„რჯულ-სამართალი ყველას თავისა აქვ“

კინემატოგრაფი ძალიან ფართო და მრავალფეროვანი სფეროა. თითქმის ყველა თემაზე არსებობს ფილმი: სიყვარულზე, ომზე, მარტოობაზე, ადამიანის შინაგან კრიზისზე, მაგრამ სიკვდილი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და იშვიათად განხილვად თემად, ისეთივე რთულად, როგორც სინამდვილეში არის. ალბათ, იმიტომ, რომ სიკვდილი ადამიანისთვის ყოველთვის რაღაც შეუცნობელთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, როცა ფილმი ამ თემას ეხება, ის ან ზედმეტად დრამატულია ან ზედმეტად არარეალური. გიორგი არაბულის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ალდი“ (2024) ამ მხრივ განსხვავებული შემთხვევაა. ეს არის ნამუშევარი, რომელიც სიკვდილს უყურებს არა როგორც თავზარდამცემ მოვლენას, არამედ როგორც ბუნებრივ პროცესს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ წესრიგსა და რიტუალს უკავშირდება.

ფილმის მთავარი პერსონაჟი, ალდი, არის სოფლის უკანასკნელი მკვიდრი, მაგრამ მიუხედავად ამ მარტოობისა, მას მაინც უწევს ცხოვრების გაგრძელება და თან საკუთარი სიკვდილისთვის მომზადება. ალდი აკეთებს ყველაფერს, რაც ტრადიციით არის განსაზღვრული – ლოცულობს, მიწას ამუშავებს, საფლავსაც კი თავად თხრის. ეს ყველაფერი თავიდან შეიძლება უცნაურად და მძიმე სანახავი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ აქ მთავარი იდეა არის არა სიკვდილის შიში, არამედ მისი, როგორც ცხოვრების ნაწილის მიღება. თითქოს რეჟისორი ცდილობს აჩვენოს, რომ ადამიანი სიკვდილისთვის მთელი ცხოვრება ემზადება.

ფილმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე არის მისი კავშირი პოემასთან. გიორგი არაბული არის როგორც ტექსტის ავტორი, ისე ფილმის რეჟისორი, რაც ძალიან იშვიათია. ხშირად კინოში ხდება ისე, რომ რეჟისორი სხვის ნაწარმოებს იღებს და თავისებურად გადაამუშავებს, მაგრამ აქ ყველაფერი ერთ ხელშია. ეს აძლევს ფილმს ერთგვარ მთლიანობას. პოემაც და ფილმიც თითქოს ერთსა და იმავე აზრს გადმოსცემენ, უბრალოდ, სხვადასხვა ენაზე. ერთი სიტყვით, მეორე გამოსახულებით. „ალდი“ აერთიანებს პოეზიასა და კინოს, ტრადიციასა და თანამედროვე ხედვას, სიჩუმესა და ვიზუალურ ენას.

ფილმში დიალოგები არ არის. აქ სიჩუმე ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ხმები, ქარის შრიალი, მიწის ხმა, ადამიანის ნაბიჯები ერთად ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, სადაც სიტყვა აღარ არის საჭირო. ეს სიჩუმე მაყურებელს აიძულებს, უფრო ყურადღებით უყუროს კადრებს და თავად გაერკვეს სიტუაციებში.

ალდის ყოველდღიური მოქმედებები თითქოს უბრალო საქმიანობაა, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ მათგანს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ლოცვა, თიბვა, ხვნა, საფლავის გათხრა – ეს ერთდროულად სიცოცხლის გაგრძელებაც არის და სიკვდილისთვის მზადებაც. ამაში ჩანს ძალიან ძველი, ტრადიციული ხედვა, სადაც ადამიანი ბუნებისგან განცალკევებული არ არის. ის არის მისი ნაწილი და საბოლოოდ ისევ მას უბრუნდება.

ვიზუალური მხარეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. კამერა ხშირად დიდხანს ჩერდება ერთ კადრზე. ეს, შეიძლება, ზოგს ნელა მიმდინარე და მძიმე სტილად მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ ამით იქმნება ფილმის ხასიათი. მაყურებელი არ არის იძულებული, სწრაფად „გადახტეს“ სცენიდან სცენაზე. მას აქვს დრო, რათა დააკვირდეს გარემოს, დეტალებს, პერსონაჟის მოძრაობას. თითოეული კადრი თითქოს პატარა სურათია, რომელსაც თავისი დასრულებული ფორმა აქვს.

ძალიან საინტერესოა სიკვდილის გაგება. ის არ არის უბრალოდ დასასრული ან ტრაგედია. უფრო ფართო გაგებით, სიკვდილი აქ არის მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება არსებობდეს. პოემაში, რომელიც ფილმს უდევს საფუძვლად, სიკვდილი აღწერილია შემდეგნაირად:

„სირცხვილი რომ მოგადგება – სიკვდილი ეგ არი,

ბეჩავად ყოფნა და კარში ვერგამოსვლა – სიკვდილი ეგ არი,

დიაცთან რომ შერცხვები – სიკვდილი ეგ არი.

შინ ყვირილი რო გაგიადვილდება და გარეთ ხმის გაღების შეგრცხვება – სიკვდილი ეგ არი.

სტუმრად მოსულ მტერს რომ ხელცალია ან მწოლიარე ავადმყოფი დახვდები – სიკვდილი ეგ არი.

შენ მკვდარ შვილს ზურგში რო ექნება ჭრილობა – სიკვდილი ეგ არი.

მარტო კაცის ყოფა – სიკვდილი ეგ არი.

ცოცხალი რო ხარ – სიკვდილი ეგ არი.“

აქ სიკვდილი წარმოდგენილია, როგორც სირცხვილი, მარტოობა, უსუსურობა, საზოგადოებიდან გამოთიშვა, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ცოცხალი იყოს, მაგრამ მაინც „მკვდარი“ აღმოჩნდეს თავისი მდგომარეობით.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ალდი თითქოს არ ებრძვის სიკვდილს. ის მას ემორჩილება, მაგრამ, ამავე დროს, ცდილობს, ყველაფერი სწორად გააკეთოს. თითქოს სიკვდილი არის წესების სისტემა, რომელსაც უნდა დაემორჩილო, რათა ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც უნდა დასრულდეს. მისი დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება მასის ხედვისგან, ვისთვისაც სიკვდილი ხშირად მხოლოდ შიშთან ასოცირდება.

ფილმის კიდევ ერთი ძლიერი მხარე არის მითოლოგიური ატმოსფერო. აქ ყველაფერი ძალიან ძველებურად, თითქმის არქაულად გამოიყურება. ბუნება, რიტუალები, მოქმედებები – ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ეს ამბავი შეიძლება არც კი ხდებოდეს კონკრეტულ დროში, ის უფრო ზოგად, უნივერსალურ სივრცეშია მოთავსებული, სადაც ადამიანის ყოფა ყოველთვის ერთნაირად რთულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფილმიდან რჩება, არის მარტოობის განცდა. ალდი არის სრულიად მარტო, მაგრამ ეს მარტოობა არ არის მხოლოდ სევდიანი. ის არის აუცილებელი მდგომარეობა, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან რჩება და საკუთარ არსებობას უყურებს. ასეთ დროს სიკვდილის იდეაც სხვანაირად აღიქმება – არა როგორც მოულოდნელი მოვლენა, არამედ როგორც რაღაც, რაც უკვე დიდი ხანია შენთანაა.

ფილმი დასრულების შემდეგ მაყურებელს ბევრ საფიქრალს უტოვებს. ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მარტივი ამბავი ერთი ადამიანის ცხოვრება სოფელში, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ისტორია, რომელიც ეხება ძალიან დიდ თემებს: სიკვდილს, ტრადიციას, მარტოობას, ადამიანის შინაგან მდგომარეობას. სწორედ ამ ორმაგობაშია ამ ფილმის ძალა.

შეიძლება ითქვას, რომ „ალდი“ არ არის ისეთი ფილმი, რომელიც ყველასთვის მარტივად აღსაქმელია. მისი ტემპი ნელია, თხრობა მინიმალისტურია და მოქმედება თითქმის არ არის, მაგრამ ვისთვისაც ეს სტილი მისაღებია, ის აღმოაჩენს ძალიან ღრმა და დამაფიქრებელ ნამუშევარს. ეს არის ფილმი, რომელიც არ ცდილობს მაყურებლის შთაბეჭდილებაზე სწრაფად იმოქმედოს, პირიქით, ის ნელ-ნელა, მშვიდად აგროვებს ემოციებს.

„რჯულ-სამართალი ყველას თავისა აქვ“ – ეს ხევსურული ანდაზა კარგად ეხმიანება „ალდის“ კონტექსტს. ადამიანები სამყაროს ერთნაირად არ უყურებენ. ყველას თავისი გამოცდილება, ტრადიცია, რწმენა და შინაგანი საზომი აქვს, რომლითაც აფასებს კარგსა და ცუდს. ხევსურეთში ტრადიცია, ღირსება და პასუხისმგებლობა ძლიერად არის დაკავშირებული ადამიანის ცხოვრებასთან. ალდი თითქოს საკუთარ რჯულ-სამართალს ასრულებს, თვითონ წყვეტს და თვითონვე ასრულებს რიტუალებს.

ასეთი ტიპის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ ხშირად რჩება ერთგვარი უსამართლობის განცდა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნამუშევარი არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე წრისთვის არის ცნობილი. „ალდი“ ამ განცდას განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან ის არის უფრო მეტად გამოცდილება, რომელიც ადამიანს ფიქრის საშუალებას აძლევს და მის დამოკიდებულებას კინოსადმი ცოტათი მაინც ცვლის.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ ვაქცევთ ასეთ ფილმებს უფრო დიდ ყურადღებას? რატომ რჩება ისინი ფესტივალების, მცირე ჩვენებების ან ვიწრო აუდიტორიის სივრცეში? თითქოს კინო ორ ნაწილად იყოფა – ერთი მხრივ, მაღალი დონის ხელოვნება, მეორე მხრივ კი – მასობრივი კულტურა. რეალურად პრობლემა მხოლოდ ერთი მხარის ბრალი არ არის. ასეთი ფილმები ხშირად არ არის კომერციულად მომგებიანი. ისინი არ ეფუძნებიან სწრაფ მოქმედებას, დიდ დრამატულ ეფექტებს ან მარტივ სიუჟეტურ ხაზს. პირიქით, ითხოვენ ყურადღებას და ფიქრს. თანამედროვე მაყურებელი ხშირად შეჩვეულია სწრაფად მოხმარებად კინოპროდუქტს, სადაც ყველაფერი პირდაპირ და დაუფიქრებლად ხდება.

არსებობს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებისთვის ხარისხიანი ხელოვნების მიწოდება სულ უფრო იშვიათად ხდება. როდესაც მუდმივად ერთსა და იმავე თემებზე გადაღებული, ერთმანეთის მსგავსი ფილმები დომინირებს, ბუნებრივია, რომ გემოვნება ნელ-ნელა ერთგვაროვანი ხდება. მაყურებელს აღარ აქვს შესაძლებლობა, ხშირად შეხვდეს განსხვავებულ, სიღრმისეულ და განსაკუთრებული სტილით შექმნილ ნამუშევრებს.

აქ ჩნდება რეჟისორის პასუხისმგებლობა. როცა ის მუშაობს, მას აქვს არჩევანი ან შექმნას კიდევ ერთი ჩვეულებრივი ნამუშევარი, რომელიც უკვე ნანახ თემებს იმეორებს, ან სცადოს რაღაც ახალი, თუნდაც უფრო რთული და ნაკლებად კომერციული. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ფესტივალები ხშირად უფრო გამოცდილ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ სწორედ ამაშია ხელოვანის სიძლიერე, გაბედოს და შექმნას განსხვავებული.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ფილმების პოპულარიზაცია, რომლებსაც აქვთ სიღრმე, რაც ნელ-ნელა აჩენს მოთხოვნას უფრო ხარისხიან პროდუქტზე. მართალია ვერ ავცდებით კომერციული ფილმების არსებობას, თუმცა საჭიროა ბალანსი. აუცილებლად უნდა გამოინახოს ადგილი განსხვავებული ტიპის კინოსთვისაც.

ისეთი ნამუშევრები, როგორიც „ალდია“, გვახსენებენ, რომ კინო არ არის მხოლოდ გართობა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ფილმები არ დარჩეს მხოლოდ ფესტივალების სივრცეში. ისინი უნდა გავიდნენ უფრო ფართო აუდიტორიამდე, რადგან სწორედ ასეთ ნამუშევრებს შეუძლიათ ნელ-ნელა შეცვალონ საზოგადოების დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *