბრირებს და ემოციურ რიტმში ცოცხლდება. ეს მუდმივად ცვალებადი ნახატი გადმოსცემს იმ განცდას, რომ მთავარი გმირის რეალობა ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს, დაიშალოს, რაც ძალიან კარგად ასახავს შეცვლილი ცნობიერების არამდგრად განცდას.
ამით ელენე ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ ანიმაცია არის უნიკალური მხატვრული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ აღწეროს, არამედ მაყურებელს სრულად აგრძნობინოს და გაუზიაროს გონებრივი და ფსიქოლოგიური სუბიექტური გამოცდილება.
სალომე გოგოლი






