არსებობს ძალიან საინტერესო ლათინური გამოთქმა: ,,სასჯელი კოჭლობით მოდის“, ანუ არა არს დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩება, რაოდენ დიდი დროც არ უნდა გავიდეს, თუნდაც ცამეტი წელი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ბავშვობის დროინდელი ცოდვები აქვს მოსანანიებელი.
„სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ“ – ამ სიტყვებით შედიან სასკოლო ბუფეტში ცამეტი წლის უნახავი თანაკლასელი ბიჭები, ერთ–ერთი მათგანის, ლაშა ციციშვილის, მეტსახელად „ციცის“ (შაკო მირიანაშვილი) ინიციატივით რომ იკრიბებიან. მიზეზი, ერთი შეხედვით, ყოვლად უწყინარი და ლოგიკურია – დიდი ხნის მონატრებულმა მეგობრებმა ნახონ და მოიკითხონ ერთმანეთი, დალიონ, ძველი დრო გაიხსენონ და, უბრალოდ, ლამაზი და ნოსტალგიით სავსე საღამო გაატარონ. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც იკვრება ავბედითი შავი ღრუბელი გუგას (გიორგი შარვაშიძეს) თავზე – ჯერ უწყინარი „წაკბენებით“, შემდეგ კი უშუალო დაპირისპირებით. შეძლებს თუ არა კლასი სკოლის დროინდელი მჩაგვრელის ბოლომდე გასამართლებას, ხოლო მჩაგვრელი – წარსულში ჩადენილი ცოდვების მონანიებას? სწორედ ამაზე ეძებს პასუხს დავით ფირცხალავა ფილმში, „დიდი შესვენება“ (2022), რომლის პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და შემდეგ ის ქართულმა კინოაკადემიამ აირჩია „ოსკარზე“ წარსადგენად.
ჩაგვრის თემა უცხო არაა ქართული კინოსთვის. საინტერესოა ამ ფილმის წინარე ამბავი: ის რამდენიმე წლით ადრე სპექტაკლად დაიბადა, როდესაც შეიქმნა თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის კოლაბორაციით. სიუჟეტი ზუსტად იგივე იყო, ოღონდ განსხვავებული სამსახიობო შემადგენლობით. შემდეგში ავტორმა ეს ამბავი ეკრანზე გადაიტანა, რაც საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება გამოდგა იმდენად, რამდენადაც მაყურებელმა შეძლო ახლოდან, უფრო „ინტიმურად“ დაკვირვებოდა პერსონაჟთა პორტრეტებს, განსაკუთრებით კი „ციცის“ შეშლილ მოუსვენრობას, გუგას დაძაბულობით სავსე, შემდეგ კი ნირწამხდარ და სინანულით სავსე ნაკვთებსა და ფოჩხუას (სანდრო კალანდაძე) წლებით ნაგროვები თავდაპირველი შურისძიების ქარიშხლის დაცხრომის შედეგად დარჩენილ მიტევებას.
დაძაბულობისა და „სასპენსის“ შლეიფი ფილმს უწყვეტად გასდევს – ის იწყება პირველივე კადრიდან, როცა „ციცი“ თვითმკვლელობას ცდილობს და კისრის ჭრილობიდან სისხლი მკერდზე ჩამოსდის (ჯვარი ზურგზე გადააქვს, რომ არ დაესვაროს), კადრს მიღმა კი ისმის მამამისის შეწუხებული ხმა – რით დაგეხმარო, რით გიშველო შვილო, გამაგებინეო, ბოლოს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უძახებს. პრობლემებით სავსე „ციცის“ მიაჩნია, რომ მისი ამჟამინდელი უბედობა სკოლის პერიოდიდან, კონკრეტულად კი ერთი ადამიანიდან მოდის. ეს იყო გუგა, კლასში ბიჭების დაჯგუფების მეთაური და, ხშირ შემთხვევაში, არაერთი კონფლიქტის, გაუგებრობისა და არასასიამოვნო მოვლენის მოთავე. მართალია, „ციცი“ მაშინ მის თანამოაზრეს წარმოადგენდა, მაგრამ აწმყოში მის მთავარ დაუძინებელ მტრადაა ქცეული და შეპყრობილია იდეით, რომ შეხვდეს მას, წარსულის ცოდვებზე პასუხი მოსთხოვოს და, უკეთეს შემთხვევაში, დასაჯოს კიდეც. სწორედ ამ მიზნით, იგი მათი ჯგუფის წევრებს ეძახის შეკრებაზე – ისიც მხოლოდ ბიჭებს, რადგან ეს თემა „ბიჭების გასარჩევია“ კაცურად და კონფლიქტი უნდა მოგვარდეს კონფლიქტისავე ზონაში, ანუ სკოლაში. დიდი შესვენებაც, როგორც სკოლის პერიოდში ასეთი საქმეების მოსაგვარებლად გამოყოფილი იდეალური დრო, სიმბოლურადაა შერჩეული სათაურისთვის.
ტრადიციულ სადღეგრძელოებს დაჰკრავს „ციცის“ მოუსვენრობა, მიწისქვეშ მიმავალი ჩუმი ეროზია და მზადება დიდი აფეთქებისთვის. საერთო განწყობას დაკრავს უხერხული პაუზები და დაგროვილი კითხვებისა და წარსულის აჩრდილი, რაც კარგა ხნით გაუბედავად წრეზე ტრიალს ჰგავს. ერთმანეთის მოკითხვას ნელ–ნელა ერევა ნახევრად ხუმრობით გახსენებული „წამოძახებები“ და ნელ–ნელა იხსნება კომპრომატები წარსულიდან – ფილმის პირველი ნახევრისთვის, ერთი შეხედვით, დარბაისელ გუგაზე (რომელიც ყველაზე შეძლებულია თანაკლასელებს შორის) წარმოდგენა გვეცვლება, ვინაიდან მასზე იმდენ არასასიამოვნო ფაქტს ვიგებთ. ყოფილი ლიდერი საკმაოდ სასტიკი, გულქვა და დაუნდობელი ყოფილა. თუმცაღა მეორე მომენტში ყოფილი მჩაგვრელის საქველმოქმედო პროფილსაც ვეცნობით, როცა გუგას შეყვარებული/მეუღლე (მის ოფიციალურ სტატუსს ვერც ვიგებთ) მოაკითხავს და ცდილობს წაიყვანოს სახლში, რათა სმით გამოწვეულ უსიამოვნებასა და პოტენციურ შეტევას აარიდოს. სწორედ მაშინ, ქალთან თავის მოსაწონებლად წამოჭიმული ბიჭები გუგას გმირად, კეთილშობილ და სათნო ადამიანად ახასიათებენ: სასტიკ ბელადს, რომელსაც უარს ვერ უბედავდნენ, კეთილი თვისებებიც ჰქონია – ძნელბედობისა და ობლობის ჟამს დახმარებაც სცოდნია.
რეჟისორი ცდილობს, მაქსიმალურად გაშალოს ფსიქოპორტრეტების მრავალფეროვნება და განსაკუთრებით გამოჰყოს ყოფილი დამნაშავისა და ახლანდელი მსაჯულის დაპირისპირება – იქნება ეს დრამატურგიული თუ ვიზუალური ხერხებით. ამის ფონზე იკვეთებიან „ქვეშევდრომები“, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის განეიტრალებას – „ჩიტო“ (დავით ჩიტაია) საერთოდ პირველი ამჩნევს და აძახებს „ციცის“ გუგასადმი აგრესიას. მთავარი დუეტი – გმირი და ანტიგმირი (უფრო სწორად – ორივე ანტიგმირი), გუგა და „ციცი“ ერთმანეთის საინტერესო ანტიპოდები არიან. „ციცის“ დაგეშილი თვალები არ ტოვებენ გუგას. დუეტს სამკუთხედად ამთლიანებს ფოჩხუა, ის, ვინც აფეთქებას და საბოლოო განჩინებას მოუტანს ამ საბედისწერო ღამეს. ინვალიდის ეტლში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის მოსვლითა და ჯაჭვური რეაქციით ერთმანეთს მიეწყობა გუგას და „ციცის“ ფიზიკური დაპირისპირება, გუგას გულის წასვლა შეტევის შედეგად და ფოჩხუას მიერ მეგობრების გასამართლება. ირკვევა, რომ ადრე მოცეკვავე მამაკაცი გუგასა და შეკრებაზე მყოფი საძმაკაცოსგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, რომელმაც ტრაგიკული დაღი დაასვა მის ოცნებებს და შემდეგ ერაყში თავის სარჩენად წასულს ტყვიამ წაართვა ფეხები. შემაძრწუნებელია ფრაზა, რომელსაც ერთ–ერთი მეგობარი ამბობს: „ხომ იცი, მე არ ვიყავ მაგ დღეს სკოლაში… მაგრამ რომ ვყოფილიყავი, მეც გაგამწარებდიო…“.
შეკრება უმსხვერპლოდ მთავრდება – არავის სცემენ, არავის კლავენ. ჩუმი, უსიტყვო და მაინც უხერხულობით სავსე მიტევებით ამთავრებს რეჟისორი ფილმს – ყველა უბრუნდება თავის ცხოვრებას გამთენიისას, მაგრამ აშკარაა, რომ შემდეგი გადაკვეთა აღარასდროს მოხდება…
დავით ფირცხალავას დახვეწილი თვალი აქვს კომპოზიციის მიმართ, ამაში მას მხატვრები – ბერდია არაბული და გურამ ნავროზაშვილი ეხმარებიან. გასამართლების ღამე ბუნებრივად ჩაბნელებულ გარემოში ხდება. შუქი მხოლოდ გარეთა ლამპიონებიდან შემომავალი ხელოვნური განათებაა, რაც მოგვაგონებს კარავაჯოსა და, ზოგადად, ბაროკოს პერიოდის მხატვრობას და მათთვის დამახასიათებელი სინათლის ტექნიკას.
რეჟისორი ახერხებს, რომ არ გაგვაჩეროს კომფორტულად ადგილებში, ხოლო ნიკა ფანიაშვილის მიერ შექმნილი ამბიენტური, ავისმომასწავებელი მინიმალისტური კინომუსიკა კარგად ამძაფრებს სიუჟეტს. დავით ფირცხალავა არ ივიწყებს სათეატრო სცენის თვისებებსაც და ხანდახან მინიმალური დეკორაციების ამალად დარჩენილ, სრული სამხატვრო კომპოზიციური ბალანსის წესების დაცვით, ესთეტიკურსა და ფერწერულ კადრებსაც გვთავაზობს: საინტერესოა, ეპილეფსიური შეტევის მქონე, მერხებზე გადაწოლილი გუგასა და ინვალიდის ეტლში მყოფი ფოჩხუას დუეტი; შვიდეულის განლაგება გაშლილ სუფრაზე, რომელიც ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციას მოგვაგონებს, ოღონდ „აქედან ერთ–ერთი თქვენგანი გამცემს“ ნაცვლად არის უთქმელი „ერთ–ერთმა თქვენგანმა უკვე გაგვცა და ამისთვის უნდა დაისაჯოს“. სიმბოლურია ბუფეტში არსებული, საბჭოური მხატვრობის სტილისთვის დამახასიათებელი, სუფრასთან მსხდომი ექვსი ბავშვის ნახატი, რომელსაც თან ერთვის, ერთი შეხედვით, დაშლილ და საბჭოთა ესთეტიკის ანაქრონიზმებში მელანქოლიური სილამაზის პოვნა და ქართული სასკოლო სივრცისთვის ერთობ ნაცნობი დეტალების შეხსენება მაქსიმალური რეალობისათვის – დარაჯის ოთახი საწოლითა და განათებებით, სარემონტო მდგომარეობაში მყოფი ინტერიერი, ხატების კუთხე დიდ მწერალთა და მოღვაწეთა გამონათქვამებით, ასევე მათი პორტრეტებით სავსე კედლები. საინტერესოა 13 წელი, „უიღბლო რიცხვის“, ცამეტის სიმბოლიკით. ცოტ–ცოტა დოზით რეჟისორი ყველაფერს ეხება პერსონაჟების სახით – რელიგიის მნიშვნელობას ქართველთა ცხოვრებაში, მიმდინარე და მუდამ აქტუალურ სოციალურ, გენდერულ პრობლემებს. მთავარი მაინც ურთიერთობებია და მათი რეპრეზენტაცია თითოეულ პერსონაჟსა და კავშირში.
ფილმი უდავოდ კარგია, მაგრამ შეეძლო უკეთესიც ყოფილიყო. მისი „აქილევსის ქუსლი“ მოსალოდნელ აფეთქებაშია, რომლისკენაც მთელი შეხვედრა ლოგიკურად მიისწრაფვის. შეკრული კვანძის გახსნაც ლოგიკურია, თუმცა, გარკვეულწილად, არადამაკმაყოფილებელი. იგივე შეიძლება ითქვას მის საპირისპირო შედეგზეც – გუგას უფრო სასტიკი დასჯაც ისეთივე ლოგიკური იქნებოდა, როგორც გაუმართლებელი. ფირცხალავა, რომელმაც ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ფილმი საკმაოდ პირადული იყო, რადგან თვითონაც ყოფილა, მისივე სიტყვებით, „დამზარალებლის“ პოზიციაში: „ყველამ ვიცით, რომ ჩაგვრა ცუდია. მე გადავიღე ფილმი იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს მომავალში მჩაგვრელმა და ჩაგრულმა.“ თუ შეიძლება ვინმესთან გავაიგივოთ თავად რეჟისორი, ჩემთვის ეს დარაჯის პერსონაჟია, ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ბიჭებთან სმის დროს აღიარებს, რომ თავადაც მჩაგვრელი იყო ბავშვობაში და მარტო დარჩენილი ჩურჩულით იმართლებს თავს – ჩემი რა ბრალია, დასაჩაგრი იმისთვისაა, რომ დაიჩაგროსო (სხვათა შორის, ამ პერსონაჟის იდეა დავით ფირცხალავას ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, ალეკო ცაბაძემ მიაწოდა).
ქართული კინოს ერთ–ერთი ფრიად უცნაური თავისებურება ისაა, რომ რამდენადაც რადიკალურია იგი, იმდენად ხშირად ცდილობს „ოქროს შუალედი“ იპოვოს. გარდა იმისა, რომ დავით ფირცხალავას გმირები არ ჰგვანან, მაგალითად, კვენტინ ტარანტინოს პერსონაჟებს, რომლებიც ყველაფერს გაიღებენ შურისძიებისთვის, თუნდაც ამისათვის წლები გავიდეს, ფირცხალავასთვის შურისძიება არაა საბოლოო გამოსავალი. ეგოს დაკმაყოფილებისა და პრობლემის აღმოფხვრის მთავარი ამოსავალი წერტილი, ასე ვთქვათ, არ ამეტებინებს „ციცის“ საბოლოოდ გაანადგუროს გუგა. პირიქით, როცა გუგას შეტევა ემართება, პირველად „ციცი“ მირბის მის საშველად (შეიძლება ფიქრობს კიდეც, არ შემომაკვდეს მანამ, სანამ არ ვაზღვევინებ ცოდვებისთვისო), მაგრამ მაინც – მიტევება, როგორც უდიდესი ქრისტიანული კეთილშობილება, ძლევს ცდუნებას. რელიგიური მოტივი აქაც იჩენს თავს და ეს ლოგიკურია, რადგან ქართულ კინოს გააჩნია დიდი გავლენა და მოწიწება ქრისტიანული მოტივებისადმი, მაინც უყვარს შეგონება და მორალურად სწორი დასასრულის გამოჩენა. ეს ფილმი მაინც პირადი აღსარება–მონანიებასავით არის, რაც იმედს ტოვებს, რომ საინტერესო პერსპექტივისა და ხედვის მქონე ნიჭიერი რეჟისორი მომავალში შეძლებს სხვა, ბევრად საინტერესო ნამუშევრების შეთავაზებას ქართველი მაყურებლისთვის.
ეთერ ფარჩუკიძე