პატარძლები სიცარიელეში

მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი.

ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე მისული აზროვნების მხატვრული სახე მოძებნოს, რაც ქართული კინოს უახლესი პერიოდისთვისაც იმდენადვეა დამახასიათებელი, რამდენადაც მისი არსებობის სხვა ეტაპებზე – კრიზისის, გარდატეხისა თუ სხვა პერიოდებში. ის, რომ სოციალური ქარტეხილების მძიმე რეალიები ქართველი რეჟისორებისათვის დიდხანს ყალიბდებოდა და ახლაც ყალიბდება ინტერესის საგნად, ფაქტია. ისევე, როგორც თანამედროვეობის უახლესი პრობლემატიკა მაინც, ძირითადად, ტრანსფორმირებული უახლესი წარსულის რეალობაა.

თინათინ ყაჯრიშვილის ,,პატარძლები“ 2014 წელს გადაღებული მხატვრული ფილმია და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (პანორამის მაყურებლის პრიზი). ამ ჯილდოს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ თანამედროვეობის რეალობის ასოციაციები ქმნის დიდ ინტერესს ფილმის თემატიკის მიმართ.

პატიმრების ცოლების ყოფა ერთი რეალიაა, რომლის განზოგადებაც შესაძლებელია. ,,პატარძლების“ მთავარი გმირის, ნუცას (მარი კიტია) ყოფითი დრამატული რეალობა განყენებული მოვლენაა – ჩვეულებრივიც და გამორჩეულიც, თავისი უიღბლობით, მოულოდნელობითა და განცდებით. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, სიგარეტის კვამლივით მარადიული, დაშლილი და ნაცნობი ნივთების ყოფითაა დაღდასმული.

თავისთავად, საცნობი და სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ორმაგია ამ ყოფის ისტორიული წარმომავლობა: 1980-იანი წლებიდან 21-ე საუკუნის უახლეს პერიოდამდე. პატიმრისადმი დამოკიდებულება და პატიმრის ოჯახის წევრად ან, უბრალოდ, პატიმრის გარემოცვაში არსებობა არ არის სოციალურად განყენებული მოვლენა და ეს ფაქტი, ჯერეჯრობით, კვლავ გაუაზრებელია საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი რამ, რაც ამ მოვლენას უკავშირდება, ბუნებრივად უნდა იწვევდეს მაყურებლის ინტერესს.

უცნაური შეგრძნებაა – ფილმის პირველი ეპიზოდიდან, სადაც ბექობზე შეყუჟული ქალები საპატიმროს ცხაურთან მიკრულ „თავისიანებს“ ელოდებიან და სასოწარკვეთილი მოლოდინით სავსე თვალებით მისჩერებიან ყრუ კედლებს, თინა ყაჯრიშვილის მიერ მხატვრულად გააზრებული ყველა მიკროგარემო ცარიელი სივრცის განცდას ტოვებს. სავარაუდოდ, გოგას (გიორგი მასხარაშვილი) დეპრესიულ-დრამატული მდგომარეობაც, მისი მშობლების მოუვლელი გარეგნობაც ამ ცარიელ სივრცეში მოძრაობს – საყრდენის გარეშე. ყველა პერსონაჟი, რომელსაც დიდი თუ პატარა დროის მონაკვეთი ეთმობა, ამ დაცარიელებულ სივრცეში მოძრავი ფიგურების შთაბეჭდილებას ტოვებს. რთული შესაგრძნობია ეს სამყარო გვერდიდან, თავისი მოშლილი კეთილდღეობითა და ცუდად შეღებილი კედლებით, მაგრამ საინტერესოა. თუმცა არსებობს, ზოგადად, ამ თემის ინტერპრეტაციის ერთი თავისებურება და თავისთავადი საფრთხეც, რომელსაც წლიდან წლამდე, მოუწყობელი ყოფის ჩვენების მცდელობები შეიცავს – ამგვარად ნაჩვენები დრო, ამდენად „დაცარიელებული“ გარემო განწყობის მატარებელია, მაგრამ რეალიზმის ნაკლები განცდის მომტანი. და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად სკრუპულოზურად ან რამდენად მკვეთრი რეალობის შეგრძნებითაა ის დამუშავებული (მხატვარი – გიგა იაკობაშვილი). პირიქით, ნებისმიერი დეტალი, რომელიც, მაგალითად, საპატიმროს ამსახველ კადრებს მოიცავს, თითქოს უტრირების ნიშნებს ატარებს. ამის მიზეზად, შესაძლებელია, საპატიმროში გაფორმებული ქორწინების იურიდიული ფორმალობის შემდეგ, საოცარი, მოუწყობელი და ბათქაშჩამოყრილი კედლების გასწვრივ, კიბეზე ჩამომავალი სხვადასხვა ასაკის პატარძლების, ქალების ეპიზოდი დასახელდეს – იქნებ ზედმეტად დიდია ის დრო, რომლის საშუალებითაც ამ სივრცის დეტალებს ვაკვირდებით. ან ნუცას და გოგას პაემანზე, ძალზე დრამატული, გრაფიკული რაკურსით აგებული საპატიმროს გისოსებში გამოყოფილი ხელები, რომელთა წამიერი დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა ამ რეალისტური განწყობის შესანარჩუნებლად და არა მათზე პედალირება.

რამდენადაც ნუცას განცდების თანმიმდევრობაა ბუნებრივად მძაფრი და დროდადრო აპათიურად შეგრძნებადიც კი, იმდენად ოდნავი პათოსი გამოსჭვივის მათი პაემნების ასევე თანმიმდევრულ რიგში. სიჩუმეც კი, რომელიც დრამატულ შიგთავსს გულისხმობს, ცოტა არ იყოს, ზედმეტი აქცენტებით გამოიყურება ხანგრძლივ ახლო ხედებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემატურად დრამატურგიულად ნაკლებად საინტერესოა ის, რასაც ვხედავთ – ისევ და ისევ ცარიელი, სიცივეში გახვეული სივრცე, მასში ლანდებივით მოფარფატე ადამიანებით. იქნებ ეს ყველაფერი წარსულის აჩრდილებიდან აწმყოში გადმოსული, მუდმივად სტაბილურობის ძიებაში დაღლილი საზოგადოების დიდი ნაწილის მეტაფორაა ან სრულიად უცხოა მათთვის ის ნეტარი სიმშვიდე, რომელიც ურყევ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს ეუფლებათ. ასეა თუ ისე, თინათინ ყაჯრიშვილი დროდადრო გვახსენებს წარმავალი დროის მთელ სისასტიკეს სწორედ ამ მოუწყობლობით, დისკომფორტით, რომელიც უშნოდ მოხვეულ სამოსშიც კი შესაგრძნობია.

ქართული კინოს რეალობის დიდი ნაწილი, გვსურს თუ ნაკლებად გვსურს, მყარ, მტკიცე ურთიერთობაშია ყველა იმ მოვლენასთან, რომელიც გავიარეთ, რაც მოხდა, რაც არ მომხდარა, მაგრამ ჩვენი ცნობიერების ნაწილში ცოცხლობს… ყველაფერი, რაც ჩვენს გვერდით არსებობს, ჩვენივე ნაწილია. ადრეულ 1980-იანებში სწორედ ასეთი ნაცნობი სოციალური სინამდვილე იწყებდა არსებობას ეკრანზე და ვითარდებოდა დამოუკიდებლად იმისაგან, ყველა „ამჩნევდა“ თუ არა მის არსებობას.

„პატარძლები“ არ არის განსაკუთრებით და ხაზგასმით დუხჭირი ცხოვრების მხატვრული კონსტატაცია – ეს ნამდვილად კარგია, ვინაიდან სოციალური კიბის ის სინამდვილე, რომელიც საპატიმროდან მოდის და ადამიანთა გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, ვერ იქნება ვერც კეთილმოწყობილი, ვერც კომფორტული და ვერც მხოლოდ ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი. ამიტომაც მისი ინტერპრეტირება მნიშვნელოვანი და მტკივნეული სინამდვილისათვის დამახასიათებელი პროცესია, რომელიც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული თემების, კონკრეტული სათქმელის მხატვრულ სახეცვლილებასაც მივადევნოთ თვალი ათწლეულების შემდეგ.

 

ქეთევან ტრაპაიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *