ოჯახში არსებული გაუცხოება ქართული კინოსათვის ნაცნობი თემაა. გურამ ბაქრაძის სტუდენტური ფილმი, “მამაც” (2014) ამ თემას ეხება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ეს პრობლემა ლაკონურად, თანმიმდევრობითა და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენის გარეშე მოგვიყვა. ნამუშევარი დაცლილია უსარგებლო დეტალებისაგან და ყურადღება მხოლოდ იმ მომენტებზეა გამახვილებული, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა რეჟისორს.
ფილმში სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ქართული საზოგადოების ტიპურ სახეებს რომ წარმოადგენენ: მამა, გურამი (დავით ბახტაძე), პასუხისმგებლობებით დახუნძლული. მასა და შვილს შორის დიდი დისტანციაა. თითქოს ერთადერთი, რაც მათ აახლოებს, სისხლია; შვილი, სანდრო (დანიელ ადიკაშვილი), რომელიც ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობებს. მან იცის, რომ მისი ყოველი შეცდომა ვინმეს (ამ შემთხვევაში, მშობლების) მიერ გამოსწორდება;დედა (თამარ მამულაშვილი), ფიგურა, რომელიც უმოქმედოა. შესაძლოა, სურს კიდეც იყოს მოქმედი, მაგრამ არ შეუძლია. იგი არაა მოვლენებში მკვეთრად ჩართული.
„მამა” არის ფილმი, რომელსაც აქვს გასაგები, სწორად შერჩეული ამბის საწყისი და ლოგიკური დროის დასასრული პატარა ადამიანების ცხოვრების მონაკვეთზე. ფილმი წყდება მაშინ, როცა რეალურად სრულდება ამბავი და რა ხდება ამის შემდეგ, ეს სხვა თავგადასავალია. კინოსურათის დასაწყისში ვხედავთ, როგორ გამოჰყავს მამას შვილი ციხიდან. მშობლები ვაჟს საზღვარგარეთ უშვებენ საფრთხისგან თავდასაცავად, თუმცა სანდროს შურისძიება სურს.
კინოსურათის ცენტრალური ფიგურა მამაა და ყველაზე მკვეთრად სწორედ მისი პორტრეტი იხატება. ყოველ მოქმედებას მოჰყვება გურამის მხრიდან შეფასებები, რომლებსაც რეჟისორი ასახავს, როგორც ვერბალურ მხარეში, ისე საქციელში. ამ პერსონაჟის ყოველი ნაბიჯი იმართება იმ აბსტრაქტული და აუტანელი მოვლენისგან, რომელსაც შიში ჰქვია. თითქოს ეს შიში მეოთხე პერსონაჟად გვევლინება. ის თან სდევს მთავარ გმირს, რომელსაც შეუძლია მისგან თავის დაღწევა. თითქმის ყველა ეპიზოდში ჩანს, როგორ ეუფლება სივრცეს საფრთხის მოლოდინი – მანქანაში მჯდომს აქვს შემაწუხებელი ფიქრები, რომ კუდში მიჰყვებიან, უთვალთვალებენ. სრულიად იპყრობს დაძაბულობა ეკრანს, როდესაც მაგიდასთან მსხდარ ცოლ-ქმარს ზარი ესმის, რამდენიმეწამიანი დუმილი და გაქვავება გვაგრძნობინებს იმ შფოთვას, რომელსაც მათი გონება და სხეული მოუცავს. განსაკუთრებით დაძაბული ის სცენაა, რომელშიც საძინებელში პოლიციის მანქანის ნათება და ხმა შემოდის. თუ ზემოთ ხსენებულ ორ ეპიზოდში მაყურებელი უფრო მეტად მოლოდინისა და ინტერესის რეჟიმშია, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლოა, მაყურებელიც დაიძაბოს, შესაძლოა, მასაც შეეშინდეს.
მეორე მხრივ, გასარკვევია, რა იწვევს ასეთ განსაკუთრებულ შიშს? გადაწყვეტილება, რომელსაც მამა იღებს – შვილი გამოჰყავს ციხიდან, უშვებს საზღვარგარეთ, არიგებს, როგორ მოიქცეს – ავტომატურ მოქმედებებს ჰგავს, ანუ მან გადაარჩინა შვილი არა იმიტომ, რომ ასე სურდა, არამედ იმიტომ, რომ მამაა და ვალდებულია ასე მოიქცეს – „იცი რა? მართლა მეჩვენება, რომ არ გინდოდა გამოგეყვანა” – ამ სიტყვებით მიმართავს გურამს მეუღლე.
თუმცა რა მიზეზით არ უნდა სდომოდა მამას შვილის ციხიდან გამოყვანა? ფაქტი ერთია, გურამმა ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. მან ქარხანა გაყიდა, ყველაფერი დაგეგმა და გათვალა. და ისიც ფაქტია, რომ არ უნდა, შვილი ეტანჯებოდეს, მაგრამ მაინც მის გადადგმულ ნაბიჯებში შეინიშნება ბარბაცი, რასაც იწვევს უნდობლობა. მამას შვილის მიმართ ნდობა არ აქვს, მას არ სჯერა სანდროსი. ამ ეპიზოდში ვუბრუნდებით იმ ოჯახურ გაუცხოებას, რომელიც დასაწყისშივე ითქვა – მამა არ იცნობდა შვილს, შვილმა ჩაიდინა დანაშაული, ამიერიდან მამა ეჭვით უყურებს მას. ერთადერთი, რაშიც ეს პერსონაჟი ბოლომდეა დარწმუნებული, არის შიში, შიში იმისა, რაც შეიძლება მოხდეს და ფილმის ბოლოს, მართლაც ვუყურებთ ამ გრძნობის გამართლებას.
გურამს, შიშის მიუხედავად, დიდი ძალა და ამტანობა აქვს. იგი განიცდის სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად ინარჩუნებს თვითკონტროლს. მის გონებაში გარკვეული აფეთქებებია, მაგრამ დუმს. და, რაც მეტად დუმს, მით უფრო იკითხება წნეხი, რომელსაც განიცდის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ეფექტი დათო ბახტაძის შესრულებითაა მიღწეული. განსაკუთრებული გამოწვევა ფილმის ფინალში იწყება. როდესაც გურამი შედის სადარბაზოში და იგებს შვილისა და მისი მეგობრის საუბარს, წამით ყოვნდება და ნელა მიაბიჯებს. მის თავში უამრავი აზრი იხარშება, მას აქვს წინათგრძნობა იმისა, რასაც ცოტა ხანში მოიმოქმედებს და ეს მის მოძრაობას ავტომატურს ხდის (მიდის კარებისკენ და „გამარჯობას“ ყურად არ იღებს ან შესაძლოა არც კი ესმის). უკანასკნელი მკვეთრად გამოხატული ემოცია, რომელსაც ვხედავთ, არის მამის დაძაბული სახე: თვალებდახრილი, ტუჩებმოკუმული, ბალიშს ძლიერად ჩაბღაუჭებული. ამის შემდეგ ის თითქოს ქრება. მიჰყვება იმ შიშს, რომელმაც გაიარა და ამ სიცარიელეში ხმამაღალ აკორდად ისმის იარაღის გასროლის ხმა.
მამას ამის ეშინოდა, ამ უკანასკნელი ხმისა. იგი გრძნობდა ან რომელიმე ფიქრში მაინც „იწინასწარნეტყველა“ ეს დასასრული. მას არ სურდა, ასე დამთავრებულიყო ამბავი, მაგრამ წინააღმდეგობაც არ ჩანს ფილმში. თითქოს, რაც მოხდა, გარდაუვალი იყო – საშინელი, მაგრამ გარდაუვალი.
გვანცა ნოზაძე