სიღარიბე ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე საზოგადოების მთლიანობისა და განვითარების პერსპექტივებზე. იგი განისაზღვრება მატერიალური, საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობების დეფიციტით, რაც ადამიანის სოციალურ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებას ზღუდავს. ხშირად უკმარისობა, სიღარიბე და სხვადასხვა საჭიროება ანადგურებენ მორალურ საზღვრებს. ამ მიზეზით სიღარიბე კინოშიც მნიშვნელოვან და საინტერესო თემად იქცა, ვინაიდან ვიზუალური თხრობა დამაჯერებლად ასახავს სიღარიბის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ წინაღმდეგობებსა და ინდივიდუალურ განცდებს.
სოსო ბლიაძის სტუდენტური ფილმი, „ყველაზე ძვირფასი“ (2012) გვიყვება სწორედ სოციალურ პრობლემას შეწირულ მოზარდზე, რომელიც მიტოვებულ ავტობუსში, კუსთან ერთად ცხოვრობს და შეუმჩნეველია საზოგადოებისათვის. მასა ვერ აღიქვამს მას, როგორც ცალკეულ, დამოუკიდებელ ინდივიდს, ვერ აღიქვამს იმას, რომ ბიჭს, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ქუჩაში დგას, ბოთლებს აგროვებს, ფულს ითხოვს, შეიძლება ჰქონდეს ოცნებები, მისწრაფებები, მიზნები და, შესაძლოა, ამ მიზნებთან მისასვლელი გზა არც თუ ისე ღირსეული იყოს.
რეჟისორი ფილმის დასაწყისშივე გვისაზღვრავს ბარიერს ფენათა შორის – მაშინ, როცა ზაფხულის ცხელ დღეებში სხვა ბავშვები თანატოლებთან ერთად ერთობიან და უდარდელი ცხოვრება აქვთ, ფილმის მთავარი პერსონაჟი დახეულ ტანსაცმელში გამოწყობილი დგას ტექნიკის ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინასთან და თვალს ვერ აშორებს კომპიუტერს, რომლის ეკრანზეც ოკეანის პეიზაჟია გადაშლილი. აქედან ნათელი და მკაფიო ხდება ამ პერსონაჟის ვინაობა და ოცნებები. დღეები ამ ვიტრინის წინ ერთფეროვნად ვითარდება, გარდა იმ ერთი დღისა, როდესაც ამ ბიჭს მაღაზიაში კომპიუტერი გაყიდული დახვდება. ამ დროს ჩნდება ახალი პერსონაჟი, რომელმაც კომპიუტერი იყიდა. ამ დღიდან იცვლება მთავარი გმირის ლოკაცია და ის ამჯერად იმ სახლს უთვალთვალებს, სადაც მისი სანუკვარი ოცნება ინახება.
შემდგომი ეპიზოდი ძალიან დიდხანს მიმდინარეობს: ბიჭი უშედეგოდ ცდილობს ხელში ჩაიგდოს, ის, რაზეც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის. პერსონაჟის ვნებებთან გამკლავება, მისი შინაგანი ბრძოლები და განცდები ძალიან გაწელილია, არადა, სიუჟეტი თავიდანვე გაშიფრული და მარტივია – ის ყოყმანობს, ხელი ეშლება, აკვირდება და, საბოლოოდ, მაინც მოიპარავს კომპიუტერს. რეჟისორმა ეს მთავარი პერსონაჟი დაუცველად და უსუსურად დაგვიხატა – ადამიანად, რომელსაც არ შეუძლია დანაშაული ჩადენა და დარჩენილი ცხოვრების მშვიდად გატარება. ეს ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: პირველი – რამდენად აქტუალურია და როგორ ხდება ინდივიდი სოციალური მდგომარეობის მსხვერპლი, როგორ უბიძგებს მას სიღარიბე დანაშაულისკენ და მეორე – ამ უსუსურობამ უნდა აღძრას მაყურებელში ემპათიის განცდა, შეეცოდოს და შეიყვაროს პერსონაჟი.
აქ ერთი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი – ბიჭისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება და თვითგადარჩენაა, რისთვისაც კომპიუტერი კი არა, სახლ–კარი, ზრუნვა და თბილი საკვები სჭირდება. თუ ამ კუთხით გავაანალიზებთ სიუჟეტს, მისი საქციელი აიხსნება ემოციებზე დამყარებული სწრაფი გადაწყვეტილებით. ერთი სიტყვით, ფილმი, მართლაცდა, აღძრავდა მაყურებელში შეცოდების, ემპათიისა და თანაგრძნობის განცდას, მისი სიუჟეტი ასეთი გაწელილი და გაჭიანურებული რომ არ ყოფილიყო.
მთავარ როლებში არიან მირიან სულაკაური, ნინუცა მაყაშვილი და ლაშა სამადაშვილი. მათი ერთადერთი მისიაა, მაყურებელს 30 წუთის განმავლობაში თავი შეაყვარონ და შეაცოდონ. განსაკუთრებით მირიან სულაკაურმა, მაგრამ ისინი არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭითა და ოსტატობით.
ფილმი ტექნიკურად დახვეწილი და გამართულია. საკუთრივ აღნიშვნას იმსახურებს ცალკეული კადრი, განსაკუთრებით მაყაშვილი–სამადაშვილის წყვილის ამსახველი ეპიზოდები. თითქმის მთელი სიუჟეტის განმავლობაში მათ მხოლოდ საერთო ხედით ვხედავთ და ყველაფერი ბიჭის თვალთახედვიდან არის გადმოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ამ წყვილს აღიქვამს არა როგორც სოციალურ ერთეულს, არამედ სიმდიდრის, მყუდროებისა და სტაბილურობის სიმბოლოს, რაც მთავარ პერსონაჟს ყველაზე მეტად აკლია. ეს ხერხი ძალიან ორიგინალური და საინტერესოა.
როგორც წესი, სტუდენტური ფილმები არ გამოირჩევა დიდად დახვეწილი რეჟისურით, სიუჟეტით ან სამსახიობო ოსტატობით. ისინი უფრო მეტად შესრულებულ დავალებას წარმოადგენენ, ვიდრე სრულყოფილ ფილმს. სოსო ბლიაძის „ყველაზე ძვირფასი“, მეტნაკლებად, ამგვარი სტუდენტური ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება.
თინათინ ასათიანი






